ევროამბები: გუნდები

ათი დღეც და ევროპის მეთექვსმეტე ჩემპიონატი დაიწყება!
ევრო 2020 მართლაც რომ მთელ კონტინენტს მოიცავს: ფინალური ეტაპის მატჩებს 11 ქვეყნის ამდენივე სტადიონი უმასპინძლებს. გახსნის თამაში რომში, სტადიო ოლიმპიკოზეა დანიშნული, სადაც A ჯგუფის ფავორიტი რობერტო მანჩინის უძლეველი იტალია თურქეთს დაუხვდება, ფინალს კი 11 ივლისს უემბლი მიიღებს.
უეფას თავდაპირველი გეგმით, ევრო 2020 ცამეტ ქვეყანაში უნდა გამართულიყო, თუმცა კოვიდ 19ის გამო მასპინძელთა რაოდენობა ორით შემცირდა – ბრიუსელს და დუბლინს არ გაუმართლათ.
უეფამ მაყურებლები კი დაუშვა, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. მაგალითად მიუნხენის ალიანც არენაზე საერთო ტევადობის მხოლოდ 20%ის შევსებაა ნებადართული, სხვაგან ეს მაჩვენებელი 25-50% შორის მერყეობს. მხოლოდ ბუდაპეშტის ფერენც პუშკაშ არენაა სრულიად გახსნილი…
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სხვადასხვა სახის საინტერესო ამბებს შემოგთავაზებთ და პირველ კრებულს გუნდებით ვიწყებ: ყველაზე მეტჯერ, ყველაზე ხშირად, რეკორდები, ანტირეკორდები…

 

1: ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტჯერ გფრ/გერმანიის ნაკრებმა იასპარეზა – 12.
1972 წელს, ბელგიაში გამართული ევროპირველობიდან დაწყებული, ბუნდესგუნდი ტურნირის უცვლელი მონაწილეა და წელს მეცამეტედ ითამაშებს კონტინენტის პირველობაზე.
ამ მხრივ მეორე ადგილზე სსრკ/დსთ/რუსეთია – 11 ტურნირი. მოახლოებული ჩემპიონატი ამ გუნდისთვის მეთორმეტეა.

2: გფრ/გერმანიის ნაკრებმა 3ჯერ მოიგო ჩემპიონატი (1972, 1980, 1996) და 6ჯერ ითამაშა ფინალში (1972, 1976, 1980, 1992, 1996, 2008) – ორივე მაჩვენებელი რეკორდია.
თუმცა პირველ შემთხვევაში გფრ/გერმანია რეკორდს ესპანეთთან იყოფს, რომელსაც ასევე 3 თასი აქვს მოგებული – 1964, 2008, 2012.

3: ესპანეთი ერთადერთია, რომელმაც ზედიზედ 2ჯერ მოიგო ანრი დელონეს სახელობის თასი – 2008, 2012, ხოლო გერმანია ერთადერთია, რომელმაც ზედიზედ 3ჯერ ითამაშა ფინალში – 1972, 1976, 1980.

4: ესპანეთმა მეორე ტიტული პირველი ტრიუმფიდან 44 წლის შემდეგ მოიგო – 1964-2008, რაც რეკორდია.

5: იტალიამ ფინალში მეორედ პირველი წარმატებიდან 32 წლის შემდეგ გავიდა – 1968-2000, რაც ასევე რეკორდია.

6: უნგრეთის ნაკრები ფინალურ ეტაპზე მეორედ 44 წლის შემდეგ მოხვდა – 1972-2016 და ეს თავისებური რეკორდია.

7: ევროპის ჩემპიონატზე მეათედ ითამაშებენ საფრანგეთი, იტალია, ჩეხოსლოვაკია/ჩეხეთი, ნიდერლანდები და ინგლისი.

8: კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე 1960 წლიდან 33მა გუნდმა ითამაშა. წელს მათ კიდევ ორი ნაკრები დაემატება – ფინეთი და ფლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მძლეველი ჩრდილოეთ მაკედონია.

9: ანრი დელონეს სახელობის თასის მოგება მხოლოდ სამმა მასპინძელმა მოახერხა: ესპანეთის ნაკრებმა 1964 წელს, იტალიამ 1968ში და საფრანგეთმა 1984 წელს.

10: საფრანგეთი ერთადერთია, რომელმაც 3ჯერ უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატს: 1960, 1984 და 2016 წლებში.
ევროპირველობის მატჩები მესამედ გაიმართება იტალიაში, თუმცა აპენინის ნახევარკუნძული წელს თანამასპინძელია. ამ ქვეყანამ დამოუკიდებლად მხოლოდ 2ჯერ, 1968 და 1980 წლებში მიიღო ტურნირი.

11: თუ ევროპის პირველ ჩემპიონატს არ მივიღებთ მხედველობაში, მომდევნო სამი იმ გუნდებმა მოიგეს, რომლებმაც პირველად ითამაშეს ფინალურ ეტაპზე – ესპანეთმა (1964), იტალიამ (1968) და გერმანიამ, იმხანად ჯერ კიდევ გერმანიის ფედერაციულმა რესპობლიკამ (1972).

12: იუგოსლავია ერთადერთი გუნდია, რომელმაც ერთზე მეტჯერ ითამაშა ფინალში და თასი ვერ მოიგო – 1960 და 1968 წლები.

13: პორტუგალია ერთადერთი გუნდია, რომელმაც ყველა შემთხვევაში მოახერხა პირველი, ანუ ჯგუფური ეტაპის დაძლევა – 1984, 1996, 2000, 2004, 2008, 2012, 2016. ჯგუფიდან 7ჯერ კიდევ მხოლოდ ერთი გუნდი გავიდა – გფრ/გერმანია (1980, 1988, 1992, 1996, 2008, 2012, 2016).

14: ჯგუფში ყველაზე მეტჯერ დსთ/რუსეთის ნაკრები ჩარჩა, 5ჯერ – 1992, 1996, 2004, 2012, 2016.

15: ჯგუფში ზედიზედ 3 ჩარჩენა ტურნირის ანტირეკორდია და ის 4 გუნდს ეკუთვნის: ინგლისს (1980, 1988, 1992), დსთ/რუსეთს (1992, 1996, 2004), შვედეთს (2008, 2012, 2016) და შვეიცარიას (1996, 2004, 2008).

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 1 ივნისი)
ფოტო:
Uefa.com; საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian