ჩელსის ორიანი

2020-21 წლების ევროსეზონი ჩემპიონთა ლიგის ინგლისური ფინალით დასრულდა: ჩელსიმ 1:0 დაამარცხა მანჩესტერ სიტი და მეორედ მოიგო მთავარი ევროტურნირი.
ერთადერთი გოლი კაი ჰავერცმა შეაგდო, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში… პირველად გაიტანა. მეისონ მაუნტის მშვენიერი საგოლე გადაცემაც უნდა ვახსენოთ – ნიჭიერმა ინგლისელმა დიდებული პასით გაჭრა სიტის დაცვის ცენტრი.

ფინალის სანახაობრივ მხარეზე საკამათო არაფერია: ბევრი უკეთესი გადამწყვეტი მატჩი გვინახავს. თითქოს შევეჩვიეთ კიდეც, რომ უკანასკნელი 90 წუთი არასდროსაა სანახაობრივი – ფსონის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მწვრთნელები მხოლოდ შედეგს ითხოვენ და ფეხბურთიც, გასაკვირი არაა, ძალიან ზარალდება.

მეორე მხრივ, მთავარი მაინც შედეგია და გუნდის, მწვრთნელის თუ მოთამაშის სიძლიერე სწორედ წარმატებული კარიერით იზომება. აქედან გამომდინარე, უსახური ან ნაკლებად ეფექტური თამაში ჩემპიონებს დიდად არ ანაღვლებთ. როგორც ერთი ცნობილი გამოთქმა გვეუბნება – გამარჯვებულებს არ ასამართლებენ.

ფინალის რჩეულად ლონდონელთა დაუღალავი ნახევარმცველი ნგოლო კანტე დასახელდა. ეს ტანმორჩილი ფრანგი პირველია, რომელმაც საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ორივე ნახევარფინალურ ჯახში და ფინალში მიიღო.

დიდი შანსია კანტე ევროპის წლის მოთამაშეც გახდეს, თუმცა საამისოდ დიდიე დეშამის გუნდმა ევროჩემპიონატზე უნდა გაიბრწყინოს. შეძლებენ თუ არა ამას მსოფლიოს ჩემპიონები, ერთად ვნახავთ – 12 დღეც და წლის მთავარი საფეხბურთო ტურნირი დაიწყება.

1: რომან აბრამოვიჩის მმართველობის პერიოდში ჩელსიმ მეოთხე დიდი ევროტიტული მოიგო: ჩემპიონთა ლიგა მეორედ (პირველად 2012 წელს) და ევროპალიგა 2013 და 2019 წლებში.
ზოგადად, ლონდონელებმა სამი მთავარი კონტინენტური ტურნირის ფინალში შვიდჯერ ითამაშეს და მეექვსედ გაიმარჯვეს. ჩელსი ერთადერთხელ დამარცხდა გადამწყვეტ მატჩში: 2008 წელს, მოსკოვში, ჩემპიონთა თასი პენალტების სერიაში დათმო მანჩესტერ იუნაიტედთან.

2: ევროპის საკლუბო ტურნირებში ჩელსი მესამედ დაუპირისპირდა მანჩესტერ სიტის და კვლავ 1:0 დაამარცხა.
1970-71 წლების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ნახევარფინალში ლონდონელებმა ორივე თამაში 1:0 მოიგეს.

3: მანჩესტერ სიტიმ ევროპის საკლუბო ტურნირის ფინალში 51 წლის შემდეგ პირველად ითამაშა! 1970 წელს, თასების თასის გადამწყვეტ მატჩში ქალაქელებმა ზაბრჟეს (პოლონეთი) გორნიკი დაამარცხეს.
ამხელა ინტერვალით ევროთასის ფინალში სხვა კლუბი არ გასულა.

4: ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი 1955-56 წლების სეზონიდან ტარდება და პირველად მოხდა, რომ ფინალი ზედიზედ გაიმართა ერთ ქვეყანაში.
შარშან გადამწყვე მატჩს ლისაბონის ბენფიკის სარბიელმა – და ლუშმა უმასპინძლა.

5: თომას ტუხელი ზედიზედ მესამე გერმანელი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა თასი შემართა. 2019 წელს ამ ტურნირში იურგენ კლოპის გაწვრთნილმა ლივერპულმა გაიმარჯვა, შარშან – ჰანს-დიტერ ფლიკის უნაკლო ბაიერნმა.
ერთი ქვეყნის სამმა მწვრთნელმა ევროპის მთავარი საკლუბო ჯილდო ზედიზედ ისტორიაში მხოლოდ მეორედ მოიგო. პირველად ინგლისელებმა 1980-82 წლებში – ბრაიან კლაფმა (ნოტინგემ ფორესტი), ბობ პეისლიმ (ლივერპული) და ტონი ბარტონმა (ასტონ ვილა).

6: ტუხელი მხოლოდ და მხოლოდ მეორე მწვრთნელია, რომელმაც ხოსეპ გვარდიოლას კლუბი ზედიზედ სამჯერ დაამარცხა. პირველად ეს მისმა თანამემამულე იურგენ კლოპმა შეძლო 2018 წელს.

7: მას შემდეგ რაც მანჩესტერ სიტის წვრთნის, ხოსეპ გვარდიოლამ პირველი ფინალი წააგო, სამწვრთნელო კარიერაში კი მხოლოდ მეორე. პირველად მას ჟოზე მოურინიუს რეალმა აჯობა ესპანეთის თასის გადამწყვეტ მატჩში, 2010-11 წლების სეზონში.

8: გვარდიოლა შთამბეჭდავ სამწვრთნელო კარიერაში მერვედ დამარცხდა ჩელსისთან, ამდენი თამაში კი სხვა კლუბთან არასდროს წაუგია.
ამავდროულად: გვარდიოლას ზედიზედ მესამედ მოეცარა ხელი ლონდონური კლუბის წინააღმდეგ, ასეთი რამ კი კარიერაში მხოლოდ მესამედ დაემართა. პირველად რეალთან 2012-14 წლებში, 2018 წელს კი ლივერპულთან.

9: სესარ ასპილიკუეტა გახდა პირველი ესპანელი, რომელმაც ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში უცხოურ კლუბს უკაპიტნა.
ასპილიკუეტა ჩელსის კაპიტანი იყო 2019 წელსაც, როცა გუნდმა ევროპალიგა მოიგო.

10: 21 წლის და 352 დღის კაი ჰავერცი ყველაზე ახალგაზრდა გერმანელია ლარს რიკენის შემდეგ, რომელმაც ლიგის ფინალში გაიტანა გოლი.
დორტმუნდის ბორუსიის შემტევი რიკენი 1997 წელს იუვენტუსის წინააღმდეგ 20 წლის და 322 დღის გახლდათ.

11: ჩემპიონთა თასი პირველად მოიგო ტრიუმფატორის შვილიშვილმა!
მარკოს ალონსოს ბაბუა, მარკიტოსი, 1956-60 წლებში ზედიზედ 5ჯერ დაეუფლა თასს მადრიდის რეალის შემადგენლობაში.

12: მარსელ დესაის (მარსელის ოლიმპიკი, მილანი), პაულო სოუზას (იუვენტუსი, დორტმუნდის ბორუსია), სამუელ ეტოოს (ბარსელონა, ინტერი) და ალვარო მორატას (იუვენტუსი, რეალი) შემდეგ ტიაგუ სილვა მხოლოდ მეხუთეა, რომელმაც ლიგის ფინალში ზედიზედ ითამაშა სხვადასხვა კლუბის მაისურით. ბრაზილიელი შარშან პარი სენ-ჟერმენის დაცვას ამაგრებდა.
ამავდროულად: სილვამ კლოდ მაკელელეს საკლუბო რეკორდი გააუმჯობესა და ჩელსის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი გახდა (36 წელი, 249 დღე), ვინც ევროპის საკლუბო ტურნირის ფინალში ითამაშა.

13: ჟორჟინიო გახდა მხოლოდ მეორე იტალიელი, რომელმაც ჩემპიონთა თასი უცხოური კლუბის შემადგენლობაში მოიგო.
1998 წელს, როცა რეალმა 32წლიანი შესვენების შემდეგ აღმართა ეს ჯილდო, სამეფო კლუბის მაისურით კრისტიან პანუჩი თამაშობდა.

14 ქრისტიან პულიშიჩი გახდა პირველი ამერიკელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.

15: ტრიუმფატორთა გოლკიპერმა ედუარდ მენდიმ პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაში და 9 მატჩში გოლი არ გაუშვა. დებიუტანტი მეკარეებისთვის ეს რეკორდია.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 30 მაისი)
ფოტო: uefa.com

ka_GEGeorgian