კლასიკა – საფრანგეთი 1:1 ბრაზილია

სხვების რა გითხრათ და პირადად მე ფეისბუქი ძალიან ბევრ საქმეში წამადგა. ახლა ამ სოციალური ქსელის პლუსებსა და მინუსებზე საუბარს არ დავიწყებ, მხოლოდ იმას დავწერ რომ დღეს კიდევ ერთი სასიამოვნო მოგონება შემახსენა:
შარშან, ზუსტად ამ დღეს – 8 აპრილს, საქართველოში, ისევე როგორც ყველგან, ნამეტანი მძიმე სიტუაცია იყო ამ კოვიდ 19ის გამო. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით რა ჯანდაბა იყო ეს დაავადება და მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო უსაფრთხოების პირობებში ვცხოვრობდით – კარჩაკეტილები და შეზღუდულები.
იმ პერიოდს რომ ვიხსენებ, კარგი ბევრი არაფერი მაგონდება. ის კი ნათლად მახსოვს, რომ დაძაბულობისგან რომ არ გავგიჟებულიყავი, 40-50-60იანი წლების ფილმებს ვუყურებდი, ჩემი ფავორიტი ჯეიმს ბონდის სერიებით ვერთობოდი და დროგამოშვებით კლასიკური საფეხბურთო მატჩების ჩანაწერებითაც ვტკბებოდი.
გაიხაროს ფიფამ!
ერთი წლის წინ ესპანეთი 82ის მშვენებას, იტალია-ბრაზილიის ლეგენდარულ თამაშს ჩავუჯექი და ნააზრევი ფეისბუქზეც გამოვფინე. მერე რაც მოხდა, ძალიან მესიამოვნა და გამეხარდა – ბევრმა მეგობარმა დაწერა თავის აზრი და ყველამ ერთად მცირე ხნით მაინც დავივიწყეთ კოვიდ 19.
მერე არგენტინა-ინგლისის მეოთხედფინალი ვნახე, მექსიკა 86იდან და მეგობრები კვლავ გავერთეთ, მესამედ კი იმავე ჩემპიონატის კიდევ ერთი მაგარი თამაშით ვისიამოვნე – მიშელ პლატინის საფრანგეთის და ზიკოს, ფალკაოს, სოკრატესის და სხვა მაგარი ბიჭების ბრაზილიის დაპირისპირებით, ორ საათს რომ გაგრძელდა და პენალტების სერიით რომ დასრულდა.
დღეს დილით ფეისბუქმა ის ამბავი გამახსენა და მეც ამიტომ გადავწყვიტე იმ პოსტის გაზიარება. თამაშის მაშინდელი ჩემეული მიმოხილვა კი ასეთია:

40-50-60-იანი წლების ფილმებზე ერთკვირიანი გადართვის შემდეგ კვლავ მოვიცალე ფეხბურთისთვის და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში მორიგ გამორჩეულ მატჩს, მექსიკა 86ის მეოთხედფინალს ევროპის ჩემპიონ საფრანგეთსა და იმ ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებად აღიარებულ ბრაზილიას შორის გუშინ საღამოს ჩავუჯექი.

ორი რამ თავიდანვე უნდა ვთქვა: ეს მატჩი, ორ საათს რომ გაგრძელდა და პენალტებით დასრულდა, აშკარად სჯობდა ამავე ჩემპიონატის 1/4ფინალს მომავალ ჩემპიონ არგენტინასა და ინგლისს შორის.

და მეორე, რაც არ ვიცოდი და კომენტატორისგან გავიგე: ბრაზილია ყოფილა ერთადერთი გუნდი, რომელმაც ერთსა და იმავე ქალაქში მსოფლიო ჩემპიონატების ზედიზედ 9 მატჩი მოიგო! ტელე სანტანას გუნდმა საფრანგეთამდე გვადალახარაშივე დაამარცხა ესპანეთი, ალჟირი, ჩრდილოეთი ირლანდია და პოლონეთი, 16 წლით ადრე კი ამავე ქალაქში უთამაშია მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის ფინალამდელი ყველა, ხუთივე შეხვედრა (ხუთივე მოიგო) ყველა დროის უდიდეს გუნდად აღიარებულ მარიო ზაგალოს ნაკრებს. ფრანგებთან პენალტებში წაგების ჩათვლით ბრაზილიას გვადალახარაში ზედიზედ 10 თამაშია არ წაუგია, რაც ტურნირის თავისებური რეკორდია.

აქვე: 82ის გფრ-საფრანგეთის პენალტებით დასრულებული ნახევარფინალის შემდეგ, ეს იყო ჩემპიონატების ისტორიაში მხოლოდ მეორე მატჩი, სადაც გამარჯვებული 11მეტრიანებით გამოვლინდა.

ახლა კი ის, რაც თვალში მომხვდა:

1) ბევრისგან მსმენია, რომ 82ში და 86ში ბრაზილია ოქროს თასის მთავარი კანდიდატი იყო. 82ში ბრაზილია იტალიასთან 2:3ის მერე გამოეთიშა ტურნირს და თუ იმ და ამ თამაშებს შევადარებ, 86ის ნაკრები უფრო მომეწონა. თუნდაც იმიტომ, რომ ფრანგებთან შეხვედრაში ბრაზილიამ გაცილებით გუნდურად ითამაშა, ვიდრე 82ში იტალიასთან + 86ის თავდასხმისნაირი 82ის გუნდს არ ჰყავდა. პირველ რიგში კარეკას ვგულისხმობ.

2) როგორც კომენტატორმა მოიხსენია „ჰევი დრინქერი და სმოუქერი“ სოკრატესი ამ მატჩშიც ძალიან ეფექტური იყო… ჟუნიორი – არანაკლებ… მეკარე კარლოსიც მომეწონა… იგივე ალემაო, ჟულიო სეზარი, ჟოსიმარი, მიულერი… ყველასგან მივიწყებული ელზოც საიმედოდ იდგა, მაგრამ ბრაზილიიდან ამ შეხვედრაში საუკეთესო ანტონიო კარეკა იყო… მარცხენა მცველ ბრანკოსთან ერთად.
ჯერ პირველზე: კარეკამ, გარდა იმისა რომ გოლი გაიტანა (მიულერი-ჟუნიორის ეფექტური გათამაშება დააგვირგვინა), 120 წუთის მანძილზე დაგლიჯა და 1:1ზე მიულერს რომ გამართლებოდა, ბრაზილიის #9 საგოლე პასსაც ჩაიწერდა. ბატსის კარში გატანილი ბურთი მისთვის მე5 იყო მექსიკაში და ეს როგორი ამბავია, ბევრი ახსნა არ სჭირდება.
და მთავარი, ისევ და ისევ კომენტატორისგან გაგებული: კარეკას ესპანეთი 82 ტრავმის გამო გაცდენია – დაშავდა და შეკრების ბოლო დღეს გაუშვა ტელე სანტანამო. სერჟინიო მხოლოდ კარეკას ტრავმის შემდეგ ჩამჯდარა ძირითადში. ეს რომ მოვისმინე, ეგრევე 82 და იტალიასთან 2:3 გამახსენდა – კარეკა რომ ყოფილიყო იმ ნაკრებში, მგონი სკუადრას ძალიან გაუჭირდებოდა.

3) რაც შეეხება ბრანკოს: სელესაოს #17 მართლა ძალიან კარგი იყო! თუნდაც ის შეტევა ნახეთ (73ე წუთზე), ზიკოს გაფუჭებული პენალტი რომ მოჰყვა – ბრანკომ საჯარიმოსთან ჩაჭრა ბურთი, ზიკოს გაუთამაშა, ამასობაში ფრანგების კარამდე ჩავიდა, მერე ზიკოს ზღაპრული პასი და ბახ – ბატსმა საჯარიმოში წააქცია! მოკლედ, ბრანკო მაგრად მომეწონა.
სხვათა შორის, ამ ნაკრებიდან მხოლოდ ის და მიულერი გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები, ოღონდ 94ში, ამერიკაში. თუმცა მიულერისგან განსხვავებით ბრანკო 8 წლის შემდეგაც ძირითადში იდგა და 1/4ფინალში ჰოლანდიას მაგარი საჯარიმოც გაუტანა (მერე ლამის ყველას ხელი ჩამოართვა. ამითაც დამამახსოვრდა).

4) ტელე სანტანამ ზიკო 71ე წუთზე შეუშვა მინდორზე და კომენტატორმა კი თქვა, 33 წლისაა და უკვე ვეტერანიაო, მაგრამ არტურ ანტუნეშ კოიმბრამ რასაც ქვია დახატა, მიუხედავად იმისა, რომ პენალტი ვერ შეაგდო (სამაგიეროდ მატჩისშემდგომ სერიაში კინაღამ ბადე გაგლიჯა): ჯერ რა პასი გაუჭრა ბრანკოს (პენალტის მომენტი), მერე სოკრატესთან, რამდენიმე წუთში კი კარეკასთან ერთად შექმნა საგოლე მომენტი და ერთხელაც თავური დაარტყა. და ბატსი რომ არა, ბრაზილია ძირითადშივე მოიგებდა.
ზიკოს თამაშის შემხედვარე არგენტინა-ინგლისის ამავე ჩემპიონატის მეოთხედფინალი გამახსენდა. ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა ბობი რობსონმა ჯონ ბარნსი შეცვლაზე შეუშვა და პუმპიდოს კარში ერთადერთი საპასუხო გოლი სწორედ ამის შემდეგ გაიტანა ლინეკერმა და მალე მასვე შეეძლო გათანაბრება ისევ და ისევ ბარნსის ჩაწოდების შემდეგ. მოკლედ, ვთვლი, რომ ბობი რობსონის დარად, სანტანაც შეცდა 33 წლის ზიკო სკამზე რომ დატოვა.

5) ალბათ ეს იყო პლატინის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი. 83-85 წლებში ლამის ყველა პირადი თუ გუნდური ტიტულის მომგები ფრანგი გვადალახარაში თავის თავს არ ჰგავდა: მძიმედ მოძრაობდა… ბურთს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ვერ აჩერებდა და თუ დაკარგავდა, უკან დაბრუნებას არც ცდილობდა… ლამის ყველა პასი გააფუჭა… პლატინი იმ დღეს, 1986 წლის 21 ივნისს 31 წლის გახდა და შესაძლოა, ამაზე უფრო ფიქრობდა…
თუმცა: საპასუხო გოლი ისევ და ისევ მან გაიტანა (დიდი არაფერი, მაგრამ მაინც), ხოლო დამატებითში, 116ე წუთზე ისეთი პასი გაუჭრა ბელონს რომ ამ უკანასკნელს ყველა შემთხვევაში გოლი უნდა გაეტანა.

6) 116ე წუთი: ბრაზილია მაგრად გადარჩა და ეს იყო დამატებითის ყველაზე სახიფათო მომენტი – საჯარიმოს გარეთ გამოვარდნილმა კარლოსმა პირისპირ გასული ბელონი ლამის წააქცია და ამით გადაარჩინა გუნდი გოლს. და მსაჯმა არათუ წითელი, ყვითელიც არ უჩვენა ბრაზილიელს (ისევე როგორც ბატსს ბრანკოსთან უხეშობისთვის). არადა 100% გასაგდები იყო. ამ მომენტის გათვალისწინებით საფრანგეთის საბოლოო გამარჯვება სამართლიანად მეჩვენება.

7) თუ პლატინი, ალბათ, ყველაზე სუსტი ფრანგი იყო, საუკეთესოდ მარჯვენა მცველი მანუელ ამორო მიმაჩნია. მის შემდეგ მეკარე ბატსი, მერე კი ტიგანას, ჟირესს, სტოპირას, ფერნანდესს და როშტოს დავასახელებდი.

8) მატჩი 120 წუთი გაგრძელდა, ანუ 2 საათი. მართალია ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, მაგრამ თუ შეხვედრას ორად გავყოფთ, მე მეორე, უგოლო ნაწილს ავირჩევ – სადღაც მე60 წუთიდან ბოლომდე გაცილებით უკეთესი თამაში იყო.

9) ფრანგებს მომდევნო 2 მსოფლიო გაუცდათ, ხოლო 1998ში თასი საფრანგეთში გათამაშდა და გუნდმა, როგორც იქნა, ნანატრი ტიტული მოიგო.
ემე ჟაკეს საფრანგეთში კი მე10 ნომერი ჩემს ერთ-ერთი საყვარელ ფეხბურთელს, ზინედინ ზიდანს ემოსა. მაშინ სარბიელში მატჩების მიმოხილვებთან ერთად ჩემპიონატის დღიურებსაც ვწერდი, ბრაზილიასთან 3:0 მოგებულ ფინალს კი ვაკის პარკის ღია კინოთეატრში ვუყურე სტრიპტიზ ბარში რამდენიმესაათიანი ამჩატების შემდეგ 🙂

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 8 აპრილი)
ფოტო:
FIFA.com

ka_GEGeorgian