ილ გრანდე ტორინო
1949 წლის 4 მაისს, ტურინთან ახლოს, იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დაიღუპა.
მსოფლიო სპორტის ისტორია ათობით ავიაკატასტროფას ითვლის, შავი სიის სათავეში კი ერთ-ერთი პირველი ტორინოა, 40იანი წლების კალჩოს გრანდი.
სერია აში ზედიზედ ოთხი ტრიუმფისთვის იმ გუნდს ილ გრანდე ტორინო შეარქვეს. და იმ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელები სკუადრა აძურას ბირთვს შეადგენდნენ.
ტორინო ლისაბონიდან ბრუნდებოდა, სადაც ამხანაგურად ითამაშა ბენფიკასთან.
ტურინის აეროდრომში დაშვებას წუთები აკლდა. პილოტები ძალიან ფრთხილობდნენ – დისპეჩერისგან იცოდნენ, რომ ქალაქი ნისლში იყო ჩაფლული და ხილვადობა უკიდურესად ჭირდა. მაგრამ ტრაგედია მაინც დატრიალდა: დაუდგენელ მიზეზთა გამო თვითმფრინავი სუპერგას მთის პირისპირ და, შესაბამისად, განწირული აღმოჩნდა.
ხომალდი მთის თავზე მდგარი ბაზილიკის გალავანს შეასკდა. დაიღუპა ყველა, 31 მგზავრი, მათ შორის ტორინოს 18 მოთამაშე: 40იანი წლების საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელები ვალენტინო მაცოლა, ძმები ალდო და დინო ბალარინები, დანილო მარტელი, მარიო რიგამონტი, ეძიო ლოიკი…
ტრაგედიას შეეწირა პოპულარული ტურინული გამოცემის ტუტოსპორტის დამაარსებელი რენატო კასალბორეც, მისი ორი კოლეგა, ასევე ტორინოს უნგრელი მენეჯერი ეგრი ერბშტაინი და ინგლისელი მწვრთნელი ლესლი ლაივსლი…
დამწვარ-დასახიჩრებული გვამების ამოცნობა იტალიის ნაკრების ლეგენდარულ მწვრთნელს, მსოფლიო ჩემპიონატის ორჯერ მომგემ ერთადერთ სპეციალისტს, ვიტორიო პოცოს სთხოვეს.
1949 წლის 6 მაისს, სერია ას დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, ტორინო იტალიის ჩემპიონად გამოცხადდა.
დარჩენილ მატჩებში კლუბმა ახალგაზრდული შემადგენლობით ითამაშა და მეტოქეებიც, პატივისცემის ნიშნად, ასევე სათადარიგო გუნდებით გავიდნენ მინდორზე.
ტრაგედიის მსხვერპლთა დაკრძალვას მილიონამდე ადამიანი დაესწრო.
სუპერგას ტრაგედია იმდენად მძიმე გადასატანი აღმოჩნდა, რომ ერთი წლის შემდეგ, მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიაში, იტალიის აშკარად დასუსტებული ნაკრები გემით გაემგზავრა…
მას შემდეგ ტორინომ მხოლოდ ოთხი ტიტული მოიგო, სერია ა კი ერთადერთხელ – 1975-76 წლების სეზონში.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 4 მაისი)