მილანი დაბრუნდა!

საკლუბო ფეხბურთი ჩემს ყოველდღიურობაში როცა შემოიჭრა, მაშინ მილანი მწვერვალზე იდგა: ტასოტი-კოსტაკურტა-ბარეზი-მალდინის გაუვალი დაცვა, დონადონი-რაიკაარდი-ალბერტინი-გულიტი შუაში და წინ უნაკლო ვან ბასტენი.
სკუდეტოები, იტალიის სუპერთასები, ჩემპიონთა, ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო ჯილდოები…
არიგო საკის დიდი და უნაკლო მილანი ზედიზედ იგებდა ტიტულებს, თასებამდე კი არავის ინდობდა: თამაშში, და მათ შორის ჩემპიონთა თასის ფინალში ოთხი გოლი ჩვეულებრივი ამბავი იყო.

მერე საკი კაპელომ შეცვალა, მაგრამ მილანი ისევ მწვერვალზე დარჩა. გუნდმა ტიტული მოიგო ნაკლებად ცნობილი ალბერტო ძაკერონის ხელშიც. ამით იმის თქმა მინდა, რომ მწვრთნელების ცვლის მიუხედავად, გუნდი პოზიციებს არ თმობდა – სტაბილურად ლიდერთა შორის იდგა.

კიდევ ცოტა ხანში შავ-წითელი მაისური თბილისის ამჟამინდელმა მერმა მოირგო და, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან მხოლოდ იუვენტუსს ვქომაგობ, მილანი გამორჩეულად საყვარელი გუნდი გახდა.

კალაძე ათი წელი დარჩა სან სიროზე და ამ ხნის განმავლობაში ყველა თასი ჩაიბარა, რაზეც კი ფეხბურთელმა შეიძლება იოცნებოს.

და სწორედ მისი იტალიური კარიერის მიწურულს გაიბზარა მილანური კედელი, ხოლო მას შემდეგ რაც სილვიო ბერლუსკონიმ კლუბი გაასხვისა, შავ-წითლები 80იანი წლების დასაწყისში დაბრუნდნენ – სერია ბში დაქვეითება კი თავიდან აიცილეს, მაგრამ ვერც ცხრილის ეკვატორს დააღწიეს თავი. ჩემპიონთა ლიგა კი არა, ლამის ევროპალიგაც სანატრელი გაუხდათ.

2014 წლის ადრიან გაზაფხულზე მადრიდის ატლეტიკომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან დაიფრინა მილანი და მას შემდეგ როსონერი მთავარ საკლუბო ტურნირზე მხოლოდ ოცნებობდა.

გუშინ კი სტეფანო პიოლის გუნდმა ბერგამოში ატალანტას 2:0 მოუგო და, როგორც ერთგულმა ტიფოზებმა დაწერეს, მილანი სახლში დაბრუნდა – შემოდგომიდან ლიგაში ითამაშებს.

არ დავმალავ: გუშინ ატალანტას ვქომაგობდი. პირადი, ანუ იუვეს ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. ვიცოდი რომ პირლოს არცთუ საიმედო გუნდი ბოლონიას ადვილად მოუგებდა. თუნდაც რონალდუს გარეშე. ამიტომ თამაშისთვის არც შემიხედავს, მხოლოდ ატალანტა-მილანს ვუყურებდი.

პირველმა პენალტმა ხომ მომკლა და მეორემ – საერთოდ. მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც ჩვენ, შავ-თეთრებზე შეყვარებულებს გვსურდა: იუვე ოთხეულში მოხვდა და ვეკია სენიორაც ლიგაში ითამაშებს.

ასე რომ არ ყოფილიყო, ამდენს ნაღდად არ დავწერდი. მილანსაც ამიტომ ვადღეგრძელებ: სხვა თუ არაფერი, ამ გუნდს ბავშვობის კარგი და გემრიელი მოგონებები უკავშირდება: დიდ ფეხბურთთან პირველი შეხება, სუპერვარსკვლავები და… ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე – პაოლო მალდინი.

მილანის დაბრუნება ჩემპიონთა ლიგაში, მე თუ მკითხავთ, პირადად ამ კაცის დამსახურებაა.

ბერლუსკონის მერე აზიელიები რომ გამოჩნდნენ სან სიროზე, იმათ ხელში ყველაფერი ჩამოიქცა. პაოლოს მაშინდელ ინტერვიუებს როცა ვკითხულობდი, გულისტკივილს არ მალავდა, მაგრამ აღმოსავლეთიდან მოსულებს კალჩოს ლეგენდის სიტყვები დიდად არ ანაღვლებდათ.

მერე კლუბი ელიოტ მენეჯმენტმა გადაიბარა და ისინი კი მიხვდნენ, რომ მხოლოდ დიპლომირებული ტოპ-მენეჯერებით სიტუაცია არ გამოსწორდებოდა – კლუბის სიმბოლოსაც უხმეს. პაოლო მალდინი ჯერ საკლუბო განვითარების დეპარტამენტში დანიშნეს, მალე კი ტექნიკური დირექტორის პოზიციაზე დააწინაურეს.

სტეფანო პიოლი რომ მილანის მთავარი მწვრთნელია, ამაში მალდინის დიდი წვლილია.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი რომ გუნდში დაბრუნდა, ესეც მისი დამსახურებაა.

არაფერს ვამბობ თეო ერნანდესზე, ამ მილანის ერთ-ერთი ლიდერზე და დღეს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა ფლანგელზე – პირადად პაოლოს გაჩარხულია ეს ტრანსფერი.

რომი ერთ დღეში არ აშენებულაო, ფეისბუქმა მამცნო ერთ დღეს.

სავარაუდოდ, მილანსაც ძალიან გაუჭირდება გაისად ამ დროს ლიგის ფინალში გასვლა, მაგრამ დიდი წარმატებებისთვის საფუძველი ჩაყრილია.

მჯერა, რომ ეს მილანი გაცილებით კარგად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაში, ვიდრე სკუდეტოს მფლობელმა ინტერმა შეძლო შარშან, შემოდგომით.

პაოლო მალდინის და მის მილანს მართლა ძალიან ცხელი ზაფხული ელით.

დანარჩენს დრო გვაჩვენებს.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 24 მაისი)

ka_GEGeorgian