ევროისტორია: 1992 – გაერთიანება

1988 წლის ევროჩემპიონატიდან რამდენიმე თვის შემდეგ, კონტინენტის მომდევნო პირველობის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად, შვედეთსა და ესპანეთს შორის დიდი ბრძოლა გაჩაღდა.
ამ ორთან ერთად შესაძლო მასპინძლად ინგლისსაც მოიაზრებდნენ, მაგრამ კუნძულელებმა ოფიციალური პროექტის წარდგენისგან თავი შეიკავეს. მაშინ დაიწერა, რომ ფეხბურთის სამშობლო ოთხი წლის შემდგომი ევროპის ჩემპიონატისთვის უკეთ მოემზადებოდა და აქცენტს მომდევნო ევროპირველობაზე გააკეთებდა.
1988 წლის დეკემბერში, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, უეფას აღმასრულებელი კომიტეტი შეიკრიბა და სწორდ იქ გადაწყდა, რომ ევროპის 1992 წლის ჩემპიონატს შვედეთი უმასპინძლებდა.

ევროპული ფეხბურთის მმართველებმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ სკანდინავიურ ქვეყანას ორი მიზეზით მიანიჭეს უპირატესობა.

1992 წელს ბარსელონა ოლიმპიადის მისაღებად ემზადებოდა და ესპანეთს, სავარაუდოდ, გაუჭირდებოდა ორი დიდი სპორტული ფორუმის მიღება. გარდა ამისა, შვედეთში, ესპანეთისგან განსხვავებით, არასდროს გამართულა ევროპის ჩემპიონატი და ამ ქვეყანასაც ამიტომ მიეცა ეს შანსი.

ცნობისათვის: 1992 წელს ესპანეთში, კონკრეტულად კი სევილიაში, კიდევ ერთი უდიდესი ღონისძიება, რამდენიმე თვეზე გაშლილი მსოფლიო გამოფენაც – EXPO – იყო დაგეგმილი…

ევრო 92ში მონაწილეობის სურვილი უეფას წევრ ქვეყნებს 1990 წლის 15 იანვრამდე უნდა გამოეთქვათ. იმ დროისთვის 35 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ გააკეთა განაცხადი, რაც ევროჩემპიონატის ახალი რეკორდი იყო. ლიხტენშტაინს ზედიზედ მეოთხედ რომ არ ეთქვა უარი, რეკორდი ერთით გაიზრდებოდა.

შესარჩევი ტურნირის წილისყრა 1990 წლის 2 თებერვალს გაიმართა სტოკჰოლმის მუნიციპალიტეტის ახალ შენობაში – თაუნ ჰოლში. საზეიმო ცერემონიას უეფას ახალი გენერალური მდივანი, გერმანელი გერჰარდ აიგნერი ხელმძღვანელობდა. მან 1989 წელს შეცვალა შვეიცარიელი ჰანს ბანგერტერი, ვინც 1960 წლიდან მოღვაწეობდა უეფას ამ თანამდებობაზე.

ცერემონიის მსვლელობისას აიგნერს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი შვედი ფეხბურთელი, ლონდონის 1948 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული გუნარ ნორდალი ეხმარებოდა.

ტრადიციისამბერ, გუნდები სიძლიერის მიხედვით ხუთ კალათში გაანაწილეს. უძლიერეს შვიდეულში ინგლისის, ნიდერლანდების, ესპანეთის, იტალიის, რუმინეთის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და იუგოსლავიის ნაკრები გუნდები მოხვდნენ. მეორეში ბელგია, დანია, სსრკ, ირლანდია, პორტუგალია, შოტლანდია და ჩეხოსლოვაკეთი (1990 წლის იანვრიდან ამ ქვეყანას სწორედ ასე ეწოდა, ჩეხოსლოვაკიის ნაცვლად)…

ევროპის 1984 წლის ჩემპიონი საფრანგეთი, ცუდი შედეგების გამო, მესამე კალათში განითესა.

ყველაზე სუსტები ასე დაკომპლექტდნენ: ალბანეთი, კვიპროსი, ლუქსემბურგი, მალტა და ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტები – სან მარინო და ფარერის კუნძულები. ამ ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციები უეფაში 1988 წელს გაწევრიანდნენ.

ტურნირის თილისმაზე შვედებს ბევრი არ უფიქრიათ: ეს პატივი ზედიზედ მეორედ ერგო ბაჭია ბერნის. „უფროსი ძმისგან“ განსხვავებით, მან მხოლოდ მაისური შეიცვალა – გერმანიის ნაცვლად შვედეთის დროშის ფერებით მოიხატა.

საკვალიფიკაციო თამაშების დაწყებისთანავე ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა ერთით შემცირდა: 1990 წლის 3 ოქტომბერს გერმანიის ფედერაციული და დემოკრატიული რესპუბლიკები გაერთიანდნენ. საინტერესოა, რომ წილისყრით მათ ერთ ჯგუფში უნდა ეთამაშათ.

თუმცა გერმანიის გაერთიანება არ იყო ერთადერთი პოლიტიკური ფაქტი, რომელიც ევრო 92ის საკვალიფიკაციო ტურნირს შეეხო: I შესარჩევ ჯგუფში, სადაც საფრანგეთის, ჩეხოსლოვაკეთის, ესპანეთის, ისლანდიის და ალბანეთის გუნდები მოხვდნენ, პოლიტიკურმა პროცესებმა კორექტივა მხოლოდ დასასრულს შეიტანა.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჯგუფში ერთი შეხვედრაც არ დასრულდა ფრედ, ამაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ პირველადგილოსანმა საფრანგეთმა საუკეთესო თამაში აჩვენა და მდევარ ჩეხოსლოვაკეთს მთელი 8 ქულით აჯობა! არადა იმ დროს მოგებისთვის ჯერ კიდევ ორი ქულა იწერებოდა.

საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ საფრანგეთი კონტინენტის პირველობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად დასახელდა და არცთუ უსაფუძვლოდ: მიშელ პლატინის გაწვრთნილმა გუნდმა ყველა, რვავე მატჩი მოიგო, რაც მანამდე არასდროს მომხდარა.

ლეგენდარულმა ათიანმა ქვეყნის პირველი გუნდი 1988 წლის ნოემბერში ჩაიბარა – ყოფილი თანაგუნდელი ანრი მიშელი შეცვალა. პლატინის მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის შესარჩევში ხელი მოეცარა, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ მისი გათავისუფლება არ იჩქარა.

1989 წლის აპრილიდან 1992 წლის თებერვლის ჩათვლით მიშელ პლატინის საფრანგეთი ზედიზედ 19(!) თამაშის განმავლობაში დაუმარცხებელი გახლდათ, ეს კი ნაკრების ისტორიაში საუკეთესო სერია იყო.

სამფეროვნების ძლევამოსილი სვლა მარსელის ოლიმპიკის შეტევათა ლიდერის ჟან-პიერ პაპენის კარგი თამაშითაც გახლდათ განპირობებული. 1991 წლის შედეგებით პაპენი ევროპის წლის მოთამაშედ დასახელდა და ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთითაც დაჯილდოვდა.

ამ ჯგუფში ყველაზე დიდი ანგარიში 1990 წლის 19 დეკემბერს დაფიქსირდა ესპანეთისა და ალბანეთის ნაკრებთა მატჩში – პირენეელებმა 9:0 მოიგეს. მადრიდის რეალის ლიდერმა ემილიო ბუტრაგენიომ პოკერი შეასრულა და გუნდის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გახდა – ლეგენდარულ ალფრედო დი სტეფანოს გადაასწრო.

ახლა ზემოხსენებულ პოლიტიკურ ამბავზეც: 1991 წლის 18 დეკემბერს ალბანელებს ესპანეთისთვის უნდა ემასპინძლათ. იმ პერიოდში ტირანაში მძიმე პოლიტიკური სიტუაცია იყო, შეიარაღებული კონფლიქტი მძვინვარებდა და იქიდან გამომდინარე, რომ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, უეფამ თამაში გააუქმა. ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ასეთი გადაწყვეტილება ისტორიაში პირველად მიიღო.

შვედეთის საგზურისთვის II ჯგუფში შოტლანდიის, შვეიცარიის, რუმინეთის, ბულგარეთის და სან მარინოს ნაკრები გუნდები იბრძოდნენ.

სანმარინოელთა დებიუტი სრული კრახით დასრულდა – გუნდმა ყველა, რვა მატჩი წააგო და 33 გაშვებული გოლის წილ ერთადერთხელ გაიხარა. ისტორიული ბურთი 1991 წლის 27 მარტს, რუმინეთთან შინ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა პაზოლინიმ.

დანარჩენი ოთხი გუნდი თითქმის ერთი ძალისა იყო და რადგან ურთიერთშეხვედრებში ხშირად კარგავდნენ ქულებს, ბრძოლაც ძალიან დაძაბულად წარიმართა. საბოლოო ცხრილში პირველადგილოსანმა შოტლანდიამ მხოლოდ ორი ქულით აჯობა მეოთხე ადგილზე გასულ ბულგარეთს.

ევროპის ჩემპიონატის მონაწილე შოტლანდიამ მთელ შესარჩევში ერთადერთხელ წააგო და ისიც მეშვიდე თამაში რუმინეთთან. ბრიტანელებმა საკვალიფიკაციო ტურნირი 1991 წლის 13 ნოემბერს დაასრულეს სან მარინოსთან 4:0 გამარჯვებით.

მდევარი რუმინეთი 20 ნოემბერს სტუმრად ეთამაშებოდა ბულგარეთს და პირველ ადგილზე გასასვლელად ორი გოლით გამარჯვება სჭირდებოდა. კარპატელებმა კარგად დაიწყეს, გეორგე პოპესკუს გოლით დაწინაურდნენ და მალე მეორე ბურთის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ გეორგე ჰაჯიმ პენალტი ვერ გამოიყენა. 55ე წუთზე რუმინეთი ნასკო სირაკოვმა დასაჯა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1. თამაში ასეც დასრულდა და შოტლანდია, ისტორიაში პირველად, ევროჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

III საკვალიფიკაციო ჯგუფში მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის მასპინძელი და წინა ევროპირველობის, ასევე ბოლო მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი იტალია, საბჭოთა კავშირის ნაკრები, ნორვეგია, უნგრეთი და კვიპროსი მოხვდნენ.

შესარჩევი ტურნირი 1990 წლის შემოდგომით დაიწყო, წლის დასაწყისში კი საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაციამ ორი სუბიექტი მოისაკლისა: საქართველომ და ლიეტუვამ დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის დაფუძნების შესახებ განაცხადეს…

იტალიამ მძიმედ დაიწყო: ბუდაპეშტში უნგრეთთან ქულა მოიპოვა – რობერტო ბაჯომ პენალტით გაათანაბრა ანგარიში. 3 ნოემბერს სკუადრამ სსრკ ნაკრებს შინ ვერ აჯობა – 0:0. ჟურნალისტებმა აძელიო ვიჩინის გაშვება და მილანის მთავარი მწვრთნელის, არიგო საკის მიწვევა მოითხოვეს. იმ წლებში მილანი ფანტასტიკურად თამაშობდა და 1988-90 წლებში ევროპასა და მსოფლიოში საუკეთესო იყო, სკუდეტოს გარდა ჩემპიონთა ორი და ამდენივე ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო!

ჟურნალისტებს ვიჩინის გაშვება სხვა მიზეზითაც სურდათ – ყველამ იცოდა, რომ ვერმოგებული საშინაო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მწვრთნელს გუნდის რამდენიმე ლიდერთან ურთიერთობა დაეძაბა…

1991 წლის 5 ივნისს იტალია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ნიშანდობლივია, რომ სკუადრა აძურა 25ე წუთისთვის ორი ბურთით აგებდა… ამ წაგების შემდეგ იტალიელთა მდგომარეობა ძალიან დამძიმდა.

12 ოქტომბერს აპენინელები მოსკოვში ჩავიდნენ. ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი თამაში იყო, თუმცა გოლი ვერცერთმა გაიტანა – 0:0. ერთი თვის შემდეგ საბჭოთა კავშირის ნაკრები კვიპროსს ესტუმრა, 3:0 გაიმარჯვა და შვედეთის საგზურიც გაიფორმა. იტალიამ კი ტურნირი ასევე კვიპროსში გამარჯვებით დაასრულა (2:0), რის შემდეგაც აძელიო ვიჩინიმ ოფიციალურად დატოვა მთავარი მწვრთნელის თანამდებობა. მალე ის არიგო საკიმ შეცვალა.

მეოთხე ჯგუფში იუგოსლავია, დანია, ჩრდილოეთ ირლანდია, ავსტრია და ფარერის კუნძულები მოხვდნენ. სწორედ აქ დაფიქსირდა ევროჩემპიონატების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სენსაცია, რომელმაც ლუქსემბურგის მიერ 1964 წელს ნიდერლანდელთა ძლევა დაჩრდილა: 1990 წლის 12 სექტემბერს, ოფიციალური ტურნირების დებიუტანტმა ფარერის კუნძულებმა ავსტრიას შევდეთში, ლანდსკრუნაში უმასპინძლა და… 1:0 გაიმარჯვა! ტორკილ ნილსენმა 63ე წუთზე გაიტანა ისტორიული გოლი.

იღბლიანი დებიუტის მიუხედავად, კუნძულელები მაინც ბოლო ადგილზე გავიდნენ, ჯგუფის ფავორიტად აღიარებულმა იუგოსლავიამ კი გაცემული ავანსები სრულად გაამართლა: ბალკანელებმა ზედიზედ სძლიეს ჩრდილოირლანდიელებს, ავსტრიელებს და დანიელებს, რომ აღარაფერი ვთქვა ფარერელებზე.

1991 წლის 13 ნოემბერს იუგოსლავიამ ლუკიჩის და სავიჩევიჩის ზუსტი დარტყმებით სტუმრად მოუგო ავსტრიას და დანიას ქულით გაასწრო.

მაგრამ მათდა სამწუხაროდ, შესარჩევი ტურნირის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე ქვეყანა სამოქალაქო ომის ქარ-ცეცხლში გაეხვა, რამაც გუნდზე დამღუპველად იმოქმედა – ხორვატმა ფეხბურთელებმა, მათ შორის რობერტ პროსინეჩკიმ, რობერტ იარნიმ, დავორ შუკერმა, ზვონიმირ ბობანმა და სხვებმა იუგოსლავიის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადეს…

V ჯგუფში ამდენივე ნაკრები მოხვდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ოთხმა ითამაშა: მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და დემოკრატიული რესპუბლიკა ერთ გერმანიად გაერთიანდნენ, რის შემდეგაც ბუნდესგუნდი ბელგიას, უელსს და ლუქსემბურგს გაეჯიბრა.

მსოფლიოს ჩემპიონებმა ევრო 92ისკენ სვლა ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით დაიწყეს: ფიფას ოქროს თასის მოგების შემდეგ ფრანც ბეკენბაუერი თანამდებობიდან გადადგა და ის ბერტი ფოგთსმა შეცვალა, ევროპის 1972 და მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულმა. იტალიაში გამართულ უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე ფოგთში კაიზერ ფრანცის თანაშემწე გახლდათ.

ახალი მწვრთნელის ოფიციალური დებიუტი 1990 წლის 31 ოქტომბერს შედგა ლუქსემბურგის წინააღმდეგ: იურგენ კლინსმანის, უვე ბაინის და რუდი ფიოლერის გოლებით გერმანელები იოლად კი უგებდნენ ლუქსემბურგს, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 3:2 გაიმარჯვეს.

გერმანიის არადამაჯერებელი თამაშით შესანიშნავად ისარგებლა უელსმა, რომელმაც ტურნირი კარგად დაიწყო. 1991 წლის 5 ივნისს, კარდიფში, დრაკონებმა (უელსელთა მეტსახელია) ლეგენდარული იან რაშის ერთადერთი გოლით მსოფლიოს ჩემპიონებს სძლიეს და სატურნირო ცხრილში დაწინაურდნენ. მაგრამ ბრიტანელთა სიხარული დიდხანს ვერ გაგრძელდა: შემოდგომით გერმანია ჩვეულად ათამაშდა, ჯერ უელსს გადაუხადა სამაგიერო – 4:1, შემდეგ ბელგიასაც სძლია და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობაც გაინაღდა.

ევროპის ჩემპიონი ნიდერლანდები მეექვსე ჯგუფში მოხვდა. ნარინჯისფერებმა საბერძნეთის, მალტის, პორტუგალიის და ფინეთის წინააღმდეგობა იოლად დაძლიეს, მიუხედავად იმისა, რომ შვედეთისკენ სვლა პორტუგალიაში 0:1 მარცხით დაიწყეს. ლისაბონში გამგზავრებამდე, მწვრთნელთან კონფლიქტის გამო, ნაკრებში თამაში იუარეს რონალდ კუმანმა და ფრენკ რაიკაარდმა. ნიდერლანდელთა საბედნიეროდ, დაპირისპირება მალე განიმუხტა.

პორტუგალიაში მარცხის შემდეგ გუნდი მალევე მოეგო გონს და 1990 წლის 23 დეკემბერს მალტა არ დაინდო – 8:0! მარკო ვან ბასტენმა 5 გოლი გაიტანა და ევროპის ჩემპიონატის რეკორდი გაიმეორა. ამავდროულად, ის აღმოჩნდა პირველი, რომელმაც 5 სანაკრებო გოლი მეტოქის მოედანზე შეაგდო.

1991 წლის 16 ოქტომბერს, როტერდამში, დე კუიპზე ნიდერლანდებმა პორტუგალია რობ ვიჩხეს ერთადერთი გოლით დაამარცხა, სულ ბოლოს საბერძნეთსაც აჯობა და ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალურ ეტაპზე.

ბოლო, მეშვიდე ჯგუფში იტალია 90ის მეოთხეადგილოსან ინგლისთან ერთად ირლანდია, პოლონეთი და თურქეთი მოხვდნენ.
ისევე როგორც ევროპის 1988 წლის ჩემპიონატზე, ინგლისელებმა კვლავ ვერ სძლიეს ირლანდიელებს – ორივე დაპირისპირება 1:1 დასრულდა. ჯეკი ჩარლტონის გაწვრთნილი გუნდი უკანასკნელ ტურამდე ახლოს იყვო ევროპის ჩემპიონატთან, თუმცა 1991 წლის 13 ნოემბერს, პოლონეთში მოპოვებული ქულით ინგლისელებმა საბოლოოდ გაასწრეს მეტოქეს. ამ თამაშს პოლონელები შევჩიკის მიერ 32ე წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ, მაგრამ 77ე წუთზე გარი ლინეკერმა ანგარიში გაათანაბრა, 13 წუთში კი ინგლისი ფინალისტთა შორის ჩაეწერა.

(I ნაწილის დასასრული)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 31 მაისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი

ka_GEGeorgian