ევროამბები: მწვრთნელები
შვიდი დღეც და ევროპის მეთექვსმეტე ჩემპიონატი დაიწყება.
ევრო 2020 მართლაც რომ მთელ კონტინენტს მოიცავს: ფინალური ეტაპის მატჩებს 11 ქვეყნის ამდენივე სტადიონი უმასპინძლებს. გახსნის თამაში რომში, სტადიო ოლიმპიკოზეა დანიშნული, სადაც A ჯგუფის ფავორიტი რობერტო მანჩინის უძლეველი იტალია თურქეთს დაუხვდება, ფინალს კი 11 ივლისს უემბლი მიიღებს.
უეფას თავდაპირველი გეგმით, ევრო 2020 ცამეტ ქვეყანაში უნდა გამართულიყო, თუმცა კოვიდ 19ის გამო მასპინძელთა რაოდენობა ორით შემცირდა – ბრიუსელს და დუბლინს არ გაუმართლათ.
უეფამ მაყურებლები კი დაუშვა, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. მაგალითად მიუნხენის ალიანც არენაზე საერთო ტევადობის მხოლოდ 20%ის შევსებაა ნებადართული, სხვაგან ეს მაჩვენებელი 25-50% შორის მერყეობს. მხოლოდ ბუდაპეშტის ფერენც პუშკაშ არენაა სრულიად გახსნილი…
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სხვადასხვა სახის საინტერესო ამბებს შემოგთავაზებთ. მეოთხე კრებულში მწვრთნელებს მიმოვიხილავ: ყველაზე ასაკოვანი, ყველაზე ახალგაზრდა, ყველაზე მეტჯერ, ერთადერთი…
1: ფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტი მატჩი მთავარი მწვრთნელის რანგში იოახიმ ლიოვმა გამართა – 17. მან ყველა შემთხვევაში გერმანიის ნაკრებს უხელმძღვანელა. ლიოვმა მოიგო ყველაზე მეტი თამაშიც – 11.
2: გერმანელი ოტო რეჰაგელი ერთადერთია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი სხვა ქვეყნის ნაკრებში მუშაობისას მოიგო – 2004 წელს, საბერძნეთთან ერთად.
3: შვედმა სპეციალისტმა ლარს ლაგერბეკმა ევროპის 4 ჩემპიონატზე იმუშავა და ეს რეკორდია. 2000, 2004 და 2008 წლებში ის შვედეთის ნაკრებს წვრთნიდა, ხოლო 2016 წელს – ისლანდიას.
წელს მის რეკორდს იოახიმ ლიოვი გაიმეორებს, რომელიც 2008, 2012 და 2016 წლების ევროჩემპიონატებზე ხელმძღვანელობდა ბუნდესგუნდს. ევრო 2020ით ლიოვი სანაკრებო კარიერას ამთავრებს.
4: ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე 2 ქვეყნის ნაკრებს მხოლოდ ლარს ლაგერბეკმა (შვედეთი, ისლანდია), გუუს ჰიდინკმა (ნიდერლანდები, რუსეთი), ჯოვანი ტრაპატონიმ (იტალია, ირლანდია), დიკ ადვოკაატმა (ნიდერლანდები, რუსეთი) და ფერნანდუ სანტუშმა (საბერძნეთი, პორტუგალია) უხელმძღვანელეს.
5: ფინალურ ეტაპზე ზედიზედ ყველაზე მეტი, 5 მატჩი მხოლოდ 2მა მწვრთნელმა მოიგო: მიშელ იდალგომ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 1984 წელს და რინუს მიხელსმა, ნიდერლანდებთან ერთად 1988-92 წლებში.
6: მიხელსი კიდევ ერთი რეკორდის თანამფლობელია: მისი მომზადებული ნიდერლანდები 1988 და 1992 წლებში ფინალურ ეტაპზე ზედიზედ 8 მატჩში არ დამარცხდა.
იგივე შედეგი აჩვენა ვისენტე დელ ბოსკეს გაწვრთნილმა ესპანეთმა 2012-16 წლებში.
7: სლოვენიელი სრეჩკო კატანეცი ყველაზე ახალგაზრდაა, რომელმაც ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე უხელმძღვანელა – სლოვენიას ევრო 2000ზე, 36 წლის და 333 დღისამ.
8: იტალიელი ჯოვანი ტრაპატონი ყველაზე ასაკოვანია, რომელმაც ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე უხელმძღვანელა – ირლანდიას ევრო 2012ზე, 73 წლის და 93 დღისამ.
9: ბერტი ფოგთსი ერთადერთია, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიტული ფეხბურთელის და მთავარი მწვრთნელის რანგში მოიგო.
1972 წელს ის ბუნდესგუნდის მცველი გახლდათ (თუმცა ნახევარფინალსა და ფინალში არ უთამაშია), 1996 წელს – თავკაცი.
10: ევროპის ჩემპიონატზე უთამაშიათ, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელის რანგში უასპარეზიათ მხოლოდ დინო ძოფს (იტალია; 1968 და 2000) და დიდიე დეშამს (საფრანგეთი; 1992, 1996, 2000 და 2016).
11: ფეხბურთელის და მთავარი მწვრთნელის რანგში ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტი შეხვედრა დიდიე დეშამმა გამართა – 20 (1992, 1996, 2000, 2016)
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 4 ივნისი)
ფოტო: Uefa.com