ლოუმენის მუზეუმი (III სართული)
ჰააგა ხომ წალკოტია და ამ პატარა და კოხტა ნიდერლანდურ ქალაქში ერთი შენობაა, რომელიც ავტომოყვარულთა ნამდვილი სამოთხეა – Lowman Museum მსოფლიოს უდიდესი კერძო ავტომუზეუმია.
მწვანეში ჩაფლულ დიდ სამსართულიან და თანამედროვე შენობაში სხვადასხვა თაობის 240ზე მეტი ავტომობილი, ავტომობილიზმთან და ავტოსპორტთან დაკავშირებული ასობით ნივთი, უამრავი საკოლექციო მოდელი და კიდევ რა ვიცი რა აღარ ინახება.
იქ შემთხვევით მოვხვდი.
ჩემი მასპინძლები დიდ პარკთან ახლოს ცხოვრობდნენ, ერთ მშვენიერ დღეს იქვე, ტბის გარშემო გავისეირნე და ცოტა ხანში წითელი აგურით ნაგებ ლამაზ შენობასთანაც აღმოვჩნდი. და რადგან დრო საკმაოდ მქონდა – ოფიციალური ამჩატება საღამოს დავგეგმეთ, ბილეთი ვიყიდე და მუზეუმში შევედი…
სამი საათი ისე გავიდა, ვერ ვიგრძენი! ლამის ყველა ავტომობილს გადავუღე ფოტო, თან არაერთი და სადღაც მეორე სართულის მიწურულს ბატარეაც დაიცალა. მუზეუმი კი ბოლომდე დავათვალიერე, მაგრამ მეორე დილით იქაურობას ისევ მივაკითხე – მობილური ტელეფონით გადაღებულმა ფოტოებმა არ დამაკმაყოფილა და ამჯერად სრულყოფილად მომზადებული მივაკითხე მუზეუმს…
ულამაზესი და უძვირფასესი კოლექცია 80 წელზე მეტს ითვლის. ლოუმენების ოჯახმა გამორჩეული ავტომობილების და ამ სფეროსთან დაკავშირებული იშვიათი და თვალისმომჭრელი ნივთების შეგროვება 1934 წელს დაიწყო, მას შემდეგ კი კოლექციაში ათობით საინტერესო და იშვიათმა მანქანამ მოიყარა თავი. მათ შორის ისეთებიცაა, თითო ეგზემპლარად რომ შემორჩა – მაგალითად, მსოფლიოში პირველი ოთხ და ექვს ცილინდრიანი მანქანები.
ავტომობილები თემატურადაა გამოფენილი სამ სართულზე. მუზეუმის დათვალიერება 16 ევრო ღირს და რამდენ ხანსაც გსურთ, იმდენ საათს გრძელდება.
ტური მესამე სართულიდან იწყება: დიდი დარბაზიდან ლიფტით ადიხართ და ავტოისტორიის გაცნობას გადაადგილების უძველესი საშუალებებით, პირველი მანქანებით, კარლ ბენცის ორიგინალი მოდელებით, ფაეტონებით, გასული საუკუნის 20-30იანი წლების კლასიკით, ავტომობილიზმთან დაკავშირებული ნივთებით, ასობით ფოტოთი და პლაკატით იწყებთ.
ყველაზე ძველი მანქანები სქელი შუშის მიღმაა გამოფენილი. ყველა თუ არა, უმეტესობა თითო ცალია დარჩენილი და კოლექციის მფლობელიც ამიტომ ფრთხილობს.
მეორე სართული ნიდერლანდელი, ბრიტანელი, ფრანგი, გერმანელი, ამერიკელი თუ იტალიელი ავტომრბოლების კერძო კოლექციებს (პირადი ნივთები და ჯილდოები) ეთმობა, რომელიც მართლა უძვირფასესი და შთამბეჭდავია.
ძალიან ლამაზია სპეციალურად პიკნიკისთვის დამზადებული სამანქანო სამზარეულოს აქსესუარები, სხვადასხვა კომპანიის ბენზინგასამართი სადგურის ატრიბუტიკა, სათამაშოები, წიგნები და ჟურნალები…
მეორე სართულზე ასევე გამოფენილია სპორტული მანქანების საკოლექციო მოდელები – ლე მანის 24საათიანი რბოლის რამდენიმე გამარჯვებული, ამერიკული სარბოლო სერიების ჩემპიონები, ასევე უინსტონ ჩერჩილის პირადი ლიმუზინი – Humber Pullman, ელვის პრესლის Cadillac Fleetwood, ჯეიმს ბონდის Aston Martin DB5 ფილმიდან Goldfinger, ნიდერლანდების პრინცის Ferrari 500 Superfast Speziale (იტალიურმა ავტოკონცერნმა ეს მოდელი სულ 30 ცალი დაამზადა, მწვანე ფერი კი სპეციალურად პრინცისთვის შეირჩა)…
იქვე იხილავთ Lincoln V12ს და Desoto S-11C ფილმ ნათლიადან, გრძელ და დახვეწილ კადილაკებს…
პირველ სართულზე კი ყველაზე ძვირფასი მოდელები დგას: აწ უკვე გაუქმებული ჰოლანდიური ავტოკონცერნის სპაიკერის ავტოები, თვალისმომჭრელი Hispano-Suiza Dual-Cowl Phaeton… Talbot Lago T26 Grand Sport Coupe Saoutchik… Bugatti 50T… Delahaye 135MS Coupe Pourtout… Talbot Lago T26 Grand Sport Coupe Shapron…
იმპერატორ ვილჰელმ IIის ბრონირებული Mercedes-Benz Nurburg 500 Limousine, Mercedes-Benz SSK, Mercedes-Benz 500K Spezial Roadster…
ინდოელი მაჰარაჯას კუთვნილი Rolls-Royce Phantom I…
ამერიკული სახანძრო გიგანტი, საოცრად ეფექტური American LaFrance Type 31/6…
ავტომობილი-გედი – Brooke Swan Car, XX საუკუნის დასაწყისის ლონდონური ავტობუსები…
გრეტა გარბოს Duesenberg SJ Lagrande Phaeton და 1914 წლის შავი Dodge Touring Car, რითაც დაიწყო კიდეც ლოუმენების საოჯახი ბიზნესი და ამ მუზეუმის ისტორია…
ავტომობილების გარდა შენობა საკონფერენციო დარბაზს და 340ადგილიან თეატრსაც იტევს, რომელიც ბრეშას (იტალია) ტეატრო გრანდეს ზუსტი ასლია. რატომ ბრეშა? ავტომოყვარულებს შორის ძალიან პოპულარული მილე მილია – 1000 მილის რბოლა – სწორედ ბრეშაში იღებს სტარტს და ალბათ, ამიტომ.
მნახველების გარდა ლოუმენის მუზეუმი სხვადასხვა სახის შეხვედრებს და ღონისძიებებს მასპინძლობს. მაგალითად, ჩემი იქ სტუმრობისას ახალდაქორწინებულები გრეტა გარბოს ულამაზესი Duesenberg SJ Lagrande Phaetonის ფონზე სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ…
მუზეუმის მფლობელის ევერტ ლოუმენის მამა ნიდერლანდებში დოჯის და კრაისლერის პირველი დისტრიბუტორი გახლდათ, კომპანიის მთავარი ოფისი კი ჰააგაში მდებარეობდა.
ტურის ბოლოს დამთვალიერებლებს დიდი დარბაზი ელით, რომელშიც 30იანი წლების ჰააგის ის ქუჩაა გაცოცხლებული, სადაც ლოუმენების ოჯახმა საქმიანობა დაიწყო. იქვეა რესტორანი: ჩამოჯდებით და ყავის, წვენების ან ტკბილეულის თანხლებით ერთმანეთს შთაბეჭდილებებს გაუზიარებთ…
მუზეუმიდან კი მაღაზიის გავლით გადიხართ, სადაც აუცილებლად შეიძენთ წიგნს, კალენდარს, საფოსტო ბარათს, პლაკატს ან საკოლექციო მოდელს. გააჩნია რა გიზიდავთ და გაინტერესებთ. მე, მაგალითად, ორი დიდი და ძალიან მაგარი ალბომი ვიყიდე.
„80ზე მეტი წლის წინ მივხვდით, რომ ავტომობილი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი გამოგონება იყო. ამიტომაც დავიწყეთ მათი შეგროვება. ჩვენ ერთი მიზანი გვამოძრავებდა – თავი მოგვეყარა იმ მოდელებისთვის, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ავტომობილიზმის ისტორიაში. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ავტოსამყაროს 130წლიანი ისტორია სამუდამოდ გავაცოცხლეთ“, – ეს სიტყვები ერთ-ერთ ალბომში ამოვიკითხე.
ლოუმენის მუზეუმის ეს მშვენიერი შენობა 2010 წლის 2 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა. ცერემონიას მისი უბრწყინვალესობა, დედოფალი ბეატრიქსიც დაესწრო.
მოკლედ, თუ ავტომობილები გიყვართ და ჰააგაში მოხვდით, აუცილებლად შეისეირნეთ. სიამოვნება გარანტირებულია.
ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ჰააგა, ნიდერლანდები; 2019 წლის 5-6 თებერვალი