ევროისტორია: 1992 – პოლიტიკური თამაშები და ანდერსენის ზღაპარი
აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებული პოლიტიკურმა მოვლენები პირდაპირ აისახა ევროპის 1992 წლის ჩემპიონატზე.
1991 წლის მიწურულს საბჭოთა კავშირმა ოფიციალურად შეწყვიტა არსებობა – ქვეყანა უბრალოდ დაიშალა. შესაბამისად, ფინალურ ეტაპზე მისი ნაკრების ასპარეზობა გამოირიცხა, თუმცა საბჭოთა კავშირში შემავალმა რესპუბლიკებმა (საქართველოს, უკრაინის და ბალტიისპირული სამეულის გამოკლებით) ხელი მოაწერეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის კავშირს, რომელიც სსრკს სამართალმემკვიდრედ იქცა.
1992 წლის იანვარში მოსკოვმა დსთში შემავალი ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელთა შეხვედრას უმასპინძლა. შეკრებილები შეთანხმდნენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირის ნაკრების ადგილს დსთის გუნდი დაიკავებდა, რომელშიც განზე გამდგარი ქვეყნების წარმომადგენლებიც იასპარეზებდნენ.
უეფას ოფიციალურმა დასტურმა იტალიელთა იმედები გააქარწყლა. აპენინის ნახევარკუნძულზე იმედოვნებდნენ, რომ კავშირის დაშლის შემდეგ, მის ადგილს შვედეთში სკუადრა აძურა დაიჭერდა.
არანაკლებ საინტერესოდ განვითარდა მოვლენები ომში ჩაფლულ იუგოსლავიასთან დაკავშირებით – ამ ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდის ყოფნა-არყოფნის საკითხი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ისევ გაურკვეველი იყო.
ფინალური ეტაპის წილისყრა 1992 წლის 17 იანვარს გაიმართა გიოტებორგში, კონგრეს-ცენტრ სვენსკა მოსანში – ევროპირველობის რვა მონაწილე A და B ჯგუფებში განაწილდა. საზეიმო ცერემონიის ხელმძღვანელ გერჰარდ აიგნერს იმ საღამოს შვედური ფეხბურთის მეორე და არანაკლებ სახელოვანი წარმომადგენელი, მსოფლიოს 1958 წლის ვიცე-ჩემპიონი ნილს ლიდჰოლმი დაეხმარა.
მასპინძელი შვედეთი A, ხოლო ანრი დელონეს სახელობის თასის მფლობელი ნიდერლანდები B ჯგუფში განითესა. წილისყრამ შვედებს მეტოქეებად ყველა შესარჩევი მატჩის მომგები საფრანგეთი, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი ინგლისი და იტალია 1990ის მეოთხედფინალისტი იუგოსლავია არგუნა.
B ჯგუფში ნიდერლანდებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია, ფინალურ ეტაპზე პირველად გასული შოტლანდია და „ახალშობილი“ – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ნაკრები მოხვდნენ.
ერთი შეხედვით ყველაფერი გარკვეული იყო, მაგრამ 1990 წლის 30 მაისს, ტურნირის გახსნის მატჩამდე თერთმეტი დღით ადრე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭომ იუგოსლავიის მიმართ ყოვლისმომცველი სანქცია დააწესა, რასაც ყველა ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია დაემორჩილა, მათ შორის ფიფა და უეფა. იუგოსლავია სრულ იზოლაციაში მოექცა.
31 მაისს, ნიუპორტში (უელსი) უეფას აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომა შედგა. შეხვედრას ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი, შვედი მაღალჩინოსანი ლენარტ იუჰანსონი გაუძღვა, განსახილველი თემა კი მხოლოდ იუგოსლავია იყო. ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ უეფამ გაეროს ზემოხსენებული გადაწყვეტილებით იხელმძღვანელა და ამ ქვეყნის ნაკრებს შვედეთში თამაში აუკრძალა, მის ნაცვლად კი ევროჩემპიონატზე დანია დაუშვა. დანიელებმა შესარჩევი ჯგუფი, ბალკანელების შემდეგ, მეორე ადგილზე დაასრულეს.
უეფამ საგანგებო გადაწყვეტილება იმ დღესვე შეატყობინა დანიის საფეხბურთო კავშირს, რომელმაც თავის მხრივ, ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ რიქარდ მიოლერ-ნილსენს ნაკრების სასწრაფოდ შეკრება დაავალა.
მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარული მეკარე პეტერ შმეიხელი იმ ამბავს ასე იხსენებს: „დასრულდა თუ არა ინგლისის ჩემპიონატი, დასასვენებლად ხმელთაშუა ზღვაზე წავედი. ზუსტად მახსოვს: პლაჟზე ვიწექი, როცა მამა დამიკავშირდა და მითხრა: სასწრაფოდ დაბრუნდი, ევროპის ჩემპიონატზე მიდიხართო. ვიფიქრე, რომ მეხუმრებოდა, მაგრამ სასტუმროს ნომერში დაბრუნებულმა ტელევიზორი ჩავრთე და ყველაფერში შევიტყვე. იმ დღესვე ბრაიან ლაუდრუპთან ერთად დავბრუნდი კოპენჰაგენში“.
ბრაიანის უფროსი ძმა მიქაელი მიოლერ-ნილსენთან კონფლიქტის გამო ნაკრებში თამაშს არც ფიქრობდა. თავად მწვრთნელმა კი უეფას გადაწყვეტილება მაშინ შეიტყო, როცა სახლის სახურავს ღებავდა. ამის შესახებ თავად დაწერა ავტობიოგრაფიაში.
რაც შეეხება დსთის ნაკრებს: მთავარმა მწვრთნელმა ანატოლი ბიშოვეცმა შვედეთში ერთადერთი ქართველი იახლა – ცენტრალური მცველი კახი ცხადაძე, რომელიც იმხანად მოსკოვის სპარტაკში თამაშობდა.
ეროვნული მოძრაობის ლიდერებმა ცხადაძე ლამის ქვეყნის ღალატში დაადანაშაულეს. რამდენიმე ურაპატრიოტმა ისიც თქვა, მას, როგორც მოღალატეს, საქართველოში დაბრუნება ავუკრძალოთო…
საბედნიეროდ საღმა აზრმა გაიმარჯვა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ცხადაძეს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება ოფიციალურად დართო.
კახი ცხადაძის ძველი ინტერვიუდან:
„დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ნაკრებში ანატოლი ბიშოვეცმა მიმიწვია. რა თქმა უნდა ძალიან გამეხარდა, მაგრამ ევრო 92ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ტრავმის გამო ვერ ვიასპარეზე. ისე, იმ გუნდის დაცვაში დიდი კონკურენცია იყო: ახრიკ ცვეიბა, ანდრეი ჩერნიშოვი, ოლეგ კუზნეცოვი, ვასილი კულკოვი, სერგეი გორლუკოვიჩი…
გუნდის ძირითად შემადგენლობაში 1991 წლის იანვარში დავმკვიდრდი – ამერიკაში ჩატარებულ ტურნეში სამივე შეხვედრა დაცვის ოთხეულში დავიწყე…
ევრო 92ზე რომ გავემგზავრებოდი, ინგლისთან ამხანაგურის შემდეგ გადაწყდა. ის მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, ორივე გოლი გარი ლინეკერმა გაგვიტანა, თუმცა 0:1ზე თავურით გავათანაბრე – იგორ შალიმოვის კუთხურის შემდეგ ეფექტურად შევაგდე ბურთი…
ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამო ბევრმა გამაკრიტიკა, მაგრამ საბედნიეროდ, უფრო მეტს გაუხარდა, რომ ქართველი ფეხბურთელი ასეთ დიდ შეჯიბრებაზე გამოვიდა. პრეტენზია, ძირითადად, უნიჭო ხალხისგან მოდიოდა, თორემ ვინც ფეხბურთის ქომაგი იყო, ყველამ გაამართლა ჩემი ნაბიჯი“.
ევროპის მეცხრე ჩემპიონატი 10 ივნისს, სტოკჰოლმში, რასუნდაზე გაიხსნა მასპინძლების და საფრანგეთის მატჩით.
ბრწყინვალედ მოგებული საკვალიფიკაციო ტურნირის გათვალისწინებით, ფავორიტად პლატინის ბიჭები მიიჩნეოდნენ, მაგრამ პაპენმა და კომპანიამ ვერ გაიმარჯვეს. მეტიც: ქულა გადასარჩენი გაუხდათ – იან ერიკსონის ზუსტი დარტყმა მხოლოდ მეორე ტაიმში გაქვითა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელმა – 1:1.
ჯგუფის მეორე შეხვედრაც მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა: ინგლისმა სახელდახელოდ შეკრებილ დანიას ვერ სძლია – 0:0.
„იმის გათვალისწინებით, რომ ჩემპიონატზე ბოლო მომენტში მოვხვდით, ჩინებული შედეგია. გვინდოდა პირველ შეხვედრაში მაქსიმალური სარგებელი გვენახა და დაცვითი ტაქტიკაც ამიტომ ავირჩიეთ“, – განაცხადა რიქარდ მიოლერ-ნილსენმა.
მეორე ტურში, 14 ივნისს, შვედებმა ლიდერის, თომას ბროლინის ერთადერთი გოლით დაამარცხეს მეზობლები, ინგლისმა კი მორიგ შეხვედრაში ვერ გაიტანა გოლი – 0:0 საფრანგეთთან.
მესამე ტური, 17 ივნისის თამაშები გრანდების შერცხვენით დასრულდა: შვედებმა სტოკჰოლმში უმასპინძლეს ინგლისს და 2:1 გაიმარჯვეს, დანიელებმა კი ამავე ანგარიშით აჯობეს ფრანგებს.
ნახევარფინალში გასასვლელად ტომი სვენსონის გაწვრთნილ შვედეთს ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს და ერიკსონის და ბროლინის გოლებით გაიმარჯვეს. ინგლისი მე4 წუთზე დაწინაურდა დევიდ პლატის წყალობით, მაგრამ დარჩენილ დროში, ისევე როგორც მთლიანად ჩემპიონატზე, უსახურად ითამაშა. დღევანდელი გადასახედიდან გრემ ტეილორის ის გუნდი ერთ-ერთ ყველაზე უსახურ ნაკრებად ითვლება ინგლისელთა ისტორიაში…
ფრანგებთან მატჩის წინ დანიელებმა იცოდნენ, რომ მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში შეინარჩუნებდნენ ნახევარფინალში გასვლის შანსს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ პარალელურად მიმდინარე შვედეთ-ინგლისის დაპირისპირებაში მათთვის სასურველი შედეგი დაფიქსირდებოდა.
„ფრანგებთან მატჩის წინ მხოლოდ კარის გაჯახუნებაზე ვფიქრობდით“, – იტყვის მოგვიანებით მიოლერ-ნილსენი.
დანიელებმა მე8 წუთზე გაიხარეს: ერთ-ერთი ლიდერის და ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშის ფლემინგ პოულსენის პასით ჰენრიკ ლარსენმა გახსნა ანგარიში – 1:0.
საფრანგეთმა მხოლოდ მე60 წუთზე გაათანაბრა – კვლავ პაპენმა გაისროლა ზუსტად.
თუმცა გამარჯვება და ორი ქულა მაინც დანიას დარჩა: 78ე წუთზე ლარს ელსტრუპმა მეორედ გაუტანა ფრანგთა კარის დარაჯ ბრუნო მარტინს. მწვრთნელმა ელსტრუპი 66ე წუთზე ჩართო თამაშში ბრაიან ლაუდრუპის ნაცვლად.
2:1 და ნახევარფინალი! ეს უკვე სენსაცია იყო, პირველი დიდი დანიური სენსაცია!
მიშელ პლატინი გაოგნებული გახლდათ: „ვერ ამიხსნია სად გაქრა ის შემართება, რომლითაც შესარჩევში ვითამაშეთ“, – თქვა ევროპის სამგზის საუკეთესო ფეხბურთელმა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
B ჯგუფი ჩემპიონების და დებიუტანტების პაექრობით დაიწყო. ნიდერლანდებმა შოტლანდიასთან 22 წლის დენის ბერხკამპის გვიანი გოლით გაიმარჯვა – აიაქსელმა 75ე წუთზე დალაშქრა ენდი გორამის კარი.
მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია კი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ნაკრებთან წაგებას თომას ჰესლერის უნაკლო საჯარიმო დარტყმით გადაურჩა – 1:1. ბიშოვეცის გუნდი იგორ დობროვოლსკის პენალტით იგებდა. თერთმეტმეტრიანი მას შემდეგ დაინიშნა, რაც შტეფან როიტერმა დობროვოლსკი წააქცია.
აქვე გეტყვით, რომ ტურნირის დაწყებამდე გერმანელებმა ლიდერი და მსოფლიოს 1991 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული ლოთარ მათეუსი ტრავმის გამო მოისაკლისეს, პირველივე მატჩში კი ხელი მოიტეხა გუნდის საუკეთესო თავდამსხმელმა რუდი ფიოლერმა და მანაც ნაადრევად დაასრულა ევროჩემპიონატი.
მეორე ტურში, 15 ივნისს, ნიდერლანდები დსთ ნაკრებს უგოლოდ დაშორდა, გერმანელებმა კი უპრობლემოდ დაამარცხეს შოტლანდიელები: ჯერ კარლ-ჰაინც რიდლემ გაიტანა, შემდეგ შტეფან ეფენბერგმა. ამ უკანასკნელის დარტყმის შემდეგ ბურთი ერთ-ერთ შოტლანდიელს მოხვდა, მიმართულება იცვალა და ასე ჩაეშვა გორამის კარში – 2:0.
ნახევარფინალისტები მესამე ტურში, 18 ივნისს გამოვლინდნენ. ნორჩიოპინგის იდროტსპარკენზე, შოტლანდიასთან მატჩის წინ ბიშოვეცი მშვიდად იყო – მეტოქისგან დიდ წინააღმდეგობას არ ელოდა, რადგან იცოდა, რომ ერთი დღით ადრე სქოთები ერთ-ერთ ღამის კლუბში გვარიანად დათვრნენ. ჩემპიონატი ხომ მათთვის გერმანელებთან წაგებით დასრულდა.
მწვრთნელმა ძირითადში ანდო ადგილი ცხადაძეს, კიდევ რამდენიმე ცვლილება განახორციელა და… მწარედ დაისაჯა: მე17 წუთისთვის ბრიტანელები ორი ბურთით იგებდნენ! ჯერ პოლ მაკსტეიმ გახსნა ანგარიში, შემდეგ კი მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდმა ბრაიან მაკლეირმა დაარტყა, ბურთი ცხადაძეს მოხვდა და დმიტრი ხარინის კარში შევარდა – 2:0.
საფინალო სასტვენამდე სქოთებმა კიდევ ერთხელ გაიხარეს – ლიდს იუნაიტედის შემადგენლობაში ინგლისის ჩემპიონატის მომგებმა გარი მაკალისტერმა პენალტი ზუსტად შეასრულა – 3:0!
ისევ კახი ცხადაძის ძველი ინტერვიუდან: „შვედეთში საწყისი ორი შეხვედრა გამოვტოვე. ტურნირის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე, დანიასთან ამხანაგურში კუნთი ვიტკინე და გერმანელების და ნიდერლანდელების წინააღმდეგ ვერ ვიასპარეზე. უკანასკნელ ტურში შოტლანდიელებს ვხვდებოდით, რომლებსაც ნახევარფინალში გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდათ, ჩვენ კი აუცილებლად უნდა მოგვეგო. ანატოლი ბიშოვეცმა ძირითადში დამაყენა და… 0:3 წავაგეთ – ეს კატასტროფა იყო“!
ევროჩემპიონატიდან უსახელოდ დაბრუნებული დსთის ნაკრების შესახებ ერთმა ჟურნალისტმა ზუსტად დაწერა: გუნდი, რომელსაც არც დროშა გააჩნდა და არც სახელმწიფო ჰიმნი, უკეთესის ღირსი არც იყოო…
დსთ-შოტლანდიის პარალელურად გიოტებორგში, ულევიზე გამართული ნიდერლანდები-გერმანია კი ნარინჯისფერთა მშვენიერი თამაშით და გამარჯვებით დასრულდა – 3:1! მეტოქეები ზედიზედ მესამე დიდ ტურნირზე შეხვდნენ ერთმანეთს და ამ გამარჯვების შემდეგ ევროპის ჩემპიონები დაწინაურდნენ – 2:1. ევრო 88ის ნახევარფინალი მათ მოიგეს – 2:1, თუმცა ორი წლის შემდეგ, იტალიაში, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში გერმანელებმა გაიხარეს…
პირველი ფინალისტი 21 ივნისს, სტოკჰოლმში გამოვლინდა: ფოგთსის გერმანიამ შანსი ხელიდან არ გაუშვა და მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა – თომას ჰესლერის გოლით და რიდლეს დუბლით 3:2 დაამარცხა შვედეთი. ტომი სვენსონის გუნდიდან გოლები ბროლინმა (პენალტით) და კენეტ ანდერსონმა გაიტანეს.
შვედეთმა ჩემპიონატი დაასრულა, ორ წელიწადში, ამერიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კი ყველას დაანახა, რომ საფრანგეთ-ინგლისთან წარმატება და საშინაო ევროპირველობის ნახევარფინალი შემთხვევითობა არ იყო – უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე სკანდინავიელებმა, 1958 წლის შემდე,გ პირველი მედალი მოიგეს – ბრინჯაო!
გერმანიის ნაკრების მეტოქე 22 ივნისს, გიოტებორგში გაირკვა: დანიური დინამიტი კიდევ ერთხელ აფეთქდა და ამჯერად ევროპის ჩემპიონი და მთავარი ფავორიტი ნიდერლანდები შეიწირა – 5:4 მოგებული პენალტების სერია ძირითად და დამატებით დროში 2:2ის შემდეგ!
რიქარდ მიოლერ-ნილსენის გუნდი ჰენრიკ ლარსენის დუბლით ორჯერ იგებდა, მაგრამ მეტოქემ ჯერ ბერხკამპის ზუსტი დარტყმით უპასუხა, 86ე წუთზე კი ფრენკ რაიკაარდმა გაისროლა – 2:2.
პენალტების სერია ევროპის ჩემპიონებმა დაიწყეს: რონალდ კუმანმა უნაკლოდ დაარტყა, დანიელებმა ასევე ზუსტი პენალტით უპასუხეს, შემდეგ კი ბურთთან მარკო ვან ბასტენი მივიდა და… შმეიხელმა არ გაატანინა!
„დღეის შემდეგ მარკო ჩემი საყვარელი ფეხბურთელია! გადაეცით, რომ არასდროს დავივიწყებ“! – ეს სიტყვები გოლიათმა დანიელმა მეკარემ პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ თქვა. შმეიხელმა ვან ბასტენის გარდა ვერავინ დაამწუხრა, სამაგიეროდ მისი თანაგუნდელები ურტყამდნენ ზუსტად. 5:4 და ის, რასაც არავინ ელოდა – ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზური!
ვან ბასტენმა კი, ევრონახევარფინალში გაცუდებული პენალტის მიუხედავად, 1992 წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტული მაინც მოიგო: შემოდგომით მილანის მაისურით ჩვეულად, ძალიან მაღალ დონეზე ათამაშდა, ჩემპიონთა ლიგაში გიოტებორგთან 4:0 მოგებულ შეხვედრაში იდეალური პოკერი შეასრულა და ჟურნალისტებმაც კიდევ ერთხელ დააფასეს.
ლეგენდარული თანამემამულის, იოჰან კრუიფის და მიშელ პლატინის შემდეგ, ვან ბასტენი გახდა მხოლოდ მესამე, რომელმაც სამჯერ შემართა ოქროს ბურთი…
ფინალი
გადამწყვეტ მატჩამდე ორი დღით ადრე, 24 ივნისს, გიოტებორგში ევროპის ჩემპიონატების 1960-92 წლების სიმბოლური ნაკრები დასახელდა.
ტურნირის გენერალურმა სპონსორმა მასტერქარდმა რჩეული თერთმეტეული 130 ჟურნალისტის და 25 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გამოკითხვით დაასახელა.
სიმბოლური გუნდის კანდიდატთა შორის 488 ფეხბურთელი მოხვდა, მასტერქარდის ნაკრები კი მხოლოდ ლეგენდებით დაკომპლექტდა:
მეკარე – ლევ იაშინი
მცველები – ბერტი ფოგთსი, ჯაჩინტო ფაკეტი, ფრანკო ბარეზი, ფრანც ბეკენბაუერი
ნახევარმცველები – მიშელ პლატინი, ბობი ჩარლტონი, ლოთარ მათეუსი, გიუნტერ ნეტცერი
თავდამსხმელები – იოჰან კრუიფი, მარკო ვან ბასტენი…
ევროპის ჩემპიონატი კი წარმოუდგენელი შედეგით დასრულდა: ჯონ იენსენის (მე18 წუთი) და კიმ ვილფორტის (78) უპასუხო გოლებით დანიამ 2:0 გაიმარჯვა!
მატჩის დასრულებისთანავე დანიელებმა გრძელი პლაკატი გაშალეს და თასი კიმ ვილფორტის შვიდი წლის ქალიშვილს მიუძღვნეს, რომელიც სისხლის კიბოს ებრძოდა. ჩემპიონატის დღეებში, მატჩების შემდეგ, ბრონდბიუს ლიდერი ბორნით ბრუნდებოდა დანიაში შვილის მოსანახულებლად. ლინე ვილფორტი ჩემპიონატის დასრულებიდან მცირე ხნის შემდეგ გარდაიცვალა…
„ჰანს ქრისტიან-ანდერსენი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამ ევროს ზღაპრად აქცევდა“ – ეს სიტყვები ერთ-ერთ დანიურ გამოცემაში ფინალის შემდეგ დაიწერა.
ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად, ჟურნალისტებმა საუკეთესო ფეხბურთელად ორი ფეხბურთელი აღიარეს – ჩემპიონთა ლიდერი ბრაიან ლაუდრუპი და ვიცე-ჩემპიონი თომას ჰესლერი, ბომბარდირის წოდება კი, ასევე პირველად, ოთხმა მოთამაშემ გაიყო – ჰენრიკ ლარსენმა (დანია), თომას ბროლინმა (შვედეთი), დენის ბერხკამპმა (ნიდერლანდები) და კარლ-ჰაინც რიდლემ (გერმანია) შვედეთი 92 სამ-სამი გოლით დაასრულეს.
ევრო 1992
შვედეთი, 10-26 ივნისი
A ჯგუფი: შვედეთი 1:1 საფრანგეთი; დანია 0:0 ინგლისი; საფრანგეთი 0:0 ინგლისი; შვედეთი 1:0 დანია; შვედეთი 2:1 ინგლისი; საფრანგეთი 1:2 დანია
B ჯგუფი: ნიდერლანდები 1:0 შოტლანდია; დსთ 1:1 გერმანია; შოტლანდია 0:2 გერმანია; ნიდერლანდები 0:0 დსთ; ნიდერლანდები 3:1 გერმანია; შოტლანდია 3:0 დსთ
1/2ფინალი: შვედეთი 2:3 გერმანია; ნიდერლანდები 2:2 (პენ 4:5) დანია
ფინალი
26 ივნისი, 1992. შვედეთი, გიოტებორგი, ულევი. 37 800
დანია 2:0 გერმანია
გოლები: 1:0 ჯონ იენსენი (18), 2:0 კიმ ვილფორტი (78)
დანია: პეტერ შმეიხელი, ლარს ოლსენი (კაპ), ტორბენ პიხნიკი, კენტ ნილსენი, ჯონ სივებაკი (კლაუს ქრისტიანსენი 66), კიმ კრისტოფტე, ჯონ იენსენი, კიმ ვილფორტი, ჰენრიკ ლარსენი, ბრაიან ლაუდრუპი, ფლემინგ პოულსენი
მწვრთნელი: რიქარდ მიოლერ-ნილსენი
გერმანია: ბოდო ილგნერი, გვიდო ბუხვალდი, იურგენ კოლერი, თომას ჰელმერი, შტეფან როიტერი, ანდრეას ბრემე (კაპ), მათიას ზამერი (თომას დოლი 46), შტეფან ეფენბერგი (ანდრეას თომი 80), თომას ჰესლერი, კარლ-ჰაინც რიდლე, იურგენ კლინსმანი
მწვრთნელი: ბერტი ფოგთსი
გაფრთხილება: ტორბენ პიხნიკი, შტეფან ეფენბერგი, თომას ჰესლერი, შტეფან როიტერი, თომას დოლი, იურგენ კლინსმანი
მსაჯი: ბრუნო გალერი (შვეიცარია)
ჩემპიონი: დანიის ნაკრები
მეკარეები: 1.პეტერ შმეიხელი (18.11.1963; მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), 16.მოგენს კროგი (31.10.1963; ბრონდბიუ)
მცველები: 2.ჯონ სივებაკი (25.10.1961; მონაკო, საფრანგეთი), 3.კენტ ნილსენი (28.12.1961; აარჰუსი), 4.ლარს ოლსენი (02.02.1961; ტრაბზონსფორი, თურქეთი), 6.კიმ კრისტოფტე (24.08.1960; ბრონდბიუ), 12.ტორბენ პიხნიკი (21.05.1963; კოპენჰაგენის ბ1903), 17.კლაუს ქრისტიანსენი (10.10.1967; ლუნგბიუ)
ნახევარმცველები: 5.ჰენრიკ ანდერსენი (07.05.1965; კიოლნი, გერმანია), 7.ჯონ იენსენი (03.05.1965; ბრონდბიუ), 8.ჯონი მიალბიუ (04.02.1969; ვეილე), 13.ჰენრიკ ლარსენი (17.05.1966; ლუნგბიუ), 18.კიმ ვილფორტი (15.11.1962; ბრონდბიუ), 19.პეტერ ნილსენი (03.03.1968; ლუნგბიუ), 20.მორტენ ბრუუმი (28.06.1965; სილკებორგი)
თავდამსხმელები: 9.ფლემინგ პოულსენი (03.12.1966; დორტმუნდის ბორუსია, გერმანია), 10.ლარს ელსტრუპი (23.03.1963; ოდენსე), 11.ბრაიან ლაუდრუპი (22.02.1969; მიუნხენის ბაიერნი, გერმანია), 14.ტორბენ ფრანკი (16.06.1968; ლუნგბიუ), 15.ბენტ ქრისტენსენ არენსო (04.01.1967; გელზენკირხენის შალკე 04, გერმანია)
მწვრთნელი: რიქარდ მიოლერ-ნილსენი
უეფას სიმბოლური ნაკრები (4-4-2)
მეკარე: პეტერ შმეიხელი (დანია)
მცველები: ანდრეას ბრემე (გერმანია), იურგენ კოლერი (გერმანია), ჟოსელინ ანგლომა (საფრანგეთი), ლორან ბლანი (საფრანგეთი)
ნახევარმცველები: ბრაიან ლაუდრუპი (დანია), თომას ჰესლერი (გერმანია), შტეფან ეფენბერგი (გერმანია), რუუდ გულიტი (ნიდერლანდები)
თავდამსხმელები: მარკო ვან ბასტენი (ნიდერლანდები), დენის ბერხკამპი (ნიდერლანდები)
ბომბარდირები:
ჰენრიკ ლარსენი (დანია), კარლ-ჰაინც რიდლე (გერმანია), დენის ბერხკამპი (ნიდერლანდები), ტომას ბროლინი (შვედეთი) – 3 გოლი
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 31 მაისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი