ევროისტორია: 1996 – ოქროს გოლი

1995 წლის 15 დეკემბერს, სიდიდით ინგლისის მეორე ქალაქ ბირმინგემში, საერთაშორისო კონფერენციათა ცენტრის მთავარ დარბაზში ევრო 96ის წილისყრა გაიმართა: ისტორიაში პირველად თექვსმეტი მონაწილე გუნდი ოთხ ჯგუფში განაწილდა.
ცერემონიის წინ ოთხი საუკეთესო ნაკრები განითესა – ინგლისი, როგორც მასპინძელი; ევროპის მოქმედი ჩემპიონი დანია, ასევე გერმანია და ესპანეთი, რომლებსაც ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ჰქონდათ.
წილისყრით, რომელშიც უეფას პრეზიდენტი ლენარტ იუჰანსონი და გენერალური მდივანი გერჰარდ აიგნერი მონაწილეობდნენ, ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

I: ინგლისი, ნიდერლანდები, შვეიცარია, შოტლანდია
II: ესპანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, საფრანგეთი
III: გერმანია, იტალია, რუსეთი, ჩეხეთი
IV: დანია, პორტუგალია, თურქეთი, ხორვატია

ჩემპიონატის პირველი თამაში 8 ივნისს გაიმართა უემბლიზე. ტერი ვენეიბლზის გაწვრთნილმა ინგლისმა შვეიცარიას უემბლიზე უმასპინძლა. საინტერესო თამაში გამოდგა, თუმცა მასპინძლებმა ვერ გაიმარჯვეს – ალან შირერის გოლს შვეიცარიელთა ლიდერმა კუბილაი თურქილმაზმა თერთმეტმეტრიანით უპასუხა. საჯარიმო დარტყმა მას შემდეგ დაინიშნა, რაც სტიუარტ პირსმა ხელით ითამაშა. რაც შეეხება ოთხმოცდაათიანი წლების საუკეთესო ინგლისელ გოლეადორ შირერს, მან იმ დღეს მეცამეტედ ითამაშა ნაკრებში და პირველი გოლი გაიტანა.

მეორე დღეს ნიდერლანდები და შოტლანდია უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს, მატჩის შემდეგ კი ნარინჯისფერთა რიგები ამსტერდამის აიაქსის ნახევარდაცვის ერთ-ერთმა ლიდერმა ედგარ დავიდსმა დატოვა. მაშინ დაიწერა, რომ ფეხბურთელმა მთავარი მწვრთნელი გუუს ჰიდინკი და რამდენიმე თანაგუნდელი რასიზმში დაადანაშაულა. საინტერესოა ისიც, რომ ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ ინგლისში გამგზავრება იუარა რუუდ გულიტმა. თაობის ერთ-ერთი ლიდერი ნაკრებს ასევე ჰიდინკთან კონფლიქტის გამო განუდგა…

მეორე ტურის ორივე თამაში ერთნაირი ანგარიშით, 2:0 დასრულდა: ნიდერლანდელებმა ჟორდი კრუიფის და დენის ბერხკამპის გოლებით შვეიცარიას აჯობეს, ინგლისელებმა კი მეორე ტაიმში გატეხეს შოტლანდიელები. ენდი გორამის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა პოლ გესქოინმა. ის ბურთი ევრო 96ზე მომზადებულ ლამის ყველა ვიდეორგოლში გვხვდება.

მესამე ტურში შოტლანდიამ კიდევ ერთხელ გაიჯახუნა კარი – გლაზგო რეინჯერსის საუკეთესო ბომბარდირის, ალი მაკკოისტის ერთადერთი ზუსტი დარტყმით სძლია შვეიცარიას, ინგლისმა კი ტერი ვენეიბლზის ხელმძღვანელობით საუკეთესო თამაში აჩვენა და ნიდერლანდებს 4:1 აჯობა.

ინგლისმა შთამბეჭდავად მოიგო ჯგუფი, ნარინჯისფერებმა და შოტლანდიამ კი 4-4 ქულით და ბურთების უარყოფითი შეფარდებით დაასრულეს პირველი ეტაპი. რომ არა ინგლისელთა კარში პატრიკ კლუივერტის მიერ 78ე წუთზე გატანილი გოლი, მეოთხედფინალში შოტლანდია გავიდოდა…

„ევრო 88ზე ჯგუფში წაგებისთვის, ვფიქრობ, სრულფასოვანი რევანში ავიღეთ. ბიჭები დღეს შეუდარებელნი იყვნენ, მადლობა მათ! დარწმუნებული ვარ დღევანდელი მოგება ნაკრების ისტორიაში გამორჩეულ ადგილს დაიკავებს“, – განაცხადა ტერი ვენეიბლზმა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ორი გოლის გამტანი ტედი შერინგემი აღიარეს. ცნობისათვის: 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უეფა მასტერქარდთან ერთად თამაშის საუკეთესო ფეხბურთელებს აჯილდოვებდა, რაც კიდევ ერთი სიახლე გახლდათ.

II ჯგუფი ემე ჟაკეს საფრანგეთის ნაკრებმა მოიგო, მეორე ადგილზე კი ესპანეთი გავიდა.

მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი ბულგარეთი ბოლო ტურის წინ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა: აუცილებლად უნდა მოეგო საფრანგეთისთვის ან, ფრეს შემთხვევაში, ესპანეთს არ უნდა დაემარცხებინა რუმინეთი.

ბულგარელები კონკურენტზე დამოკიდებულნი ვერ იქნებოდნენ და ამიტომაც, თავიდანვე შეუტიეს ფრანგების კარს, მაგრამ აშშ 94ის საკვალიფიკაციო ტურნირისგან განსხვავებით, ფრანგებმა გაცილებით კარგად ითამაშეს და ლორან ბლანის, ლუბოსლავ პენევის ავტოგოლით და პატრის ლოკოს დარტყმებით 3:1 გაიხარეს. ესპანეთმა, თავის მხრივ, მატჩის მიწურულს გილერმო ამორის გოლით დაამარცხა რუმინეთი და მეოთხედფინალის კარი შეაღო.

III ჯგუფში ტურნირის ორი ფავორიტი მოხვდა: ევროპის ვიცე-ჩემპიონი გერმანია და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი იტალია.

გრანდებმა მშვენივრად დაიწყეს: გერმანელებმა ჩეხებს სძლიეს 2:0, იტალიელებმა კი რუსებს აჯობეს – 2:1. ბუნდესნაკრების ლიდერს იურგენ კლინსმანს საწყის მატჩში არ უთამაშია, გუნდის კაპიტანი იურგენ კოლერი კი მძიმედ დაშავდა და ევროპის ჩემპიონატი ნაადრევად დაასრულა. და რადგან გერმანელთა ტრავმები ვახსენე, გეტყვით, რომ ფინალის წინ ბერტი ფოგთსის განკარგულებაში მხოლოდ 15 ჯანმრთელი მოთამაშე იყო, აქედან სამი მეკარე.

მეორე ტურში ფოგთსის ბიჭებმა კიდევ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმეს – 3:0 რუსეთთან. კლინსმანი ამ შეხვედრაში დაბრუნდა და ულამაზესი გოლიც გაიტანა დმიტრი ხარინის კარში.

რაც შეეხება იტალიას, არიგო საკიმ ძირითად შემადგენლობაში ხუთი ფეხბურთელი შეცვალა და… დაისაჯა – პაველ ნედვედის და რადეკ ბეიბლის მიერ შესვენებამდე გატანილ გოლებს იტალიელებმა მხოლოდ ენრიკო კიეზას ერთადერთი ზუსტი დარტყმით უპასუხეს.

მესამე ტურის თამაშები, რუსეთი-ჩეხეთი და გერმანია-იტალია პარალელურად დაიწყო:

მე5 წუთი: ჩეხები სუხოპარეკის გოლით დაწინაურდნენ – 1:0. მატჩები ასე რომ დასრულდეს, მეოთხედფინალში ჩეხეთი გადის.
მე9 წუთი: იტალიის ნაკრებს ანგარიშის გახსნის კარგი შანსი ეძლევა, მაგრამ ჯანფრანკო ძოლას პენალტს ანდრეას კეპკე იგერიებს.

მე19 წუთი: ჩეხებმა მეორე გოლი გაიტანეს რუსების კარში – პაველ კუკამ დაარტყა ზუსტად. დუშან უჰრინის გუნდი ფლეი-ოფს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

49ე წუთი: ალექსანდრ მოსტოვოიმ ერთი გოლი გაქვითა, ჩეხების უპირატესობა შემცირდა – 1:2.

54ე წუთი: თბილისის დინამოს ყოფილმა ფეხბურთელმა ომარ თეთრაძემ უძლიერესად დაარტყა და პეტრ კოუბას კარი დალაშქრა – 2:2.

59ე წუთი: გერმანიის ნაკრები ათი ფეხბურთელით დარჩა – ბელგიელმა არბიტრმა გი გუტალსმა თომას შტრუნცი გააგდო. იტალიის ნაკრების უპირატესობა აშკარაა, მაგრამ სკუადრა აძურას გოლი ვერ გააქვს.

85ე წუთი: ჩეხეთთან მატჩში რუსეთი დაწინაურდა – ვლადიმირ ბესჩასტნიხის გოლმა რუსებზე უფრო იტალიელები გაახარა. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მოიგებს, იტალია გერმანიასთან 0:0ით მეოთხედფინალში გადის.

და მაშინ, როცა იტალიამ შეტევა შეანელა, ლივერპულის ენფილდ როუდზე მეექვსე გოლი გავიდა: ვლადიმირ შმიცერმა სტანისლავ ჩერჩესოვს გაუტანა და ანგარიში გაათანაბრა – 3:3.

მეტი გოლი აღარ გასულა და ჩეხეთმა, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი ბურთების უარყოფითი სხვაობით დაასრულა – 5:6, მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი იტალია კი ევროპირველობას შერცხვენილი დაემშვიდობა. რამდენიმე დღეში ნაკრების მთავარი მწვრთნელი არიგო საკი თანამდებობიდან გადადგა.

ევროპის ჩემპიონმა დანიამ IV ჯგუფში ითამაშა, მაგრამ წინა ჩემპიონატისგან განსხვავებით ეს ევროპირველობა უფერულად დაასრულა: მოგება, ფრე, წაგება, ბურთები 4:4, ოთხი ქულა და მესამე ადგილი.

მეოთხედფინალში პორტუგალია და დებიუტანტი ხორვატია გავიდნენ. ამ ჯგუფის თამაშებიდან 16 ივნისს, შეფილდის ჰილსბროზე ხორვატიასა და დანიას შორის გამართულ მატჩს გამოვარჩევ, უფრო სწორედ ამ თამაშის 90ე წუთზე დავორ შუკერის მიერ გატანილ ეფექტურ გოლს – ბალკანელმა გოლეადორმა, რომელმაც 54ე წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში, მსაჯის მიერ დამატებულ დროში ეფექტურად გაიტანა – ბურთს ტერფი ამოჰკრა და პეტერ შმეიხელს თავზე გადაუგდო.

პირველი ორი ნახევარფინალისტი 22 ივნისს გამოვლინდა და ორივე შემთხვევაში თერთმეტმეტრიანების სერიით. ლივერპულში, ენფილდ როუდზე გამართული საფრანგეთისა და ნიდერლანდების პაექრობა ძალიან მოსაწყენი გამოდგა, უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი ბერნარ ლამამ კლარენს ზეედორფს არ გაატანინა და ფრანგებმაც 5:4 მოიგეს.

ინგლისის ნაკრები კი ესპანეთს უემბლიზე გაეჯიბრა – ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერია კი მასპინძლებმა 4:2 მოიგეს. მატჩის გმირი მეკარე დევიდ სიმენი გახდა, რომელმაც მიგელ ანხელ ნადალის (ჩოგბურთელ რაფაელ ნადალის ბიძა) თერთმეტმეტრიანი მოიგერია.

23 ივნისს კიდევ ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა: გერმანიამ მათიას ზამერის შეუდარებელი თამაშით და გოლით 2:1 აჯობა ხორვატიას (პირველი ბურთი კლინსმანმა შეაგდო პენალტით), ხოლო ჩეხეთმა პორტუგალია კარელ პობორსკის ეფექტური გოლით დაამარცხა – 1:0.

26 ივნისს, მანჩესტერის ოლდ ტრაფორდზე, საფრანგეთი ჩეხეთს დაუპირისპირდა. მორიგი მოსაწყენი თამაში, ისევ 0:0 და კვლავ პენალტების სერია. 5:5ზე რეინალ პედროსამ პეტრ კოუბას ვერ აჯობა, ჩეხების კაპიტანმა მიროსლავ კადლეცმა კი შანსი ხელიან არ გაუშვა – 6:5 და ჩეხეთი ფინალში გავიდა!

იმავე დღეს უემბლიმ საფეხბურთო კლასიკას უმასპინძლა – ინგლისი გერმანიას დაუპირისპირდა. ეს იყო ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეული და არნახულად დაძაბული თამაში. პოლ გესქოინს ცოტა რომ გამართლებოდა, საქმე პენალტების სერიამდე არ მივიდოდა – ინგლისელთა ლიდერმა ორი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა.

ინგლისი მე3 წუთზე დაწინაურდა – ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ალან შირერმა გახსნა ანგარიში.

მე16 წუთზე ტაბლოზე 1:1 ენთო – შტეფან კუნცმა გაიტანა საპასუხო გოლი.

დარჩენილ დროში თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საქმე კვლავ პენალტების სერიაზე მიდგა, ისევე როგორც ექვსი წლით ადრე, იტალიაში, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში.

და მაშინდელის დარად, ფინალში კვლავ გერმანელები გავიდნენ: 5:5ზე გარეთ საუთგეიტმა ვერ გაიტანა, ენდი მიოლერმა კი აუღებელი პენალტი დაარტყა და გუნდს ფინალში შეუძღვა.

ძალიან ემოციური იყო სტიუარტ პირსის პენალტი. ძველი თაობის ქომაგებს ემახსოვრებათ: მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისი ჯერ კიდევ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთან პენალტების სერიაში სწორედ პირსის მიერ ვერგატანილი პენალტით დამარცხდა…

ფინალი
ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეორედ, ფინალში ის გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რომლებმაც ჯგუფურ ეტაპზე უკვე ითამაშეს. პირველად ასეთი რამ 1988 წელს მოხდა ნიდერლანდების და სსრკ ნაკრებ გუნდებს შორის.

გერმანია-ჩეხეთის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, 59ე წუთზე კი ბუნდესნაკრების კარში პენალტი დაინიშნა. გამეორებაზე გამოჩნდა, რომ იტალიელმა არბიტრმა პიერლუიჯი პაირეტომ თერთმეტმეტრიანი შეცდომით დანიშნა – მათიას ზამერმა კარელ პობორსკი კი არ წააქცია, ჩეხი თავად დაეცა საჯარიმოში. ასე იყო თუ ისე, გადაწყვეტილება აღარ შეიცვალა და პატრიკ ბერგერმაც თავისიანები დააწინაურა – 1:0.

69ე წუთზე ბერტი ფოგთსმა ოლივერ ბირჰოფი ჩართო თამაშში – უდინეზეს თავდამსხმელმა მეჰმეთ შოლი შეცვალა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მოედანზე გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც ფინალის ბედს გადაწყვეტდა და სამუდამოდ ჩაეწერებოდა ფეხბურთის ისტორიაში.

73ე წუთზე ბირჰოფმა თავურით გაათანაბრა, დამატებითი დროის 95ე წუთზე კი მეორედ დალაშქრა პეტრ კოუბას კარი და ისტორიაში პირველი ოქროს გოლიც შეაგდო!

წესი, რომელიც უეფამ ამ ჩემპიონატის წინ დაამტკიცა, პირველად სწორედ ფინალში ამოქმედდა: ბირჰოფის მეორე გოლის შემდეგ ფინალი დასრულდა და ევროპის ჩემპიონიც გაირკვა – გერმანიამ მესამედ ჩაიბარა ანრი დელონეს სახელობის თასი, რაც დღემდე საუკეთესო შედეგია (ესპანეთთან ერთად)!

ევროჩემპიონატის მთავარი ჯილდო ჩემპიონთა კაპიტანს იურგენ კლინსმანს ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II გადასცა.

უეფამ პირველად დაასახელა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი – ასეთად მათიას ზამერი აღიარეს. დორტმუნდის ბორუსიის ლიდერი 1995 და 1996 წლებში გერმანიის უძლიერ მოთამაშედ დასახელდა, ევროჩემპიონატზე ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ კი ფრანს ფუტბოლმა წლის მიწურულს ევროპის რჩეული ფეხბურთელის ტიტული და ოქროს ბურთიც მიანიჭა.

ევრო 1996
ინგლისი, 8-30 ივნისი
A ჯგუფი: ინგლისი 1:1 შვეიცარია; ნიდერლანდები 0:0 შოტლანდია; შვეიცარია 0:2 ნიდერლანდები; შოტლანდია 0:2 ინგლისი; შოტლანდია 1:0 შვეიცარია; ნიდერლანდები 1:4 ინგლისი
B ჯგუფი: ესპანეთი 1:1 ბულგარეთი; რუმინეთი 0:1 საფრანგეთი; ბულგარეთი 1:0 რუმინეთი; საფრანგეთი 1:1 ესპანეთი; საფრანგეთი 3:1 ბულგარეთი; რუმინეთი 1:2 ესპანეთი
C ჯგუფი: გერმანია 2:0 ჩეხეთი; იტალია 2:1 რუსეთი; ჩეხეთი 2:1 იტალია; რუსეთი 0:3 გერმანია; რუსეთი 3:3 ჩეხეთი; იტალია 0:0 გერმანია
D ჯგუფი: დანია 1:1 პორტუგალია; თურქეთი 0:1 ხორვატია; პორტუგალია 1:0 თურქეთი; ხორვატია 3:0 დანია; ხორვატია 0:3 პორტუგალია; თურქეთი 0:3 დანია
1/4ფინალი: ესპანეთი 0:0 ინგლისი (პენ 2:4); საფრანგეთი 0:0 (პენ 5:4) ნიდერლანდები; გერმანია 2:1 ხორვატია; ჩეხეთი 1:0 პორტუგალია
1/2ფინალი: საფრანგეთი 0:0 (პენ 5:6) ჩეხეთი; გერმანია 1:1 (პენ 5:4) ინგლისი

ფინალი
30 ივნისი, 1996. ინგლისი, ლონდონი, უემბლი. 73 611
გერმანია 2:1 ჩეხეთი
გოლები: 0:1 პატრიკ ბერგერი (59, პენ), 1:1 ოლივერ ბირჰოფი (73), 2:1 ოლივერ ბირჰოფი (95, ოქროს გოლი)
გერმანია: ანდრეას კეპკე, მათიას ზამერი, მარკუს ბაბელი, თომას ჰელმერი, თომას შტრუნცი, ქრისტიან ციგე, დიტერ აილტსი (მარკო ბოდე 46), მეჰმეთ შოლი (ოლივერ ბირჰოფი 69), თომას ჰესლერი, იურგენ კლინსმანი (კაპ), შტეფან კუნცი
მწვრთნელი: ბერტი ფოგთსი
ჩეხეთი: პეტრ კოუბა, მიროსლავ კადლეცი (კაპ), მიხალ ჰორნაკი, იან სუხოპარეკი, პაველ ნედვედი, რადეკ ბეიბლი, კარელ რადა, კარელ პობორსკი (ვლადიმირ შმიცერი 88), პატრიკ ბერგერი, ირი ნემეცი, პაველ კუკა
მწვრთნელი: დუშან უჰრინი
გაფრთხილება: მიხალ ჰორნაკი, თომას ჰელმერი, მათიას ზამერი, ქრისტიან ციგე
მსაჯი: პიერლუიჯი პაირეტო (იტალია)
ფინალის საუკეთესო მოთამაშე: კარელ პობორსკი

ჩემპიონი: გერმანიის ნაკრები
მეკარეები: 1.ანდრეას კეპკე (12.03.1962; ფრანკფურტის აინტრახტი), 12.ოლივერ კანი (15.06.1969; მიუნხენის ბაიერნი), 22.ოლივერ რეკი (27.02.1965; ბრემენის ვერდერი)
მცველები: 2.შტეფან როიტერი (16.10.1966; დორტმუნდის ბორუსია), 5.თომას ჰელმერი (21.04.1965; მიუნხენის ბაიერნი), 6.მათიას ზამერი (05.09.1967; დორტმუნდის ბორუსია), 14.მარკუს ბაბელი (08.09.1972; მიუნხენის ბაიერნი), 15.იურგენ კოლერი (06.10.1965; დორტმუნდის ბორუსია), 16.რენე შნაიდერი (01.02.1973; როსტოკის ჰანზა), 17.ქრისტიან ციგე (01.02.1972; მიუნხენის ბაიერნი)
ნახევარმცველები: 3.მარკო ბოდე (23.07.1969; ბრემენის ვერდერი), 4.შტეფან ფროინდი (19.01.1970; დორტმუნდის ბორუსია), 7.ანდრეას მიოლერი (02.09.1967; დორტმუნდის ბორუსია), 8.მეჰმეთ შოლი (16.10.1970; მიუნხენის ბაიერნი), 10.თომას ჰესლერი (30.05.1966; კარლსრუე), 13.მარიო ბასლერი (18.12.1968; მიუნხენის ბაიერნი); 19.თომას შტრუნცი (25.04.1968; მიუნხენის ბაიერნი), 21.დიტერ აილტსი (13.12.1964; ბრემენის ვერდერი), 23.იენს ტოდტი (05.01.1970; ფრაიბურგი)
თავდამსხმელები: 9.ფრედი ბობიჩი (30.10.1971; შტუტგარტი), 11.შტეფან კუნცი (30.10.1962; სტამბოლის ბეშიქთაში, თურქეთი), 18.იურგენ კლინსმანი (30.07.1964; მიუნხენის ბაიერნი), 20.ოლივერ ბირჰოფი (01.05.1968; უდინეს უდინეზე, იტალია)
მწვრთნელი: ბერტი ფოგთსი

უეფას სიმბოლური ნაკრები
მეკარეები: ანდრეას კეპკე (გერმანია), დევიდ სიმენი (ინგლისი)
მცველები: მათიას ზამერი (გერმანია), რადოსლავ ლატალი (ჩეხეთი), ლორან ბლანი (საფრანგეთი), მარსელ დესაი (საფრანგეთი), პაოლო მალდინი (იტალია)
ნახევარმცველები: დიტერ აილტსი (გერმანია), კარელ პობორსკი (ჩეხეთი), პოლ გესქოინი (ინგლისი), სტივ მაკმანამანი (ინგლისი), დიდიე დეშამი (საფრანგეთი), მანუელ რუი კოშტა (პორტუგალია)
თავდამსხმელები: ალან შირერი (ინგლისი), პაველ კუკა (ჩეხეთი), იური ჟორკაეფი (საფრანგეთი), დავორ შუკერი (ხორვატია), ხრისტო სტოიჩკოვი (ბულგარეთი)

საუკეთესო ფეხბურთელი: მათიას ზამერი (გერმანია)
ბომბარდირი: ალან შირერი (ინგლისი) – 5 გოლი

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 3 ივნისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი

ka_GEGeorgian