ევროისტორია: 1980 – არტემიო ფრანკის პატარა მსოფლიო

არტემიო ფრანკის გამოჩენისთანავე უეფას ავტორიტეტი საგრძნობლად გაიზარდა. 25 წლის იუბილესთვის კავშირის ფინანსური შესაძლებლობები სოლიდური იყო. ამას გარდა, უეფასთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამდნენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები.
ევროპული ფეხბურთის სათავეში ეკონომიკურად დამოუკიდებელი და ძლიერი კავშირი იდგა, რომელიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა მძლავრ მმართველად.
იმ დროისთვის უეფას წიური ბიუჯეტი რვა მილიონ შვეიცარიულ ფრანკს შეადგენდა, რაც გასული საუკუნის 70-80იანი წლების დასაწყისში ძალიან შთამბეჭდავი იყო.
არტემიო ფრანკის მოღვაწეობის პირველ წლებში უეფა ახალ შტაბ-ბინაშიც გადაბარგდა – შვეიცარიის დედაქალაქ ბერნის პრესტიჟულ უბრანში 16სართულიანი შენობა აიგო, რომელსაც უეფაჰაუსი – უეფას სახლი ეწოდა. ნაგებობის საერთო ფართობი თითქმის რვა ათასი კვადრატული მეტრი იყო…

მიუხედავად იმისა, რომ 1976 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებმა გულშემატკივრებზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, ნათელი გახდა, რომ ცვლილებები აუცილებელი იყო.

იუგოსლავიაში ყველა თამაში უმაღლესი დონისა გამოდგა და ბევრის აზრით, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს არ ჩამოუვარდებოდა, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით ტურნირი წამგებიანი გამოდგა – უეფამ 200 ათასი შვეიცარიული ფრანკით იზარალა.

1976 წლის შემოდგომით, კონტინენტის პირველობის დასრულებიდან სამ თვეში არტემიო ფრანკიმ ევროპის პირველობის ფინალური ეტაპის მონაწილეთა რიცხვის შესაძლო გაორმაგებაზე განაცხადა. მან წამოაყენა იდეა: მოეწყოთ მინი მსოფლიო ჩემპიონატი. და რაც მთავარია, ტურნირის მასპინძელი წინდაწინვე დაესახელებინათ, ხოლო ამ ქვეყნის ნაკრები შესარჩევი ეტაპიდან გაეთავისუფლებინათ.

1977 წლის დასაწყისიდან უეფა ნელ-ნელა სიტყვის საქმედ ქცევას შეუდგა: 11 მარტს, ლონდონში გამართულ სესიაზე დადგინდა, რომ ევრო 80ის ფინალურ ეტაპზე რვა გუნდი ითამაშებდა. ამ იდეის წინააღმდეგი იყო გფრის საფეხბურთო კავშირი, თუმცა მათი აზრი არ გაითვალისწინეს. უარი უთხრეს ბელგიელებსაც – ისინი ფინალურ ეტაპზე წინა გათამაშების გამარჯვებულის პირდაპირ დაშვებას ითხოვდნენ.

21 ივნისს, შვეიცარიის დაბა გრინდელვალდში, უეფას მეოთხე კონფერენცია შედგა ყველა წევრი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტების და გენერალური მდივნების მონაწილეობით. შვეიცარიას მხოლოდ ალბანელები არ ესტუმრნენ, რომლებიც გაურკვეველი მიზეზით კვლავ განზე გადგნენ. ლონდონში მიღებულ გადაწყვეტილებას შეკრებილებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. მეტიც, ახალ პროექტს ოფიციალური სახელი უწოდეს – პროჯეტო დი ფრანკი – უნ პიკოლო მონდიალე (ფრანკის პროექტი – მსოფლიოს პატარა ჩემპიონატი).

20 სექტემბერს უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა, რომელიც პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში პოლონელი მეფეების რაძილოვების საგვარეულო სასახლეში შეიკრიბა, საბოლოო სახე მისცა ტურნირს: შესარჩევი ეტაპი გაიმართებოდა არა რვა, როგორც აქამდე იყო, არამედ შვიდ ჯგუფში. თითოეულში ოთხი ან ხუთი გუნდი მოხვდებოდა (ბრმა წილისყრით), გამარჯვებული კი ფინალური ეტაპის საგზურს დაეუფლებოდა.

ევროპის ჩემპიონატზე გასული რვა ნაკრები ორ ოთხგუნდა ჯგუფში განაწილდებოდა; ჯგუფის პირველადგილოსნები კონტინენტის ჩემპიონის სახელისთვის იბრძოლებდნენ, ხოლო მეორე ადგილზე გასულები – ბრინჯაოს მედლისთვის.

პოლონეთშივე განაცხადეს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი საფრანგეთის, იტალიის და შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლებმა. მოგვიანებით ამ სამეულს კიდევ სამი ქვეყანა დაემატა: ინგლისი, ნიდერლანდები და საბერძნეთი.

პრეტენდენტთა შორის ურთიერთობა ნელ-ნელა ძალიან დაიძაბა, თუმცა საბოლოო კენჭისყრამდე მხოლოდ იტალიის და ინგლისის პროექტები შემორჩა. სხვადასხვა გარემოებათა გამო უპირატესობა აპენინის ნახევარკუნძულს მიანიჭეს. მასპინძლის არჩევისას დიდი როლი ითამაშა უეფას პრეზიდენტის წარმომავლობამ, თუმცა ამის თაობაზე მაშინ არავინ საუბრობდა.

კიდევ ერთი სიახლე: არტემიო ფრანკიმ, რომელიც დიპლომატი გახლდათ, ევროპის ჩემპიონატის სპონსორობაზე წამყვანი კომპანიები დაითანხმა, მათ შორის კოკა-კოლა, ქენონი, JVC, სეიკო…

ასევე პირველად შეიქმნა თილისმა ევროპის ჩემპიონატისთვის. იტალიელი მწერლის კარლო კოლოდის ზღაპრის პინოქიოს გმირი იტალიელმა მხატვარმა პიეტრო გრატონმა ფეხბურთელის სამოსში გამოაწყო, გრძელი ცხვირი იტალიის დროშის ფერებში შეღება, ხოლო ქუდზე ეუროპა 80 დააწერა. თილისმის სახელი მარტივად შეირჩა – პინოქიო.

1977 წლის 30 ნოემბერს, რომის ერთ-ერთ საუკეთესო სასტუმრო ექსელსიორის მთავარ დარბაზში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა გაიმართა.

ჯგუფების ფავორიტები ბოლო სამ ევროჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებით დაასახელეს. პირველ, ძლიერთა კალათში მოხვდნენ ინგლისის, ბელგიის, ნიდერლანდების, სსრკ, გფრ, ჩეხოსლოვაკიის და იუგოსლავიის ნაკრები გუნდები, მაჩანჩალათა შორის კი დანია, ისლანდია, კვიპროსი, ლუქსემბურგი, მალტა, ნორვეგია და ფინეთი.

იტალია, როგორც მასპინძელი, შესარჩევი ეტაპიდან თავისუფალი იყო. წილისყრის ცერემონიას სკუადრა აძურას ლეგენდარული კაპიტანი, ევროპის 1968 წლის ჩემპიონი ჯაჩინტო ფაკეტი გაუძღვა.

შესარჩევ ეტაპზე 31 გუნდი მონაწილეობდა. ალბანეთის მსგავსად, თამაში იუარა ლიხტენშტაინმაც. სამაგიეროდ საკვალიფიკაციო თამაშებში დაუშვეს უელსი, რომელიც 1976 წლის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, იუგოსლავიასთან საშინაო მატჩის დროს ფანების უსაქციელობის გამო წინა გადაწყვეტილებით ერთი ტურნირით იყო დისკვალიფიცირებული…

70იანი წლების მიწურულს თბილისის დინამო საბჭოთა საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთ ლიდერად იქცა და ევრო 80ის შესარჩევზე საუბარს VI ჯგუფით დავიწყებ, სადაც სსრკ ნაკრები მოხვდა. იტალიის საგზურისთვის საბჭოელებთან ერთად იბრძოდა უნგრეთი, საბერძნეთი და ფინეთი.

ყველაზე მეტი მოულოდნელობა სწორედ ამ ჯგუფში დაფიქსირდა, ხოლო საბოლოო ცხრილს ვერავინ იწინასწარმტყველებდა. გარდა ამისა, საქართველოს დედაქალაქმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში რიგით მეორე შეხვედრას უმასპინძლა. ძველი თაობის ქომაგებს ემახსოვრებათ: წლების წინ საბჭოთა კავშირის ნაკრები საბერძნეთს სწორედ თბილისში დაუპირისპირდა…

მოსკოვში წილისყრის შედეგებს კმაყოფილებით შეხვდნენ: უნგრეთი არ ითვლებოდა დაუძლეველ მოწინააღმდეგედ, ხოლო საბერძნეთის და ფინეთის ნაკრებ გუნდებს ღირსეულ მეტოქეებად არავინ განიხილავდა. აქვე გეტყვით, რომ 1978 წლის აპრილში სსრკ ნაკრებმა ფინეთი ერევანში 10:2 დაამარცხა!

ტრადიციისამებრ, სსრკ ნაკრების სათავეში ახალი მწვრთნელი გამოჩნდა – 1976 წლის სექტემბერში ქვეყნის მთავარი გუნდი 51 წლის ნიკიტა სიმონიანს ანდეს. და მან თანამდებობა მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოში მარცხის მიუხედავად შეინარჩუნა. ორმოცდაათიანი წლების ერთ-ერთ საუკეთესო საბჭოთა თავდამსხმელს, როგორც მაშინდელი პრესა წერდა „სამწვრთნელო ასპარეზზე შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება მიეცა“.

პროგნოზები რომ უმადური საქმეა, 1978 წლის მაისშივე დადასტურდა: ჯგუფის მაჩანჩალად მიჩნეულმა ფინეთმა ჰელსინკიში უმასპინძლა საბერძნეთს და 3:0 დაამარცხა. ფინელებმა მეორე საშინაო თამაშიც მოიგეს – 2:1 უნგრეთთან. სხვათა შორის, ეს იყო უნგრეთის პირველი წაგება ამ ქვეყნის გუნდთან.

საბჭოთა კავშირის ნაკრებმა თავდაჯერებულად დაიწყო – 2:0 დაამარცხა საბერძნეთი და დაგეგმილი ქულები მიითვალა.

ვალერი ლობანოვსკის გუნდისგან განსხვავებით, ნიკიტა სიმონიანის მომზადებულ ბიჭებს ნამდვილი ნაკრები ეთქმოდა – მასში ერთბაშად შვიდი კლუბის ფეხბურთელები თამაშობდნენ. არადა წინა საკვალიფიკაციოში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მხოლოდ კიევის დინამოელები ასპარეზობდნენ.

საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ სსრკ უნგრეთს ესტუმრა და… 0:2 დამარცხდა. მასპინძლებს ამომავალი ვარსკვლავები ტიბორ ნილაში და ანდრაშ ტიოროჩიკი აკლდათ (დისციპლინის დარღვევის გამო უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციამ ისინი ერთი წლის მოკვეთა). მათ გარდა არ თამაშობდა კაპიტანი ლასლო ფაზეკაში.

მიუხედავად ასეთი დანაკლისისა, მასპინძლები ბოლომდე დაიხარჯნენ და 2:0 გაიმარჯვეს. ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ვლადიმერ გუცაევმა. მას და კიევის დინამოს ვარსკვლავებს, ლეონიდ ბურიაკს და ოლეგ ბლოხინს კარგი საგოლე შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.

იმავე დღეს საბერძნეთმა ჰელსინკიში მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო – 8:1 დაამარცხა ფინეთი.

1979 წლის 19 მაისს სიმონიანის გუნდმა უნგრეთს თბილისში, მაშინდელ ვ.ი.ლენინის სახელობის დინამოს სტადიონზე უმასპინძლა. სსრკ ნაკრები მარცხს რამაზ შენგელიას გვიანი გოლით გადაურჩა. დინამოს გოლეადორის გარდა ნაკრების მაისური იმ დღეს კიდევ ოთხმა თბილისელმა მოირგო: ვიტალი დარასელიამ, ვახტანგ ქორიძემ და მანუჩარ მაჩაიძემ ძირითად შემადგენლობაში ითამაშეს, დავით ყიფიანი კი 70ე წუთზე გამოჩნდა ქორიძის ნაცვლად.

თბილისში დაკარგული ქულების შემდეგ საკავშირო ნაკრების მდგომარეობა დამძიმდა: დარჩენილი სამი შეხვედრა (ფინეთთან შინ და სტუმრად, საბერძნეთთან სტუმრად) გუნდს აუცილებლად უნდა მოეგო. მოსკოვში მშვიდად იყვნენ: მეზობლებთან გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, ათენში კი ფრეზე თამაშიც შეიძლებოდა.

1979 წლის 4 ივლისს სიმონიანის გუნდი ჰელსინკს ესტუმრა, მანამდე კი კოპენჰაგენში დანიის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრა და 2:1 მოუგო. ფინეთთან თამაში სტუმართა უპირატესობით დაიწყო და 28ე წუთზე დებიუტანტმა ალექსანდრ ხაპსალისმა (კიევის დინამო) ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ სტუმრებს კიდევ შეეძლოთ ორი-სამი ბურთი შეგდება, დავით ყიფიანმა გაიტანა კიდეც, მაგრამ დანიელმა არბიტრმა ულე ამუნდსენმა თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა დინამოელის ზუსტი დარტყმა.

55ე წუთზე მასპინძელთა თურქული წარმოშობის თავდამსხმელმა ათიქ ისმაილმა ანგარიში გაათანაბრა – 1:1 (ნახევარი წლით ადრე ის ჯერ კიდევ სამშობლოში თამაშობდა და თურქეთის ნაკრებში მოხვედრას ცდილობდა).

ფინურმა 1:1მა საბჭოთა ფეხბურთის მაღალჩინოსნები ძალიან შეაშფოთა. ბოლოსწინა თამაში წინ, სტუმრად საბერძნეთთან, ნაკრებს მხოლოდ მოგება სჭირდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი ზედიზედ მეორედ დარჩებოდა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მიღმა.

ბერძნებთან შეხვედრამდე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევმა ტურნირმა მეორე პლანზე გადაიწია – საბჭოთა კავშირში ხალხთა სპარტაკიადა დაიწყო, რომლის საფეხბურთო ტურნირი ძალიან დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა.

თხუთმეტი რესპუბლიკის უძლიერესი ფეხბურთელები 21 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით ეცილებოდნენ ერთმანეთს ჩემპიონის სახელს. სპარტაკიადა მოსკოვის ნაკრებმა მოიგო, რომელსაც კონსტანტინ ბესკოვი თავკაცობდა. გადამწყვეტ მატჩში, ისევე როგორც 1956 წლის სპარტაკიადაზე, მოსკოველებმა საქართველოს ნაკრები დაამარცხეს, რომელიც თავის მხრივ თბილისის დინამო იყო. აქვე გეტყვით, რომ სსრკ ხალხთა პირველი, 1956 წლის სპარტაკიადის შემდეგ ფეხბურთი ტურნირის სპორტულ პროგრამაში 1979 წელს პირველად გამოჩნდა.

საკავშირო ფეხბურთის ფედერაციაში გადაწყვიტეს, რომ ბესკოვის კანდიდატურა ნაკრებისთვისაც ზედგამოჭრილი იყო და სიმონიანს თანამდებობა დაატოვებინეს. ვალენტინ ნიკოლაევის და ვალერი ლობანოვსკის შემდეგ ბესკოვი გახდა მესამე საბჭოთა მწვრთნელი, რომელიც ერთდროულად მოღვაწეობდა კლუბსა და ნაკრებში – ის პარალელურად მოსკოვის სპარტაკს წვრთნიდა.

ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე საბჭოთა კავშირის ნაკრების სახელით სსრკ ხალხთა სპარტაკიადის გამარჯვებული მოსკოვის გუნდი გავიდა, რომელსაც რამაზ შენგელია და დავით ყიფიანი, ასევე ლვოვის კარპატის ნახევარმცველი სტეპან იურჩიშინი აძლიერებდნენ.

შედეგი? 0:1 – ნიკოლუდისის მიერ 25ე წუთზე გატანილი გოლი ბესკოვის რჩეულმა ბიჭებმა ვერ გაქვითეს და გუნდიც ზედიზედ მეორე ევროჩემპიონატს მიღმა დარჩა. სათქმელია, რომ რამაზ შენგელიამ ბურთი ძელს მოარტყა, ყიფიანის ორი შეტევა კი ბერძენთა მეკარემ მოიგერია.

შესარჩევი ჯგუფის უკანასკნელი თამაში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ფინეთთან მოსკოვში გამართა და ისევ ვერ გაიმარჯვა – 2:2. ანრი დელონეს სახელობის თასის პირველმა გამარჯვებულმა საკვალიფიკაციო ჯგუფი ბოლო, მეოთხე ადგილზე დაასრულა…

I საკვალიფიკაციო ჯგუფში ინგლისის, ბულგარეთის, დანიის, ირლანდიის და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები გუნდები მოხვდნენ. მეზობლობის მიუხედავად, ორი ირლანდია 1978 წლის 20 სექტემბერს პირველად დაუპირისპირდა ერთმანეთს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია: მათი გზა მანამდე არასდროს გადაკვეთილა!

დუბლინში, ლენსდაუნ როუდზე გამართული ის თამაში 0:0 დასრულდა, 1979 წლის 21 ნოემბერს, ჩრდილოეთ ირლანდიაში კი მასპინძლებმა არმსტრონგის ერთადერთი ზუსტი დარტყმით მოიგეს.

შესანიშნავად ითამაშა ინგლისმა, რომელმაც მეორე ადგილზე გასულ ჩრდილოირლანდიას ექვსი ქულით აჯობა. ინგლისის ნაკრების აღმასვლა 54 წლის რონ გრინვუდის სახელს უკავშირდებოდა, რომელმაც 1977 წლის აგვისტოში შეცვალა დონ რივი.

რვა საკვალიფიკაციო თამაშში ინგლისმა 22 გოლი შეაგდო, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო, ხოლო ბომბარდირი კევინ კიგანი გახდა 7 ბურთით. ევროპის იმ წლების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე და 1978 და 1978 წლების ოქროს ბურთის მფლობელი საბოოოდ ევრო 1980ის ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელიც გამოდგა.

II ჯგუფი ავსტრიამ, ბელგიამ, ნორვეგიამ, პორტუგალიამ და შოტლანდიამ დააკომპლექტეს. გი ტისის გაწვრთნილმა ბელგიამ საკვალიფიკაციო ტურნირი ზედიზედ ოთხი ფრით დაიწყო, სამაგიეროდ, მეორე წრეში ჩინებულად ათამაშდა და მოიგო კიდეც იტალიის საგზური.

გადამწყვეტი გამოდგა 1979 წლის 19 დეკემბერს, გლაზგოში შოტლანდიასთან თამაში. იმ დროისთვის ჯგუფს ავსტრია ლიდერობდა 11 ქულით, რომელსაც საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულებული ჰქონდა. პირველობისთვის ბელგიას მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა. ასეც მოხდა – 3:1 და იტალიის საგზური! სათქმელია, რომ ეს მატჩი ჯერ კიდევ თებერვალში უნდა გამართულიყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზთა გამო წლის ბოლოსთვის გადაიდო.

III ჯგუფში ესპანეთი, რუმინეთი, იუგოსლავია და კვიპროსი მოხვდნენ. კუნძულელები იმთავითვე მაჩანჩალებად მიიჩნეოდნენ, რაც გამართლდა კიდეც, დანარჩენმა სამმა კი, როგორც იტყვიან, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლა.

ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ესპანეთმა მოიპოვა, რომელსაც ორმოცდაათიანი წლების ლეგენდარული ფორვარდი, უნგრული წარმოშობის ლადისლაო კუბალა წვრთნიდა. ესპანელთა ლიდერი მადრიდის რეალის გოლეადორი კარლოს სანტილიანა გახლდათ, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ბურთიც გაიტანა.

IV ჯგუფში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის, ნიდერლანდების, ისლანდიის, პოლონეთისა და შვეიცარიის ნაკრები გუნდები მოხვდნენ.

ევრო 1976ის შესარჩევის მსგავსად, პოლონელებმა შინ კვლავ დაამარცხეს ნიდერლანდები – 2:0 (ბონეკი, მაზური), სტუმრად კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს ქულა აართვეს – 1:1.

მიუხედავად ამისა, პირველ ადგილზე მაინც ნიდერლანდები გავიდა – კონკურენტისგან განსხვავებით ყველა დანარჩენი, ექვსივე თამაში მოიგო.

რაც შეეხება პოლონეთისა და ნიდერლანდების ზემოხსენებულ მატჩს: 1979 წლის 2 მაისს, ხოჟუვის შლიონსკიზე პოლონეთის ნაკრების გულშემატკივრებმა ევრო 1980ის რეკორდი დაამყარეს – ნარინჯისფერებთან დაპირისპირებას 105 ათასი ქომაგი დაესწრო!

ნიდერლანდებმა იტალიის საგზური 1979 წლის 21 ნოემბერს, ლაიპციგში მოიპოვა, სადაც დრამატული თამაში მოუგო მასპინძელთა გუნდს – 3:2. გდრის ნაკრების სანახავად იმ დღეს არნახულად ბევრი, 96 ათასი გულშემატკივარი მივიდა. 33ე წუთისთვის მასპინძლები ორი ბურთით იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც სტუმრებმა გაიხარეს: ტიესენმა და კისტმა შესვენებამდე გაათანაბრეს ანგარიში, გამარჯვების გოლი კი რენე ვან დე კერკჰოფმა შეაგდო.

პოლონეთს აღმოსავლეთგერმანელებთან შინ დაკარგული ქულა ძალიან ძვირი დაუჯდა. 1979 წლის 26 სექტემბერს ხოჟუვში გამართული მატჩი 1:1 დასრულდა, თამაშის გმირი კი სტუმართა გამოცდილი მეკარე, იენის კარლ ცაისის კარის დარაჯი ჰანს-ულრიხ გრაპენტინი გახდა. ორი წლის შემდეგ, 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფის რაინშტადიონზე, თასების მფლობელთა თასის ფინალში თბილისის დინამოს წინააღმდეგ სწორედ გრაპენტინი ჩადგა კარლ ცაისის კარში…

V ჯგუფში მოხვდა ევროპის მოქმედი ჩემპიონი ჩეხოსლოვაკია, რომელსაც იმხანად იოზეფ ვენგლოში წვრთნიდა, 1976 წილს ტრიუმფის შემოქმედის ვაცლავ ეჟეკის ყოფილი თანაშემწე.

ჩეხოსლოვაკიის ნაკრებმა 12 შესაძლებლობიდან მხოლოდ ორი ქულა ვერ მოიპოვა – ბოლოსწინა თამაში დათმო საფრანგეთში – 1:2. ამ გამარჯვების შემდეგ სამფეროვნებს 9 ქულა დაუგროვდათ, მაგრამ ვენგლოშის გუნდი მშვიდად იყო – ბიჭებმა იცოდნენ, რომ ლუქსემბურგს იოლად დაამარცხებდნენ და იტალიის საგზურიც მათ დარჩებოდათ. ასეც მოხდა: მასნის დუბლით, პანენკას და ვიზეკის ზუსტი დარტყმებით ევროპის ჩემპიონებმა 4:0 მოიგეს და ფრანგებს გადაასწრეს.

უკანასკნელ, VII შესარჩევ ჯგუფში იასპარეზა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებმა, რომელსაც მეტოქეებად უეფას მირ შეწყალებული უელსი, და უსუსტესი მალტა და თურქეთი ჰყავდა.

იტალია 1980ის საკვალიფიკაციო ტურნირი ბუნდესგუნდმა ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით დაიწყო: მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონატის შემდეგ ლეგენდარული ჰელმუტ შიონი იუპ დერვალმა შეცვალა. ეს უკანასკნელი არ იყო ახალი კაცი – წლების განმავლობაში ეხმარებოდა შიონს.

ნახევრადპროფესიონალებით დაკომპლექტებულმა მალტამ და ჯერ კიდევ სუსტმა თურქეთმა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს – გერმანელებმა ორივე გასვლითი თამაში 0:0 დაასრულეს. სტარტს რთული ეთქმოდა, მაგრამ ევრო 1976ის საკვალიფიკაციოს მსგავსად, გერმანული მანქანა მალე მთელი ძალით ამოქმედდა და მეტოქეებისგან ქვა ქვაზე არ დატოვა: 2:0 და 5:1 უელსთან, 2:0 თურქეთთან და 8:0 უკანასკნელ საკვალიფიკაციო შეხვედრაში მალტასთან.

(I ნაწილის დასასრული)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 19 მაისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი

ka_GEGeorgian