კახი კავსაძე – 1935-2021

რიგითი საბჭოთა ინკასატორის, ლადოს როლი კახი კავსაძის საუკეთესო წარმოდგენათა შორის ეგებ არაა, მაგრამ ჩემთვის ის დაუვიწყარია.

მე, პელეს ნათლია – ფეხბურთის გულშემატკივრებს ნანახი გექნებათ მიხეილ ჭიაურელის ეს ფილმი, სადაც ბატონი კახი პელეს მამის, დონდინიოს მეგობრის და მეფის ნათლიის როლს დიდებულად თამაშობს.

კახი კავსაძე მშვენიერი მსახიობი და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, დიდი ადამიანი გახლდათ. მის შესახებ გადაკრული არაფერი წამიკითხავს და მსმენია – მხოლოდ ქება და სხვა არაფერი.

არაერთი უკვდავი პორტრეტი დახატა.

მთავარ როლებზე რომ არაფერი ვთქვა, ეპიზოდურებშიც საოცრად შთამბეჭდავი იყო! დიდი მსახიობები სწორედ იმიტომ არიან დიდები, რომ ეკრანსა თუ სცენაზე თუნდაც რამდენიმე წუთიანი გამოჩენით მარადიულ ამბებს ქმნიან.

ძალიან მეწყინა.

ჩვენი კინოს და თეატრის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი წავიდა.

ზოგჯერ ამბობენ, რომ აი, ცხონებული ქალაქს დააკლდაო. თუ ვინმეზე ითქმის ეს, ალბათ ბატონ კახიზეც. ის უხდებოდა კიდეც და ის უეჭველი დააკლდება თბილისს. ასე მგონია, რომ დიდი ხალხით ღარიბდება ეს ქვეყანა. ამ მოკლე პერიოდში იმდენი გემრიელი კაცი გარდაიცვალა, რომ თაობებს ეყოფოდა…

აბა რა ხშირად მე შევხვედრივარ, მაგრამ რამდენიმე სპორტულ ღონისძიებაზე ვნახე ბატონი კახი და მასთან ყოველი გამოლაპარაკება ძალიან სასიამოვნო იყო.

ეს ფოტოც თბილად მაგონდება: 2015 წლის 8 ივნისს გადავიღე მაჩაბელზე, ოლიმპიური კომიტეტის ეზოში. იმ დღეს ჩვენი ოლიმპიური გუნდი ევროპის I თამაშებზე გავაცილეთ და სპორტსმენებს გზა, სხვებთან ერთად, ბატონმა კახიმაც დაულოცა.
ღმერთმა გაანათლოს.

 

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 27 აპრილი)

ka_GEGeorgian