ევროისტორია: 1968 – ცვლილებები

მეფე მოკვდა, დიდება მეფეს!
ეს ცნობილი გამოთქმა ზუსტად მიესადაგება სიტუაციას, რომელიც ევროპის ერთა თასის მეორე გათამაშების დასრულების შემდეგ შეიქმნა: ტურნირმა კონტინენტის ჩემპიონატს დაუთმო ადგილი.
ექსპერიმენტმა, რომელიც რვა წლის მანძილზე გაგრძელდა, გაამართლა და ევროპული ფეხბურთის მმართველი სახლის მესვეურებიც მის სრულყოფაზე დაფიქრდნენ.

ტურნირის ფორმატის შეცვლაზე უეფაში ჯერ კიდევ 1964 წლის იანვარ-თებერვალში ალაპარაკდნენ. ამბობდნენ, რომ გათამაშების სტრუქტურა 1964 წლის 17 ივნისს, მადრიდში დანიშნულ მორიგ კონგრესზე აუცილებლად შეიცვლებოდა, მაგრამ მაშინ ასე არ მოხდა.

ესპანეთის სატახტო ქალაქში გამართული მაღალჩინოსანთა სხდომა თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ყველა დროის ერთ-ერთ საინტერესო შეხვედრად – არასდროს გამოთქმულა იმდენი ახალი იდეა, რამდენიც მადრიდში. სწორედ მაშინ ითქვა პირველად, რომ კარგი იქნებოდა თუ უეფა სანაკრებო შეკრებისთვის კალენდარში ორ კვირას გამოათავისუფლებდა; საერთაშორისო მატჩებზე მივლინებულ მსაჯებს გარკვეულ თანხას გადაუხდიდა; ითქვა თამაშების ტელეტრანსლაციაზეც…

მადრიდში კვიპროსის საკითხიც განიხილეს და მიუხედავად იმისა, რომ კუნძულზე მძიმე პოლიტიკური სიტუაცია იყო, ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია მაინც მიიღეს ევროოჯახში.

უეფას შვეიცარიელმა პრეზიდენტმა გუსტავ ვიედერკერმა კიდევ ერთხელ განაცხადა კონტინენტის პირველობის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპად გამოყენების შესახებ. მადრიდში მან რამდენიმე თანამოაზრე კი იპოვა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იდეა დაიწუნეს. მოგვიანებით გამოჩნდა რომ სამუდამოდ.

ჩამოყალიბდა დროებითი კომიტეტიც, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის ფორმატის დახვეწა დაევალა. მასში შევიდნენ ესპანელი აგუსტინ პუხოლი (თავმჯდომარე), შვედი ტურე ბრუდი, ფრანგი პიერ დელონე (ანრი დელონეს ვაჟი), რუმინელი გეორგე პოპესკუ და საბჭოთა კავშირის საფეხბურთო კავშირის თავმჯდომარე ვლადიმერ მოშკარკინი.

1965 წლის 24 მარტს, უეფას მორიგ კონგრესზე ხსენებული კომიტეტის ინიციატივას უყარეს კენჭი და ოფიციალურად გაცხადდა მაღალჩინოსანთა სურვილი – ევროპის ჩემპიონატის ფორმატი უნდა შეცვლილიყო.

ოქტომბერში უეფამ დაადასტურა, რომ ევროპის ერთა თასის-ანრი დელონეს თასის გათამაშებას ევროპის ჩემპიონატი ეწოდა.

1965 წლის 17 ნოემბერს, საფრანგეთის დაბა ნიცაში, მადრიდში არჩეულმა კომიტეტმა უეფას დელეგატებს ფორმატის ასეთი ვარიანტი შესთავაზა: ევროპის ჩემპიონატი წრიული სისტემით ჩატარებულიყო შესარჩევ ჯგუფებში, შემდეგ კი 1/4ფინალები, 1/2ფინალი და ფინალი. ისევე როგორც წინა ორ შემთხვევაში, უკანასკნელი ეტაპები ერთ ქვეყანაში იმართებოდა.

პროექტი მოიწონეს.

იმავე დღეს უეფამ თავის წევრ ფეხბურთის ფედერაციებს სთხოვა 1966 წლის 10 თებერვლამდე ეცნობებინათ საბოლოო გადაწყვეტილება: ითამაშებდნენ თუ არა ტურნირში. ხსენებული ვადის ამოწურვამდე თამაშის სურვილი 31მა ქვეყანამ გამოთქვა, თუმცა მოგვიანებით ისლანდიამ და მალტამ ასპარეზობისგან თავი შეიკავეს.

შესარჩევი ეტაპის წილისყრა 1966 წლის 23 თებერვალს გაიმართა შვეიცარიაში, ციურიხის სასტუმრო ცუმ რუდენში.

ფავორიტების ერთ ჯგუფში მოხვედრა თავიდან რომ აეცილებინა, უეფამ 8 საუკეთესო გუნდი დაასახელა და განთესა – ისინი მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატში მონაწილე 10 ევროპული გუნდიდან შეირჩა: ფიფას ოქროს თასის მფლობელი ინგლისი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გფრ, მესამეადგილოსანი პორტუგალია, მეოთხე ადგილზე გასული სსრკ, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, უნგრეთი, საფრანგეთი და შვეიცარია. არ გაუმართლათ ბულგარელებს და იტალიელებს, რომლებმაც ინგლისში წარუმატებლად ითამაშეს.

ევროპირველობის საორგანიზაციო კომიტეტმა ბრიტანელთა თხოვნა გაითვალისწინა და ინგლისი, შოტლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია და უელსი ერთ შესარჩევ ჯგუფში მოახვედრა. ამ ოთხმა გუნდმა ევროთამაშებს ბრიტანეთის პირველობის სტატუსიც შეუნარჩუნა. მოგვიანებით ჩრდილოირლანდიელებმა უეფას ოფიციალურად სთხოვეს მომდევნო საკვალიფიკაციო ტურნირებში გუნდი მეზობლებთან აღარ განეთესა.

ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, უეფამ მეკარის შეცვლა დაუშვა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი ტრავმის გამო თამაშს ვეღარ გააგრძელებდა.

I ჯგუფში ჩეხოსლოვაკიის, თურქეთის, ირლანდიის და ესპანეთის ნაკრები გუნდები მოხვდნენ. განთესილი ესპანეთი ფავორიტად კი ითვლებოდა, მაგრამ საწყისი ტურების შემდეგ მისი შანსები მიზერული იყო.

4 ტურის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის ნაკრებს თითქმის დაბევებული ჰქონდა მეოთხედფინალის საგზური, მაგრამ გუნდი ზედმეტმა თავდაჯერებულობამ დააღალატა – უკანასკნელ ორ ტურში მათ ამდენივე ქულის მოპოვება მართებდათ, მაგრამ მიზანს ვერ უწიეს.

ანკარაში, თურქეთთან 0:0ის შემდეგ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ჩეხოსლოვაკიელები პრაღაში, სლავიის სტადიონზე ადვილად დაამარცხებდნენ ირლანდიელებს, მით უმეტეს რომ პირველი პაექრობა დუბლინში მათი გამარჯვებით დასრულდა, 2:0. მაგრამ ათასობით ჩეხოსლოვაკიელი გულშემატკივრის მოლოდინი არ გამართლდა – ირლანდიელებმა 2:1 მოიგეს. გამარჯვების გოლი საფინალო სასტვენამდე 4 წუთით ადრე ო’კონორმა შეაგდო.

აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩეხოსლოვაკიელთა მწვრთნელმა იოზეფ მარკომ სტუმრებს სამი დებიუტანტი დაუპირისპირა, მათ შორის მეკარე ანტონინ კრამერიუსი. ამ უკანასკნელმა სახელგანთქმული ივო ვიქტორი შეცვალა, რომელმაც მანამდე 5 საკვალიფიკაციო მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა…

სტუმართა გოლები გუნდის კაპიტნის იან პოპლუხარის უხეშ შეცდომებს მოჰყვა. ირლანდიასთან 1:2 საშინაო მარცხი საქვეყნოდ ცნობილი ჩეხოსლოვაკიელისთვის უკანასკნელი გამოდგა ქვეყნის პირველ გუნდში.

ირლანდიელთა ზეობა ძალიან წაადგა ესპანეთს, რომელსაც იმ დროისთვის დასრულებული ჰქონდა შესარჩევი ტურნირი და ჯგუფს 8 ქულით ლიდერობდა.

II შესარჩევ ჯგუფში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსან პორტუგალიასთან ერთად უდიდესი საფეხბურთო ტურნირის მონაწილე ბულგარეთი, ნორვეგია და შვედეთი მოხვდნენ.

ბულგარელებმა ბრწყინვალედ ითამაშეს, ფავორიტთან უშუალო შეხვედრებში: პირენეელებს შინ 1:0 აჯობეს, სტუმრად 0:0 იკმარეს და 10 ქულით მეოთხედფინალის საგზური არავის დაუთმეს.

III ჯგუფში საბჭოთა კავშირის ნაკრების მეტოქეები იყვნენ ავსტრია, საბერძნეთი და ფინეთი.

ინგლისის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საბჭოთა გუნდში კვლავ შეიცვალა მთავარი მწვრთნელი: ნიკოლაი მოროზოვმა მუნდიალის შემდეგ გუნდს ოთხ ამხანაგურ მატჩში უხელმძღვანელა (იუგოსლავიასთან 2:1, თურქეთთან 0:2, გდრსთან 2:2, იტალიასთან 0:1) და თანამდებობა მიხაილ იაკუშინს დაუთმო. გემახსოვრებათ: თბილისის დინამომ 1964 წელს საბჭოთა კავშირის პირველობა სწორედ იაკუშინის ხელმძღვანელობით დაიწყო…

1967 წლის 23 აპრილს, ათენში, საბერძნეთს ავსტრიისთვის უნდა ემასპინძლა, მაგრამ ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების გამო – ხელისუფლებაში შავი პოლკოვნიკები მოვიდნენ – შეხვედრა არ შედგა.

უეფამ თამაში 4 ოქტომბრისთვის გადადო, იმ დღეს კი ავსტრიელები 1:4 განადგურდნენ. მანამდე ავსტრია საბჭოთა კავშირთანაც დამარცხდა – 3:4. ეს თამაში 11 ივნისს შედგა მოსკოვში, ლუჟნიკებზე.

სსრკ ნაკრებმა კვლავ ოთხი გოლი გაიტანა მომდევნო საკვალიფიკაციო მატჩში, რომელიც 1967 წლის 16 ივლისს თბილისში შედგა – საბერძნეთს 4:0 სძლია. გოლები ანატოლი ბანიშევსკიმ (2), იოჟეფ საბომ და იგორ ჩისლენკომ შეაგდეს. ეს შეხვედრა იმითაა გამორჩეული, რომ ნაკრების მაისური უკანასკნელად მოირგო ლეგენდარულმა ლევ იაშინმა.

5 ნოემბერს ჯგუფის ბოლო თამაში შედგა, რომელიც… არ დასრულდა! ავსტრია-საბერძნეთის დაპირისპირების 83ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, უნგრელმა მსაჯმა დიულა დიორომ მოედნიდან გააძევა ბერძენი ლუკანიდისი. ვენის პრატერშტადიონზე შეკრებილმა მცირერიცხოვანმა ბერძენმა ქომაგებმა ეს ვერ აიტანეს და მოედანზე შეიჭრნენ, მათ მასპინძელთა მხარდამჭერებიც მიჰყვნენ და… თამაში ვეღარ განახლდა, უეფამ შედეგი გააუქმა, დიორო კი საერთაშორისო ასპარეზს ჩამოაშორა.

IV ჯგუფში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გფრ იუგოსლავიასთან და ალბანეთთან მოხვდა. დასავლეთგერმანელებმა და იუგოსლავიელებმა საშინაო მატჩები მოიგეს: ბელგრადში მასპინძლებმა სკობლარის გოლით იმარჯვეს – 1:0, ჰამბურგში კი ჰელმუტ შიონის გუნდმა ლიორის, მიულერის და ზეელერის ზუსტი დარტყმებით 3:1 სძლია მეტოქეს.

გფრ-ალბანეთის დაპირისპირება სტუმართა 6:0 განადგურებით დასრულდა. ევროპის 1968 წლის ჩემპიონატში ერთადერთი პოკერი სწორედ ამ თამაშში შესრულდა გერმანელი გერდ მიულერის მიერ.

1967 წლის 17 დეკემბერს ალბანელები გერმანელებს ტირანაში, ქემალ სტაფაზე დაუხვდნენ და… ქულები გაუყვეს – 0:0!

და ზუსტად ამ 0:0ის წყალობით მეოთხედფინალის საგზური იუგოსლავიამ მოიპოვა, რომელმაც ალბანეთს ორივე შეხვედრაში სძლია – 2:0 ტირანაში და 4:0 ბელგრადში.

მომდევნო სამ ჯგუფში მოულოდნელობა არ მოხდა: შემდეგ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ფავორიტებმა მოიპოვეს.

V ჯგუფში, 1966 წლის 9 სექტემბერს, ნიდერლანდებმა როტერდამში უნგრეთს უმასპინძლა – ეს იყო ევრო 68ის ეგიდით გამართული პირველი თამაში. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, 54ე წუთისთვის მასპინძლები ორი ბურთით იგებდნენ, მაგრამ პაექრობა ფრედ 2:2 დასრულდა.

უნგრელთა წინააღმდეგ პირველად მოირგო ქვეყნის პირველი გუნდის ნარინჯისფერი მაისური ნიდერლანდების XX საუკუნის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებულმა იოჰან კრუიფმა. აიაქსის ვარსკვლავმა იმ დღეს გოლიც შეაგდო.

საბოლოოდ, მისი გუნდი მესამე ადგილზე გავიდა, პირველობა კი არავის დაუთმო უნგრეთმა, რომელმაც ორჯერ სძლია დანიას – 6:0, 2:0, საშინაო მატჩებში კი ნიდერლანდებიც დაამარცხა – 2:1 და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებიც – 3:1.

VI ჯგუფში იტალიელებმა დაუმარცხებლად იმარჯვეს. აპენინელებმა შედეგიანობით ყველას აჯობეს – 17 გოლი შეაგდეს!

VII ჯგუფი საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო, არადა, 1966 წლის 11 ნოემბერს, ბრიუსელში მამლები მთავარ კონკურენტ ბელგიასთან 1:2 დამარცხდნენ.

1967 წლის 8 ოქტომბერს წითელმა ეშმაკებმა ბრიუსელში პოლონელებს უმასპინძლეს და მოულოდნელად 2:4 დამარცხდნენ. სტუმართა ფორვარდმა ჟმიევსკიმ 26ე, 51ე, და 70ე წუთებზე სამი გოლი გაიტანა – ევროპირველობების ისტორიაში ის გახდა პირველი, რომელმაც ჰეთ-თრიქი მეტოქის მოედანზე შეასრულა.

ამის შემდეგ ბელგიელებმა ფრანგებთან სტუმრად ქულა აიღეს – 1:1, შინ ლუქსემბურგელებს სძლიეს – 3:0, მაგრამ პირველ ადგილზე მაინც საფრანგეთი გავიდა, რომელმაც პოლონეთს აჯობა – 2:1 შინ და 4:1 სტუმრად.

უკანასკნელ, VIII შესარჩევ ჯგუფში მხოლოდ ბრიტანელები ასპარეზობდნენ და უეფას თანხმობით, ტურნირს ბრიტანეთის პირველობის სტატუსიც მიენიჭა. მსოფლიოს ჩემპიონმა ინგლისმა 1/4ფინალში თამაშის უფლება ძალიან დაძაბული პაექრობების შემდეგ მოიპოვა.

1967 წლის 15 აპრილს სერ ალფ რემსის გუნდმა უემბლიზე შოტლანდიელებს უმასპინძლა. 99 063მა გულშემატკივარმა ძალიან დაძაბული პაექრობა იხილა, რომელიც… სტუმართა 3:2 გამარჯვებით დასრულდა! სქოთებმა ინგლისელებს ინგლისში მეექვსედ სძლიეს.

1968 წლის 24 თებერვალს უკვე შოტლანდია იყო მასპინძელი, გლაზგოს ჰემპდენ პარკზე კი გაცილებით მეტი გულშემატკივარი შეიკრიბა – 134 ათასი! არც მანამდე და არც მას შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ შეხვედრას ამდენი მაყურებელი არ ჰყოლია.

პაექრობა ფრედ 1:1 დასრულდა და ევროპირველობის მეოთხედფინალშიც… ინგლისი გავიდა. მსოფლიოს ჩემპიონებმა უელსელებს და ჩრდილოირლანდიელებს ოთხივე მატჩი მოუგეს, შოტლანდიელები კი უელსში ფრეს დასჯერდნენ, ბელფასტში კი დამარცხდნენ.

ჩრდილოეთ ირლანდიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა ჯორჯ ბესტმა, რომელიც 1968 წელს ევროპის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, მხოლოდ ორჯერ ითამაშა: ინგლისთან 0:1 წაგებულ და სქოთებთან 1:0 მოგებულ შეხვედრებში.

საბოლოოდ 1/4ფინალში ეს 8 გუნდი გავიდა: ესპანეთი, ბულგარეთი, სსრკ, იუგოსლავია, უნგრეთი, იტალია, საფრანგეთი და ინგლისი.

II ეტაპის წინ უეფამ დაადგინა, რომ ახალი წესის მიხედვით, ორმატჩიან დაპირისპირებაში, ბურთების თანაფარდობის შემთხვევაში, სტუმრად გატანილი გოლი გადამწყვეტი იქნებოდა. და თუ წყვილში ორჯერ დაფიქსირდა ნულოვანი ფრე, ამ შემთხვევაში დაინიშნება გადამწყვეტი თამაში, რომლის დეტალებს მონაწილენი დამოუკიდებლად გაარკვევენ. ხოლო თუ მეტოქეები ერთმანეთშიც ვერ შეთანხმდნენ, გამარჯვებული მარტივად, მონეტის აგდებით გაირკვევა. ამ პროცედურის ჩატარება კი მატჩის მთავარ მსაჯს უეფას წარმომადგენლის და მონაწილეთა კაპიტნების თანდასწრებით დაევალა.

ბებერი კონტინენტი მოუთმენლად ელოდა 1/4ფინალის წილისყრას. უეფას ხელმძღვანელები 1968 წლის იანვარში შეიკრიბნენ პარიზში, სასტუმრო ჰილტონში, სადაც გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: ინგლისი-ესპანეთი, ბულგარეთი-იტალია, საფრანგეთი-იუგოსლავია, უნგრეთი-სსრკ.

მსოფლიოს ჩემპიონმა ინგლისელებმა ორივე მატჩში აჯობეს ევროპის ერთა თასის მფლობელ პირენეელებს და თუ ანგარიში უფრო შთამბეჭდავი არ იყო, ეს მხოლოდ და მხოლოდ სერ ალფ რემსის გუნდის ფორვარდთა გამოისობით: მარტინ პიტერსმა, ბობი ჩარლტონმა, როჯერ ჰანტმა და მათმა თანაგუნდელებმა არაერთი მომენტი გააცუდეს.

ინგლისელებმა შინ ბობი ჩარლტონის გვიანი გოლით მოიგეს – 1:0, მანჩესტერ იუნაიტედის ლიდერმა 84ე წუთზე გაახარა გულშემატკივრები, ესპანეთში კი პიტერსმა და ჰანტმა უპასუხეს ამანსიოს მიერ მეორე ტაიმის დასაწყისშივე გატანილ ბურთს – 2:1.

მსოფლიოს 1966 წლის ჩემპიონატზე შერცხვენის შემდე იტალიის ნაკრებს ორი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს: ლეგენდარული ელენიო ერერა და ფერუჩიო ვალკარეჯი, რომელიც მანამდე ინგლისში ხელმოცარული ედმონდო ფაბრის თანაშემწე გახლდათ. თუმცა დუეტმა ნაკრებში 1967 წლის მარტამდე ანუ ბულგარელებთან თამაშებამდე იმუშავა, შემდეგ ერერა წავიდა, ვალკარეჯი კი დარჩა.

ამ გუნდების პირველი პაექრობა 1968 წლის 6 აპრილს შედგა სოფიაში, ვასილი ლევსკიზე. მასპინძლებმა ოთხი გოლი კი გაიტანეს, მაგრამ 3:2 მოიგეს – საქმე ისაა, რომ კოტკოვმა, დერმენჯიევმა და ჟეკოვმა სტუმართა კარი დალაშქრეს, პენევმა კი საკუთარი.

იტალია მეტოქეს 20 აპრილს, ნეაპოლში, სან პაოლოზე დაუხვდა – სწორედ ამ შეხვედრაში შედგა ლეგენდარული დინო ძოფის დებიუტი სკუადრა აძურაში. საქმე ისაა, რომ ბულგარეთში ძირითადი მეკარე ენრიკო ალბერტოზი დაშავდა.

ანგარიში მე14 წუთზე გაიხსნა: მასპინძლები პიერინო პრატიმ დააწინაურა, რომელმაც სოფიაშიც გამოიჩინა თავი. 55ე წუთზე ანჯელო დომენგინიმ მეორედ დალაშქრა სტუმართა კარი – 2:0. მეტი გოლი აღარ გასულა – ვალკარეჯის იტალია 1/2ფინალში გავიდა.

ბრწყინვალედ ითამაშეს იუგოსლავიელებმა. გუნდის სათავეში 50იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოთამაშე რაიკო მიტიჩი იდგა, რომელმაც თანამდებობაზე დანიშვნისთანავე ძირეული ცვლილებები განახორციელა: ვეტერანებს იოსიპ სკობლარს, მილან გალიჩს და ფარხუდინ იუსუფის გუნდის კარი მიუხურა, მათ ნაცვლად კი ახალგაზრდები მიიწვია.

მიტიჩის გადახალისებული გუნდი 6 აპრილს, მარსელში, ველოდრომზე გამართულ პირველ მატჩს ვაჰიდინ მუსემიჩის მიერ 66ე წუთზე გატანილი გოლით იგებდა, თუმცა მასპინძლებმა შეხვედრის გადარჩენა შეძლეს – დი ნალომ 78ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში – 1:1.

საპასუხო მატჩში, ბელგრადში, ფრანგები განადგურდნენ: იუგოსლავიამ 5:1 მოიგო!

მე13 წუთისთვის მასპინძლები სამი ბურთით იგებდნენ: ჯერ ილია პეტკოვიჩმა გახსნა ანგარიში (3), მე12 წუთზე მუსემიჩმა მეორედ შეარხია ფრანგთა კარის ბადე, მე13 წუთზე კი დიდებულმა დრაგან ჯაიჩმა მესამე გოლი გაიტანა.

33ე წუთზე პეტკოვიჩმა მეოთხედ დალაშქრა სტუმართა კარი და მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებმა ერთი გოლი გაქვითეს, ბოლო ბურთი მაინც იუგოსლავიელებმა მიითვალეს – მე80 წუთზე მუსემიჩმა დუბლი შეასრულა, 5:1!

ევროპის ერთა თასის პირველი გათამაშების ჩემპიონს და II ტურნირის ფინალისტ საბჭოთა კავშირის ნაკრებს მეტოქედ უნგრეთი ერგო.

პირველი შეხვედრა 1968 წლის 4 მაისს გაიმართა ბუდაპეშტში, ნეპშტადიონზე. მასპინძლებმა 12 წლის მანძილზე პირველად სძლიეს მეტოქეს: 22ე წუთზე იანოშ ფარკაშმა გახსნა ანგარიში – სსრკ ნაკრების მეკარე ანზორ კავაზაშვილმა გუნდი გოლისგან ვერ იხსნა, თამაშის მიწურულს კი კავაზაშვილი შეცდა და იანოშ დიოროჩმაც მეორე ბურთი შეაგდო – 2:0.

უნგრელებს საუკეთესო მოთამაშე ფლორიან ალბერტი აკლდათ, თუმცა მის არყოფნაში დიდებულად იასპარეზეს ზოლტან ვარგაშმა, ლასლო ფაზეკაშმა, იოანოშ ფარკაშმა, დიულა რაკოშიმ.

ერთი კვირის თავზე უნგრეთი საბჭოთა კავშირს ეწვია. ქვეყნის ყველაზე დიდი სტადიონი მოსკოვის ლუჟნიკები პირთამდე შეივსო – 103 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა!

ბუდაპეშტში წაგებული თამაშის შემდეგ მიხაილ იაკუშინმა შემადგენლობა შეცვალა: კავაზაშვილის ნაცვლად კარში პშენიჩნიკოვი ჩადგა, დაცვაში გამოჩნდნენ ანიჩკინი და აფონინი, თავდასხმაში ბიშოვეცი და ევრიუჟიხინი…

კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო გუნდის კაპიტანი მურთაზ ხურცილავა, რომელმაც იმ დღეს დიდებულად იასპარეზა: არაერთი სპეციალისტის აზრით, უნგრეთთან ეს მატჩი საუკეთესოა ქართველი მცველის სანაკრებო კარიერაში.

პირველი გოლი, ბუდაპეშტში გამართული თამაშის დარად, კვლავ 22ე წუთზე გავიდა: ხურცილავას მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ შოიმოშიმ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი – 1:0.

59ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა გაიზარდა და ორი თამაშის ჯამში ანგარიში გათანაბრდა: მურთაზ ხურცილავამ დაარტყა ზუსტად – 2:0!

73ე წუთზე კი ანატოლი ბიშოვეცმა გენადი ევრიუჟიხინის ჩინებული პასის შემდეგ მესამედ შეარხია უნგრელთა კარის ბადე და ტრიბუნებიც აფეთქდა – 3:0!

უკანასკნელ წუთებზე იური პშენიჩნიკოვმა ფლორიან ალბერტის (იმ დღეს ის გუნდს კაპიტნობდა), იანოშ ფარკაშის და ზოლტან ვარგას სახიფათო დარტყმები მოიგერია, შემდეგ კი გერმანელმა არბიტრმა კურტ ჩეშნერმა თამაში დაასრულა და მასპინძელთა გულშემატკივრებს ნანატრი გამარჯვება ახარა.

უნგრეთთან მოგებულ მატჩს ესწრებოდა ჟურნალისტი დემიკო ლოლაძეც (1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფის თასთა თასის ფინალის ერთადერთი ქართველი ფოტოკორესპონდენტი), რომელმაც მურთაზ ხურცილავასადმი მიძღვნილ წიგნში ეს შეხვედრა ასე გაიხსენა:

„1968 წელს, ქართველ გულშემატკივრებთან ერთად მოსკოვში დავესწარი საბჭოთა კავშირის ნაკრების ორ მატჩს უნგრეთის ეროვნულ და ჩეხოსლოვაკიის ოლიმპიურ გუნდებთან.
უნგრელებს ბუდაპეშტში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ორი ბურთის მარაგი ჰქონდათ და ცოტა თავდაჯერებულნი ჩანდნენ და ვგონებ, სწორედ ამ გარემოებამ გაუწია მათ ცუდი სამსახური. ისინი თავიდანვე დაცვაზე გადავიდნენ და მთელ ძალებს მინდვრის შუაში მოუყარეს თავი. სტადიონზე მყოფთ ისიც გვეგონა, რომ გადამწყვეტ სიტყვას იტყოდა უნგრელთა გუნდის თავდასხმის ლიდერი, ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ფლორიან ალბერტი.
ტრიბუნებზე მსხდომნი შეუძლებლის მოხდენას ველოდით. საბჭოთა კავშირის ნაკრების ფეხბურთელები მინდორზე გამარჯვების წყურვილით გავიდნენ. პირველ ნახევარში უნგრელთა მცველის შოიმოშის შეცდომით ანგარიში 1:0 გახდა და რევანშის შესაძლებლობა რეალობად იქცა, ხოლო მეორე ტაიმში მოსკოვის ცენტრალური სტადიონი, მეგონა ვერ გაუძლებდა იმ ენით აუწერელ სიხარულს, რაც გულშემატკივრებს მეორე გოლმა მოჰგვარა: ტაბლოზე აინთო 2:0, 59-ე წუთი, ხურცილავა, საბჭოთა კავშირი!
სწორედ ამის შემდეგ დაიწყო გრიგალი მოწინააღმდეგის კართან, რომელიც თამაშის ბოლომდე გაგრძელდა და როდესაც ბიშოვეცმა მესამე ბურთი გაიტანა, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრები 1968 წლის 11 მაისს უძლეველი იყო მოედანზე!
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ერთხმად იმსახურებდა უმაღლეს შეფასებას, მაგრამ გუნდის სული და გული იყო მურთაზ ხურცილავა, რომელიც მუდამ იმას ცდილობდა, რომ გზა გაეკაფა მოწინააღმდეგის კარისკენ. იგი შეუცდომლად მოქმედებდა დაცვაში და იერიშების დროს ბრწყინვალედ ეხმარებოდა პარტნიორებს“!

1/4ფინალების დასრულების შემდეგ ფინალური ეტაპის მონაწილეებიც გაირკვნენ: ინგლისი, იტალია, იუგოსლავია და სსრკ.

ტურნირის ისტორიაში სწორედ ამ გათამაშების შესარჩევ ტურნირში ჩატარდა ყველაზე მეტი თამაში – 98, გავიდა ყველაზე მეტი გოლი – 306, ხოლო მატჩებს დაესწრო რეკორდულად ბევრი – 3 402 813 მაყურებელი!

(I ნაწილის დასასრული)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 1 მაისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო:
UEFA.com

ka_GEGeorgian