იუვენტუსის ტრიუმფი: უბერებელი ჯანლუიჯი ბუფონი და ორი ანდრეა
2:1 ბერგამოს ატალანტას წინააღმდეგ და მეთოთხმეტედ აღმართული თასი!
არაერთი იმედგაცრუების მიუხედავად, იუვენტუსმა ამ სეზონში მეორე ტიტულიც მოიგო: იანვარში მოპოვებულ სუპერთასს ტურინულმა გრანდმა გუშინ რეჯო ემილიაში კოპა იტალია დაურთო!
ბერგამოელთა წინააღმდეგ შავ-თეთრებმა საგაისო ფორმით ითამაშეს და რთული გამარჯვებით აღნიშნეს მთავარი მწვრთნელის ანდრეა პირლოს 42ე დაბადების დღე, მისი სეხნია ანდრეა ანიელის პრეზიდენტობის 11 წლის იუბილე და რაც მთავარია – მოგებით გააცილეს ლეგენდარული ჯიჯი ბუფონი, რომელმაც გუშინ უკანასკნელად, 685ედ ითამაშა იუვენტუსის შემადგენლობაში.
სანამ ფინალის საინტერესო ამბებს გეტყვით, აქვე დავწერ, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გამარჯვების გოლის ავტორი ფედერიკო კიეზა დასახელდა, ბუფონმა კი კარიერაში პირველი თასი მამამისთან, ენრიკოსთან ერთად მოიგო… 22 წლის წინ!
1: იუვენტუსმა იტალიის თასის ეგიდით საიუბილეო, მე400 შეხვედრა გამართა.
ტურინული გრანდი ტურნირის რეკორდსმენია, როგორც მატჩებით, ასევე ტიტულებით – 14 და ფინალებით – 20.
2: ჯანლუიჯი ბუფონმა მეექვსედ მოიგო იტალიის თასი და რეკორდსმენ რობერტო მანჩინის გაუთანაბრდა.
ჯიჯიმ პირველი ტიტული 1999 წელს მოიპოვა ჯერ კიდევ პარმას შემადგენლობაში, 2015, 2016, 2017, 2018 წლებში და გუშინ კი იუვენტუსთან ერთად გაიმარჯვა. ამავდროულად, 2002, 2004, 2012 და 2020 წლებში ბუფონმა ფინალები წააგო.
3: ლეგენდარული მეკარისთვის ეს იყო საკლუბო კარიერაში 930ე ოფიციალური თამაში, ტურინის იუვენტუსის მაისურით – 685ე, ხოლო იტალიის თასზე – 41.
930 საკლუბო მატჩით, ბუფონი იტალიელთა შორის ყველა დროის რეკორდსმენია.
4: ჯიჯიმ 22ე ტიტული მოიგო იუვენტუსში: 10ჯერ გახდა სერია ას გამარჯვებული, 6ჯერ მოიგო სუპერთასი, 5ჯერ – თასი, ხოლო 2006-07 წლების სეზონში – სერია ბ.
5: ანდრეა პირლო გახდა მეოთხე იუვენტუსის ისტორიაში, რომელმაც თასი ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში მოიგო.
პირლომდე იგივე ლუის მონტიმ, კარლო პაროლამ და ლეგენდარულმა დინო ძოფმა შეძლეს.
6: ფედერიკო კიეზამ მე5 გოლი გაუტანა ბერგამოს ატალანტას (ყველა ტურნირზე). საინტერესოა, რომ ამდენი ბურთი მას სხვა კლუბისთვის არ შეუგდია.
7: კრიშტიანუ რონალდუმ ინგლისის და ესპანეთის შემდეგ იტალიაშიც ყველა ტიტული მოიგო!
ლეგენდარული პორტუგალიელი მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად 9 თასს დაეუფლა: 3ჯერ გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი, თითოჯერ კი ასოციაციის და სუპერთასი მოიგო.
მადრიდის რეალის მაისურით მან 15 ტურნირში გაიმარჯვა, მათ შორის 2-2ჯერ ლა ლიგაში, სამეფო თასის გათამაშებაში და სუპერთასზე.
რონალდუ იუვენტუსს 2018 წელს შეუერთდა და 2-2ჯერ მოგებული სერია ას და სუპერთასის შემდეგ თასიც აღმართა.
8: რუსლან მალინოვსკი ატალანტას პირველი ფეხბურთელია 1963 წლის შემდეგ, რომელმაც იტალიის თასის ფინალში გოლი შეაგდო.
58 წლის წინ ანჯელო დომენგინიმ ტორინოსთან 3:1 მოგებულ მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 20 მაისი)
ფოტო: juventus.it