ევროისტორია: 1984 – რეკორდები
ევროპის მეშვიდე ჩემპიონატმა დაწყებამდე დაამყარა რეკორდი – მონაწილეობის სურვილი ოცდაცამეტმა ქვეყანამ გამოთქვა, ერთით ნაკლებმა, ვიდრე იმ დროს უეფაში იყო გაწევრიანებული. განზე გადგა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში 1974 წელს შესული ლიხტენშტაინი, რომელმაც ნაკრების შექმნისგან თავი შეიკავა.
იტალიის შემდეგ საფრანგეთი მეორე ქვეყანა გახდა, რომელმაც კონტინენტის პირველობას მეორედ უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ სწორედ საფრანგეთში გაიმართა 1960 წლის ევროპის ერთა თასის პირველი გათამაშება.
1981 წლის დეკემბერში უეფას ამღასრულებელმა კომიტეტმა ოფიციალურად დაადასტურა საფრანგეთის არჩევის შესახებ. საინტერესოა, რომ ხსენებული უფლების მოსაპოვებლად გფრის, ინგლისის და საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციებიც იბრძოდნენ.
პირველი ორის კანდიდატურა უეფამ იმ მოტივით უარყო, რომ ახლო წარსულში მათ მსოფლიო ჩემპიონატებს უმასპინძლეს (ინგლისმა 1966, ხოლო გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ 1974 წელს). რაც შეეხება საბერძნეთს, უეფას ხელმძღვანელთა თქმით, ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ არასრულყოფილი პროექტი წარადგინა.
შესარჩევი ტურნირის წილისყრამდე რამდენიმე მნიშნელოვანი საკითხი იყო გადასაჭრელი და უეფას ხელმძღვანელებიც პირველად სწორედ ამაზე ფიქრობდნენ.
უცნაურია, მაგრამ მაღალჩინოსნები კვლავ დავობდნენ ფინალური ეტაპის თაობაზე. შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, სადაც უეფას აღმასრულებელი კომიტეტი ევროპის 1980 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის შედეგებს აჯამებდა, ხმაურიანი დებატები გაიმართა რვა და ოთხგუნდა ჩემპიონატის მომხრეებს შორის. ერთნი თვლიდნენ, რომ იტალიაში თამაშების სანახაობრივი მხარე აშკარად ჩამოუვარდებოდა 1976 წლის ევროპის ჩემპიონატს, მეორენი კი აცხადებდნენ, რომ რვაგუნდა ფინალური ეტაპი აუცილებლად გაამართლებდა.
იტალია 80ის მხარდამჭერნი ფაქტებს ვერსად გაექცნენ: 1976 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისგან განხვავებით იკლო შედეგიანობამ. თუ იუგოსლავიაში ერთ შეხვედრაში საშუალოდ 4,75 გოლი გადიოდა, იტალიაში ეს მაჩვენებელი 1,93მდე დაეცა. გარდა ამისა, იტალიაში რამდენიმე მოსაწყენი შეხვედრა გაიმართა (მაგალითად გფრ-საბერძნეთი, რომელსაც ცხრილიდან გამომდინარე, აზრი არ ჰქონდა), მაშინ, როცა იუგოსლავიაში თამაშებს არაფერი დაეწუნებოდა.
რვაგუნდა ჩემპიონატის მოწინააღმდეგეთა მიუხედავად, ფინალური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობა, ხმათა უმრავლესობით, უცვლელი დარჩა. რაც შეეხება ფორმატის დახვეწას, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამაზე სხდომიდან სხდომამდე იმსჯელებდნენ.
წინასამატჩო პრობლემების გადაჭრის შემდეგ ჯერი წილისყრაზე მიდგა. სანახაობისთვის მეტი დატვირთვის შესაძენად, საზეიმო ცერემონია სორბონის უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში მოეწყო. მეტიც: უეფას პრეზიდენტმა არტემიო ფრანკიმ წილისყრაზე ფიფას ბრაზილიელი ხელმძღვანელი ჟოაო აველანჟი მიიწვია, რაც მანამდე არასდროს მომხდარა.
ისევე როგორც წინა შესარჩევში, მონაწილეები ამჯერადაც განთესეს. ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, გუნდები კოეფიციენტებით შეაფასეს – გაითვალისწინეს ევროპის წინა ჩემპიონატზე და მსოფლიო პირველობის შესარჩევ ტურნირებში ნაჩვენები შედეგები.
პირველ, ანუ უძლიერესთა კალათში მოხვდნენ ინგლისის, ბელგიის, ესპანეთის, იტალიის, გფრის და იუგოსლავიის ნაკრები გუნდები. საბჭოთა კავშირი ავსტრიასთან, უნგრეთთან, გდრთან, ნიდერლანდებთან, უელსთან და ჩეხოსლოვაკიასთან ერთად მეორე კალათაში მოხვდა. მეხუთე, უსუსტესთა შორის კი ალბანეთი, კვიპროსი, ლუქსემბურგი და მალტა აღმოჩნდნენ. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მაჩანჩალები შესარჩევ ტურნირს არნახულ დაძაბულობას და ხიბლს შესძენდნენ.
რაც შეეხება ევროპის 1984 წლის ჩემპიონატის თილისმას, ფრანგებმა იტალიელთა წამოწყება განაგრძეს და მეორე სიმბოლო წარადგინეს – საფრანგეთის ნაკრების ფორმაში გამოწყობილი მხიარული მამალი, სახელად პენო. ამას გარდა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ სხვადასხვა მხატვრებს მასპინძელი ქალაქების ოფიციალური სარეკლამო პლაკატებიც დაუკვეთა.
პირველ შესარჩევ ჯგუფში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბელგია, შვეიცარია, გდრ და შოტლანდია მოხვდა. ვარაუდობდნენ, რომ ფინალური ეტაპის საგზურისთვის მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის მონაწილეები ბელგია და შოტლანდია იბრძოლებდნენ, შვეიცარიას და აღმოსავლეთ გერმანიას კი ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.
პროგნოზები ნაწილობრივ გამართლდა: წითელმა ეშმაკებმა გართულებების გარეშე მოიპოვეს საფრანგეთის საგზური. მათი წარმატება მძლავრი სტარტითაც იყო განპირობებული – ბელგიელებმა საწყისი ოთხი თამაში მოიგეს, მათ შორის ორჯერ სძლიეს გერმანელებს.
ბელგიას ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მაჩანჩალად მიჩნეულმა შვეიცარიამ გაუწია – 1983 წლის 9 ნოემბერს მათ 3:1 სძლიეს ფავორიტს.
მეორე ჯგუფში ითამაშა სსრკ ნაკრებმა. 1982 წელს, ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდს პრიზიორთა შორის მოხვედრის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ თავი იჩინა შიდა დაპირისპირებებმა, უთავბოლოობამ და გუნდმაც მორიგი მსოფლიო პირველობა დაასრულა არასასურველი შედეგით.
ესპანური ჩავარდნის მიუხედავად, ვერავინ იფიქრებდა რომ საბჭოთა კავშირის ნაკრები ევრო 84ს მიღმა დარჩებოდა და საბჭოელებს პორტუგალიის არცთუ ძლიერი გუნდი აჯობებდა.
1983 წლის 13 ნოემბერს, ლისაბონში, და ლუშზე გამართული თამაში გადამწყვეტი გამოდგა. გამარჯვებული საფრანგეთში მიემგზავრებოდა. სათქმელია, რომ იმ დღეს საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში ორმა თბილისელმა – ალექსანდრე ჩივაძემ და თენგიზ სულაქველიძემ ითამაშეს.
მასპინძლებმა 43ე წუთზე ჟორდანის თერთმეტმეტრიანით გაიმარჯვეს – 1:0. სერგეი ბოროვსკიმ საჯარიმოში შეჭრილი შალანა წესის დარღვევით შეაჩერა და ფრანგ არბიტრ ჟორჟ კონტრას ბევრი არ უფიქრია, პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა.
პორტუგალიელის დარტყმული ბურთი რინატ დასაევმა ვერ მოიგერია, დარჩენილ დროში კი გუნდმა გოლი ვერ გაიტანა და მასპინძლებმაც გაიხარეს. ხოლო სსრკ ნაკრები ზედიზედ მესამედ დარჩა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მიღმა.
1983 წლის დეკემბერში საბჭოთა სპორტის მოხელეები მხოლოდ საფეხბურთო ნაკრების ჩავარდნაზე საუბრობდნენ, მათი საბოლოო გადაწყვეტილება კი ყველას ძალიან მკაცრი ეჩვენა: ნიკიტა სიმონიანს, ვინც გუნდის უფროსი გახლდათ, და ვალერი ლობანოვსკის, მთავარ მწვრთნელს, სამუდამოდ აუკრძალეს ნაკრებში მოღვაწეობა! საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელებმა ეს გადაწყვეტილება 17 დეკემბერს მიიღეს, მანამდე კი, 5 დეკემბერს, სიმონიანის და ლობანოვსკის მოხსენებები მოისმინეს…
მესამე შესარჩევ ჯგუფში მოხვდა ევროჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი ინგლისი, რომელსაც მეტოქეებად უნგრეთი, საბერძნეთი, დანია და ლუქსემბურგი ერგო. საკვალიფიკაციო ტურნირის ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია სწორედ ამ ჯგუფში მოხდა.
დანიამ გერმანელი მწვრთნელის ზეპ პიონტეკის ხელმძღვანელობით 80იანი წლების დასაწყისში საგრძნობი პროგრესი განიცადა, რამდენიმე შთამბეჭდავი გამარჯვებაც იზეიმა, ქომაგებმა კი გუნდს მეტსახელად დანიური დინამიტი უწოდეს.
პიონტეკის ნაკრებმა ჯერ კიდევ მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის შესარჩევში გააოცა სპეციალისტები, როცა კოპენჰაგენში მსოფლიოს მომავალი ჩემპიონი იტალია 3:1 დაამარცხა…
1982 წლის 22 სექტემბერს ევრო 84ის პირველი შესარჩევი მატჩი გაიმართა: კოპენჰაგენის იდროტსპარკენს ინგლისი ეწვია და… ვერ მოიგო – ფრე 2:2! სტუმრებმა იმ დღეს ახალი მწვრთნელის, შემდგომში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ინგლისელ სპეციალისტად აღიარებული ბობი რობსონის ხელმძღვანელობით ითამაშეს.
დანიაში დაკარგულმა ქულამ ინგლისელები ისე გააბრაზა, რომ მომდევნო ორ შეხვედრაში 12 გოლი გაიტანეს: საბერძნეთში 3:0 გაიმარჯვეს, ლუქსემბურგს კი უემბლიზე ცხრაჯერ დააწყებინეს ცენტრიდან თამაში – 9:0!
დანიის ნაკრები ნაკლებად ეფექტურად, მაგრამ მიზანდასახულად მიუყვებოდა გზას: 2:1 ლუქსემბურგში, 1:0 საბერძნეთთან, 3:1 უნგრეთის წინააღმდეგ…
1983 წლის 21 სექტემბერს დანიურმა დინამიტმა უემბლიზე დაიქუხა – პიონტეკის გუნდმა ლეგენდარულ და მრავლისმნახველ სტადიონზე 1:0 გაიმარჯვა! ეს იყო დანიის ნაკრების პირველი მოგება ინგლისის წინააღმდეგ!
ერთადერთი გოლი პენალტის ნიშნულიდან გავიდა: 37ე წუთზე ფილ ნილმა ბურთი ხელით მოიგერია, ბელგიელმა არბიტრმა პონემ თერთმეტმეტრიანისკენ მიუთითა, ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა დანიელმა ალან სიმონსენმა კი შანსი ხელიდან არ გაუშვა. გემახსოვრებათ: 1977 წელს ევროპის საუკეთესო მოთამაშის ტიტული და ოქროს ბურთი სწორედ სიმონსენმა მოიგო.
26 ოქტომბერს დანია უნგრეთში 0:1 დამარცხდა და ინგლისელ ფანებს იმედი გაუჩნდათ, რომ უკანასკნელ ტურში, საბერძნეთში, მეტოქე კიდევ ერთხელ წაიფორხილებდა.
16 ნოემბერს ინგლისმა ლუქსემბურგს რობსონის დუბლით და მარინერის და ბატჩერის ზუსტი დარტყმებით 4:0 სძლია, მაგრამ მაინც ფინალური ეტაპის მიღმა დარჩა. საქმე ისაა, რომ იმავე დღეს დანიამ ათენის ოლიმპიურ სტადიონზე პრებენ ელკიაერ-ლარსენის და ალან სიმონსენის ორი უპასუხო გოლით მოიგო – 2:0.
1983 წლის მიწურულს საფეხბურთო ჟურნალმა უორლდ სოკერმა ტრადიციულად დაასახელა რჩეულები, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად კი სწორედ დანიის ნაკრების გერმანელი დამრიგებელი აღიარა.
მეოთხე შესარჩევი ჯგუფი ყველაზე თანაბარი გამოდგა: ბულგარეთის, უელსის, ნორვეგიის და იუგოსლავიის ოთხეული იბრძოდა ევროჩემპიონატზე თამაშისთვის.
უელსის ნაკრებმა შესარჩევი ტურნირი 7 ქულით დაასრულა. კონკურენტი იუგოსლავია ბულგარეთში სტუმრობის წინ 6 ქულით მეორე იყო. ეს შეხვედრა დრამატული გამოდგა: ისკრენოვის მიერ 29ე წუთზე გატანილი გოლი ბულგარელების გარდა უელსელებსაც ძალიან გაუხარდათ; მალე საფეტ სუსიჩმა დუბლი გაიფორმა და იუგოსლავია დააწინაურა; 61ე წუთზე ბულგარეთმა ანგარიში გაათანაბრა – დიმიტროვმა დაარტყა ზუსტად და ბრიტანელებსაც კვლავ გაუჩნდათ ევროჩემპიონატზე თამაშის იმედი, მაგრამ საფინალო სასტვენამდე რამდენიმე წამით ადრე ლუბომირ რადანოვიჩმა ნანატრი გოლი შეაგდო – 3:2 და იუგოსლავიაც ევროჩემპიონატზე მოხვდა.
მეხუთე შესარჩევ ჯგუფში საკვალიფიკაციო ტურნირის მთავარი სენსაცია დაფიქსირდა: მსოფლიოს ჩემპიონი იტალია კონტინენტის პირველობის მიღმა დარჩა! ენცო ბეარზოტის გაწვრთნილი სკუადრა აძურა რუმინეთთან, ჩეხოსლოვაკიასთან, შვედეთთან და კვიპროსთან ერთად მოხვდა ჯგუფში.
ოფიციალური მატჩების წინ ვინმეს რომ ეთქვა მსოფლიოს ჩემპიონი მეოთხე ადგილისთვის კვიპროსთან იბრძოლებსო, გიჟად ჩათვლიდნენ, მაგრამ შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა ყველას დაანახა, რომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. იტალიამ ძალიან სუსტად ჩაატარა შესარჩევი ტურნირი და რვიდან მხოლოდ ერთი თამაში მოიგო, სამჯერ ითამაშა ფრედ, ოთხი კი წააგო! განსაკუთრებით მტკივნეული გამოდგა შვედებთან მარცხი – სტოკჰოლმში 0:2, ნეაპოლში კი 0:3. აქვე გეტყვით, რომ ეს იყო იტალიელთა ყველაზე მწარე საშინაო წაგება 1955 წლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ შვედებმა შესანიშნავად ითამაშეს მსოფლიოს ჩემპიონების წინააღმდეგ, ფინალურ ეტაპზე ისინი კი არა, რუმინელები მოხვდნენ. კარპატელების 36 წლის მთავარმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ ეროვნული გუნდი ძალიან გადაახალისა, ბუქარესტელების გარდა ნაკრებში სხვა კლუბების გამორჩეულ ფეხბურთელებსაც უხმო და შედეგმაც არ დააყოვნა – კვიპროსთან და შვედებთან გამარჯვების შემდეგ რუმინელებმა იტალიას ოთხიდან სამი ქულა აართვეს!
VI ჯგუფი ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა გფრმ, ავსტრიამ, ჩრდილოეთ ირლანდიამ, თურქეთმა და ალბანეთმა დააკომპლექტეს.
სენსაცია აქაც დაფიქსირდა: იუპ დერვალის გაწვრთნილი ბუნდესნაკრები ჩრდილოირლანდიასთან ორჯერ დამარცხდა, ასეთი რამ კი ისტორიას არ ახსოვდა! ბრიტანელებმა ორივე თამაში 1:0 მოიგეს და ორივე შემთხვევაში გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა იან სტიუარტმა. თუ ბელფასტში მასპინძლებმა მისი გოლით გაიმარჯვეს, ჰამბურგში გამართულ შეხვედრაში სწორედ მისი დაწყებული კომბინაცია გამოდგა საგოლე – ერთადერთი ბურთი ნორმან უაითსაიდმა მას შემდეგ გაიტანა, რაც ტონი შუმახერმა ცუდად მოიგერია სტიუარტის დარტყმა.
საბოლოო ცხრილში გერმანელებმა და ჩრდილოირლანდიელებმა 11-11 ქულა დააგროვეს და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონებმა მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდებით გაიმარჯვეს. პირადი შეხვედრები რომ ყოფილიყო უპირატესი, საფრანგეთში ჩრდილოეთ ირლანდია ითამაშებდა…
ამ ჯგუფიდან კიდევ ორ ფაქტს აღვნიშნავ: 1983 წლის 21 სექტემბერს, ავსტრიასთან 3:1 მოგებულ მატჩში საიუბილეო, მე100 შეხვედრა ჩაატარა ნაკრებში ლეგენდარულმა ჩრდილოირლანდიელმა მეკარე პატ ჯენინგსმა, გერმანელთა შეტევის ლიდერი, ოქროს ბურთის 1980 და 1981 წლების მფლობელი კარლ-ჰაინც რუმენიგე კი 7 გოლით საკვალიფიკაციო ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
VII ჯგუფში ესპანეთის, ნიდერლანდების, ირლანდიის, ისლანდიის და მალტის ნაკრები გუნდები მოხვდნენ. ფინალური ეტაპის საგზური ესპანელებმა და ნიდერლანდელებმა გაითამაშეს.
1982 წლის 19 დეკემბერს მალტას ნარინჯისფერთათვის უნდა ემასპინძლა. იმ დროისთვის უეფამ კუნძულელებს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა – მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში, პოლონელებთან, მალტელი გულშემატკივრები, მსაჯ მაქსიმოვიჩის მოხსენებით, უწესოდ იქცეოდნენ. ამიტომ მალტელები ისლანდიას იტალიის ქალაქ მესინაში დაუხვდნენ.
ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა მალტელ კოლეგებს 30 ათასი დოლარი შესთავაზეს, ამას გარდა ყველა ხარჯი თავის თავზე აიღეს და მალტა გერმანიის ქალაქ აახენში სტუმრობაზე დაითანხმეს. კუნძულელებმა ფინანსურად კი მოიგეს, მაგრამ მწვანე მინდორზე მეტოქემ გაიმარჯვა – 6:0.
ამ ფაქტის გამო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას მიმართა და ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირის დასჯა მოითხოვა, მაგრამ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში წესების დარღვევა ვერ აღმოაჩინეს და ესპანელთა პროტესტიც არ დაკმაყოფილდა.
1983 წლის 17 დეკემბერს ნიდერლანდებმა მალტა კიდევ ერთხელ, ამჯერად 5:0 გაანადგურა და საკვალიფიკაციო ჯგუფი 13 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. შთამბეჭდავი იყო ბურთების შეფარდებაც – 22:6.
უკანასკნელი შესარჩევი მატჩის წინ ესპანეთს მხოლოდ მოგება არ აწყობდა – საფრანგეთში თამაში თუ სურდა, მინიმუმ 11(!) ბურთის სხვაობით უნდა მოეგო!
ესპანელთა მთავარი მწვრთნელი, 50იანი წლების ლეგენდარული რეალის კაპიტანი და მოგვიანებით თავკაცი მიგელ მუნიოსი მალტელებთან მატჩის წინ ამბობდა: „11 გოლის გატანა ცარიელ კარშიც რთულია. ჩვენ მძიმე ამოცანა უნდა გადავჭრათ, თუმცა გვახსოვს, რომ მიუღწეველი არაფერია და ამიტომ ყველას ვპირდები – ბიჭები საფრანგეთის საგზურის მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ“!
ისტორიული თამაში სევილიაში გაიმართა, მაგრამ ამჯერად ბენიტო ვილიამარინზე და არა სანჩეს პისხუანზე.
თამაშამდე ნიდერლანდელმა სტატისტიკოსებმა ერთი საინტერესო ცნობა მოიძიეს: 1978 წლის შემდეგ ესპანეთს საშინაო შეხვედრებში 5 გოლზე მეტი არ ჰქონდა გატანილი. ამ ფაქტს ესპანეთი-მალტის დაპირისპირების წინ არაერთი გამოცემა იშველიებდა.
თუმცა ერთია მოლოდინი და მეორე – რეალობა: ესპანეთმა 12:1 გაიმარჯვა! და ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა!
მე2 წუთზე მალტის ნაკრების კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ესპანელთა სამწუხაროდ, სენიორის დარტყმა გოლად არ იქცა.
ანგარიში მხოლოდ მე16 წუთზე გაიხსნა: სანტილიანამ გაახარა ქომაგები, თუმცა 24ე წუთზე ტაბლოზე 1:1 ენთო – დემანუელმა გაათანაბრა.
პირველი ტაიმი ესპანეთმა 3:1 მოიგო. 45 წუთში რვა გოლის გატანა რთულია, ნიდერლანდებშიც იმედოვნებდნენ, რომ მათ საყვარელ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატს მხოლოდ 45 წუთი აშორებდათ, მაგრამ სევილიური მატჩის დასრულების შემდეგ ნარინჯისფერები და გულშემატკივრები შოკში იყვნენ: ესპანელებმა 4-4 გოლი რამდენიმეწუთიანი ინტერვალით გაიტანეს, პირველად 57-64, შემდეგ კი 76-86ე წუთებზე.
12:1!
ნიდერლანდებში დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ესპანელებმა მალტელები მოისყიდეს. იჩივლეს კიდეც უეფაში, მაგრამ შვეიცარიაში თამაშის ჩანაწერი რამდენჯერმე განიხილეს და საეჭვო ვერაფერი შენიშნეს და საქმეც დასრულდა.
ესპანეთისა და მალტის სარეკორდო თამაშში რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა:
ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირში პირველად გაიმარჯვა ერთმა გუნდმა 11 გოლის სხვაობით;
პირველად დასრულდა მატჩი ასეთი ანგარიშით;
პირველად გაიტანეს მეტოქეებმა ერთ შეხვედრაში 13 გოლი;
ევროჩემპიონატის ეგიდით გამართულ თამაშში პირველად შეასრულა ერთი გუნდის ორმა წევრმა პოკერი – სანტილიანამ და რინკონმა…
(I ნაწილის დასასრული)
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 21 მაისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი