რუმინეთი 1:2 საქართველო
ვიორელ მოლდოვანის დიდი ფოტო სარბიელის პირველ გვერდზე და ანგარიში – 0:5.
ესაა ჩემი ერთ–ერთი უმწარესი საფეხბურთო მოგონება.|
1996 წლის გაზაფხულის იმ დღეს მარჯანიშვილის მეტროსთან ვიყიდე სარბიელის ის ნომერი და მაშინ პირველად მოხდა, რომ სახლში მისვლამდე არც გადამიშლია, ოთხად გადავკეცე და უკანა ჯიბეში ჩავიდე.
ძალიან, აი ძალიან მომეშალა ნერვები იმ წაგების გამო. თან, იმ დროისთვის 0:5 არნახული ამბავი იყო. ეს მერე დაიწყო 1:6ები და 2:6ები…
მას მერე კიდევ ბევრჯერ შევხვდით რუმინელებს და სულ გვამწარებდნენ: ბუქარესტში, თბილისში, კვიპროსზე…
ჰოდა ახლა, როგორც იქნა, ნავსი გატყდა და საქართველომ რუმინეთი რუმინეთში დაამარცხა!
ცხელ გულზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ იმას კი დავწერ რომ ჩემი გუნდის მოგება ყველა ვარიანტში მაგრად გამიხარდა!
ასე სჯობდა, ისე უკეთესი იქნებოდა, ის რომ გვყოლოდა და ეგეთები მერე იყოს.
მთავარია რომ მოვიგეთ!
მე მინდა რომ ჩემები სულ მოგებულები იყვნენ. ნუ, უმეტეს შემთვევაში მაინც. ჰოდა ამიტომაც: გაუმარჯოს ავად თუ კარგად გამარჯვებულ საქართველოს!
ეს ერთი, მუსიე ვილი, და სხვა მრავალი ქალბატონებო და ბატონებო!
6ში ენსხედეშიც ვაოტნოთ ნიდერლანდელები და მერე ევროს ჩავუჯდეთ.
ახლა რაც შეეხება გუშინდელი გამარჯვების საინტერესო ფაქტებს:
1: საქართველოს ეროვნული ნაკრები მერვედ დაუპირისპირდა რუმინეთს და პირველად დაამარცხა მეტოქე.
აქამდე გამართული 7 თამაშიდან მეტოქემ 5ჯერ გაიმარჯვა, 2 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა:
რუმინეთი 5:0 საქართველო (ამხანაგური; ბუქარესტი; 24 აპრილი, 1996)
რუმინეთი 1:1 საქართველო (ამხანაგური; ლარნაკა, კვიპროსი; 4 თებერვალი, 2000)
საქართველო 0:2 რუმინეთი (ფიფა 2002; თბილისი; 28 მარტი, 2001)
რუმინეთი 1:1 საქართველო (ფიფა 2002; ბუქარესტი; 6 ოქტომბერი, 2001)
რუმინეთი 3:0 საქართველო (ამხანაგური; ლარნაკა; 18 თებერვალი, 2004)
რუმინეთი 2:1 საქართველო (ამხანაგური; ბუქარესტი; 19 ნოემბერი, 2008)
რუმინეთი 5:1 საქართველო (ამხანაგური; ბუქარესტი; 3 ივნისი, 2016)
2: ვილი სანიოლმა პირველი თამაში მოიგო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ.
მსოფლიოს 2006 წლის ვიცე-ჩემპიონმა ჩვენი გუნდი წლის დასაწყისში ჩაიბარა და მარტში, მსოფლიოს საგაისო ჩემპიონატის 3 საკვალიფიკაციო თამაშიდან 2 წააგო (0:1 შვედეთში, 1:2 ესპანეთთან თბილისში), ერთხელაც ფრედ ითამაშა (1:1 საბერძნეთში).
3: თორნიკე ოქრიაშვილმა პირველად უკაპიტნა ნაკრებს. გუშინ მან 46ედ ითამაშა ეროვნულ გუნდში.
ოქრიაშვილი ნაკრების ისტორიაში 22ე კაპიტანია.
ასევე ერთხელ უკაპიტნეს გუნდს გელა კეტაშვილმა (1990), ირაკლი ზოიძემ (2001), გიორგი შაშიაშვილმა (2003), გიორგი ნავალოვსკიმ (2018) და გიორგი ლორიამ (2020).
4: გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი აბურჯანიამ პირველი გოლები გაიტანეს ეროვნული გუნდის მაისურით.
5: ბათუმის დინამოს გოლკიპერმა ლაზარე კუპატაძემ და მცველმა ირაკლი აზაროვმა გუშინ პირველად ითამაშეს ეროვნულ ნაკრებში.
6: რუმინეთი პირველი გუნდია, რომელმაც საქართველოს ნაკრების კარში 20 გოლი გაიტანა. კარპატელებთან ბურთების შეფარდება კატასტროფულია – 6:20.
2 ივნისი, 2021. ამხანაგური. რუმინეთი, პლოეშტი, ილიე ოანა.
რუმინეთი 1:2 საქართველო
გოლები: 0:1 გიორგი მიქაუტაძე (61), 0:2 გიორგი აბურჯანია (71), 1:2 ანდრეი ივანი (78)
65ე წუთზე რაზვან მარინმა ვერ გაიტანა პენალტი (ააცილა)
რუმინეთი: ანდრეი ვლადი, იონუტ ნედელკეარუ, დეიან სორესკუ, რაზვან მარინი (ნიკოლაე სტანჩიუ 77), ვლად კირიკეში (კაპ), კრისტიან განეა, დარიუს ოლარუ (ალექსანდრუ კიკალდაუ 57), ალექსანდრუ მაქსიმი (კონსტანტინ ბუდესკუ 58), დენის ალიბეკი (ანდრეი ივანი 58), ფლორინ ტანასე, იანის ჰაჯი (კლაუდიუ კეშერუ 77)
მწვრთნელი: მირელ რადოი
საქართველო: ლაზარე კუპატაძე, ირაკლი აზაროვი, საბა კვირკველია, დავით ხოჭოლავა, გრიგოლ ჩაბრაძე, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი (კაპ) (გურამ კაშია 66), ნიკა კვეკვესკირი (ოთარ კიტეიშვილი 57), ლევან შენგელია (საბა ლობჟანიძე 57), გიორგი მიქაუტაძე (ბუდუ ზივზივაძე 81), გიორგი აბურჯანია (ვაკო გვილია 80)
მწვრთნელი: ვილი სანიოლი (საფრანგეთი)
გაფრთხილება: საბა კვირკველია, საბა კვირკველია, ვილი სანიოლი
გაძევება: ფლორინ ტანასე (42), საბა კვირკველია (64)
მსაჯები: ანასტასიოს სიდიროპულოსი; პოლიხრონის კოსტარასი, ლაზაროს დიმიტრიადისი (საბერძნეთი)
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 3 ივნისი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია