მურანო

ვენეციაზე ამასწინანდელი წერილი იმით დავიწყე, თუ როდის შევიტყვე პირველად ამ მშვენიერი ქალაქის შესახებ. და რადგან კუნძულები მურანო და ბურანო იტალიის მარგალიტის განუყოფელი ნაწილია, ამ პატარა ჩანახატსაც მსგავსი დასაწყისი ექნება.
2000ების გარიჟრაჟზე ტელეკომპანია იმედი ყოველ კვირა საღამოს გიორგი თარგამაძის საავტორო გადაცემა დროებას გვთავაზობდა. ის საინტერესო სიუჟეტების გამო მომწონდა – ჟურნალისტები საქართველოსა და უცხოეთში მომზადებულ მშვენიერ რეპორტაჟებს გვთავაზობდნენ.
ერთ დღესაც დროების რეპორტიორი, თუ არ ვცდები გოგონა, მურანოზე და ბურანოზე გაემგზავრა და მშვენიერი სიუჟეტიც მოამზადა.
ასე გავიცანი ეს ორი ულამაზესი და კოხტა კუნძული. ის ვიდეოდღიური ძალიან მომეწონა: ფერად-ფერადი სახლები და ქალაქები მანამდეც მიყვარდა, ზღვა ხომ ისედაც ჩემი სისუსტე იყო, ამას დამატებული საოცარი ნაკეთობები და… იმ ათწუთიანმა ჩანახატმა კი იქაურობის მონახულება გადამაწყვეტინა!

მას მერე დიდი დრო გავიდა. ორი წლის წინ კი, როცა ვენეციას ვესტუმრე და იქაურობას სამი დღით შევრჩი, ერთი სწორედ მურანოს და ბურანოს დავუთმე.

მე და ნინომ ორივე კუნძული ერთ დღეში მოვიარეთ და რადგან ჯერ მურანოზე დავდგით ფეხი, ამიტომ იქაურობით დავიწყებ.

თავშივე უნდა ვთქვა: ტურისტები ბურანოს ანიჭებენ უპირატესობას. ვენეციაში კუნძულების ამბავი რომ მოვიკითხეთ, გვირჩიეს პირდაპირ ბურანოზე წადითო, მაგრამ ჩვენ საკმაო დრო გვქონდა და მურანოს გამოტოვება დაუშვებლად მივიჩნიეთ. თუმცა ის კი უნდა ვთქვა, რომ კეთილისმსურველების რჩევები ნაწილობრივ მაინც გავითვალისწინეთ და ამ პატარა ქალაქ-კუნძულს ბურანოსთან შედარებით ნაკლები დრო დავუთმეთ.

არაფერი წაგვიგია – ბურანო უკეთესი გამოდგა, თუმცა არც იმას ვიტყვი, რომ მურანოზე სანახავი არაფერია.

ვენეციიდან დილით გავედით და კუნძულამდე სულ ცრიდა. უცხოეთში დასასვენებლად წასულს ყველაზე ძალიან უამინდობის მეშინია და გემზე ასული იმას ვფიქრობდი, ვაითუ კუნძულებზე გამგზავრებით შეცდომა დავუშვით-მეთქი.

ვენეციიდან მურანომდე დაახლოებით ნახევარი საათი ვიმგზავრეთ. კუნძულზეც ავდარი დაგვხვდა და ამიტომაც, ჩვენი გიდის რჩევას – სანამ გამოიდარებს, იქნებ მინის ნაკეთობების საამქროს მონახულება გესიამოვნოთო, ადვილად დავთანხმდით.

დაახლოებით ათკაციანი ჯგუფები შედიოდნენ იმ საამქროში, რომელშიც მართლა ლამაზ და ფერად ნივთებს თქვენს თვალწინ ამზადებენ. ბილეთის და მოკლე ტურის ღირებულება 3 ევროა, სანახაობა კი თითქმის ნახევარ საათს გრძელდება, შესაძლოა ცოტა უფრო დიდხანს.

იქვე, საამქროშივეა ძვირფას ნაკეთობათა სალონი. დაგვაინტერესა და შევედით, მაგრამ ფოტოები ვერ გადავიღე – მასპინძელმა მკაცრად გამაფრთხილა, ყველაფერი ერთ ეგზემპლარად მზადდება, ამიტომ მათი ფოტოგადაღება აკრძალულიაო.

მინის ნივთები კი მართლა ულამაზესი იყო: ჭაღები, ჭიქები, სანათები, სარკეები, ჭიქები და დოქები, აბაჟურები, აბაზანის მოსართავი აქსესუარები… ყველაფერი მომეწონა, ფასებიც კი იცოცხლეთ, არ დაიწუნებოდა. მაგალითად მუქი ლურჯი, გამჭვირვალე და ოქროსფერი ზოლებით დამშვენებული ორი მაღალყელიანი ჭიქა ათას ევროდ იყო შეფასებული. რამდენიმე ჭაღსაც ავხედე – ყველაზე იაფს თორმეტი ათასი ეწერა…

მოკლედ, ცეცხლში ნაწრთობ და ნაშობ ნივთებს ცეცხლის ფასი ედო.

იმ საამქროდან გამოსული ჯგუფი მალევე დაიშალა. ჩვენი ბილეთი ბურანოზე ნებისმიერ დროს გამგზავრების საშუალებას იძლეოდა და ამიტომაც, სხვებთან ერთად სეირნობას მარტო ხეტიალი ვამჯობინეთ.

იქიდან გამომდინარე, რომ მურანო მხოლოდ 7 კუნძულს აერთიანებს, რომლებსაც თავის მხრივ 8 არხი ჰყოფს, თავი მშვიდად და, ნამეტანი ხმამაღლა ნათქვამი თუ არ მოგეჩვენებათ, შინ ვიგრძენით.

მე კი მიყვარს დაგეგმილი მოგზაურობები, მაგრამ რუკების გარეშე სეირნობასაც თავის ხიბლი აქვს. მთავარია დრო გქონდეს საკმარისად, იმ დღეს კი ჩვენ არსად გვეჩქარებოდა.

დაახლოებით ერთსაათიანი ხეტიალის და ორი მცირე ხიდის გადავლის შემდეგ მურანოს გრანდ კანალზე გავედით. ვენეციისას რა თქმა უნდა არ შეედრება, მაგრამ მასავით დახუნძლული კია სუვენირების დახლებით და შუშის ნაკეთობათა მაღაზიებით. ოღონდ ისურვეთ და ინატრეთ, თორემ ყველანაირ ნაკეთობას თუ სამკაულს იპოვით, რაც კი წარმოგიდგენიათ და რასაც გაიფიქრებთ!

მაღაზიებსა და ვიწრო სანაპიროზე სეირნობის შემდეგ მურანოს მთავარ მოედანს მივადექით. იქაურობა ფერადი ბოთლებით აწყობილი ნაძვის ხით დამამახსოვრდა. და კიდევ იმით, რომ პატარა ხიდზე შემდგარ იაპონელ წყვილს სელფის გადაღება სურდა, თუმცა ჯოხზე დამაგრებული მობილური ტელეფონი მოწყდა, არხში ჩაიკარგა და ყურებამდე გაკრეჭილი ქალ-ვაჟიც გაღიმებული დატოვა. მსგავსი „სუვენირები“ მურანოს არხებში, სავარაუდოდ, ბევრი უნდა იყოს…

მურანოზე გასეირნება გემრიელი ნაყინით დავაგვირგვინეთ. და მერე ბურანოსკენ მიმავალ გემზე ავედით.

ლაშა გოდუაძე
ჩემივე ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
მურანო, იტალია; 2019 წლის 4 ოქტომბერი

ka_GEGeorgian