ევროისტორია: 1980 – ბუნდესდუბლი

1980 წლის იანვარში რომში, სასტუმრო ექსელსიორში რვა ნაკრები ორ ოთხგუნდა ჯგუფში განაწილდა. Aში წინა ჩემპიონატის გამარჯვებული, ვიცე-ჩემპიონი და ბრინჯაოს პრიზიორი მოხვდნენ – ჩეხოსლოვაკია, გფრ, ნიდერლანდები და ფინალური ეტაპის დებიუტანტი საბერძნეთი. B ჯგუფში მასპინძელი იტალია, ინგლისი, ესპანეთი და ბელგია.

ფინალური ეტაპი ივნისში გაიმართა, თუმცა ევროპის ჩემპიონატს წინ უძღოდა გრანდიოზული სკანდალი აპენინის ნახევარკუნძულზე, რამაც უარყოფითი გავლენა მოახდინა კონტინენტის პირველობაზე როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით.

იტალიელმა სამართალდამცველებმა გაზაფხულზე სერია ას რამდენიმე კლუბის ხელმძღვანელობა, ასევე ფეხბურთელები მატჩების შედეგების გაყალბებაში ამხილეს და დამნაშავეები უმკაცრესად დასაჯეს.

ყველაზე ძალიან მილანი დაზარალდა: ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი სერია ბში დააქვეითეს, ხოლო სკუადრა აძურას ერთ-ერთი გამორჩეული ბომბარდირი და ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი პაოლო როსი, სხვა რამდენიმე შერისხულთან ერთად, ციხეში ჩასვეს. ამ მოვლენებმა პირველ რიგში იტალიის ნაკრები დააზარალა – ენცო ბეარზოტიმ ნაკრების შენება ხელახლა დაწყო.

გარდა იმისა, რომ იტალია დასუსტდა, გულშემატკივრებმა გული აიცრუეს ფეხბურთზე. ამით თუ აიხსნება ევროჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 23-25 ათასი გულშემატკივრის დასწრება.

ევრო 1980 წინა პირველობის ფინალით, ჩეხოსლოვაკიის და გფრის ნაკრებთა პაექრობით დაიწყო. სათქმელია, რომ ვენგლოშის გუნდში იმ დღეს ექვსმა ჩემპიონმა ითამაშა (იურჩემიჩი, ონდრუში, გიოგი, პანენკა, ნეჰოდა, მასნი), ბუნდესგუნდში კი ვიცე-ჩემპიონი მხოლოდ კაპიტანი დიტცი იყო.

ფრთხილი თამაში გამოდგა. არცერთს სურდა წაგებით დაწყება, მაგრამ ჩეხოსლოვაკიამ მაინც დათმო – ერთადერთი გოლი მიუნხენის ბაიერნის ლიდერმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ შეაგდო, ცენტრფორვარდმა ჰანსი მიულერის ფლანგური გარღვევა დააგვირგვინა თავური დარტყმით.

ჯგუფის მეორე მატჩში ნიდერლანდებმა, დიდი უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ 1:0 სძლია საბერძნეთს.

12 ივნისს B ჯგუფის გუნდებმა ითამაშეს: ტურინში, სტადიო კომუნალეზე ბელგიისა და ინგლისის პაექრობა 1:1 დასრულდა. ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა რეი უილკინსმა: მცველები თამაშგარე მდგომარეობის ხელოვნურად შექმნისას გამოიჭირა, ჯერ მათ გადაუგდო ბურთი თავზე, შემდეგ კი არც მეკარე დაინდო.

საპაუხო ბურთი 80იანი წლების ერთ-ერთმა გამორჩეულმა ბელგიელმა იან კულემანსმა შეაგდო.

იტალიის ნაკრები ესპანეთს მილანში, სან სიროზე დაუხვდა. მძიმე თამაში, მოსაწყენი ფეხბურთი და 0:0.

14 ივნისს, ნეაპოლის სან პაოლოზე საფეხბურთო კლასიკა გათამაშდა: გფრ ნიდერლანდების წინააღმდეგ. ბევრი მიმომხილველის აზრით, სწორედ ეს იყო ევრო 80ის საუკეთესო მატჩი და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ხუთი გოლი გავიდა – ბუნდესნაკრებმა 3:2 გაიმარჯვა.

იუპ დერვალის გუნდი 67ე წუთისთვის შთამბეჭდავი ანგარიშით იგებდა: მე20, მე60 და 67ე წუთებზე კლაუს ალოფსმა სამი გოლი გაუტანა ნიდერლანდელთა კარის დარაჯ შრაივერსს.

ჰოლანდიამ ორი ბურთი გაქვითა: ჯერ რეპმა ზუსტად შეასრულა 11მეტრიანი (80), 85ე წუთზე კი ვილი ვან დე კერკჰოფმა მეორედ შეარხია ტონი შუმახერის კარის ბადე.

ის, რომ ნარინჯისფერებმა კინაღამ გადაარჩინეს თამაში, ბუნდესნაკრების დებიუტანტის ლოთარ მათეუსის „დამსახურებაა“. მიონხენგლადბახის ბორუსიას ახალგაზრდა ვარსკვლავი დერვალმა 74ე წუთზე ჩართო თამაშში დიტცის ნაცვლად. და მათეუსმაც „გაიბრწყინა“ – ჯერ ბენ ვეინსტეკერის წინააღმდეგ დაჯარიმდა, რასაც პენალტი მოჰყვა, მალე კი უხეშად შეცდა და  ვან დე კერკჰოფმაც გაიტანა.

საშინელი დებიუტის გამო მათეუსისთვის გუნდის კარი თითქმის ორი წლით დაიხურა – ფეხბურთელი, რომელიც დღეს ნაკრების რეკორდსმენია 150 თამაშით, ქვეყნის მთავარ გუნდში მხოლოდ 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონის წინ გამოჩნდა.

ჯგუფის მეოერე შეხვედრაში ჩეხოსლოვაკიელებმა ბერძნებს სძლიეს – 3:1 – და ფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნეს.

III ტურის ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა: გფრ და საბერძნეთი უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს, ჩეხოსლოვაკიელი ნეჰოდას გოლს კი კისტმა უპასუხა – 1:1. გერმანია ფინალში გავიდა, ჩეხოსლოვაკია – მცირე ფინალში.

B ჯგუფში იტალიამ მარკო ტარდელის გვიანი გოლით დაამარცხა ინგლისი, მაგრამ მესამე ტურში ბელგიას ვერაფერი მოუხერხა და ჯგუფი მეორე ადგილზე დაასრულა. ფინალში კი გი ტისის გაწვრთნილი გუნდი გავიდა, რომელმაც თამაშგარე მდგომარეობის ხელოვნურად შექმნით დაამახსოვრა თავი გულშემატკივრებს. ინგლისთან 1:1ის შემდეგ ბელგიელებმა 2:1 დაამარცხეს ესპანელები.

21 ივნისს, ნეაპოლში, უკანასკნელად გათამაშდა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები. სკუადრა აძურასა და ჩეხოსლოვაკიის დაპირისპირება 1:1 დასრულდა. იურჩემიჩმა 53ე წუთზე გახსნა ანგარიში, ფრაჩესკო გრაციანიმ 72ე წუთზე გაათანაბრა და საბოლოოდ საქმე საფეხბურთო ლატარეამდე მივიდა.

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, გამარჯვებულის გამოსავლენად მეტოქეებმა 18 თერთმეტმეტრიანი დაარტყეს!

კოზაკის გასროლის შემდეგ ანგარიში 8:8 გახდა, შემდეგ კი ფულვიო კოლოვატიმ ვერ ივარგა – მეკარე ნეტოლიჩკამ აჯობა. ჩეხოსლოვაკიელთა მეცხრე დარტყმა ბარმოშმა შეასრულა და ვენგლოშის გუნდმაც მესამე ადგილი დაიკავა.

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა, მეტოქეთა უსახური და მძიმე თამაშიდან გამომდინარე, მალე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: მომდევნო ჩემპიონატისთვის მესამე ადგილისთვის მატჩი გააუქმა.

დღევანდელი გადასახედიდან, ევროპული ფეხბურთის მაღალჩინოსნებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს.

ფინალი
ქომაგების მოლოდინი ვერც გადამწყვეტმა თამაშმა გაამართლა: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და ბელგიის დაპირისპირების სანახავად რომის ოლიმპიურ სტადიონზე მხოლოდ 48 ათასი გულემატკივარი შეიკრიბა. დაახლოებით 15 ათასი ბილეთი არ გაიყიდა. დღეს ასეთი რამ წარმოუდგენელია…

ანგარიში მე10 წუთზე გაიხსნა: ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის ბერნდ შუსტერის პასის შემდეგ ჰორსტ ჰრუბეშმა უძლიერესი დარტყმით დალაშქრა ჟან-მარი პფაფის კარი – 1:0.

წითელმა ეშმაკებმა 72ე წუთზე გაათანაბრეს. ული შტილიკემ წესების დარღვევით შეაჩერა ვან დერ ელსტი და რუმინელმა არბიტრმა ნიკოლაე რაინეამ თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ვან დერ ეიკენმა ზუსტად დაარტყა – 1:1.

საბოლოოდ მაინც გერმანელებმა გაიხარეს: 89ე წუთზე კარლ-ჰაინც რუმინიგემ კუთხურიდან ჩააწოდა ბურთი, ჰრუბეშმა ყველას აჯობა და თავით გაიტანა – 2:1.

ლეგენდარული გერდ მიულერის შემდეგ ჰორსტ ჰრუბეში გახდა პირველი, რომელმაც ევროფინალში დუბლი შეასრულა, გერმანია კი პირველი ნაკრები შეიქნა, რომელმაც მეორედ აღმართა ანრი დელონეს სახელობის თასი.

ევრო 1980
იტალია, 11-22 ივნისი
A ჯგუფი: გფრ 1:0 ჩეხოსლოვაკია; ჰოლანდია 1:0 საბერძნეთი; გფრ 3:2 ჰოლანდია; ჩეხოსლოვაკია 3:1 საბერძნეთი; ჩეხოსლოვაკია 1:1 ჰოლანდია; გფრ 0:0 საბერძნეთი
B ჯგუფი: ბელგია 1:1 ინგლისი; ესპანეთი 0:0 იტალია; ბელგია 2:1 ესპანეთი; იტალია 1:0 ინგლისი; ინგლისი 2:1 ესპანეთი; იტალია 0:0 ბელგია
მატჩი III ადგილისთვის: ჩეხოსლოვაკია 1:1 (დდ, პენ 9:8) იტალია

ფინალი
22 ივნისი, 1980. იტალია, რომი, ოლიმპიკო. 47 864
გფრ 2:1 ბელგია
გოლები: 1:0 ჰორსტ ხრუბეში (10), 1:1 რენე ვანდერეიკენი (72, პენ), 2:1 ჰორსტ ხრუბეში (89)
გფრ: ჰარალდ ტონი შუმახერი, ული შტილიკე, მანფრედ კალცი, კარლ-ჰაინც ფიორსტერი, ბერნდ დიტცი (კაპ), ბერნდ შუსტერი, ჰანს-პეტერ ბრიგელი (ბერნდ კულმანი 55), ჰანსი მიულერი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, ჰორსტ ხრუბეში, კლაუს ალოფსი
მწვრთნელი: იუპ დერვალი
ბელგია: ჟან-მარი პფაფი, ვალტერ მეუვსი, ერიკ გერეტსი, ლუკ მილეკამპსი, მიშელ რენკინი, ჟულიენ კოოლსი (კაპ), ვილფრიდ ვან მური, რენე ვანდერეიკენი, რაიმონდ მომენსი, ფრენკი ვან დერ ელსტი, იან კულემანსი
მწვრთნელი: გი ტისი
გაფრთხილება: კარლ-ჰაინც ფიორსტერი, ლუკ მილეკამპსი, რენე ვანდერეიკენი, ფრენკი ვან დერ ელსტი
მსაჯი: ნიკოლაე რაინეა (რუმინეთი)

ჩემპიონი: გფრის ნაკრები
მეკარეები: 1.ჰარალდ ტონი შუმახერი (06.03.1954; კიოლნი), 21.ვალტერ იუნგჰანსი (26.10.1958; მიუნხენის ბაიერნი), 22.აიკე იმელი (27.11.1960; დორტმუნდის ბორუსია)
მცველები: 2.ჰანს-პეტერ ბრიგელი (11.10.1955; კაიზერსლაუტერნი), 3.ბერნარდ კულმანი (01.11.1949; კიოლნი), 4.კარლ-ჰაინც ფიორსტერი (25.07.1958; შტუტგარტი), 5.ბერნდ დიტცი (22.03.1948; დუისბურგი), 7.ბერნდ ფიორსტერი (03.05.1956; შტუტგარტი), 16.ჰერბერტ ციმერმანი (01.07.1954; კიოლნი), 20.მანფრედ კალცი (06.01.1953; ჰამბურგი)
ნახევარმცველები: 6.ბერნდ შუსტერი (22.12.1959; კიოლნი), 10.ჰანსი მიულერი (27.07.1957; შტუტგარტი), 12.კასპარ მემერინგი (01.06.1953; ჰამბურგი), 13.რაინერ ბონჰოფი (29.03.1952; ვალენსია, ესპანეთი), 14.ფელიქს მაგათი (26.07.1953; ჰამბურგი), 15.ული შტილიკე (15.11.1954; მადრიდის რეალი, ესპანეთი), 17.კალე დელ’ჰეიე (18.08.1955; მიონხენგლადბახის ბორუსია), 18.ლოთარ მათეუსი (21.03.1961; მიონხენგლადბახის ბორუსია), 19.მიროსლავ მირკო ვოტავა (24.04.1956; დორტმუნდის ბორუსია)
თავდამსხმელები: 8.კარლ-ჰაინც რუმენიგე (25.09.1955; მიუნხენის ბაიერნი), 9.ჰორსტ ხრუბეში (17.04.1951; ჰამბურგი), 11.კლაუს ალოფსი (05.12.1956; დიუსელდორფის ფორტუნა)
მწვრთნელი: იუპ დერვალი

უეფას სიმბოლური ნაკრები (4-4-2)
მეკარე: დინო ძოფი (იტალია)
მცველები: კარლ-ჰაინც ფიორსტერი (გფრ), ჰანს-პეტერ ბრიგელი (გფრ), კლაუდიო ჯენტილე (იტალია), გაეტანო შირეა (იტალია)
ნახევარმცველები: ბერნდ შუსტერი (გფრ), ჰანსი მიულერი (გფრ), იან კულემანსი (ბელგია), მარკო ტარდელი (იტალია)
თავდამსხმელები: კარლ-ჰაინც რუმენიგე (გფრ), ჰორსტ ხრუბეში (გფრ)

ბომბარდირი:
კლაუს ალოფსი (გფრ) – 3 გოლი

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 19 მაისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი

ka_GEGeorgian