ევროისტორია: 1972 – კლასიკა
ევროპის მეოთხე ჩემპიონატმა დაწყებისთანავე დაამყარა რეკორდი: მონაწილეობის სურვილი 32 ქვეყნის ნაკრებმა გამოთქვა!
მიუხედავად ამისა, უეფას ყველა წევრი მაინც ვერ ჩაერთო ტურნირში: იმხანად ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია 33 საფეხბურთო ასოციაცია–ფედერაციას აერთიანებდა, რომელთაგან განზე გადგომა მხოლოდ ისლანდიამ ისურვა. საგულისხმოა, რომ კუნძულელები იმ დროს მსოფლიო პირველობის საკვალიფიკაციოებსაც თავს არიდებდნენ.
გადაწყვეტილი იყო, რომ 32 გუნდი რვა ოთხგუნდა ჯგუფში განაწილდებოდა. უეფამ ნაცად ხერხს მიმართა: ფავორიტებად მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატზე გასული გუნდები დაასახელა. მექსიკა 1970ის საგზური ევროპის ცხრა გუნდმა მოიპოვა, თუმცა ერთ-ერთმა, შვედეთმა, ამ სტატუსზე თავად თქვა უარი.
უეფამ განთესილთა შორის კორექტივები მაინც შეიტანა: უდიდესი საფეხბურთო ტურნირის მონაწილე ჩეხოსლოვაკიის ნაცვლად საუკეთესო რვა გუნდს შორის იუგოსლავია შეიყვანა. ასევე საყურადღებო იყო ესპანეთის ნაკრების ბედიც: პირენეელები… მესამე კალათში აღმოჩნდნენ!
შესარჩევი ეტაპის წილისყრა 1970 წლის 20 მარტს, იტალიის დედაქალაქ რომში, სასტუმრო პარკო დეი პრინსიპიში შედგა.
5 მაისს, ციურიხში, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს: მეოთხედფინალში და მომდევნო ეტაპებზე, მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში, გამარჯვებული დამატებით დროში ან პენალტების სერიით გამოვლინდებოდა. ამ ვარიანტებს შორის არჩევანი მეტოქეებს უნდა გაეკეთებინათ. უეფა ამ წესის მიღებისას ასევე აღნიშნავდა, რომ არ უნდა განმეორებულიყო ის, რაც წინა ტურნირის ნახევარფინალში, იტალიის და საბჭოთა კავშირის ნაკრებთა მატჩის შემდეგ მოხდა. გემახსოვრებათ: მაშინ ფინალისტი მონეტის აგდებით გაირკვა.
ციურიხშივე გუნდებს 2-2 მოთამაშის შეცვლის უფლება დართეს. იქვე გადაწყდა, რომ ორმატჩიან დაპირისპირებაში, ბურთების თანაბარი შეფარდებისას, უპირატესობა მიენიჭებოდა მეტოქის მოედანზე შეგდებულ გოლს. ეს წესი წინა ტურნირზე კი გამოსცადეს, მაგრამ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამჯერად ის მხოლოდ საკლუბო ტურნირებში – ჩემპიონთა თასი, თასების მფლობელთა თასი, ბაზრობათა თასი – დანერგეს.
შესარჩევი ეტაპი 1970 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო I ჯგუფში ჩეხოსლოვაკია-ფინეთის და ნორვეგია-უნგრეთის მატჩებით. პრაღაში მასპინძლებმა მაჩანჩალა ფინეთს ვერ სძლიეს – 1:1 და ეს სენსაცია იყო. ხაზგასასმელია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის ყველა მოთამაშე დაითხოვა და მთავარი მწვრთნელიც გაუშვა. ფინელების წინააღმდეგ ახალგაზრდებმა ითამაშეს, რომლებიც მანამდე ამხანაგურ მატჩში საფრანგეთთან 0:3 დამარცხდნენ…
ფინელებთან სტარტზევე დაკარგული ქულა ჩეხოსლოვაკიელებს ძვირად დაუჯდათ: ჯგუფის გამარჯვებულ რუმინეთს მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობის გამო ჩამორჩნენ.
სკანდინავიელებთან წაფორხილების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციაში მიხვდნენ, რომ ვეტერანებს მკაცრად მოექცნენ და რამდენიმე მათგანი გუნდში დააბრუნეს, მათ შორის გამოცდილი მეკარე ივო ვიქტორი.
შედეგები მალე გამოსწორდა: ჩეხოსლოვაკიელებმა ზედიზედ სძლიეს უელსელებს – სტუმრად 3:1, მთავარ კონკურენტ რუმინეთს – 1:0, ფინელებს მათსავე მოედანზე ჩაუტარეს გაკვეთილი – 4:0, უელსს სახლშიც მოუგეს – 1:0…
მაგრამ მეოთხედფინალში მაინც რუმინეთი გავიდა: კარპატელებმა ბოლოსწინა ტურში დიდი ძალისხმევით აჯობეს ჩეხოსლოვაკიელებს – 2:1, უკანასკნელ მატჩში კი ორი უპასუხო გოლი გაუტანეს უელსს და ბურთების უკეთესი სხვაობით – 11:2 კონკურენტების 11:4თან – თასისთვის ბრძოლა განაგრძეს.
II ჯგუფში უნგრეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი და ნორვეგია მოხვდნენ.
ფრანგებმა კარგად დაიწყეს: ნორვეგიას შინ 3:1 სძლიეს, შემდეგ უნგრეთიდან დაბრუნდნენ ქულით – 1:1, სკანდინავიელებს კიდევ ერთხელ მოუგეს, ამჯერად მათსავე მოედანზე – 3:1…
მაგრამ შემდეგ სიტუაცია აირია: 1971 წლის 9 ოქტომბერს მამლებმა უნგრეთს უმასპინძლეს და 0:2 დამარცხდნენ. ამ მატჩის წინ ჯგუფში ძალიან დაძაბული მდგომარეობა იყო – ერთბაშად სამ გუნდს ჰქონდა 5 ქულა. საფრანგეთი მეტოქეს პარიზში, კოლომბზე დაუხვდა. გამარჯვების გოლები ბენემ და შამბომ შეაგდეს, უნგრეთმა კი ფრანგებთან წაუგებელი სერია განაგრძო – 1935 წლის შემდეგ ზედიზედ მეცხრე მატჩი მარცხის გარეშე!
ამ გამარჯვების შემდეგ უნგრეთმა ნორვეგიას 4:0 სძლია და ბურთების ჩინებული შეფარდებით (12:5) პირველ ადგილზე დამკვიდრდა. ჯგუფში მხოლოდ ორი მატჩი იყო დარჩენილი – საფრანგეთ-ბულგარეთის ორი პაექრობა. მეოთხედფინალის საგზურის მოპოვების შანსი ორივეს ჰქონდა, თუმცა საამისოდ რომელიმეს აუცილებლად ორივე შეხვედრა უნდა მოეგო და თან, რაც შეიძლება მეტი გოლით.
პირველ მატჩში ფრანგებმა 2:1 იმარჯვეს, საპასუხოში ბულგარელებმა ამავე ანგარიშით გაიხარეს და… ორივე ჯგუფში ჩარჩა, I ადგილი კი უნგრეთს ერგო!
III ჯგუფი, რომელშიც წინა ჩემპიონატის მესამეადგილოსანი ინგლისი მოხვდა, ყველაზე სუსტი იყო: ბრიტანელთა მეტოქეები იყვნენ საბერძნეთი, მალტა და შვეიცარია.
ფავორიტს პირველი ადგილის დაკავება არ გაუჭირდა: 2ჯერ სძლია საბერძნეთს – 3:0, 2:0, ასევე შინ და სტუმრად დაამარცხა მალტა – 1:0, 5:0, შვეიცარიას კი მისსავე მოედანზე 3:1 მოუგო, უემბლიზე კი ლიდერების გარეშე, შესუსტებული შემადგენლობით დაუხვდა და ქულა გაუყო – 1:1.
სერ ალფ რემსის გუნდმა ჯგუფში პირველი მატჩი 1971 წლის 3 თებერვალს ჩაატარა მალტის დედაქალაქ ლა ვალეტაში. შეხვედრას, რომელიც სტუმართა 1:0 გამარჯვებით დასრულდა, 29 751 მაყურებელი დაესწრო, ამდენი გულშემატკივარი კი მალტის ნაკრებს არც მანამდე ჰყოლია და არც მას შემდეგ.
IV ჯგუფში სსრკ ნაკრებთან ერთად ესპანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია და უსუსტესი კვიპროსი მოხვდნენ.
1971 წლის 21 აპრილს, ბელფასტის უინძორ პარკზე ჩრდილოირლანდიელებმა 5:0 სძლიეს კვიპროსელებს. ამ მატჩში სამი გოლი გაიტანა ლეგენდარულმა ჯორჯ ბესტმა – ეს იყო სუპერვარსკვლავის პირველი და უკანასკნელი ჰეთ-თრიქი ქვეყნის პირველ გუნდში.
იმავე წლის 30 მაისს, დიდებული ლევ იაშინის გამოსათხოვარი მატჩიდან რამდენიმე დღეში მოსკოვს ესპანეთი ესტუმრა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში მოხვდა რევაზ ძოძუაშვილი, ევროპის 1964 წლის ერთა თასის გათამაშების ფინალისტთაგან კი მოედანზე მხოლოდ სამი გავიდა: ნაკრების გუნდისთავი ალბერტ შესტერნიოვი და ესპანელები ამანსიო ამარო და მეკარე ხოსე ანხელ ირიბარი.
მასპინძლებმა იოლად, 2:0 გაიმარჯვეს, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში დიდი ჯაფა დაადგათ – სევილიური დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა. სწორედ ამ მატჩში გამოეთხოვა ნაკრებს შესტერნიოვი. მის შემდეგ კაპიტნის სამკლავური მურთაზ ხურცილავამ ჩაიბარა…
სევილიის რამონ სანჩეს პისხუანზე გამართული პაექრობა ასევე უკანასკნელი გამოდგა სტუმართა მთავარი მწვრთნელისთვის, ვალენტინ ნიკოლაევისთვის – ის პარალელურად მოსკოვის ცსკას წვრთნიდა და საბოლოოდ კლუბში დარჩენა არჩია.
ესპანელებთან ორ მატჩს შორის საბჭოთა კავშირის ნაკრები ორჯერ გაეჯიბრა ჩრდილოეთ ირლანდიას: შინ 1:0 სძლია, ბელფასტში კი ფრედ 1:1 ითამაშა. პირველ მატჩში ბრიტანელთა ლიდერ ჯორჯ ბესტს რევაზ ძოძუაშვილი მეურვეობდა, რომელმაც მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდას გასაქანი არ მისცა. ბელფასტში ბესტი მოედანზე აღარ გასულა.
სსრკ ნაკრებმა დაუმარცხებლად მოიგო ჯგუფი, წლის ბოლოს კი ფრანს ფუტბოლმა გუნდი, ინგლისთან ერთად, ევროპაში საუკეთესოდ აღიარა.
V ჯგუფში ბელგიის, პორტუგალიის, დანიის და შოტლანდიის ნაკრები გუნდები მოხვდნენ. წითელმა ეშმაკებმა ნაადრევად მოიპოვეს მეოთხედფინალის საგზური – ზედიზედ სძლიეს დანიას (2:0, 2:1), შოტლანდიას (3:0) და პორტუგალიას (3:0)…
შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე დანიის საფეხბურთო კავშირმა უცხოეთის კლუბებში გადასულ ფეხბურთელებს ქვეყნის პირველ გუნდში გამოსვლის უფლება დართო. მანამდე ეს კარგა ხანს აკრძალული იყო, თუმცა რჩეული ბიჭების დაბრუნებამ დანიურ დინამიტს ვერ უშველა – სკანდინავიელებმა მხოლოდ შოტლანდიას სძლიეს და საბოლოოდ ბოლო ადგილზე გავიდნენ.
VI ოთხეულში ევროპის ჩემპიონ იტალიას მეტოქეებად ავსტრია, ირლანდია და შვედეთი ერგო. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა სკუადრა აძურამ – იტალია მექსიკა 70ის ფინალში ბრაზილიასთან დამარცხდა – მოლოდინისამებრ, ადვილად მოიგო ჯგუფი.
იტალიელთათვის ყველაზე რთული ვენაში გამარჯვება გამოდგა – 2:1. მასპინძლებმა მე80 წუთზე პენალტი ვერ გამოიყენეს, ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი ლუიჯი რივა კი ფეხმოტეხილი დაბრუნდა შინ.
თავდამსხმელი გუნდს მხოლოდ უკანასკნელ ტურში, კვლავ ავსტრიასთან დაუბრუნდა – დე სისტიმ მისი პასის შემდეგ გაათანაბრა ანგარიში. საბოლოოდ 2:2, 10 ქულა და I ადგილი.
VII ჯგუფი გდრის, ნიდერლანდების, ლუქსემბურგის და იუგოსლავიის ნაკრებმა გუნდებმა დააკომპლექტეს.
ნარინჯისფერებმა ლუქსემბურგელებს 1963 წლის თავხედობისთვის სამაგიერო გადაუხადეს: პირველ მატჩში 6:0 სძლიეს, მეორე შეხვედრაში კი 8:0. სათქმელია, რომ ორივე თამაში ნიდერლანდებში გაიმართა – პირველი როტერდამში, მეორე კი, პირობითად გასვლითი, ეინდჰოვენში.
მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა იოჰან კრუიფმა ლუქსემბურგელებს 5 გოლი გაუტანა!
ამ გამარჯვებების მიუხედავად, ნიდერლანდებმა მაინც ვერ მოახერხა მეოთხედფინალში გასვლა: ჯგუფის გამარჯვებულ იუგოსლავიასთან მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1 (შინ), გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას კი ასევე სახლში 3:2 სძლია.
უკანასკნელ ტურში, 1971 წლის 27 ოქტომბერს, იუგოსლავია ტიტოგრადში, ბუდუჩნოსტის სტადიონზე ლუქსემბურგს დაუხვდა და… ქულები გაუყო – 0:0. აქვე დავძენ, რომ პირველადგილოსნებმა მხოლოდ 7 გოლი გაიტანეს, მეორე ადგილზე გასულმა ნიდერლანდებმა კი 18!
ამ ჯგუფში ევროპირველობის ერთი რეკორდი დამყარდა: გდრის ნაკრების გოლეადორმა კრაიშემ ლუქსემბურგთან სტუმრად 5:0 მოგებულ მატჩში 4 გოლი შეაგდო და გახდა პირველი, ვინც პოკერი მეტოქის მოედანზე მიითვალა.
უკანასკნელ, VIII შესარჩევ ჯგუფში მოხვდა კონტინენტის მომავალი ჩემპიონი გფრის ნაკრები, რომელსაც პოლონეთმა, ალბანეთმა და თურქეთმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსნებმა თურქეთთან კიოლნში წაფორხილებით დაიწყეს – 1:1, რასაც ალბანეთში დიდი გაჭირვებით მოგება მოჰყვა – 1:0. ჰელმუტ შიონის გუნდისთვის გადამწყვეტი გამოდგა 1971 წლის 10 ოქტომბერს, ვარშავაში პოლონელებთან გამარჯვება: გერდ მიულერის დუბლს და იურგენ გრაბოვსკის გოლს მასპინძელთაგან მხოლოდ გადოხამ უმასპინძლა. საპასუხო მატჩი არაფერს წყვეტდა და პოლონელებიც დასავლეთგერმანიიდან ქულით დაბრუნდნენ – 0:0.
შესარჩევმა ტურნირმა გამოავლინა ის რვა გუნდი, რომელიც მთავარი ჯილდოსთვის გააგრძელებდა ბრძოლას: რუმინეთი, უნგრეთი, ინგლისი, სსრკ, ბელგია, იტალია, იუგოსლავია და გფრ.
მეოთხედფინალისტები 1972 წლის 12 იანვარს დაწყვილდნენ. წილისყრის საზეიმო ცერემონიალში პირველად მონაწილეობდა ქალბატონი – იმ წლების საუკეთესო შვეიცარიელი მძლეოსანი მეტ ანტენენი.
ევროპის მოქმედ ჩემპიონ იტალიას ბელგია ერგო, კონტინენტის ვიცე-ჩემპიონ იუგოსლავიას საბჭოთა კავშირის ნაკრები შეხვდა, უნგრეთს რუმინეთი, მაგრამ ყველაზე დიდი ინტერესი მაინც ინგლისის და გფრის ნაკრებთა შეხვედრამ გამოიწვია – ეს გუნდები მსოფლიოს ბოლო ორ ჩემპიონატზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 1966 წელს, ინგლისში, მასპინძლებმა ფინალში იმარჯვეს, ოთხი წლის შემდეგ კი ბუნდესგუნდმა დიდებული მეოთხედფინალი მოიგო.
გრანდების პირველი პაექრობა 1972 წლის 29 აპრილს გაიმართა ლონდონში, უემბლიზე და სამართლიანად შევიდა გერმანული ფეხბურთის ისტორიაში. სპეციალისტები ბუნდესგუნდის ამ თამაშს ნაკრების ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო შეხვედრად მიიჩნევენ.
ძალიან საინტერესო დაპირისპირება ჰელმუტ შიონის გუნდმა 3:1 მოიგო. მთელი შეხვედრა სწრაფ ტემპში წარიმართა და მიმომხილველების თქმით, სტუმართა ნახევარმცველის გიუნტერ ნეტცერის ბენეფისად იქცა – მიონხენგლადბახის ბორუსიის ლიდერი უნარიანად ხელმძღვანელობდა თავისი გუნდის თამაშს. მემატიანეთა თქმით, 1953 წელს უემბლიზე უნგრელთა ზეობის შემდეგ არცერთ გუნდს ჰქონია ისეთი უპირატესობა, როგორც იმ დღეს გერმანელებს.
ანგარიში 26ე წუთზე გაიხსნა: მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავმა (და ახლო წარსულში პრეზიდენტმა) ული ჰიონესმა დაარტყა ზუსტად – 0:1.
ინგლისელებმა მხოლოდ თამაშის მიწურულს, ფრენსის ლის წყალობით გაათანაბრეს, მაგრამ მსაჯის საფინალო სასტვენამდე მათ კარში კიდევ ორი გოლი გავიდა: 83ე წუთზე ნეტცერმა პენალტი გაიტანა (მსაჯმა მასპინძელთა კაპიტანი ბობი მური ზიგფრიდ ჰელდთან უხეშობაში დაადანაშაულა), 88ე წუთზე კი გერდ მიულერმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3!
13 მაისს მეტოქეები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თუმცა ბერლინის ოლიმპიაშტადიონზე გოლი აღარ გასულა და 0:0ის შემდეგ ნახევარფინალის კარი გერმანელებმა შეაღეს.
ბუნდესგუნდის ბომბარდირი გერდ მიულერი კი 7 გოლით ევრო 72ის შესარჩევი ტურნირის საუკეთესო გოლეადორი გახდა.
იუგოსლავიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვუადინ ბოშკოვმა წილისყრით უკმაყოფილება არ დამალა: მეტოქეს, სსრკ ნაკრებს უწოდა გუნდი, რომელსაც არ შეუძლია თამაში და არც მეტოქეს აძლევს ამის საშუალებას.
საბჭოთა ნაკრები პირველი თამაშისთვის ნიკოლაი გულიაევმა მოამზადა, რომელმაც შეუძლოდ მყოფი ალექსანდრ პონომარიოვი შეცვალა. იუგოსლავიასთან ოფიციალურ მატჩამდე სსრკ ნაკრებმა ორჯერ ითამაშა ამხანაგურად: ბულგარეთთან 1:1, პერუსთან კი 2:0.
ბელგრადში გამართული პირველი მეოთხედფინალური პაექრობა ფრედ 0:0 დასრულდა. შესანიშნავად ითამაშა სტუმართა მეკარე ევგენი რუდაკოვმა და დაცვამ მურთაზ ხურცილავას კაპიტნობით. ჩინებულად გაისარჯა ნაკრების კიდევ ერთი მცველი, თბილისის დინამოელი რევაზ ძოძუაშვილი – მან წინა ევროპირველობის ვარსკვლავი დრაგან ჯაიჩი დაჩრდილა…
13 მაისს საპასუხო თამაში შედგა, რომელიც სსრკ ნაკრების უდიდესი უპირატესობით წარიმართა და 3:0 გამარჯვებით დასრულდა: კოლოტოვმა 53ე წუთზე გაიტანა პირველი გოლი, 74ზე ბანიშევსკიმ მეორედ შეარხია მეტოქის კარის ბადე, უკანასკნელ წუთზე კი კოზინკევიჩმა დაარტყა ზუსტად – 3:0.
სსრკ ნაკრები ზედიზედ მეოთხედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის 1/2ფინალში – იმ დროისთვის ეს რეკორდი იყო.
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის იტალიის და ბელგიის 1/4ფინალური პაექრობა მოულოდნელად დასრულდა: მექსიკა 70ის ფინალისტმა რაიმონ გუტალსის გაწვრთნილი ბელგიის დამარცხება ვერ შეძლო.
სკუადრა აძურას მთავარი მწვრთნელი ფერუჩიო ვალკარეჯი ამბობდა, რომ ნახევარფინალში მისი გუნდი ბუნდესნაკრებს დაუპირისპირდებოდა – მწვრთნელი ბელგიელთა ძლევაში დარწმუნებული იყო.
თავისი გუნდის სჯეროდა ეშმაკების თავკაცსაც: გუტალსმა შესანიშნავ ფეხბურთელებს მოუყარა თავი – მეკარე კრისტიან პიო, მცველი ჟორჟ ჰეილენსი, ნახევარმცველი ვილფრიდ ვან მური, სუპერფორვარდი პოლ ვან ჰიმსტი…
29 აპრილს, მილანში, სან სიროზე იტალიელები ამაოდ დაშვრნენ: თითქმის მთელი მატჩი შეტევაში გაატარეს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს – 0:0.
72ე წუთზე მსაჯმა ნიკოლოვმა ბელგიელთა ერთ-ერთ ლიდერს ვან მურს ყვითელი ბარათი უჩვენა, რამაც გუტალსი ისე გააცეცხლა, რომ მინდორზე შეიჭრა. მსაჯს ბევრი არც უფიქრია – სტუმართა დამრიგებელი სათადარიგოთა სკამიდან გააძევა.
საპასუხო მეოთხედფინალი 13 მაისს გაიმართა ბრიუსელში, ემილ ვერსეზე. გუტალსი დისკვალიფიცირებული იყო და გუნდს მხოლოდ ტრიბუნიდან ხელმძღვანელობდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მასპინძლებმა მაინც შეძლეს გამარჯვება: ჯერ ვან მურმა დაარტყა ზუსტად (23ე წუთზე), 71ზე კი პოლ ვან ჰიმსტმა ყველას დაანახა, თუ რატომ ითვლებოდა იმ წლების ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად – 2:0.
აპენინელთა ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ლუიჯი რივამ 85ე წუთზე ერთადერთი საპასუხო გოლი გაიტანა, ისიც პენალტით – 2:1.
ევროპირველობის უკანასკნელი, მეოთხე მონაწილე უნგრეთი ყველაზე გვიან გამოვლინდა. საქმე ისაა, რომ უნგრეთის და რუმინეთის პირველი ორი დაპირისპირება ფრედ დასრულდა და დამატებითი შეხვედრის ჩატარება გახდა საჭირო.
29 აპრილს, ბუდაპეშტში, ნეპშტადიონზე უნგრელები ბრანიკოვიჩის მიერ მე11 წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ, მაგრამ 55ე წუთზე სეტმერეანუმ საპასუხო ბურთი გაიტანა – 1:1.
14 მაისს, ბუქარესტში, 100 ათასი გულშემატკივარი დაესწრო 23 აგვისტოს სახელობის სტადიონზე შემდგარ საპასუხო თამაშს. ეს მატჩიც ფრედ დასრულდა – 2:2. ისევე, როგორც ბუდაპეშტში, პირველად უნგრელები დაწინაურდნენ – მე5 წუთზე სიოკემ დაარტყა ზუსტად. მიუხედავად იმისა, რომ დობრინმა მალევე გაათანაბრა, 36ე წუთისთვის ანგარიში უკვე 2:1 იყო სტუმართა სასარგებლოდ – კოჩიშმა გამოიჩინა თავი, თუმცა 81ე წუთზე ნიაგუმ რუმინეთი წაგებას კვლავ გადაარჩინა.
სათქმელია, რომ პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე სტუმრებს მესამე გოლის გატანა შეეძლოთ, მაგრამ რუმინელთა კარის დარაჯმა ნეკულამ კოჩიშს დუბლის შესრულება არ დაანება.
დამატებითი, მესამე შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე, იუგოსლავიაში გაიმართა: ბელგრადის იუნაზე უნგრელებმა, როგორც იქნა, გატეხეს მეტოქე – კოჩიშის და სიოკეს გოლებს მხოლოდ ნიაგუმ უპასუხა.
(I ნაწილის დასასრული)
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 9 მაისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი