ლივერპულს ახსოვს: 96

ლივერპულის ანგლიკანური ტაძრის ეზოში, თეთრ ლოდზე 96 ადამიანის სახელი და გვარია ამოტვიფრული, ქალაქის სამხრეთით, გარეუბან დლიში კი ამ ხალხის უკვდავსაყოფად ვარდების ბაღია გაშენებული, რომლის ჭიშკარსაც წარწერა ამშვენებს: ლივერპულს ახსოვს.
1989 წლის 15 აპრილს, ინგლისის თასის ნახევარფინალში, ლივერპული ნოტინგემ ფორესტს დაუპირისპირდა. თამაში, რომელიც შეფილდ უენსდის სტადიონ ჰილსბროზე გაიმართა, მე6 წუთზე შეწყდა.
მას შემდეგ ლივერპულს 15 აპრილს აღარ უთამაშია.

ჰილსბროზე საშინელი ტრაგედია დატრიალდა: სტადიონზე შესვლისას გულშემატკივრებმა ერთმანეთი გადათელეს.

94 ქომაგი დაიღუპა.

ორი დღის შემდეგ მსხვერპლთა რიცხვი ერთით გაიზარდა: 14 წლის ლი ნიკოლი უმძიმესი ტრავმებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

1993 წლის მარტში ტრაგედიამ 96ე გულშემატკივარი შეიწირა: ტონი ბლენდი 4 წლის განმავლობაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული…

რა მოხდა იმ დღეს?

მატჩი 3 საათისთვის იყო დანიშნული. სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა იცოდა, რომ ბილეთიანი გულშემატკივრების გარდა, უბილეთოებიც მრავლად იყვნენ და ამიტომ, თამაშის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე ქომაგებს კუთვნილი ადგილების დაკავება ურჩია.

10-15 წუთით ადრე თითქმის 4 ათასი გულშემატკივარი შეგროვდა ჰილსბროს შესასვლელთან, მაგრამ ის მსაჯის სასტვენისთანავე ჩაიკეტა. შედეგად, ტრიბუნისკენ მიმავალ გვირაბში, რომელიც 1500 ქომაგს თუ იტევდა, 2 ათასზე მეტი ფანი აღმოჩნდა გამოკეტილი. სტადიონის თანამშრომლებმა ჭიშკარზე მიჭყლეტილ ქომაგებს კიდევ ერთი მოტივით არ გაუღეს კარი – იფიქრეს, რომ შეზარხოშებული ქომაგები (და ასეთები საკმაოდ იყვნენ), მინდორზე შეიჭრებოდნენ, თამაში ჩაიშლებოდა და…

ყველა აქვს ბილეთი? – ჰილსბროს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა დევიდ დაკენფილდმა ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი ვერ მიიღო და მალე ჭიშკრის გაღება ბრძანა. სწორედ ამას მოჰყვა ტრაგედია: ვისაც როგორ შეეძლო, ისე ცდილობდა გვირაბიდან სამშვიდობოზე გაღწევას.

სასწრაფო დახმარების ბრიგადებს არეულობის დაწყებისთანავე უხმეს – სტადიონს ათეულობით მანქანამ მიაკითხა, თუმცა პოლიციამ, გაუგებარი მიზეზით, ისინი ტერიტორიაზე არ შეუშვა, უშუალოდ ჰილსბროზე მყოფი რამდენიმე ექიმი კი, ცხადია, ვერაფერს გახდა.

ტელევიზიით გავრცელებული პირველი ინფორმაციით, დაახლოებით 50 ფანი გარდაიცვალა. დღის ბოლომდე ეს რიცხვი თითქმის გაორმაგდა.

დაღუპულთა გვამები პოლიციელებმა და გულშემატკივრებმა მოედანზე დაასვენეს – ჰილსბროს ხასხასა მინდორი იმ წუთებში საშინელი სანახავი იყო.

ტარგედიის მესამე დღეს პოპულარული ტაბლოიდის სანის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „სიმართლე“.
იქ ეწერა: „ტრაგედიაში ლივერპულის გულშემატკივრები არიან დამნაშავენი“… „ლივერპულელი ქომაგები პოლიციელებს ყველაფერში ხელს უშლიდნენ, ზოგიერთი გარდაცვლილებსაც ძარცვავდა“… „ფანებმა პოლიციელებს სცემეს“…

სანის ეს ბრალდებები გამოძიებამ უარყო, მერსისაიდელთა ქომაგების დაწყებული კამპანიის შემდეგ კი ამ გაზეთის გავრცელება ლივერპულში ძალიან გაჭირდა – ხალხი გამოცემას პრინციპულად აღარ ყიდულობდა. კელვინ მაკენზიმ, ტაბლოიდის იმჟამინდელმა მთავარმა რედაქტორმა, ზემოხსენებული უტიფრობის გამო მოგვიანებით საჯაროდ მოიბოდიშა კიდეც…

ტრაგედიიდან ერთი თვის თავზე საბოლოო დასკვნა გამოქვეყნდა, რომელიც ისტორიას „ტეილორის მოხსენების“ სახელით შემორჩა.

მოხსენების პირველ ნაწილში უბედურება და მისი გამომწვევი მიზეზები იყო განხილული, მეორე ნახევარი კი ერთგვარი რეკომენდაცია გახლდათ: რა უნდა გაეკეთებინათ გუნდებს, რათა მსგავსი უბედურება თავიდან აეცილებინათ.
„ტეილორის მოხსენების“ მთავარი მოთხოვნა იყო ტრიბუნებზე დასადგომი ადგილების ინდივიდუალური სკამებით შეცვლა…

ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი გუნდის ვებ-გვერდზე ჰილსბროს ტრაგედიის მსხვერპლნი ამ დღეებში ოჯახებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს:

17 წლის ძმას, კიტ მაკგრათს

ჩემო უფროსო ძმაო კიტ,
6 წლის ვიყავი, როცა შენი თავი წაგვართვეს და ის ტკივილი, რაც მაშინ ვიგრძენი, არ გამნელებია. ოჯახში ყოველთვის აღვნიშნავდით ჩემ დაბადების დღეს, ერთად ვზეიმობდით შობას, გვიხაროდა, ერთმანეთს ვუღიმოდით, ვიცინოდით, მაგრამ ბედნიერნი არასდროს ვყოფილვართ.
…იმ დღეს მამამ მაღაზიაში წამიყვანა და როცა შინ დავბრუნდით, მახსოვს, დედა ტელევიზორს თვალს არ აშორებდა.
მივხვდი, რომ რაღაც ცუდი მოხდა.
მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენთან უამრავი უცხო ადამიანი მოდიოდა, თუმცა ვერ ვხვდებოდი რატომ. მახსოვს, რომ ყველა ტიროდა…
ჩვენ სხვებთან ერთად ვცადეთ სიმართლის დადგენა, მაგრამ ჯერ ეს ვერ შევძელით. ახლაც, ამდენი წლის შემდეგაც უამრავი სისულელის მოსმენა გვიწევს.
ყოველთვის მეყვარები კიტ!

შენი დაიკო ენ-მერი

მამაჩემს, 22 წლის დევიდ ჯონ ბენსონს

2 წლის ვიყავი, შენ რომ ცაში გაფრინდი.
ზუსტად ასე მითხრა დედიკომ – მამა იმ ვარსკვლავზეა, ყველაზე ლამაზად რომ ანათებსო…
იცი რა მაინტერესებს: რატომ მაინცდამაინც შენ? შენ ხომ 22 წლის იყავი და ცხოვრება გიხაროდა. ან რატომ მაინცდამაინც დედიკო? თქვენ ხომ ასე ძალიან გიყვარდათ ერთმანეთი…
უამრავი კითხვა მაქვს, მაგრამ ვერცერთს ვპასუხობ…
შარშან შვილიშვილი შეგეძინა – კოდი დავარქვით. ვცადე წარმომედგინა, თუ როგორ სეირნობთ და თამაშობთ, მაგრამ ვერ შევძელი. ის ძილის წინ პაწაწინა ხელს გიქნევს და იმ ვარსკვლავს უღიმის, დედამ წლების წინ რომ დამანახა. კოდის ყოველთვის ეცოდინება, რომ გვერდით უჩინარი მეგობარი ჰყავს, სწორედ ისეთი, როგორიც მე.
ახლა მეტს ვერაფერს გეტყვი.
ძალიან მიყვარხარ და მენატრები.

შენი პატარა კრისტი

ჩემს ვაჟს, 18 წლის კარლ ბრაუნს

იმ დილით მეგობრებმა გამოგიარეს და შეფილდში მანქანით გაემგზავრეთ. შინ არ ვიყავი და რომ დავბრუნდი, მეზობელმა მითხრა ფეხბურთზე წავიდაო.
იცი, ამდენი წელი გავიდა და ისევ მხოლოდ ერთზე ვდარდობ: ისე წახვედი და დამტოვე, რომ ერთმანეთს ვერ დავემშვიდობეთ. ძალიან მიყვარდი და შენგანაც ყოველთვის იგივეს ვგრძნობდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ მე შენით ბედნიერი ვიქნებოდი, შენით გავიხარებდი, მაგრამ ასეთი საშინელება?
ოცნებობდი ლივერპული ფინალში ევერტონს შეხვედროდა.
ოცნება აგიხდა: შენმა საყვარელმა გუნდმა ფინალში სწორედ ევერტონს მოუგო.
მაშინ ამას ვერ გაიგებდი, მაგრამ მამა აუცილებლად გეტყოდა.

დედა, დელია ბრაუნი

23 წლის ტრეისი ელიზაბეტ კოქსს

ტრეისი ჩვენი ნაბოლარა შვილი იყო. ყველას ძალიან გვიყვარდა, დები და ძმები მუდამ ანებივრებდნენ. ჩვენ გვჯეროდა, რომ მუდამ მომღიმარი ტრეისი წარმატებული ადამიანი იქნებოდა…
იმ დილით, თამაშამდე, თავის ოთახში მეცადინეობდა – შეფილდის უნივერსიტეტში უკანასკნელი გამოცდისთვის ემზადებოდა.
ტრეისი მეგობარ ბიჭთან, რიჩარდ ჯონსთან ერთად დაიღუპა, უნივერსიტეტმა კი მისი ბოლო გამოცდების საფუძველზე, სიკვდილის შემდგომ მიანიჭა დიპლომი.
ჰილსბროს საშინელების შემდეგ ჩვენი და რიჩარდის ოჯახი სხვებთან ერთად ვიბრძვით სიმართლის დასადგენად, მაგრამ ჯერჯერობით ამაოდ.

ჯუნ და ჯეფ კოქსები

25 წლის რიკ ჯონსს

1989 წლის 15 აპრილის შემდეგ ბედნიერი აღარ ვყოფილვარ. მიჭირს იმის გააზრება, რომ 32 წელი გავიდა ჩვენი უკანასკნელი ჩახუტებიდან…
ძალიან მაკლიხარ, ხანდახან უზომოდ მინდა შენი ნაბიჯების ხმა გავიგონო, მაგრამ ვხვდები, რომ ეს არასდროს მოხდება.
იცი, რამდენი რამის კითხვა მსურს?
როგორ მინდა ვიცოდე, რატომ არ წაგიყვანეს საავადმყოფოში. ან ვინ იყო ის, ვინც დაადასტურა შენი გარდაცვალება?
რატომ არავინ გამცა ამ კითხვებზე პასუხი?
მას შემდეგ ვიბრძვი, რომ ჩემი წილი სიმართლე ვიპოვო, მაგრამ ნელ-ნელა ვხვდები, რომ ეს არასდროს მოხდება.
დავიღალე.
ახლა მხოლოდ ერთი იმედით ვცოცხლობ – შეგხვდე და ყველაფერი შენგან გავიგო.

დედიკო, მამიკო და პიტი

მამაჩემს, 63 წლის ჯეკ ანდერსონს

სტადიონთან რომ მივედით, მახსოვს, მითხარი, ცოტა მოვიცადოთ და მერე შევიდეთო. მერე შესასვლელისკენ დავიძარით, იქ კი რატომღაც, ყველანი შეგვაჩერეს. როცა გვირაბის ჭიშკარი გააღეს, ერთადერთი, რაც დავინახე, გასასვლელი და მწვანე მინდორი იყო…
არეულობაში ერთმანეთი დავკარგეთ – ხალხი თავზე გვაბიჯებდა… სანამ როგორღაც გვირაბიდან გამოძრომას შევძლებდი, გავიგონე, რომ ვიღაც ბრიუს გრობელაარს ეხვეწებოდა, მიშველეო…
იქ, სადაც 15 წუთით ადრე ვსაუბრობდით, პოლიციელი დავინახე და ვუთხარი, რომ გვირაბში დაგკარგე. მან ტრიბუნასთან მიმიყვანა – გარდაცვლილთა გვამები იქ ესვენა…
ძალიან მალე გიპოვე – ვიღაცას შენი სახე ლივერპულის შარფით დაეფარა…
გამიმართლა, ცოცხალი გადავრჩი, მაგრამ შენ და კიდევ უამრავი ჩემსავით იღბლიანები არ აღმოჩნდნე…
ძალიან მაკლიხარ და მენატრები!

შენი ბრაიანი

 

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 16 აპრილი)

ka_GEGeorgian