ორიოდ სიტყვით ჩელსიზე

ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი 29შია, მაგრამ ზეგ, 8ში უკვე მანჩესტერ სიტი-ჩელსია, ახლა უკვე ფორთოხლის გემოთი კიარადა პრემიერლიგის ეგიდით.
და მე ეს თამაშიც არანაკლებ მაინტერესებს.
რატომღაც მგონია, რომ არც გვარდიოლა დაიწყებს რამე-რუმეების დამალვას და ტუხელი ხომ თავისთავად. თუ პეპს პრემიერლიგის თასს ერთი გამარჯვება აშორებს – ჩელსისთან შაბათს მოგებით ტიტულს გაინაღდებს, გერმანელი საშემოდგომო ჩემპიონთა ლიგისთვის ჯერ კიდევ იბრძვის და ყოველი ქულა ძალიან ძვირად უღირს.
მოკლედ, შაბათს არგამოსატოვებელი ამბავია, მაგრამ ახლა ორიოდ სიტყვით ჩელსის გუშინდელ თამაშზე.

1: საპასუხო ნახევარფინალში მანჩესტერ სიტიზე მეტად ჩელსი მომეწონა. კარგა ხანია რეალის წინააღმდეგ ასე ლაღად მოთამაშე გუნდი არ მინახავს, თან ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში.
ცალკე კურტუა და აქეთ თავდასხმაში, სულ ბოლოს აღელვებული ლონდონელები რომ არა, სხვაობა არნახულად დიდი იქნებოდა.
გუშინ რამდენჯერმე წარმოვიდგინე ჩელსის შეტევაში რომარიო – ეს დიდებული მატყუარა რომ ჰყოლოდა ტუხელის გუნდს, რეალი 4-5 ბურთით წააგებდა. იმ ბურთებს, რაც ვერნერმა, ჰავერცმა, მაუნტმა და კანტემ ვერ გაიტანეს, რომარიო მხოლოდ მისთვის ჩვეული ცრუმოძრაობებით შეაგდებდა.

2: რეალში კრიშტიანუ რონალდუს ზღაპრული სტატისტიკის უკან მოდრიჩი-კროოსი-კაზემიროს სამეული იდგა, მაგრამ გუშინ ნგოლო კანტემ ეს დიდებული ტრიო გააქრო. ნუ, ჩემთვის ასე იყო.
ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია ნგოლო, აი ყველა გუნდს რომ დაამშვენებდა, ისეთი.
და რუდიგერი მომეწონა კიდე – ეგეთი თავგანწირული მოთამაშე ყველამ ინატროს.

3: პარიზელებმა რომ ტუხელი გაუშვეს, კი გავიფიქრე ნეტა რაზე ფიქრობენ-მეთქი. როგორც ჩანს, პსჟს კატარელ პატრონებს ჯერ კიდევ ფული მიაჩნიათ ფეხბურთში მთავარ ამბად და თვლიან, რომ ყველაფრის უფლება აქვთ.
ზაფხულში ვინ სად წავა არ ვიცი, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ტუხელის ლონდონში გადაბარგება 2021 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერია (თუ ყველაზე კარგი არა).
როცა გერმანელმა ჩელსი ჩაიბარა, ლონდონელები პრემიერლიგაში მე9 ადგილზე იყვნენ. ტუხელის ხელში ჩელსიმ ტურბოძრავები ჩართო და დღეს მესამეადგილოსან ლესტერს მხოლოდ 2 ქულა აშორებს. 15 თამაშიდან 9ს რომ მოიგებ და ერთადერთხელ დამარცხდები, ამაღლდები აბა რა იქნება.
თომას ტუხელმა თასზეც ივაჟკაცა და ნახევარფინალში ხომ გახსოვთ ვინ დაიფრინა? პეპის მანჩესტერ სიტი!
მოკლედ, ამ დღეებში გერმანელს დიდი ამბები ელის: 15ში ასოციაციის თასის ფინალი აქვს (ლესტერ სიტისთან), 29ში კი ჩემპიონთა ლიგის. სტამბოლურ მატჩამდე ლონდონელები, სავარაუდოდ, ლიგის საგზურსაც დაიბევებენ.
მოკლედ, ჩემი დიდი, დიდი პატივისცემა ჰერ ტუხელს.
მიყვარს და ვგულშემატკივრობ ხალხს, რომლებიც დამქირავებლის უტიფრობის ან დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიუხედავად, თავის საქმის ერთგულებად და პროფესიონალებად რჩებიან.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 6 მაისი)
ფოტო: Football Club Chelsea

ka_GEGeorgian