ევროისტორია: 1960 – დასაწყისი

2004 წლის დასაწყისში ჟურნალ ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატებისადმი მიძღვნილი ჩანართების ჩადება დავიწყეთ.
ყოველკვირეული გამოცემა იყო და ერთგულ მკითხველს ოთხშაბათობით კონტინენტის პირველობის ისტორიას ვაცნობდით. 1960 წლის ტურნირით დავიწყეთ და პორტუგალია 2004ის საკვალიფიკაციოთი დავასრულეთ.
2005 წლის დასაწყისში ის ტექსტები მცირედით შევავსე, ყველა ფინალური ეტაპის სრული სტატისტიკა და მათ შორის ევროჩემპიონატის ყველა მონაწილე გუნდის სრული შემადგენლობები დავურთე, ცოტა ფოტოებიც დავამატე და ყველა მასალა წიგნად შევკარი.
ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2004“ ჩემი პირველი წიგნი გამოდგა. კეთილი ადამიანების დახმარებით ის 500 ცალი დაიბეჭდა.
მას შემდეგ 16 წელიწადი გავიდა და განვლილ დროში კიდევ არაერთ გამოწვევას შევეჭიდე.
2004
წელთან შედარებით, დღეს გაცილებით იოლად ვიპოვე მხარდამჭერები და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის დახმარებით ბოლო ნახევარ წელიწადში კვლავ დავამუშავე და გასულ თვეში წიგნადაც შევკარი ევროპის ჩემპიონატების ისტორია.
წერილების ეს ციკლი, რომელიც დღეიდან გამოქვეყნდება ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის დაწყებამდე, სწორედ ამ წიგნიდანაა.
ვიმედოვნებ დაგაინტერესებთ.

ევროპის ერთა თასის I გათამაშებაში 17 გუნდი ჩაერთო, უეფას 13 წევრი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ/ასოციაციამ/კავშირმა კი მონაწილეობა იუარა. განდგომილთა შორის იყვნენ ბრიტანელები, დასავლეთგერმანელები და იტალიელები.

სათასო ტურნირის მთავარი პრინციპის დასაცავად, თავდაპირველად წილი იყარა – მერვედფინალში მოხვედრილი გუნდები დადგინდა, ასევე ის, თუ როგორ დაუპირისპირდებოდნენ გამარჯვებულები მეოთხედფინალში.

წილისყრით საბჭოთა კავშირსა და უნგრეთს შორის გამარჯვებული მეოთხედფინალში ესპანეთ-პოლონეთს შორის მოგებულს შეხვდებოდა. დანარჩენი წყვილები შემდეგნაირად დაკომპლექტდა: გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა Vs პორტუგალია – იუგოსლავია Vs ბულგარეთი; საფრანგეთი Vs საბერძნეთი – ავსტრია Vs ნორვეგია; რუმინეთი Vs თურქეთი – დანია.

დანიის შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ მერვედფინალის წილისყრამდე ამ გუნდს უკვე დამარცხებული ჰყავდა ერთი მეტოქე – ჩეხოსლოვაკია.

ჩეხოსლოვაკიის და ირლანდიის ორმატჩიან საკვალიფიკაციო დაპირისპირებაში, მერვედფინალამდე რომ შედგა, სენსაცია არ მოხდა: იმ წლებში აღმოსავლეთევროპელები აშკარად ძლიერნი იყვნენ, რაც 1962 წელსაც დამტკიცდა ჩილეს მსოფლიო ჩემპიონატზე. იქ ჩეხოსლოვაკია ფინალში გავიდა…

ჩეხოსლოვაკია-ირლანდიის პირველი თამაში დუბლინში შედგა – ირლანდიელებმა 2:0 გაიმარჯვეს.

23ე წუთზე სტუმრებმა ფეხბურთელი შეცვალეს – ტრავმირებული ირჟი ჰილდებრანდის ნაცვლად თამაშში გუსტავ მრაზი ჩაერთო, არადა ცვლილება აკრძალული იყო. საქმე ისაა, რომ იმ დროს გუნდები მხოლოდ თამაშის წინ მოლაპარაკებით ადგენდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ ამა თუ იმ შემთხვევაში – ნათელი დასტური იმისა, რომ არსებობის პირველ წლებში უეფას უამრავი ხარვეზი ჰქონდა გამოსასწორებელი…

საპასუხო მატჩი ჩეხოსლოვაკიამ 4:0 მოიგო: ანგარიში მესამე წუთზე გახსნა… მასპინძელთა მეკარე იმრიხ სტახომ! და ის გახდა პირველი მეკარე, რომელმაც ევროპის ჩემპიონატების ეგიდით გამართულ მატჩში მიითვალა გოლი.

ასე გამოვლინდა დანიის მეტოქე. და ჩეხოსლოვაკიამ დანიაც დაამარცხა – მეტოქის მოედანზე ფრედ 2:2 დაასრულა შეხვედრა, შინ კი იოლად გაიმარჯვა – 5:1! 33ე წუთზე კრამერმა კი დააწინაურა სტუმრები, მაგრამ ბუბერნიკის და შერერის დუბლებით და დოლინსკის ზუსტი დარტყმით ჩეხოსლოვაკიელებმა მოიგეს.

ევროპის ერთა თასის ისტორიაში პირველი მერვედფინალური შეხვედრა 1958 წლის 28 სექტემბერს, საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვში, ვლადიმერ ილიას ძე ლენინის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა – სსრკ და უნგრეთის ნაკრებთა პაექრობას 100 ათასი გულშემატკივარი დაესწრო.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სტუმრები სამი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ეწვივნენ მოსკოვს: მეკარე დიულა გროშიჩი, ნახევარმცველი იოზეფ ბოჟიკი და თავდამსხმელი ნანდორ ჰიდეგკუტი (1953 წელს, უემბლიზე ინგლისთან 6:3 მოგებულ ლეგენდარულ მატჩში ჰეთ-თრიქის ავტორი) ტრავმის გამო დააკლდნენ გუნდს.

მათ ნაცვლად მწვრთნელებმა ახალგაზრდებს უხმეს, რომელთა შორის თავდამსხმელი ლაიოშ ტიხი გამოირჩეოდა, 1958 წლის ზაფხულში შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი…

ევროპის ერთა თასის ისტორიაში პირველი გოლი მასპინძელთა და მოსკოვის სპარტაკის თავდამსხმელმა ანატოლი ილინმა მე4 წუთზე გაიტანა. მე20 წუთზე მასპინძლებმა მეორე გოლი შეაგდეს – მოსკოვის ტორპედოს ქართველმა თავდამსხმელმა სლავა მეტრეველმა დაახლოებით პენალტის ნიშნულიდან მარჯვენა მაღალ კუთხეში გაიტანა ბურთი. ტაიმის დასრულებამდე ვალენტინ ივანოვმა მესამე გოლი გაიტანა უნგრელთა კარში.

თამაში 3:1 დასრულდა, მალე კი საბჭოთა კავშირის ნაკრები ევროპის ერთა თასისგან განზე გამდგარ ინგლისს ეწვია ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად. ბრიტანელმა ლომებმა სტუმრები 5:0 გაანადგურეს!

ამ წაგებას ტრადიციული საბჭოთა რეაქცია მოჰყვა – მარცხი მოსკოვში მტკივნეულად აღიქვეს და უფლებამოსილმა პირებმა მთავარი მწვრთნელის გავრილ კაჩალინის გუნდში დარჩენა მიუღებლად ჩათვალეს.

კაჩალინი მიხაილ იაკუშინმა შეცვალა და ბუდაპეშტში, საპასუხო მერვედფინალისთვის გუნდი მან მოამზადა.

საბჭოთა ნაკრებმა მასპინძელთა შეტევებს გაუძლო, მეორე ნახევარში გოლიც გაიტანა (იური ვოინოვი), ორმატჩიანი პაექრობა 4:1 მოიგო და მეოთხედფინალშიც გავიდა.

სხვა მერვედფინალებიდან გამოსარჩევია რუმინეთის და თურქეთის ნაკრებთა პირველ მატჩში მომხდარი ამბავი. ერთ მომენტში სტუმართა მეკარე თურგაი შერენი მძიმედ დაშავდა და თამაში ვეღარ განაგრძო, მაგრამ შვეიცარიელმა არბიტრმა გოტფრიდ დინსტმა, რუმინელთა თანხმობის მიუხედავად, თურქებს სათადარიგო მეკარის გამოყვანის უფლება არ მისცა. კარში თავდამსხმელი ჩან ბარტუ ჩადგა, რუმინელებმა კი ის მატჩი ოაიდეს, კონსტანტინის და დინულესკუს გოლებით 3:0 მოიგეს. საპასუხო თამაშში თურქებმა 2:0 იმარჯვეს – ლეფტერმა შეასრულა დუბლი, მაგრამ მეოთხედფინალში მაინც ბალკანელები გავიდნენ.

საბერძნეთის და საფრანგეთის ნაკრებთა მატჩში ტურნირის ისტორიაში პირველი ავტოგოლი დაფიქსირდა: როჟე მარშმა 84ე წუთზე საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და მასპინძლები უზომოდ გაახარა – თამაში 1:1 დასრულდა. ამის მიუხედავად, მერვედფინალში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი საფრანგეთი უპრობლემოდ გავიდა. საქმე ისაა, რომ მამლებმა პირველ შეხვედრაში 7:1 გაანადგურეს მეტოქე, შვედეთი 1958ის საუკეთესო ბომბარდირმა ჟიუსტ ფონტენმა კი დუბლი შეასრულა…

დანარჩენ წყვილებში ფავორიტებმა გაიმარჯვეს: ავსტრიამ ნორვეგია დაამარცხა (1:0, 5:2), იუგოსლავიამ ბულგარეთს სძლია (2:0, 1:1), პორტუგალიამ გდრის ნაკრები ჩამოიშორა გზიდან (2:0, 3:2), ესპანეთმა კი პოლონეთს აჯობა – 4:2 სტუმრად და 3:0 შინ. იმ წლების მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა, მადრიდის რეალის ბომბარდირმა ალფრედო დი სტეფანომ პოლონეთში დუბლი შეასრულა (ისევე, როგორც ბარსელონის ლიდერმა ლუის სუარესმა), ესპანეთში კი ერთი გოლი მიითვალა…

სსრკ ნაკრები

ევროპის პირველი ჩემპიონი, 1960 წლის ერთა თასის გათამაშებაში გამარჯვებული საბჭოთა კავშირის ნაკრები. მარცხნიდან: იგორ ნეტო, ლევ იაშინი, გივი ჩოხელი, ვიქტორ პონედელნიკი, ვალენტინ ბუბუკინი, ანატოლი მასლიონკინი, იური ვოინოვი, ანატოლი კრუტიკოვი, ვალენტინ ივანოვი, სლავა მეტრეველი, მიხეილ მესხი

მეოთხედფინალური წრე პარიზში, საფრანგეთის და ავსტრიის ნაკრებთა პაექრობით დაიწყო – მასპინძლებმა 5:2 გაანადგურეს მეტოქე. ჟიუსტ ფონტენმა ამჯერად 3 გოლი გაიტანა და ტურნირის ისტორიაში პირველი ჰეთ-თრიქის ავტორი გახდა! ავსტრიელებმა ვერც საშინაო თამაშში ივარგეს – 2:4 დამარცხდნენ.

პორტუგალიასთან პირველ შეხვედრაში 1:2 წაგების მიუხედავად, იუგოსლავიელებმა მაინც მოიპოვეს ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება – შინ 5:1 იმარჯვეს, ჩეხოსლოვაკიელებმა კი მესამე მეტოქეც შეაჩერეს: რუმინეთში მასოპუსტის და ბუბნიკის გოლებით 2:0 მოიგეს, შინ კი 3:0 – ბუბერნიკის დუბლი და ბუბნიკის ზუსტი დარტყმა.

ამ ეტაპის უკანასკნელ დაპირისპირებაზე, საბჭოთა კავშირისა და ესპანეთის ნაკრებ გუნდებს შორის, შედარებით დაწვრილებით გეტყვით.

1958 წელს, როცა წილისყრით საბჭოთა ნაკრებს სავარაუდო მეტოქედ ესპანეთი ერგო, ბევრმა გაიხარა – გულშემატკივრებს ერთი სული ჰქონდათ საკუთარი თვალით ენახათ ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანოს, ლადისლაუ კუბალას, ლუის სუარესის, პაკო ხენტოს და სხვა ვარსკვლავების თამაში. ზოგადად, საბჭოთა ქომაგები ესპანელებისადმი სიმპათიით იყვნენ განწყობილნი, რაც 30იან წლებში ბასკეთის ნაკრების ლეგენდარული ტურნეს დამსახურებაც იყო.

და როცა ოფიციალურად გადაწყდა ამ გუნდების დუელი მეოთხედფინალში, ევროპულმა პრესამ კარსმომდგარი ორი პაექრობა ყველაზე საინტერესო მეოთხედფინალად მონათლა.

მხარეებმა მოილაპარაკეს, რომ პირველი თამაში 1960 წლის 29 მაისს მოსკოვში, საპასუხო კი 9 ივნისს მადრიდში გაიმართებოდა.

მილიონობით ადამიანი ელოდა მატჩებს, მაგრამ დაპირისპირება… არ შედგა! ესპანეთის მმართველმა, დიქტატორმა ფრანკომ ფეხბურთელებს კატეგორიულად აუკრძალა კომუნისტურ იმპერიაში თამაში. საინტერესოა, რომ კაუდილიომ (ფრანკოს მეტსახელი) ეს გადაწყვეტილება მატჩამდე ერთი კვირით ადრე მიიღო. 1960 წლის 22 მაისს საინფორმაციო სააგენტოებმა სენსაციური ცნობა გაავრცელეს: ესპანეთის მთავრობამ ფეხბურთელებს მოსკოვში გამგზავრება აუკრძალა!

არსებობს ორი ვერსია, თუ რატომ ჩაშალა ფრანკომ ის მეოთხედფინალი.

პირველის თანახმად, დიქტატორმა ეს ნაბიჯი მაისში, ურალის მთებში ამერიკული მზვერავი თვითმფრინავის U2ის ჩამოგდების შემდეგ მიიღო. იმ ფაქტმა საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, ესპანეთი კი ამერიკელთა მოკავშირე იყო.

მეორე ვერსია უფრო დამაჯერებელია: ესპანეთის ფაქტიური მმართველი ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან, ელენიო ერერასგან მხოლოდ მოგებას ითხოვდა, გამოცდილი სპეციალისტი კი ასეთ გარანტიას არ და ვერ იძლეოდა. ცნობისათვის: ლეგენდარული ერერა ფრანკოს სკანდალურ განცხადებამდე, 19 მაისს, მოსკოვს სტუმრობდა – იმ დღეს საბჭოთა კავშირის ნაკრებმა პოლონეთს ამხანაგურ მატჩში 7:1 სძლია, შინ დაბრუნებულმა ერერა კი საბჭოელებს ყველა ინტერვიუში აქებდა…

სსრკ საფეხბურთო კავშირი უეფასგან ესპანური საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ცნობის დადასტურებას ითხოვდა, თუმცა ევროპული ფეხბურთის მესვეურებმა მხოლოდ ექვსი დღის შემდეგ, 28 მაისს განაცხადეს, რომ სსრკ-ესპანეთის ნაკრებთა პაექრობა აღარ გაიმართებოდა.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ძალისხმევით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ალფონსო დე ლა ფუენტეს 26 მაისს ფრანკოსთან აუდიენციის უფლება მიეცა. სწორედ იმ დროს გუნდი მადრიდის აეროპორტში იცდიდა და კაუდილიოს გადაწყვეტილებას ელოდა.

დე ლა ფუენტემ ვერაფერი გააწყო, ეგაა მხოლოდ რომ ფრანკო მატჩის ნეიტრალურ ქვეყანაში გამართვაზე დაითანხმა. ფედერაციის პირველი პირი ამ წინადადებით ფრანკფურტში, უეფას აღმასრულებელ კომიტეტს ეახლა, მაგრამ ამაოდ – იქ ეს ვარიანტი იუარეს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია 31 500 შვეიცარიული ფრანკით დაჯარიმდა, ამავდროულად, სსრკ საფეხბურთო კავშირის სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდაც დაეკისრა. მაგრამ მთავარი ის იყო, რომ უეფამ პირენეელებს ორივე შეხვედრაში ტექნიკური მარცხი – 0:3 ჩაუთვალა.

უეფას გადაწყვეტილების შემდეგ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა პირმა ნიკიტა ხრუშჩოვმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა: ფრანკომ კვლავ ქედი მოიხარა ბატონის წინაშე! მისი ბოლო ფინტი, რომელიც აშკარად ამერიკელთა ბრძანებით განახორციელა, სწორედ ამის დასტურია! მან საკუთარ კარში გაიტანა გოლი, აუკრძალა რა ესპანელ ფეხბურთელებს ჩვენ მოთამაშეებთან პაექრობა“!

ხრუშჩოვის უშუალო ბრძანებით და მისი ხელქვეითების მითითებით, საბჭოთა ფეხბურთელებმა ესპანელებს სანუგეშო წერილი გაუგზავნეს, რომელიც პრესაშიც გამოქვეყნდა:

ძვირფასო სპორტსმენებო, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების წევრებო!
შევიტყვეთ, რომ მთავრობამ აგიკრძალათ ევროპის ერთა თასის გათამაშებაში მოსკოვსა და მადრიდში ჩვენთან პაექრობა, რის გამოც მწუხარებას გამოვხატავთ.
არა მარტო ჩვენ, არამედ მთელი საბჭოთა სპორტული სამყარო, ისევე როგორც ფეხბურთის ყველა მოყვარული ათობით ქვეყანაში, აღშფოთებით შეხვდა ფაშისტი დიქტატორის ფრანკოს უხეშ ჩარევას ფეხბურთში, რამაც დიდი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრი, ცხადია, დააზარალა.
ფრანკოს ხელისუფლების თავნებობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის, ემორჩილება რა ამერიკელი ბატონის ნებას, ცდილობს სპორტში შემოიტანოს ცივი ომის ელემენტები.
ჩვენ სიხარულით გელით და გპირდებით, რომ საკადრის მასპინძლობას გაგიწევთ. თქვენი ბრალი არაა, რომ შეხვედრა არ შედგა. ვიცით, გულით გსურდათ მოსკოვში ჩამოსვლა, ასევე მადრიდში ჩვენი მასპინძლობა.
ეჭვიც არ გვეპარება, რომ ჩვენთან ერთად სწუხართ არშემდგარი შეხვედრების გამო, რომელიც ფეხბურთის ჭეშმარიტ გულშემატკივარს დააკლდა. საბჭოთა კავშირის ფეხბურთელებს ღრმად სწამთ, რომ მსოფლიოში მშვიდობიანი თანაცხოვრების იდეა ისევე ძვირფასია თქვენთვის, როგორც ჩვენთვის და რომ სპორტსმენთა მეგობრულ ურთიერთობებს ასეთი ბარიერები ვერ შეაჩერებს“!

წერილს ხელს აწერდნენ საბჭოთა კავშირის ფეხბურთელები და იქვე წვრილად ჩამოთვლილი იყო:

საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატები – იგორ ნეტო (გუნდის კაპიტანი), იური ვოინოვი, ვალენტინ ივანოვი, ბორის კუზნეცოვი, ანატოლი მასლიონკინი, ვიქტორ ცარიოვი, ლევ იაშინი
საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატები – ბორის ბატანოვი, ვალენტინ ბუბუკინი, ზაურ კალოევი, ვლადიმერ კესარიოვი, სერგო კოტრიკაძე, ანატოლი კრუტიკოვი, ვლადიმერ მასლაჩენკო, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, იური მოსალიოვი, ვიქტორ პონედელნიკი
საბჭოთა კავშირის ნაკრების წვრთნელები, საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელები – გავრილ კაჩალინი, ნიკოლაი გულიაევი.

(I ნაწილის დასასრული)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 21 აპრილი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; Futbolgrad

ka_GEGeorgian