ელ სუბმარინო ამარილიო: ევროპალიგის ფინალის 15 ფაქტი
გუშინ, პოლონეთის ქალაქ გდანსკში, ლეხის მშვენიერ სტადიონზე, ესპანეთის ვილიარეალმა პირველი ტიტული მოიგო – ევროპალიგის ფინალში გაცილებით სახელოვან და ტიტულიან მანჩესტერ იუნაიტედს არაფერი დაუთმო, საფეხბურთო ლატარეად წოდებულ პენალტების სერიაში კი 11:10 გაიმარჯვა და ევროთასი შემართა!
ვილიარეალი არათუ ევროპის, ესპანური მასშტაბითაც პატარა კლუბია, 90ების მიწურულიდან დაწინაურდა ლა ლიგაში, თუმცა ევროფეხბურთში საკუთარი კვალი უკვე დატოვა.
გუშინდელ ტრიუმფამდე ყვითელი წყალქვეშა ნავის ყველაზე დიდი წარმატება 2003 და 2004 წლებში მოგებული ინტერტოტოს თასი იყო, ერთგვარი სანუგეშო ტურნირი მეოთხე-მეხუთე ეშელონის კლუბებისთვის.
რამდენიმე წლის შემდეგ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც ითამაშა, მაგრამ სოლიდური ტიტული გუშინდლამდე მიუღწეველი იყო.
2021 წლის 26 მაისს კი კლუბის ისტორიაში ოქროს ფურცელი ჩაიწერა და 2023 წელს, როცა ელ სუბმარინო ამარილიო საუკუნოვან იუბილეს იზეიმებს, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ გუშინდელ მატჩს ტკბილად გაიხსენებენ.
ვილიარეალი-მანჩესტერ იუნაიტედის ევროფინალი არაერთი საინტერესო ფაქტით გამოირჩა და მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ჩამოვწერე:
1: უეფას თასის/ევროპალიგის ისტორიაში ვილიარეალი მხოლოდ მე6 კლუბია, რომელმაც თასი დაუმარცხებლად აღმართა.
პირველად ეს ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფურმა შეძლო 1971-72 წლების სეზონში.
1978-79 წლებში მისი შედეგი მიონხენგლადბახის ბორუსიამ გაიმეორა.
1981-82 და 1986-87 წლებში შვედეთის გიოტებორგმა ორჯერ მოიგო თასი მატჩის წაუგებლად.
1991-92 წლებში ამსტერდამის აიაქსმა იარა უშეცდომოდ, ხოლო 2018-19 წლების სეზონში ლონდონის ჩელსიმ.
2: ვილიარეალი და მანჩესტერ იუნაიტედი ევროპის საკლუბო ტურნირებში მეხუთედ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და კვლავ ფრედ ითამაშეს.
2005 და 2008 წლებში მათი 4 ჩემპიონთალიგური დაპირისპირება ერთნაირი ანგარიშით, 0:0 დასრულდა.
3: ევროპის საკლუბო ტურნირების ბოლო 10 ესპანურ-ინგლისური ფინალიდან, კონტინენტის სუპერთასის ჩათვლით, პირენეელებმა ყველა, ათივე გადამწყვეტი მატჩი მოიგეს!
ამ 10 ფინალიდან 4 მანჩესტერ იუნაიტედმა დათმო: 2009 და 2011 წლებში ჩემპიონთა თასი, 2017 წელს – სუპერთასი, გუშინ – ევროპა ლიგა.
ბოლო ინგლისური კლუბი, რომელმაც ფინალში ესპანელ მეტოქეს სძლია, ლივერპულია – მერსისპირელებმა 2001 წლის უეფას თასის ფინალში ვიტორიის ალავესი დაამარცხეს.
4: უნაი ემერი პირველი მწვრთნელია, რომელმაც უეფას თასი/ევროპალიგა მეოთხედ მოიგო!
ესპანელმა სპეციალისტმა იტალიელ ჯოვანი ტრაპატონის გადაასწრო, რომელმაც 1977 და 1993 წლებში იუვენტუსთან ერთად მოიგო ეს თასი, ერთხელაც მილანის ინტერში მუშაობისას.
2014, 2015 და 2016 წლებში უნაი ემერიმ სევილიასთან ერთად ზედიზედ სამჯერ გაიმარჯვა ამ გათამაშებაში, რაც თავის მხრივ, რეკორდია.
2019 წელს მან ლონდონის არსენალიც გაიყვანა ფინალში, თუმცა მეთოფეები ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ ფინალში თანაქალაქელ ჩელსისთან განადგურდნენ.
5: 2013-14 წლების ევროპალიგის ფინალში სევილიამ ლისაბონის ბენფიკა პენალტების სერიაში დაამარცხა. მას შემდეგ თასის მფლობელი პირველად გამოვლინდა 11მეტრიანების სერიაში. იმ სევილიას… უნაი ემერი წვრთნიდა.
6: მანჩესტერ იუნაიტედმა ყველა ტურნირზე ბოლო 7 პენალტების სერიიდან მე6 წააგო.
ოლდტრაფორდელებმა საფეხბურთო ლატარეაში მხოლოდ როჩდეილი დაამარცხეს, 2019 წლის სექტემბერში, ლიგის თასის მესამე წრეში.
7: დავიდ დე ხეას კარში გატანილი გოლით ხერარდ მორენო ვილიარეალის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორს, იტალიელ ჯუზეპე როსის გაუთანაბრდა. ახლა მათ ანგარიშზე 82-82 გოლია.
8: იმავე ჯუზეპე როსის შემდეგ (2010-11 – 32 გოლი) მორენო პირველია, რომელმაც ვილიარეალის მაისურით ერთ სეზონში 30 გოლი შეაგდო.
9: ვილიარეალის 35 წლის კაპიტანმა რაულ ალბიოლმა მეორედ მოიგო ეს თასი. როცა მან პირველად გაიმარჯვა ამ შეჯიბრებაში, ვალენსიის შემადგენლობაში 2003-04 წლების სეზონში, ტურნირს ჯერ კიდევ უეფას თასი ერქვა.
10: 18 წლის და 218 დღის იერემი პინომ იკერ კასილიასის რეკორდი გააუმჯობესა – ყველაზე უმცროსი ესპანელი გახდა, რომელმაც ევროტურნირის ფინალში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.
2000 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვალენსიის წინააღმდეგ კასილიასი 19 წლის და 4 დღის იყო.
11: კოლუმბიელმა კარლოს ბაკამ ევროპალიგა მესამედ მოიგო!
2014 და 2015 წლებში ის უნაი ემერის გაწვრთნილ სევილიაში თამაშობდა.
12: 34 წლის ედინსონ კავანი მე3 ყველაზე ასაკოვანია, რომელმაც ინგლისური კლუბის მაისურით ევროფინალში გაიტანა გოლი.
2000-01 წლების სეზონში, უეფას თასის ფინალში 36 წლის გარი მაკალისტერმა გაახარა ლივერპულის ფანები (ალავესთან), 2011-12 წლების ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში კი 34 წლის დიდიე დროგბამ (ჩელსი) გაუტანა საპასუხო გოლი მიუნხენის ბაიერნს.
13: მეისონ გრინვუდმა ამ სეზონში 52ედ იასპარეზა მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით.
ეს ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე თინეიჯერთა რეკორდის გამეორებაა – პედრიმაც ამდენჯერ ითამაშა ბარსას შემადგენლობაში.
14: ვილიარეალი მე5 ესპანური კლუბია, რომელმაც ეს თასი მოიგო.
2006, 2007, 2014, 2015, 2016 და 2020 წლებში სევილიამ მოიგო გათამაშება, 2010, 2012 და 2018 წლებში მადრიდის ატლეტიკომ, 1985 და 1986 წლებში მადრიდის რეალმა, 2004 წელს კი ვალენსიამ.
ფინალში 2ჯერ ითამაშეს ესპანიოლმა და ბილბაოს ატლეტიკმა, ერთხელ ალავესმა, თუმცა დამარცხდნენ.
თასის 5 მფლობელი ჰყავს ინგლისს და გერმანიას, თუმცა მოგებული ფინალებით – 13, ესპანეთი ორივეს უსწრებს: შესაბამისად 9 და 6.
15: მას შემდეგ რაც უეფას თასს ევროპალიგა ეწოდა, ვილიარეალმა ესპანური გუნდებიდან ყველაზე მეტჯერ, მერვედ ითამაშა ტურნირში. ამ მხრივ მეორე ადგილზე ბილბაოს ატლეტიკია – 6.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 27 მაისი)
ფოტო: uefa.com