ვენეციაში (II ნაწილი)
ვენეციაში რამდენიმე ასეული ხიდია. ერთ-ერთ მეგზურში ეწერა, რომ ოთხასია, თუმცა უმეტესობა ტურისტებისთვის დაფარულია – შიდა, ვიწრო არხებზეა გადებული და მისით, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქალაქის სტუმრები არ სარგებლობენ.
ხიდთაგან ყველაზე ცნობილი კი რიალტოა, მთავარ არხზე (გრან კანალ) გადებული ოთხიდან უძველესი. ის ჯერ კიდევ XII საუკუნეში აუგიათ ხისგან, თუმცა მოგვიანებით ქვით შეცვალეს. ქალაქის მესვეურებმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ მორებისგან შეკრული რიალტო რამდენჯერმე ჩაინგრა, ბოლოს 1444 წელს, როცა ფერარას მარკიზის ქორწილის სანახავად ხიდი ხალხით გადაივსო და ნაგებობამ სიმძიმეს ვეღარ გაუძლო.
ორიოდ ცნობა ტურისტული ბუკლეტიდან: 1588 წელს რიალტო მარმარილოთი მოაპირკეთეს. ხიდის სიგრძე 48 მეტრია, სიგანე 22, ხოლო თაღის ყველაზე მაღალი წერტილი წყლის ზედაპირიდან 7,5 მეტრშია.
მე და ნინო რიალტოს ვენეციაში გატარებულ ბოლო დღეს ვესტუმრეთ და სანამ სამახსოვრო ფოტოებს გადავიღებდით, რამდენიმე წუთიან რიგშიც ვიდექით – იქაურობა, ისევე როგორც მთლიანად ქალაქი, ტურისტების ნაკლებობას ნაღდად არ უჩივის. ხალხი კი არა, მოაჯირთან დამდგარს თოლიაც კაი შინაურივით ამომიდგა და მეც შანსი ხელიდან არ გავუშვი – მტკვრისპირელი თოლიებისგან მოკითხვა გადავეცი და შემდეგ, ბურბუშელათი რომ გავუმასპინძლდი, სამახსოვრო ფოტოც მერგო.
რიალტო სან მარკოს და სან პაოლოს უბნებს აკავშირებს. სან პაოლოში ძველი ბაზარია, რომელიც მხოლოდ კვირა დღეს იხურება, სხვა დროს კი დილიდან გვიან საღამომდე სიცოცხლითაა სავსე.
უფეხბურთოდ აბა როგორ იქნებოდა და კლუბ ვენეციის ოფიციალურ მაღაზიასაც იქვე მივაგენი. ერთი საიდუმლოც: სადაც ჩავდივარ, თუ იქაურობას რამე კავშირი აქვს ფეხბურთთან, აუცილებლად სუვენირს ვყიდულობ და არც ვენეციიდან გამოვბრუნდი ხელცარიელი. მიუხედავად იმისა, რომ კალჩოს (ფეხბურთი იტალიურად) საზომებით ეს დიდი ვერაფერი კლუბია, ლამაზი ემბლემა აქვს და მეც მისი გამოსახულებით რამდენიმე სამკერდე ნიშანი და გასაღებების საკიდი, ეგრეთ წოდებული ბრელოკი შევიძინე. ერთი-ორი მეგობარი მყავს, მსგავს ნივთებს აგროვებენ და მათი გახარების შანსს ხელიდან როგორ გავუშვებდი?!
სხვათა შორის, მაღაზია ინგლისელებით იყო სავსე. ფეხბურთის სამშობლოს ერთ შვილს გამოველაპარაკე და ისიც კოლექციონერი აღმოჩნდა, ოღონდ მაისურების – სადაც ჩადის, იქაური გუნდის ოფიციალურ საკლუბო მაღაზიაში კონკრეტულად იმ სეზონის ყველა სახის მაისურს ყიდულობს: ძირითადს, სათადარიგოს და მესამე ფორმას. ინგლისურების გარდა რამდენიმე ასეული უცხოური კლუბის მაქვსო, ასე მითხრა. ქართული გუნდებისა მის კოლექციაში არ აღმოჩნდა. ამაზე სპეციალურად დავეკითხე…
სან მარკოს მოედანთანაა ოტელ დანიელიც, ყოფილი პალაცო დანდოლო ანუ დანდოლოს ოჯახთა სასახლე. გამორჩეული არქიტექტურის გამო დანიელი ვენეციის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია და ის CNNის ერთ-ერთი გადაცემიდან დამამახსოვრდა – ტელეკომპანიამ მსოფლიოს ხუთ ყველაზე გულუხვ და მდიდრულ სასტუმროთა შორის დაასახელა. ულამაზესი ხედები და ძვირფასი რესტორანი სულ ზედა სართულზე მას ძლიერთა ამა ქვეყნისათა ფავორიტ სასტუმროდ აქცევს.
რაც შეეხება დანდოლოს: ის ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული ვენეციური გვარი იყო (ახლაც არის თუ არა, ვერაფერს გეტყვით). მათ საოჯახო სასახლე სასტუმროდ XIV საუკუნეში გადააკეთეს, ყველაზე ცნობილი დანდოლო კი სულაც მსოფლიო ისტორიაშია შესული და ეგებ იცნობდეთ კიდეც – ენრიკოს დენ ბრაუნის ერთ-ერთ ბოლო რომანში, ინფერნოშიც ვხვდებით. თუ ეს წიგნი წაგიკითხავთ ან ამავე სახელწოდების ფილმი გინახავთ, დანდოლოს ეპიზოდი ადვილად გაგახსენდებათ.
ენრიკო დანდოლო ვენეციის რესპუბლიკის 41ე დოჟი, ახლებური გაგებით პრეზიდენტი გახლდათ და მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის სათავეებთან იდგა, რამაც გამოიწვია კიდეც კონსტანტინოპოლის საბოლოო დაცემა. წმინდა მარკოზის სახელობის ტაძარში დაცულ ძვირფასეულობაზე რომ დავწერე, უმეტესობა სწორედ ენრიკო დანდოლოს და მისი დამქაშების ნაალაფარია – ოქრო-ვერცხლს და სხვა ნადავლს ისინი გემებით აგზავნიდნენ ვენეციაში.
თავად სენიორ ენრიკო კი მშობლიურ მიწას ვერ ეღირსა – 1205 წლის მაისში კონსტანტინოპოლში გარდაცვლილა 98 წლისა და იქვე, წმინდა სოფიას (თანამედროვე სტამბოლის მშვენება – აია სოფია) ტაძარში დაუკრძალავთ…
ბატონი რეზოს ფილმის შემდეგ კარგა დრო იყო გასული, ვენეციით კიდევ ერთი მიზეზით რომ მოვიხიბლე: ნიღბების ფესტივალს ვგულისხმობ. ამ სანახაობას ჯერ ვერ დავესწარი, მაგრამ მგონია რომ ძალიან ეფექტურია: საკარნავალო კოსტიუმები, ჭრელი სამოსი, ულამაზესი ნიღბები და იტალიური მუსიკა წესით დაუვიწყარ წარმოდგენას უნდა ქმნიდეს. ნიღბები კიდე უკლებლივ ყველა მაღაზიასა თუ სუვენირების დახლზე იყიდება: სულ პატარით, მაგნიტიანით დაწყებული, უზარმაზარით – დეკორატიულით დასრულებული. ხარისხიდან, ზომიდან და დეტალებიდან გამომდინარე, ფასიც განსხვავებული იყო. ძველ ბაზარში ნიღბების რამდენიმე სპეციალური მაღაზია ვნახე, ტურისტებისთვის კი ყოველ ფეხის ნაბიჯზეა სუვენირი-ნიღბები.
ქალბატონების ნიღბები ათასგვარია: მხოლოდ სახეს ან თვალებს რომ ფარავს, თავზე სრულად რომ ირგებ, ნიჟარებით, ბუმბულებით, წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი… ათასფერი!
მამაკაცებში კი, ნანახით თუ ვიმსჯელებ, ორია ყველაზე პოპულარული: ლეგენდარული ცელქის, ჯაკომო კაზანოვასი და სრულიად შავი, ფრინველის ნისკარტით, კაცობრიობის არცთუ ტკბილ პერიოდს რომ უკავშირდება. შავ ჭირს ვგულისხმობ, რომელმაც XVII საუკუნეში მილიონობით ადამიანი შეიწირა, ვენეციაში კი 1630-31 წლებში მოსახლეობის მესამედი, ასი ათასი ადამიანი გაწყვიტა.
ქალაქის უამრავ მშვენებათაგან ერთ-ერთი, სანტა მარია დელა სალუტეს ტაძარი სწორედ შავი ჭირის დამარცხების შემდეგ აუგიათ. ამ მშვენიერი ეკლესიის მშენებლობა თითქმის ნახევარ საუკუნეს გაგრძელდა და 1687 წელს საზეიმოდ გაიხსნა. ცოტა დაუჯერებელი კია, მაგრამ ბუკლეტში ასე წერია: ეს გრანდიოზული ნაგებობა დაახლოებით მილიონი მორით გამაგრებულ ნიადაგზე დგას! წარმოდგენაც კი რთულია, თუ რა მასშტაბზეა საუბარი.
გრან კანალზე გადებული ბოლო ხიდიდან სანტა მარია დელა სალუტეს ულამაზესი ხედი იშლება, ტაძრის შთამბეჭდავი გუმბათი კი ლამის ყველა უბნიდან კარგად ჩანს. მეორე დღეს, მურანო-ბურანოდან პატარა გემით რომ ვბრუნდებოდით, ამ ეკლესიას ღამით ჩავუარეთ და კიდევ უფრო ლამაზი და რაღაცნაირად იდუმალი მეჩვენა.
კიდევ შეიძლება რაღაც-რაღაცების დაწერა ვენეციაზე. ამ მშვენიერ ქალაქში გატარებული ორი სრული დღის განმავლობაში მხოლოდ კარგს და ლამაზს ვხედავდი, მაგრამ მეტს აღარ გავაგრძელებ.
ზღვისპირა ქალაქები განსაკუთრებით მიზიდავს. უცხოეთს რომ თავი დავანებო, ბავშვობაში სოხუმში, გაგრასა თუ სოჭში გატარებული დღეები ახლაც უტკბილესად მაგონდება. ბათუმიც, და განსაკუთრებით მისი სანაპირო, სწორედ ამიტომ მიყვარს გამორჩეულად და ვენეციაში სეირნობისას ზუსტად იმას ვგრძნობდი, რასაც ყველა ზემოჩამოთვლილ კურორტზე – უსაზღვრო და მათრობელ ბედნიერებას, რომელიც მხოლოდ ასეთ, ზღვისპირა თუ წყალზე გაშენებულ ქალაქებში მეუფლება ხოლმე. ამ სიას აუცილებლად უნდა დავამატო ამსტერდამიც, ჩემთვის პირველი უცხოური ქალაქი და, შესაბამისად, სხვანაირად გემრიელი.
ნათქვამია, ტურისტისთვის ყველა ქვეყანა დავარცხნილიაო. ალბათ ნაკლი ვენეციასაც აქვს, მაგრამ ამ ჩანახატს ქალაქის კრიტიკაზე პრეტენზია არ აქვს.
მხოლოდ ის ვეცადე, რომ შთაბეჭდილებები გამეზიარებინა და ტურისტულ გზამკვლევებსა თუ ჯიბის ბუკლეტებში ამოკითხული პატარ-პატარა საინტერესო ამბები მომეყოლა.
თუ ვენეცია არ გინახავთ და იქ ჩასვლაში ეს პატარა წერილი რამენაირად დაგეხმარებათ, ხომ კარგი და თუ იქ უკვე ბრძანდებოდით, დარწმუნებული ვარ ბევრ რამეში დამეთანხმებით.
ასე თამამად იმიტომ ვამბობ, რომ იმ ნაცნობ-მეგობრებიდან, ვინც ვენეცია ჩემამდე მოინახულა, უკმაყოფილო და იმედგაცრუებული არავინაა. მეტიც: თითოეული მათგანი შეყვარებულია ამ კოხტა ქალაქზე.
ამიტომაც მჯერა, რომ ვენეცია თქვენ გულსაც იოლად მოიგებს. პიაცა სან მარკოთი, რიალტოთი, გონდოლებით, ნიღბებით თუ გელატერიებით, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ნაყინით, ნამცხვრებით თუ ცხელი შოკოლადით, ამაზე ადვილად შევთანხმდებით.
ლაშა გოდუაძე
ჩემივე ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ვენეცია, იტალია; 2019 წლის 3-5 ოქტომბერი