ევროისტორია: 1976 – პანენკა

პირველობის ბოლო ოთხი მატჩის მასპინძლობა უეფამ იუგოსლავიას მიანდო. ტურნირის ისტორიაში პირველად, ანრი დელონეს სახელობის თასი აღმოსავლეთ ევროპაში, სოციალისტური ბანაკის ქვეყანაში გათამაშდა.
ტურნირის მიღების სურვილი ბელგიისა და ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციებმაც გამოთქვეს, მაგრამ უეფაში მეზობლების საერთო პროექტი მიუღებლად მიიჩნიეს.

საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ნახევარფინალები სხვადასხვა დღეს დაინიშნა: ჩეხოსლოვაკია ნიდერლანდებს ზაგრებში დაუპირისპირდა, იუგოსლავია კი ბელგრადში დაუხვდა ყველაფრის მომგებ გერმანიას.

აქედანვე უნდა ვთქვა, რომ იუგოსლავიაში გამართული ევროჩემპიონატის ყველა მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა – ევრო 1976 ერთადერთია, რომლის ყველა შეხვედრაში დამატებითი დრო დაინიშნა.

ჩეხოსლოვაკია-ნიდერლანდების ზაგრებული ნახევარფინალის წინ ქალაქში გაწვიმდა, მაგრამ უამინდობის მიუხედავად, მეტოქეებმა მაღალ დონეზე ითამაშეს. ვაცლავ ეჟეკის გუნდი მე19 წუთზე დაწინაურდა: პანენკამ სტანდარტული მდგომარეობიდან ბურთი გუნდის კაპიტან ანტონ ონდრუშს მიაწოდა, რომელმაც შრაივერსის კარი თავური დარტყმით დალაშქრა – 1:0.

მარიან მასნის და იმავე პანენკას კიდევ ორი გოლის გატანა შეეძლოთ, მეორე ტაიმში კი მსაჯმა ჯერ ჩეხოსლოვაკიელი იაროსლავ პოლაკი გააძევა (ნეესკენსთან ორთაბრძოლის დროს წესის დარღვევისთვის), რამდენიმე წუთში კი ეს უკანასკნელიც მიაბრძანა მინდვრიდან – ნიდერლანდელი ზდენეკ ნეჰოდას ეუხეშა.

74ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა: ხერტრუდ ხეელსის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი ონდრუშს მოხვდა და, მიმართულებაშეცვლილი, ჩეხოსლოვაკიელღა კარში შევარდა – 1:1.

დამატებით დროში ეჟეკმა ფრანტიშეკ ვესელი ჩართო თამაშში და ჟურნალისტებმა ამ ცვლილებას მოგვიანებით ოქროს შეცვლა უწოდეს: 114ე წუთზე ნეჰოდამ ვესელის ჩაწოდების შემდეგ დააწინაურა გუნდი, რამდენიმე წამში კი მანვე დააგვირგვინა ნეჰოდა-მასნი-დობიაშის კომბინაცია. 3:1 და ჩეხოსლოვაკია ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა!

ერთი დღის შემდეგ, 17 ივნისს, ბელგრადის ცრვენა ზვეზდაზე გამართული ნახევარფინალი ასევე დაძაბული გამოდგა და კვლავ დამატებითი დრო დაინიშნა: 31ე წუთისთვის იუგოსლავია ორი ბურთით იგებდა: ჯერ დანილო პოპივოდამ გახსნა ანგარიში, შემდეგ კი ვეტერანმა დრაგან ჯაიჩმა ზეპ მაიერის მიერ უხეიროდ მოგერიებული ბურთი შეაგორა კარში – 2:0.

ანტე მლადინიჩის გუნდი მომდევნო წუთებშიც აკონტროლებდა თამაშს, მაგრამ 65ე წუთზე თავად გაუშვა გოლი – ჰაინც ფლოეს დარტყმის შემდეგ ბურთი ჰერბერტ ვიმერს მოხვდა, მცირედით იცვალა მიმართულება და… – 2:1.

მე80 წუთზე ჰელმუტ შიონმა 22 წლის დიტერ მიულერი ჩართო თამაშში, რომელმაც რამდენიმე წამში ანგარიში გაათანაბრა, დამატებით დროში დუბლი შეასრულა და მატჩის გმირად მოგვევლინა – 4:2 გერმანელთა სასარგებლოდ.

ბრინჯაოს მედლები 19 ივნისს ზაგრებში გათამაშდა: ხეელსის დუბლით და ვილი ვან დე კერკჰოფის ზუსტი დარტყმით ნიდერლანდელებმა 3:2 აჯობეს მასპინძლებს და პირველად მოიპოვეს ევროჩემპიონატის მედლები.

ფინალი
ცრვენა ზვეზდაზე ჩეხოსლოვაკიის და გფრის ნაკრებთა ფინალს მხოლოდ 30 790 მაყურებელი დაესწრო, მაშინ, როცა იუგოსლავიის და ბუნდესგუნდის ნახევარფინალზე 70 ათასი ბილეთი გაიყიდა.

გადამწყვეტი მატჩის საწყისი წუთები ეჟეკის გუნდისა იყო: ჩეხოსლოვაკიელები თამაშს აკონტროლებდნენ, 25ე წუთისთვის კი ორი ბურთით იგებდნენ – ჯერ იან შვეგლიკმა დააგვირგვინა მასნი-პოპივარნიკის კომბინაცია, შემდეგ კი კაროლ დობიაშმა იხეირა ფრანც ბეკენბაუერის უხეში შეცდომით და ანგარიში 2:0 გახადა.

28ე წუთზე დიტერ მიულერმა ერთი გოლი გაქვითა. მისი დარტყმული ბურთი ჩეხოსლოვაკიელთა მეკარე ივო ვიქტორმა მოიგერია, ული ჰიონესის დამატებულს კი იოზეფ ჩაპკოვიჩი გადაეღობა. გერმანელთაგან ამჯერად ერიხ ბეერმა დაამატა და კვლავ ვიქტორმა იხსნა კარი, მაგრამ დიტერ მიულერის მეორე დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა – 2:1.

ძირითადი დროის უკანასკნელ წამებზე ბუნდესნაკრებმა კუთხური ჩააწოდა: რაინერ ბონჰოფის მიერ დაბზრიალებულ ბურთზე ვიქტორი და ბერნდ ჰოლცენბაინი ერთდროულად ახტნენ. გერმანელმა აჯობა და ანგარიში გაათანაბრა – 2:2.

ანრი დელონეს თასის მფლობელის გამოსავლენად დამატებითი ნახევარი საათი დაინიშნა. მაგრამ გოლი არ გავიდა – 2:2. წესის მიხედვით, ფინალი მეორე დღეს უნდა გადათამაშებულიყო, მაგრამ იტალიელმა არბიტრმა თავისთან იხმო ფინალისტების წარმომადგენლები და 5-5 პენალტის შესრულება შესთავაზა, შემდეგ კი, თუ ანგარიში კვლავ საყაიმო იქნებოდა, სერია პირველ აცილებულ დარტყმამდე გაგრძელდებოდა.

მეტოქეებმა იდეა მოიწონეს, უეფაც დაეთანხმა მსაჯის წინადადებას და პენალტების სერიაც დაიწყო, პირველად კონტინენტის პირველობის ფინალში:

მარიან მასნი ზუსტი იყო – 1:0
რაინერ ბონჰოფსაც არ უმტყუნა ნერვებმა – 1:1
ზდენეკ ნეჰოდამ შანსი ხელიდან არ გაუშვა – 2:1
გაიტანა ჰაინც ფლოემაც – 2:2
ანტონ ონდრუშმა უნაკლოდ დაარტყა – 3:2
ჰანს ბონგარცმა კვლავ გაათანაბრა – 3:3
ლადისლავ იურჩემიჩმა კიდევ ერთხელ დააწინაურა ჩეხოსლოვაკია – 4:3…

შემდეგ კი ბურთთან ული ჰიონესი მივიდა, წლების შემდეგ ბაიერნის ლეგენდარული მენეჯერი და პრეზიდენტი. მისი დარტყმული ბურთი ვიქტორის კარს გადაევლო!

4:3ზე ანტონინ პანენკა მშვიდად მივიდა ნიშნულთან, დაძაბულ ზეპ მაიერს გახედა, მსაჯის სასტვენისთანავე ბურთს ტერფი ამოჰკრა და პენალტი სახელად პანენკაც დაიბადა!

5:3 და ჩეხოსლოვაკიამ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო!

ევრო 1976 ოქროს ბუცი ვიცე-ჩემპიონს დიტერ მიულერს ხვდა წილად, ზედიზედ მოგებული ორი დიდი ტურნირის შემდეგ კი გერმანია თასის გარეშე დარჩა.

ევრო 1976
იუგოსლავია, 16-20 ივნისი
1/2ფინალი: ჩეხოსლოვაკია 3:1(დდ) ჰოლანდია; გფრ 4:2(დდ) იუგოსლავია
მატჩი III ადგილისთვის: ჰოლანდია 3:2(დდ) იუგოსლავია

ფინალი
20 ივნისი, 1976. იუგოსლავია, ბელგრადი, ცრვენა ზვეზდა. 30 790
ჩეხოსლოვაკია 2:2 (დდ, 5:3 პენ) გფრ
გოლები: 1:0 იან შვეგლიკი (9), 2:0 კაროლ დობიაში (25), 2:1 დიტერ მიულერი (28), 2:2 ბერნდ ჰოლცენბაინი (90)
პენალტები: მარიან მასნი – 1:0, რაინერ ბონჰოფი – 1:1, ზდენეკ ნეჰოდა – 2:1, ჰაინც ფლოე – 2:2, ანტონ ონდრუში – 3:2, ჰანს ბონგარცი – 3:3, ლადისლავ იურჩემიჩი – 4:3, ული ჰიონესი – 4:3 (ააცილა), ანტონინ პანენკა – 5:3
ჩეხოსლოვაკია: ივო ვიქტორი, იან პივარნიკი, ანტონ ონდრუში (კაპ), იოზეფ ჩაპკოვიჩი, კოლომან გიოგი, კაროლ დობიაში (ფრანტიშეკ ვესელი 103), იოზეფ მოდერი, ანტონინ პანენკა, მარიან მასნი, იან შვეგლიკი (ლადისლავ იურჩემიჩი 80), ზდენეკ ნეჰოდა
მწვრთნელი: ვაცლავ ეჟეკი
გფრ: ზეპ მაიერი, ბერტი ფოგთსი, ფრანც ბეკენბაუერი (კაპ), ჰანს-გეორგ შვარცენბეკი, ბერნდ დიტცი, რაინერ ბონჰოფი, ერიხ ბეერი (ჰანს ბონგარტცი 80), ჰერბერტ ვიმერი (ჰაინც ფლოე 46), ული ჰიონესი, დიტერ მიულერი, ბერნდ ჰოლცენბაინი
მწვრთნელი: ჰელმუტ შიონი
გაფრთხილება: კაროლ დობიაში, იოზეფ მოდერი
მსაჯი: სერჯიო გონელა (იტალია)

ჩემპიონი: ჩეხოსლოვაკიის ნაკრები
მეკარეები: 1.ივო ვიქტორი (21.05.1942; პრაღის დუკლა), 22.ალექსანდრ ვენცელი (08.02.1944; ბრატისლავის სლოვანი)
მცველები: 2.კაროლ დობიაში (18.12.1947; ტრნავის სპარტაკი), 3.იოზეფ ჩაპკოვიჩი (11.01.1948; ბრატისლავის სლოვანი), 4.ანტონ ონდრუში (27.03.1950; ბრატისლავის სლოვანი), 5.იან პივარნიკი (13.11.1947; ბრატისლავის სლოვანი), 6.ლადისლავ იურჩემიჩი (20.07.1953; ბრატისლავის ინტერი), 12.კოლომან გიოგი (07.01.1948; ბრატისლავის სლოვანი), 13.იოზეფ ბარმოში (28.08.1954; ბრატისლავის ინტერი), 14.პავოლ ბიროში (01.04.1953; პრაღის სლავია)
ნახევარმცველები: 7.ანტონინ პანენკა (02.12.1948; პრაღის ბოჰემიანსი), 8.იოზეფ მოდერი (19.09.1947; კოშიცეს ლოკომოტივი), 9.იაროსლავ პოლაკი (11.07.1947; კოშიცე), 15.დუშან ჰერდა (15.07.1951; პრაღის სლავია), 16.ფრანტიშეკ ვესელი (07.12.1943; პრაღის სლავია), 17.იან შვეგლიკი (17.01.1950; ბრატისლავის სლოვანი), 20.ფრანტიშეკ შტამბაჩრი (13.02.1953; პრაღის დუკლა), 21.პრჟემისლ ბიჩოვსკი (18.08.1950; ტეპლიცეს სკლო უნიონი)
თავდამსხმელები: 10.მარიან მასნი (13.08.1950; ბრატისლავის სლოვანი), 11.ზდენეკ ნეჰოდა (09.05.1952; პრაღის დუკლა), 18.დუშან გალისი (24.11.1946; კოშიცე), 19.ლადისლავ პეტრაში (01.12.1946; ბრატისლავის ინტერი)
მწვრთნელი: ვაცლავ ეჟეკი

უეფას სიმბოლური ნაკრები (4-4-2)
მეკარე: ივო ვიქტორი (ჩეხოსლოვაკია)
მცველები: იან პივარნიკი (ჩეხოსლოვაკია), ანტონ ონდრუში (ჩეხოსლოვაკია), რუუდ კროლი (ჰოლანდია), ფრანც ბეკენბაუერი (გფრ)
ნახევარმცველები: ანტონინ პანენკა (ჩეხოსლოვაკია), იაროსლავ პოლაკი (ჩეხოსლოვაკია), დრაგან ჯაიჩი (იუგოსლავია), რაინერ ბონჰოფი (გფრ)
თავდამსხმელები: ზდენეკ ნეჰოდა (ჩეხოსლოვაკია), დიტერ მიულერი (გფრ)

ბომბარდირი
დიტერ მიულერი (გფრ) 4 გოლი


ლაშა
გოდუაძე (2021 წლის 14 მაისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი

ka_GEGeorgian