ევროისტორია: 1976 – არტემიო ფრანკი და საბჭოური სიახლეები

კონტინენტის მეხუთე ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა პარიზის მერიაში მოეწყო – 32 გუნდი რვა ჯგუფში გადანაწილდა.
ცერემონიალს ევროპული ფეხბურთის მართველი ორგანოს ახალი პრეზიდენტი, იტალიელი არტემიო ფრანკი ხელმძღვანელობდა. მისი წინამორბედი, შვეიცარიელი გუსტავ ვიდერკერი, ვინც ათი წლის განმავლობაში მართავდა უეფას, 1972 წლის 7 ივლისს გულის შეტევით გარდაიცვალა.
პრეზიდენტის მოვალეობას 1973 წლის გაზაფხულამდე უნგრელი შანდრო ბარჩი ასრულებდა, თუმცა 15 მარტს, იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე, არტემიო ფრანკი ერთხმად აირჩიეს პირველ პირად. მანამდე ის იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახლდათ.

იტალიელი ფუნქციონერის არჩევა და ევროპის ჩემპიონატების ავტორიტეტის ზრდა ერთმანეთს დაემთხვა. სწორედ ფრანკის მოღვაწეობის პერიოდში დასრულდა დავა იმის თაობაზე, რომ კონტინენტის პირველობა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეჯიბრებაც ყოფილიყო.

ევრო 76ის შესარჩევის წინ ფავორიტები სხვა წესით დაასახელეს: თუ მანამდე პირველ ნომრებად მსოფლიო ჩემპიონატზე გასული გუნდები სახელდებოდნენ, ამჯერად ასეთებად ევროპის წინა ჩემპიონატის მეოთხედფინალისტები იქცნენ: ინგლისი, ბელგია, უნგრეთი, იტალია, რუმინეთი, საბჭოთა კავშირი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და იუგოსლავია.

სიახლე იყო ისიც, რომ შეიქმნა მესამე კალათა, სადაც ევროპის ყველაზე სუსტი გუნდები მოხვდნენ: დანია, ირლანდია, კვიპროსი, ლუქსემბურგი, მალტა, ნორვეგია და ფინეთი. კიდევ ერთმა მაჩანჩალამ – ალბანეთმა, მონაწილეობაზე უარი განაცხადა და მის ნაცვლად უსუსტეს, მეოთხე კალათში ისლანდია მოხვდა, რომელიც ევროპის ჩემპიონატებზე პირველად ასპარეზობდა.

ანრი დელონეს სახელობის თასის მოპოვებაზე პრეტენზია, ისევე როგორც ოთხი წლით ადრე, ოცდათორმეტმა გუნდმა განაცხადა. ორგანიზატორებმა ტურნირის ფორმატი არ შეცვალეს.

ევროპის ჩემპიონატი ნელ-ნელა პოლიტიკოსებმაც დააფასეს: საფრანგეთის დედაქალაქში გამართულ წილისყრაში პარიზის მერი ჟაკ დომინატიც მონაწილეობდა, ვინც იმ წლებში ერთ-ერთი გავლენიანი ფრანგი პოლიტიკოსი გახლდათ…

ორწლიანმა შესარჩევმა მარათონმა 1974 წლის 1 სექტემბერს აიღო სტარტი: V ჯგუფში, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, ბრაზილიის მძლეველი პოლონეთის ნაკრები ესტუმრა და 2:1 გაიმარჯვა. ევრო 76ის შესარჩევმა ეტაპმა, წინამორბედისგან განსხვავებით, უამრავი სენსაცია დაიტია და ვეცდები მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი შეგახსენოთ.

I ჯგუფში მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატზე ხელმოცარული ინგლისის, ასევე ჩეხოსლოვაკის, პორტუგალიის და კვიპროსის ნაკრები გუნდები მოხვდნენ.

საინტერესოა, რომ 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ინგლისელები ევროპის მეხუთე ჩემპიონატს ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით შეხვდნენ: სერ ალფ რემსი 47 წლის დონ რივიმ შეცვალა.

ინგლისელები ჩეხოსლოვაკიელებს სწორედ რივისთან ერთად დაუპირისპირდნენ. აღმოსავლეთევროპელებს, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდნენ, კვლავაც ვაცლავ ეჟეკი წვრთნიდა. ჩეხოსლოვაკიის ფეხბურთის ფედერაცია მას ენდო და, როგორც აღმოჩნდა, სამართლიანადაც.

ლონდონურ დაპირისპირებამდე დონ რივიმ შემადგენლობა გადაახალისა და ახალბედებს ენდო. მწვრთნელი არ მოტყუვდა: უემბლიზე შეკრებილი 85 ათასი ფანის წინ ინგლისელებმა 3:0 დაამარცხეს მეტოქე. სათქმელია, რომ მასპინძლებმა ყველა გოლი ბოლო 18 წუთში გაიტანეს.

ბრწყინვალე გამარჯვებიდან თითქმის ერთი თვის თავზე, 1974 წლის 20 ნოემბერს, ლონდონს პორტუგალიის ნაკრები ეწვია. უემბლიზე კიდევ მეტი გულშემატკივარი მივიდა, თუმცა ფანებმა ამჯერად გოლი ვერ იხილეს – 0:0.

I ჯგუფის დანარჩენი შეხვედრები 1975 წელს გაიმართა და სწორედ მაშინ გამოვლინდა გამარჯვებული. ჩეხოსლოვაკიელთა ტრიუმფამდე ინგლისი-კვიპროსის პაექრობას გამოვარჩევ, რომელიც 1975 წლის 16 აპრილს გაიმართა უემბლიზე.

ამ შეხვედრაში ინგლისელთა უპირატესობა საოცრად დიდი იყო – კვიპროსმა ხუთი გოლი გაუშვა და რაც ყველაზე საინტერესოა, მხოლოდ ერთი ფეხბურთელისგან: მალკოლმ მაკდონალდი იმ დღეს ვერავინ შეაჩერა! ის გახდა პირველი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც პენტა-თრიქი (5 გოლი ერთ შეხვედრაში) შეასრულა! თამაშის შემდეგ ჟურნალისტები ხუმრობდნენ, მაკდონალდმა კვიპროსელები მხოლოდ იერით დათრგუნაო… ფეხბურთელი ფიზიკურად ძლიერი იყო, წვერს ატარებდა და… წინა კბილები არ ჰქონდა.

ინგლისელთა სამი საშინაო შეხვედრის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის ჯერი დადგა. ლონდონში დაშვებული შეცდომები ეჟეკმა გამოასწორა, რაც შედეგებზეც აისახა: ჩეხოსლოვაკიამ 20 აპრილს ჯერ კვიპროსი გაანადგურა – 4:0, მალე კი პორტუგალიას უმასპინძლა და კიდევ უფრო შთამბეჭდავი ანგარიშით, 5:0 გაიმარჯვა! პირველ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა ანტონინ პანენკამ, რომელიც საბოლოოდ ევრო 76ის ერთ-ერთი გმირი გახდა.

ოქტომბერში ჩეხოლოვაკია-ინგლისის დაპირისპირებას ჯგუფის გამარჯვებული უნდა გამოევლინა. მეტოქეები 29 ოქტომბერს დადგნენ ერთმანეთის პირისპირ, თუმცა ბრატისლავის სლოვანის სტადიონზე დანიშნული თამაში მხოლოდ 16 წუთი გაგრძელდა – ნისლის გამო იტალიელმა მსაჯმა ალბერტო მიკელოტიმ, უეფას გერმანელ დელეგატ ვალტერ ტრაიხელთან კონსულტაციის შემდეგ, თამაში შეწყვიტა.

მეორე დღეს გუნდები კვლავ გავიდნენ მინდორზე და ამჯერად ბუნებამ გულშემატკივრებს იმედი არ გაუცრუა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად სტუმრები დაწინაურდნენ (27ე წუთზე მიკ შენონმა შემთხვევით გაიტანა გოლი – ბურთი აეჭრა და მეკარემ რეაგირება ვეღარ მოასწრო), გამარჯვება მაინც მასპინძლებს დარჩათ: ტაიმის დამთავრებამდე რამდენიმე წამით ადრე ზდენეკ ნეჰოდამ ანგარიში გაათანაბრა, შესვენების შემდეგ კი, სამ წუთში, მასნის ბრწყინვალე თამაშის შემდეგ გალიშმა მეორედ შეარხია რეი კლემენსის კარის ბადე.

ინგლისელებთან გამარჯვების შემდეგ ჩეხოსლოვაკიის ნაკრებმა პორტუში მასპინძლებთან ქულა მოიპოვა (მერვე წუთზე პორტუგალიელმა ნენემ პენალტი ვერ გამოიყენა) და შესარჩევი ტურნირი კვიპროსთან სტუმრად 3:0 მოგებით დაასრულა.

ჯგუფის მოსაგებად ინგლისელებს აუცილებალდ უნდა დაემარცხებინათ პორტუგალიელები, მაგრამ ლისაბონში, ჟოზე ალვალადეზე ფრე დაფიქსირდა და 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონიც მეოთხედფინალს მიღმა დარჩა.

II შესარჩევი ჯგუფის ფავორიტებად ავსტრიის და უნგრეთის ნაკრები გუნდები ითვლებოდნენ, თუმცა მეზობლების პაექრობაში მოულოდნელად ჩაერთო უელსი, რომლის ლიდერი ჯონ ტოშაკი გახლდათ (წლების შემდეგ წარმატებული მწვრთნელი, მადრიდის რეალის თავკაცი).

ავსტრიასთან სტუმრად წაგების შემდეგ უელსის ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა. გადამწყვეტი როლი სწორედ ტოშაკმა ითამაშა, რომელმაც მეორე გოლი გაიტანა.

1975 წლის 2 აპრილს ვენამ ავსტრიისა და უნგრეთის რიგით 119ე დაპირისპირებას უმასპინძლა. მატჩი ფრედ დასრულდა, ორ კვირაში კი უნგრელები უელსთან დამარცხდნენ – ეს უკვე სენსაცია იყო! საინტერესოა, რომ სწორედ ამ თამაშის წინ დაინიშნა მაიკ სმიტი უელსელთა მთავარ მწვრთნელად. მანამდე იგი მოვალეობის შემსრულებელი გახლდათ. ტოშაკი ამ შეხვედრაშიც საუკეთესო იყო – 45ე წუთზე გახსნა ანგარიში. მანვე თამაში დასაწყისში, მე11 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა – მეკარემ აჯობა.

ბუდაპეშტური ტრიუმფის შემდეგ უელსის ნაკრებმა ლუქსემბურგშიც იმარჯვა, წლის მიწურულს ავსტრიის ნაკრებსაც სძლია და ზედიზედ ხუთი გამარჯვების წყალობით I ადგილი დაიკავა. ავსტრიამ და უნგრეთმა 7-7 ქულით მეორე-მესამე ადგილები გაიყვეს.

უნგრეთის ნაკრებზე აუცილებლად უნდა ითქვას: 1975 წლის 24 სექტემბერს მათ 120ედ ითამაშეს ავსტრიელთა წინააღმდეგ და 2:1 გაიმარჯვეს. თამაში ორმაგად საიუბილეო გამოდგა – მასპინძელთა პირველი გუნდი მე500(!) ოფიციალურ შეხვედრას ატარებდა.

19 ოქტომბერს, სომბათჰეის ჰალადაშზე უნგრელებმა 8:1 გაანადგურეს ლუქსემბურგის ნაკრები. 5 გოლი ტიბორ ნილაშიმ გაიტანა – ყველა ზედიზედ და მაკდონალდის შემდეგ გახდა მეორე, რომელმაც პენტა-თრიქი შეასრულა…

III ჯგუფში ნორვეგიის, ჩრდილოეთ ირლანდიის, შვედეთის და იუგოსლავიის ნაკრები გუნდები მოხვდნენ. ორი ტურით ადრე ყველაფერი ნათელი გახდა – იუგოსლავიელებს გამარჯვებას ვერავინ შეეცილებოდა. ქომაგებს იმედი გაუცრუა შვედეთმა – 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი თამაშის შემდეგ კონტინენტის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპი გუნდმა აშკარად ჩააგდო. თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ შვედებმა ორი საშინაო თამაში წააგეს.

იუგოსლავიის ნაკრებმა მხოლოდ ბელფასტში დაკარგა ქულები, დანარჩენ შეხვედრებში კი გამარჯვება ეჭვქვეშ არ დაუყენებია. მნიშვნელოვანი გამოდგა შვედეთსა და ნორვეგიაში ხუთი დღის ინტერვალით გამარჯვებები. ბრწყინვალედ ითამაშა ივან ბულიანმა, რომელიც ქართველ ქომაგებს ჰამბურგის შემადგენლობაში თბილისის დინამოს წინააღმდეგ ჩინებული თამაშით დაამახსოვრდათ…

IV შესარჩევ ჯგუფში ურთიერთობას არკვევდნენ დანიის, ესპანეთის, რუმინეთის და შოტლანდიის გუნდები. კარგად დაიწყო ესპანეთმა, რომელმაც ჯერ დანიას, შემდეგ კი შოტლანდიას აჯობა.

შედეგებიდან გამომდინარე აზრსმოკლებული არ იქნება იმის თქმა, რომ ეს ოთხეული ფრეს მოყვარული გამოდგა: 12 თამაშიდან ზუსტად ნახევარიი – ექვსი, ყაიმით დასრულდა. ამ მხრივ განსაკუთრებით იაქტიურა რუმინეთმა, რომელმაც ექვსიდან ხუთი მატჩი ფრედ დაასრულა. რუმინელებმა მხოლოდ დანიელები დაიბრიყვეს, რომლებსაც 1975 წლის 11 მაისს 6:1 აჯობეს. დუბლი შეასრულა ევროპის 1975 წლის ოქროს ბუცის მფლობელმა დუდუ ჯორჯესკუმ. შეგახსენებთ, რომ მან ფრანს ფუტბოლის ეს ჯილდო რუმინეთის ჩემპიონატში გატანილი 47(!) გოლით მოიგო.

რუმინეთს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ესპანეთთან შინ და შოტლანდიასთან სტუმრად მნიშვნელოვანი თამაშები ვერ მოიგო. ყველაფერი 16 ნოემბერს, ბუქარესტში ესპანეთთან 2:2ის შემდეგ გადაწყდა – ნათელი გახდა, რომ მასპინძლები პირენეელებს ვეღარ აჯობებდნენ. მატჩის მსველობისას ესპანეთი ორჯერ იგებდა ვილიარის და სანტილიანას ზუსტი დარტყმებით, თუმცა ჯორჯესკუს და იორდანესკუს ძალისხმევით მარცხს თავი დააღწია.

V საკვალიფიკაციო ჯგუფს სპეციალისტებმა სიკვდილის ჯგუფი უწოდეს: მეოთხედფინალის საგზურისთვის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ნიდერლანდები, უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ბრინჯაოს მედალოსანი პოლონეთი, იმ დროისთვის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ევრო 68ის გამარჯვებული იტალია და ფინეთი იბრძოდნენ. ეს უკანასკნელი აუტსაიდერი გახლდათ, მაგრამ მასთან ქულებს მაინც ვერ დაგეგმავდი.

პოლონეთმა და ნიდერლანდებმა შესარჩევი ტურნირი ფინეთში მოგებით დაიყეს, 1974 წლის 20 ნოემბერს კი ნარინჯისფერებმა როტერდამში 3:1 დაამარცხეს იტალია – სკუადრა აძურა ბონინსენიას გოლით დაწინაურდა, მაგრამ 24ე წუთზე რობერტ რენსენბრინკმა გაათანაბრა ანგარიში, მატჩის მიწურულს კი იოჰან კრუიფმა ორჯერ გაახარა ქომაგები.

გამარჯვება კრუიფის პირველმა ზუსტმა დარტყმამ განაპირობა: დიდმა იოჰანმა თამაშგარე მდგომარეობიდან დალაშქრა დინო ძოფის კარი. ყველა ფიქრობდა, რომ მსაჯი ბურთს არ ჩათვლიდა, მაგრამ რუსმა არბიტრმა პაველ კაზაკოვმა ცენტრისკენ მიუთითა.

კაზაკოვს გვერდს ვერ ავუვლი: 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნარინჯისფერები მისი წყალობით გავიდნენ – ბელგიასთან გადამწყვეტ შესარჩევ შეხვედრას კაზაკოვი სჯიდა, რომელმაც წითელ ეშმაკებს წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალა. ამ ფაქტს რომ თავი დავანებოთ, ცნობილია, რომ იტალიასთან გამარჯვების შემდეგ კაზაკოვი ნიდერლანდელთა გასახდელში შევიდა და იოჰან კრუიფის ავტოგრაფით გამობრუნდა…

1975 წლის 10 სექტემბერს, პოლონეთის ქალაქ ხოჟუვში, შლიონსკიზე, 80 ათასი მაყურებელი მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ გაანადგურა პოლონეთმა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი – 4:1. პოლონელთაგან გრჟეგოჟ ლიატომ, რობერტ გადოხამ და ანჟეი შარმახმა (ორჯერ) გამოიჩინეს თავი, სტუმართა ერთადერთი ბურთი კი რენე ვან დე კერკჰოფმა მიითვალა.

ზუსტად ერთ თვეში ნიდერლანდელებმა სრულფასოვანი რევანში აიღეს: ამსტერდამის ოლიმპიურ სტადიონზე მასპინძლებმა 3:0 აჯობეს პოლონელებს.

26 ოქტომბერს პოლონეთმა ვარშავაში იტალიას ვერ მოუგო – 0:0. ამ თამაშის შემდეგ ნიდერლანდებს უკანასკნელ შესარჩევ მატჩში იტალიის წინააღმდეგ წაგებაც ხელს აძლევდა, თუმცა ოთხი ბურთის სხვაობით – არა. ნარინჯისფრებმა მშვიდად მიაღწიეს მიზანს – ერთადერთი გოლი ფაბიო კაპელოს ზუსტ დარტყმას მოჰყვა და სკუადრა აძურამ 1:0 მოიგო.

VI ჯგუფში იბრძოდა საბჭოთა კავშირის ნაკრები. წილისყრის დასრულების შემდეგ მოსკოვში დარწმუნებულნი იყვნენ, რომ გუნდი იოლად დაძლევდა ირლანდიის, თურქეთის და შვეიცარიის წინააღმდეგობას.

სსრკ ნაკრები ლამის ყველა ოფიციალურ ტურნირს ახალი მწვრთნელით ხვდებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში გუნდის თავკაცი ფედერაციას არ გაუშვია – ევგენი გორიანსკი თავის ნებით წავიდა გუნდიდან.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის შესარჩევში, ჩილესთან მოსკოვში ფრედ 0:0 დასრულებული თამაშის შემდეგ, ნაკრებმა სანტიაგოში გამგზავრება იუარა. საფეხბურთო მოსკოვმა პოლიტიკური მოსკოვის ზეწოლით, საპასუხო თამაშის ჩატარება იუარა და განაცხადა, რომ: ვერ ითამაშებდა ფეხბურთს იმ სტადიონზე, სადაც მცირე ხნით ადრე უდანაშაულო ადამიანების სისხლი დაიღვარა. შეგახსენებთ, რომ ჩილეში მომხდარი გადატრიალების დროს დიქტატორ აუგუსტო პინოჩეტის მხარდამჭერებმა სწორედ სტადიონზე დახვრიტეს არაერთი დემონსტრანტი.

ჩილესა და საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ჭიდილის დროს ფიფამ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა და ვინ მოთვლის მერამდენედ განაცხადა, რომ ფეხბურთი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა არეულიყო: საბჭოთა კავშირის ნაკრებს სანტიაგოში არ ჩასვლის გამო წაგება ჩაეთვალა და შესაბამისად, ტურნირიდანაც მოიხსნა.

გორიანსკის გადადგომიდან მცირე ხანში მთავარ მწვრთნელად კონსტანტინ ბესკოვი დაამტკიცეს. ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი რუსი ფეხბურთელის ქვეყნის მთავარ გუნდში დაბრუნება წარუმატებელი გამოდგა.

საკავშირო ნაკრებს პირველი თამაში 1974 წლის 30 ოქტომბერს ელოდა დუბლინში, დეილიმაუნთ პარკზე. ირლანდიას სერიოზულად არავინ აღიქვამდა – ბოლო წლებში მათ მხოლოდ რამდენიმე საკვალიფიკაციო თამაში მოიგეს, თან, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საბჭოთა კავშირმა ერთხელ უკვე დაამარცხა მოწინააღმდეგე.

დუბლინში გამგზავრებამდე ბესკოვის გუნდმა ამხანაგური შეხვედრები ჩაატარა იუგოსლავიასთან (1:0) და ჩეხოსლოვაკიასთან (0:1). ამას გარდა უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბს გაეჯიბრა და მონაწილეობა მიიღო პოლონეთის სოციალისტური რესპუბლიკის დაფუძნების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირში.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, გუნდი ირლანდიისთვის კარგად მოემზადა, მაგრამ დუბლინში ვიზიტი კოშმარულად დასრულდა – 0:3. ყველა გოლი ჯონი გივენსმა გაიტანა. ძლიერად ითამაშა მასპინძელთა მოთამაშე-მწვრთნელმა ჯონი ჯაილსმა.

ირლანდიაში განადგურება ბესკოვს არ აპატიეს და გუნდს ჩამოაშორეს – ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელად დააქვეითეს, გუნდი კი კიევის დინამოს დამრიგებელს, 1975 წელს ევროპის თასების მფლობელთა თასის და კონტინენტის სუპერთასის მომგებ ვალერი ლობანოვსკის ჩააბარეს, კიეველთა ლეგენდარულ მწვრთნელს.

ლობანოვსკის ბევრი არ უფიქრია და საკავშირო ნაკრები თითქმის მთლიანად კიევის დინამოსგან დააკომპლექტა. დროდადრო გუნდში მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელებიც ჩნდებოდნენ. ცნობილი ხუმრობაც, საბჭოთა კავშირის ნაკრები ეს სპარტაკელებით დასუსტებული კიევის დინამოაო, სწორედ იმ პერიოდს უკავშირდება.

ლობანოვსკი დისციპლინის მოყვარული გახლდათ და სიტუაციის გამოსასწორებლად მკაცრი გეგმა შეიმუშავა: 1976 წლის იანვარ-აპრილში ქვეყნის პირველ გუნდად ქცეულმა კიევის დინამომ თერთმეტი საწვრთნელი შეხვედრა ჩაატარა იუგოსლავიის, საფრანგეთის, ბელგიის და უმაღლესი ლიგის კლუბებთან.

მთავარი მწვრთნელის ძალისხმევამ სასურველი შედეგი გამოიღო: გუნდმა ზედიზედ სძლია თურქეთს, ირლანდიას და შვეიცარიას (ორჯერ), უკანასკნელ მატჩში კი თურქეთთან დამარცხდა, თუმცა იმ დროისთვის გუნდს მეოთხედფინალის საგზური განაღდებული ჰქონდა.

VII საკვალიფიკაციო ჯგუფში ბელგიის, ისლანდიის, საფრანგეთის და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები გუნდები მოხვდნენ.

მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი სენსაციის ავტორი გდრ (მათ ტურნირის მასპინძელი და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონი დასავლეთ გერმანია 1:0 დაამარცხეს) ჯგუფის ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ გუნდმა ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა – შვიდი ქულა დააგროვა, ბელგიამ კი რვა ქულით გაიმარჯვა. აღმოსავლეთგერმანელები ისლანდიელებმა დაღუპეს – ორ მატჩში სამი ქულა აართვეს.

VIII ჯგუფის ფავორიტი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გფრის ნაკრები იყო. გერმანიამ მძიმედ დაიწყო: ფრე საბერძნეთსა და ბულგარეთში, მძიმე გამარჯვება მალტაზე – 1:0, ისევ ფრე შინ, ბერძნებთან, მხოლოდ 1:0 ბულგარეთთან…

უკანასკნელ შეხვედრაში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა: ბუნდესნაკრებმა ტაიმებში ოთხ-ოთხი გოლი გაუტანა მალტას და ცხრა ქულით პირველ ადგილზე დაასრულა ჯგუფი. ბურთების შეფარდებაც შესაფერისი იყო – 14:4…

1976 წლის 14 იანვარს, ციურიხის სასტუმრო ატლანტისში ყველა, ხუთივე კონტინენტური შეჯიბრების წილისყრა გაიმართა. ცერემონიალს უეფას პრეზიდენტად არჩეული არტემიო ფრანკი ხელმძღვანელობდა, რომელსაც გენერალური მდივანი ჰანს ბარგენტერი და აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ნიკოლაი იაშენცევი ეხმარებოდნენ.

საბჭოთა კავშირში განსაკუთრებით ელოდნენ თუ ვინ იქნებოდა ნაკრების მეტოქე, კიევის დინამოს მოწინააღმდეგე ჩემპიონთა თასზე და ახალგაზრდულ ჩემპიონატში ნაკრების მორიგი ოპონენტი. შედეგად, საბჭოელებს ის გუნდები ერგოთ, რომელთაც მოსკოვში ყველაზე სასურველად მიიჩნევდნენ: ნაკრებს ჩეხოსლოვაკია, ახალგაზრდებს – საფრანგეთი, კიევის დინამოს კი იმ წლების გამორჩეულად ლამაზი ფრანგული კლუბი სენტ-ეტიენი.

ევროპის ჩემპიონატის გამო საბჭოთა ფეხბურთის მესვეურებმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს: ვალერი ლობანოვსკის თხოვნით, ჩემპიონატი ორ ნაწილად დაყვეს – საგაზაფხულოდ და საშემოდგომოდ. ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ კიევის დინამოს, რომელიც ნაკრების საბაზისო გუნდი იყო, ძალები ყველა ტურნირზე სათანადოდ გადაენაწილებინა და წელიც მაქსიმალურად კარგი შედეგით დაესრულებინა.

ლობანოვსკიმ დაარწმუნა ფედერაციის მაღალჩინოსნები, რომ მისი შეგირდები ყველა ამოცანას სათანადოდ გადაჭრიდნენ, მაგრამ საბოლოოდ გამოჩნდა, რომ პროექტი სახელად კიევის დინამო-საბჭოთა ნაკრები თავიდანვე კრახისთვის იყო განწირული.

პირველად დინამომ წაიფორხილა: ჩემპიონთა თასის 1/4ფინალში უკრაინელები ორი მატჩის ჯამში 0:3 დამარცხდნენ სენტ-ეტიენთან.

ლობანოვსკი-ბაზილევიჩის ტანდემმა წაგება უემოციოდ გადაიტანა. ისინი, ისევე როგორც ფუნქციონერები, თვლიდნენ, რომ მთავარი ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ჩამოშორება იყო. 1968 წლის პრაღის გაზაფხულის გათვალისწინებით, ჩეხოსლოვაკიასთან მატჩებს პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ოფიციალურ მატჩებამდე სსრკ და ჩეხოსლოვაკიის ნაკრებმა გუნდებმა… ამხანაგურად ითამაშეს! საქმე ისაა, რომ საწვრთნელი მატჩის თაობაზე ორი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ჯერ კიდევ წილისყრამდე შეთანხმდა და დაგეგმილი თამაშის გადადება არ ისურვეს. თამაში, რომელსაც ამხანაგურისა არაფერი ეტყობოდა, კოშიცეში გაიმართა და ფრედ 2:2 დასრულდა. ლობანოვსკის გუნდი ორი ბურთით იგებდა, რის გამოც მოსკოვში ჩათვალეს, რომ მეოთხედფინალს ნაკრები იოლად დაძლევდა.

1976 წლის 24 აპრილს ჩეხოსლოვაკიამ საბჭოელებს ბრატისლავაში უმასპინძლა. სტუმართათვის უსიამოვნო სიურპრიზი გამოდგა ნახევარდაცვის ცენტრის შესანიშნავი თამაში: კოშიცეს ლოკომოტივის შუახაზელმა იოზეფ მოდერმა და პრაღის ბოჰემიანსის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშე ანტონინ პანენკამ მეურვეები გააწამეს და ბევრი თავსატეხი შეუქმნეს საბჭოელ ფეხბურთელებს.

34ე წუთზე პირველი, კურიოზული გოლი გავიდა: ლობანოვსკის ფეხბურთელებმა რატომღაც იფიქრეს, რომ თურქმა მსაჯმა წესების დარღვევა შენიშნა და გაჩერდნენ, მოდერმა კი არცთუ ძლიერად, მაგრამ ზუსტად დაარტყა. მეკარე ალექსანდრ პროხოროვის რეაქცია დაგვიანებული აღმოჩნდა – ბურთმა კარის ხაზი ნელა, თუმცა სრულად გადაკვეთა. იმ დროს ნაკრების პირველ მეკარედ ევგენი რუდაკოვი ითვლებოდა, თუმცა რატომ დაიკავა პროხოროვმა მისი ადგილი, ვერავინ გაიგო.

მეორე ტაიმის დაწყება და პანენკას გოლი ერთი იყო – მან საჯარიმო დარტყმით გაიტანა, 2:0.

ევროპის 1975 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ოლეგ ბლოხინი, ვინც პირველ ტაიმში არცთუ შთამბეჭდავი იყო, ვერემეევის გამოჩენის შემდეგ გააქტიურდა – ორჯერ გავიდა ივო ვიქტორთან პირისპირ, მაგრამ ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩეხმა მეკარემ გოლი არ გატანინა.

მასპინძლებს მესამე გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ 56ე წუთზე კარელ კროუპამ ვერ ივარგა – ახლო მანძილიდან ააცილა კარს.

საპასუხო თამაშის წინ ვალერი ლობანოვსკიმ განაცხადა, რომ წაგება პროხოროვის უხეში შეცდომების ბრალი იყო და მის ნაცვლად კარის დაცვა რუდაკოვს ანდო. წინამორბედის დარად ამ უკანასკნელმაც ორი გოლი გაუშვა – კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული პაექრობა ფრედ 2:2 დასრულდა.

ჩეხოსლოვაკიის ნაკრებმა, რომელიც ფრანს ფუტბოლმა 1975 წლის შედეგებით ევროპის წლის გუნდად აღიარა, დაუმარცხებელი სერია 16 მატჩამდე გაზარდა! სსრკ ნაკრები კი, ევროჩემპიონატების ისტორიაში პირველად, ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდა!

და იცით რა თქვა პრესკონფერენციაზე ოლეგ ბაზილევიჩმა (ის ლობანოვსკის ნაცვლად შეხვდა ჟურნალისტებს): გუნდმა დავალება პირნათლად შეასრულა. ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ იყომთავარი სამიზნე მონრეალის ოლიმპიური თამაშებია. ცნობისათვის: ლობანოვსკის გაწვრთნილმა ოლიმპიურმა გუნდმა ვერც კანადაში მოიგო ოქრო – ჩრდილოეთ ამერიკიდან ნაკლებად სასურველი ბრინჯაოთი დაბრუნდა.

მეოთხედფინალურ შეხვედრებს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია: უელსი-იუგოსლავიის წყვილი არა მარტო დაძაბული მატჩებით, კონტინენტური მნიშვნელობის სკანდალითაც აღინიშნა.

პირველი მატჩი ბელგრადში გაიმართა – მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. საპასუხო თამაშს კარდიფის ნინიან პარკმა უმასპინძლა. პირველ წუთებში უელსელები უკანმოუხედავად უტევდნენ და ორი გოლიც გაიტანეს, მაგრამ აღმოსავლეთგერმანელმა არბიტრმა რუდოლფ გლიონკერმა ერთი ბურთიც არ ჩათვალა, ორივე შემთხვევაში წესების დარღვევა დააფიქსირა. არბიტრის საქციელმა ფანები გააღიზიანა და რამდენიმე მათგანი მინდორზე შევარდა, რის გამოც თამაში დროებით შეწყდა.

საბოლოდ 1:1 – უელსი ტურნირს გამოეთიშა, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ამ ქვეყნის ფეხბურთის ასოციაცია უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ევროპის მომავალი, 1980 წლის ჩემპიონატიდანაც მოხსნა!

დანარჩენ წყვილებში ფავორიტებად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და ნიდერლანდების ნაკრები გუნდები ითვლებოდნენ. ბუნდესგუნდმა ესპანეთში 1:1ის შემდეგ შინ ული ჰიონესის და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელის, კლაუს ტოპმიოლერის გოლებით 2:0 მოიგო და ტიტულის დაცვა განაგრძო, ნიდერლანდებმა კი შინ 5:0, ხოლო სტუმრად 2:1 დაამარცხა მეზობელი ბელგია.

(I ნაწილის დასასრული)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 14 მაისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი

ka_GEGeorgian