ევროისტორია: 2000 – მასპინძლები

1995 წლის 14 ივლისს, შვეიცარიის ულამაზეს ქალაქ ჟენევაში ითქვა რომ ევროპის XI ჩემპიონატი ერთდროულად ჩატარდებოდა ბელგიასა და ნიდერლანდებში. იქვე ისიც გაცხადდა, რომ ევრო 2000ის გადამწყვეტ მატჩს ნიდერლანდები უმასპინძლებდა, ტურნირი კი ბელგიაში დაიწყებოდა.
უეფას პრეზიდენტმა ლენარტ იუჰანსონმა და მასპინძელი ქვეყნების საფეხბურთო კავშირების ხელმძღვანელებმა ალენ კურტუამ და იენს პრენხენსმა ეს ამბავი ჟურნალისტების თანდასწრებით აღნიშნეს.

ევრო 2000ის მასპინძლის არჩევა ჟენევაში გამართული უეფას აღმასრულებელი კომიტეტის ერთადერთი საკითხი არ იყო. იმავე დღეს განიხილეს მარსელის ოლიმპიკის ხელმძღვანელების მიერ საფრანგეთის ჩემპიონატში მსაჯების მოსყიდვის მცდელობა; 15 თებერვალს დუბლინში, ირლანდია-ინგლისის ამხანაგური თამაშის ჩაშლის მიზეზი… ამას გარდა, დღის წესრიგში იყო მსაჯთა წესების რამდენიმე ცვლილებაც.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, ცხადია, ევროპირველობის მასპინძელთა დასახელება იყო. საინტერესოა, რომ ამ უფლებისთვის ბელგიისა და ნიდერლანდების გარდა არავინ იბრძოდა. მეზობლებმა იმდენად სრულყოფილი პროექტი წარადგინეს, რომ მხოლოდ ერთადერთი იყო გასარკვევი – რამდენი ხმით მოიწონებდა უეფა საერთო პროექტს.

ამ ქვეყნების საფეხბურთო კავშირების ხელმძღვანელებმა ევროპის ჩემპიონატის მხარდამხარ მასპინძლობის სურვილი ჯერ კიდევ 70იან წლებში გამოთქვეს, მაგრამ მაშინ სიახლეს ეჭვით შეხვდნენ და საბოლოოდ ევრო 1976 იუგოსლავიას ერგო.

ევროპის 2000 წლის ჩემპიონატმა საკვალიფიკაციო ტურნირის დაწყებამდე დაამყარა ერთი რეკორდი – მონაწილება 49 ქვეყანამ ისურვა, რაც არასდროს მომხდარა.

უეფამ შესარჩევში დაუშვა იუგოსლავიაც, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ყოვლისმომცველი სანქციები მოუხსნა. პირველად ჩაებნენ ოფიციალურ ტურნირებში ბოსნია-ჰერცეგოვინა და ანდორა.

საკვალიფიკაციოს წილისყრა ბელგიის ქალაქ გენტში, კონგრესის ცენტრში გაიმართა. ცერემონიის პირდაპირი ტელერეპორტაჟი ბევრ ევროპულ ქვეყანაში გადაიცა, საერთო ჯამში კი ეს უფლება 60 ქვეყნის ტელევიზიამ შეიძინა. მათ შორის საქართველო, სამწუხაროდ, არ იყო.

წილისყრის წინ გუნდები ხუთ კალათში განთესეს:
I – ინგლისი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, რუსეთი, რუმინეთი, იუგოსლავია, ნორვეგია და შოტლანდია
II – საფრანგეთი, ბულგარეთი, დანია, ხორვატია, პორტუგალია, ავსტრია, ჩეხეთი, თურქეთი და საბერძნეთი
III – ირლანდია, შვეიცარია, შვედეთი, უკრაინა, ლიეტუვა, სლოვაკეთი, ფინეთი, ისრაელი, საქართველო
IV – პოლონეთი, უნგრეთი, ჩრდილოეთი ირლანდია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ლატვია, მაკედონია, კვიპროსი, უელსი, ისლანდია
V – ფარერის კუნძულები, ბელარუსი, სლოვენია, სომხეთი, ალბანეთი, ლუქსემბურგი, მოლდოვა, აზერბაიჯანი, ესტონეთი, მალტა, ლიხტენშტაინი, სან მარინო და ანდორა

ის ფაქტი, რომ ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი, მომავალი მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი უძლიერესთა შორის ვერ მოხვდა, ბევრს გაუკვირდა, მაგრამ მაშინდელი წესებით სხვანაირად ვერც მოხდებოდა. ნაკრებთა შეფასებისას უეფამ ევრო 96ის ფინალურ ეტაპზე და მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევში ნაჩვენები შედეგები გაითვალისწინა. ამ უკანასკნელში ფრანგებს, გასაგები მიზეზების გამო (მასპინძლები იყვნენ) არ უთამაშიათ.

წილისყრას ბელგიური და ნიდერლანდური ფეხბურთის ვარსკვლავები პოლ ვან ჰიმსტი და იოჰან კრუიფი გაუძღვნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები, საერთო მოსაზრებით, სუსტ ჯგუფში მოხვდა. ქართველებთან ერთად ევრო 2000ის საგზურის მოსაპოვებლად ნორვეგიელები, ბერძნები, სლოვენიელები, ლატვიელები და ჩვენთვის კარგად ნაცნობი ალბანელები იბრძოდნენ.

ქართველ სპეციალისტთა შორის გამოითქვა მოსაზრება, რომ ვლადიმერ გუცაევის გუნდს რეალურად შეეძლო პირველი ადგილისთვის ბრძოლა, თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ქართული ფეხბურთი და შესაბამისად, ქვეყნის პირველი გუნდი ღრმა კრიზისში იყო.

საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეთა რაოდენობის ზრდის გამო საფეხბურთო კალენდარი გადაიტვირთა და უეფამ მიზანშეწონილად ჩათვალა ეგრეთ წოდებული სანაკრებო დღეების შემოღება.

ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ფრანც ბეკენბაუერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მესამე მსოფლიოს ქვეყნებს ჯერ ერთმანეთში უნდა ეთამაშათ საკვალიფიკაციო ტურნირში მოსახვედრად, რათა ძლიერი საფეხბურთო ქვეყნების კალენდარი სუსტებთან არაფრისმომცემი თამაშებით არ გადატვირთულიყო.

საბოლოოდ უეფამ ასე გადაწყვიტა: ცხრა შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებულები პირდაპირ იღებდნენ ფინალური ეტაპის საგზურს, ევროპის ჩემპიონატზე ასევე ხვდებოდა საუკეთესო მეორეადგილოსანი, დანარჩენი რვა გუნდი კი ფლეი-ოფში გაარკვევდა ბოლო ოთხი საგზურის მფლობელს.

უეფას გადაწყვეტილებით, სეზონის განრიგში გამოიყო რამდენიმე სანაკრებო კვირეული, რომლის განმავლობაში გუნდები ორ ოფიციალურ შეხვედრას გამართავდნენ. ამ მიგნებამ გააიოლა შესარჩევი ტურნირის ჩატარება და მისი საკლუბო შეჯიბრებთან შეთავსება.

ევრო 2000ის თილისმა ბელგიისა და ნიდერლანდების სახელმწიფო დროშის ფერებში დახატული ეშმაკუნა გახდა.

ევროთილისმების ისტორიაში პირველად, სახელის შერჩევაში ყველა მსურველი მონაწილეობდა. ეს იდეა ჩემპიონატის ერთ-ერთი გენერალური სპონსორის მაკდონალდსის იდეით დამკვიდრდა. ათასობით ვარიანტიდან საბოლოოდ ექვსი საუკეთესო სახელი შეირჩა, ნიდერლანდებში, უტრეხტში მცხოვრები იურიან რიორინგსის ინიციატივით კი ეშმაკუნას ბენილაქი ეწოდა. ნათლობა 1999 წლის 7 თებერვალს შედგა.

საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა კი მანამდე, 1998 წლის 4 ივნისს გაიმართა: IX შესარჩევ ჯგუფში ესტონეთმა ტალინში უმასპინძლა ფარერის კუნძულების ნაკრებს და 5:0 გაიმარჯვა. ყველა სხვა საკვალიფიკაციო მატჩი მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაიმართა.

I ჯგუფში მოხვდა იტალია, რომელმაც საფრანგეთი 98 მეოთხედფინალში მასპინძლებთან პენალტების სერიაში მარცხით დაასრულა. უდიდეს საფეხბურთო ტურნირზე იტალიამ ზედიზედ მესამედ წააგო პენალტების სერია და 1990 წლის ბრინჯაოს და 1994 წლის ვერცხლის შემდეგ მედლის გარეშე დარჩა.

სკუადრა აძურასთან ერთად ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძოდა დანია, შვეიცარია, უელსი და ბელარუსი.

იმხანად იტალიას ლეგენდარული მეკარე, შემდგომში მეტ-ნაკლებად წარმატებული საკლუბო მწვრთნელი დინო ძოფი წვრთნიდა. პაპა დინომ ნაკრები ჩეზარე მალდინისგან ჩაიბარა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე დატოვა თანამდებობა.

1998 წლის 5 სექტემბერს უელსი იტალიას ლივერპულში დაუხვდა. დიეგო ფუზერის და კრისტიან ვიერის გოლებით ძოფის სანაკრებო დებიუტი გამარჯვებით დასრულდა.

ზოგადად, იტალიას კარგი სტარტი გამოუვიდა: უელსის შემდეგ შვეიცარიასაც სძლია და დანიაშიც გაიმარჯვა, 1998 წლის მიწურულს კი სკუადრა აძურამ საუკუნოვანი იუბილე იზეიმა – რომში, სტადიო ოლიმპიკოზე ფიფას მსოფლიოს ნაკრები 6:2 დაამარცხა. სამწუხაროდ, იმ დღეს დედაქალაქში მომხდარმა მიწისძვრამ არაერთი ადამიანი შეიწირა და ამის გამო სტადიონი ვერ გაივსო…

1999 წლის 8 სექტემბერს იტალია ნეაპოლში ორი ბურთით უგებდა დანიას, მაგრამ 2:3 წააგო. მიუხედავად ამისა, ძოფის გუნდმა ჯგუფი მაინც მოიგო, მეორე ადგილი კი დანიამ მოიპოვა, რომელმაც ასევე 14 ქულით დაასრულა ტურნირი და უპირატესობა მხოლოდ უშუალოდ შვეიცარიასთან მოგებით და ქულით მოიპოვა.

III ჯგუფში ევროპის ჩემპიონი გერმანია, ფინეთი, თურქეთი, ჩრდილოეთ ირლანდია და მოლდოვა მოხვდნენ.

ბუნდესნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს მეოთხედფინალში გამოეთიშა ხორვატიასთან 0:3 მარცხის შემდეგ. მთავარი მწვრთნელი ბერტი ფოგთსი გუნდიდან წავიდა, მის ნაცვლად დანიშნულმა ერიხ რიბეკმა კი გერმანიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე სწრაფად დატოვა თანამდებობა. სხვანაირად ვერც მოხდებოდა – რიბეკის გერმანია ერთ-ერთი ყველაზე სუსტი იყო ბუნდესგუნდის ისტორიაში.

შესარჩევის სტარტზე გერმანია თურქეთში, ბურსაში, ქემალ ათათურქზე 0:1 დამარცხდა. ის გოლი ჰაქან შუქურმა გაიტანა, სტამბოლის გალათასარაის ლიდერმა.

თურქებმა გერმანიასთან ტრიუმფი ცუდად გააგრძელეს – სტამბოლში, ალი სემი იენზე 1:3 წააგეს ფინეთთან. თურქების წაფორხილება ყველაზე ძალიან გერმანელებს წაადგათ, რომლებმაც ზედიზედ სძლიეს მოლდოვას, ჩრდილოირლანდიელებს და ფინელებს.

უკანასკნელ შესარჩევ მატჩში გერმანიამ თურქეთს უმასპინძლა. იმ შემთხვევაში თუ თურქეთი მოიგებდა, გუნდი პირდაპირ გადიოდა ევროპის ჩემპიონატზე, ეს კი მასპინძლების გეგმაში, ცხადია, არ შედიოდა.

ბუნდესნაკრები მეტოქეს მიუნხენში, ოლიმპიაშტადიონზე დაუხვდა, თუმცა ტრიბუნებზე შეკრებილი 64 ათასი გულშემატკივიდან 50 ათასი… თურქი გახლდათ! ლამის სტუმრად თამაშის მიუხედავად, გერმანიამ მიზანს მიაღწია და პირველი ადგილით გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი ევრო 96ის გმირი ოლივერ ბირჰოფი გახდა, რომელმაც რვა მატჩში შვიდი გოლი შეაგდო.

IV ჯგუფში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბრძოლა წარიმართა. ევრო 2000ის საგზურისთვის მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი, რუსეთი, უკრაინა, ისლანდია, სომხეთი და ანდორა იბრძოდნენ.

უკრაინა-რუსეთის პირველი დაპირისპირება კიევში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა – 3:2, იმავე დღეს კი მსოფლიოს ჩემპიონმა საფრანგეთმა ისლანდიაში ძლივს დააღწია თავი მარცხს – 1:1.

ცნობისათვის: ფიფას ოქროს თასის მოგების შემდეგ ნაკრები დატოვა მთავარმა მწვრთნელმა ემე ჟაკემ და მის ნაცვლად გუნდი როჟე ლემერმა ჩაიბარა.

უკრაინაში წაგების შემდეგ რუსები შინ შერცხვნენ ფრანგებთან – 2:3, მესამე ტურში კი ისლანდიაშიც წააგეს – 0:1. რუსებისთვის ეს მეტისმეტი იყო და ანატოლი ბიშოვეცს თანამდებობა დაატოვებინეს, გუნდი კი მოსკოვის სპარტაკის დამრიგებელს ოლეგ რომანცევს ანდეს, ვინც იმხანად უკვე კლუბის პრეზიდენტის პოსტსაც ითავსებდა.

რომანცევის ხელში რუსები სხვანაირად ათამაშდნენ და სომხები და ანდორელები დიდი ანგარიშით დაამარცხეს, 1999 წლის 5 ივნისს კი პარიზში, სტად დე ფრანსზე მსოფლიოს ჩემპიონებსაც სძლიეს – 3:2.

უკანასკნელ ტურში, უკრაინასთან საშინაო თამაშის წინ, ჯგუფში სიტუაცია ძალიან დაიძაბა. თუ რომანცევის გუნდი უკრაინას დაამარცხებდა, 22 ქულით პირველ ადგილს იკავებდა და შესაბამისად, პირდაპირ გადიოდა ევროპის ჩემპიონატზე.

75ე წუთზე ვალერი კარპინმა ანგარიში გახსნა: საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ცოცხალ კედელს შორის გაატარა – 1:0.

და როცა თამაშის დასასრულს წამები აკლდა, რუსეთის ნაკრების ნახევარზე, კარიდან საკმაოდ შორს, აუტის ხაზთან საჯარიმო დაინიშნა. ძალიან ცოტა თუ იფიქრებდა, რომ უკრაინელთა ლიდერი ანდრეი შევჩენკო ამ პოზიციიდან პირდაპირ კარში დაარტყამდა, მაგრამ მილანის ახალწვეული სწორედ ასე მოიქცა. რუსეთის ნაკრების მეკარე ალექსეი ფილიმონოვმა, იმის ნაცვლად, რომ ბურთი მუშტებით მოეგერიებინა, მისი დაჭერა სცადა და… ბურთიანად კარში შევარდა – 1:1!

მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ რუსეთი პირველი ნაცვლად მესამე ადგილზე გავიდა, უკრაინამ კი მოსკოვური ქულით მეორე ადგილი დაიკავა და ფლეი-ოფში გადაინაცვლა. საფრანგეთმა კი იმავე დღეს ისლანდიას აჯობა და პირველი ადგილით გავიდა ფინალურ ეტაპზე.

V ჯგუფში ინგლისის, შვედეთის, ბულგარეთის, ლუქსემბურგის და პოლონეთის ნაკრები გუნდები მოხვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტად ინგლისი ითვლებოდა, ჯგუფი მაინც შვედეთმა მოიგო. საინტერესოა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში სწორედ ისინი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს – სტოკჰოლმში, რასუნდაზე, მასპინძლებმა 2:1 გაიმარჯვეს. მიუხედავად იმისა, რომ ალან შირერმა გახსნა ანგარიში, ანდერსონმა და მიალბიმ შვედები გაახარეს.

ევრო 2000ის შესარჩევი ინგლისმა გლენ ჰოდლის ხელმძღვანელობით დაიწყო, მაგრამ ის მალევე შეცვალა კევინ კიგანმა. 80იანი წლების ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე უცნაური მიზეზით გაათავისუფლეს: მწვრთნელი სულთა რეინკარნაციამ და იმქვეყნიურმა ცხოვრებამ გაიტაცა, ასოციაციაში კი ჩათვალეს, რომ ის მთავარ საქმეს ჯეროვან ყურადღებას ვეღარ აქცევდა.

კიგანის ხელში ინგლისელებმა უკეთესი შედეგი აჩვენეს და საბოლოოდ მეორე ადგილი დაიკავეს. 13 ქულა მოაგროვა პოლონეთმაც, მაგრამ ინგლისის ბურთების შეფარდება უფრო შთამბეჭდავი იყო.

ესპანეთს, ავსტრიას, ისრაელს, კვიპროსსა და სან მარინოს შორის VI ჯგუფის თამაშები გულშემატკივრებს მოწყენის საშუალებას არ აძლევდა.

1998 წლის 5 სექტემბერს ესპანელები კვიპროსში 2:3 დამარცხდნენ. ხავიერ კლემენტე, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქვეყნის პირველ გუნდს, უმალ გაათავისუფლეს. მანამდე ესპანეთმა საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატიც სამარცხვინოდ დაასრულა – ჯგუფიდან ვერ გავიდა…

კლემენტე მადრიდის რეალის ლეგენდარულმა კაპიტანმა ხოსე ანტონიო კამაჩომ შეცვალა. მის ხელში გუნდი საოცრად ათამაშდა და ზედიზედ შვიდ შეხვედრაში 40 ბურთი გაიტანა!

განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა 1999 წლის 27 მარტს, ვალენსიაში ავსტრიასთან 9:0 გამარჯვება. იმ მატჩში რეალის ლიდერმა რაულმა პოკერი შეასრულა. რამდენიმე დღეში ესპანეთმა 6:0 დაამარცხა სან მარინო და სამეფო კლუბის მეშვიდე ნომერმა ამჯერად ჰეთ-თრიქი მიითვალა.

ესპანელებმა კვიპროსელებიც დასაჯეს: ბადახოსში, ნუევო ვივეროსზე სრულფასოვანი რევანში აიღეს და რვაჯერ შეარხიეს პანაიოტუს კარის ბადე. იმ მატჩში ბილბაოს ატლეტიკის ფორვარდებმა გაილაღეს – ისმაელ ურსაისმა და იულენ გერერომ ჰეთ-თრიქები შეასრულეს.

მეორე ადგილზე გასულ ისრაელს ესპანეთმა ერთბაშად 8 ქულით აჯობა, რაული კი 11 გოლით საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

VII შესარჩევი ჯგუფიც შედეგიანი გამოდგა: მრავლად იყო 8:0, 7:0, 5:0 – რუმინეთმა ლიხტენშტაინი გაანადგურა, პორტუგალიამ უნგრეთი არ დაინდო… ფინალურ ეტაპზე რუმინეთი ჯგუფის გამარჯვებულის რანგში მოხვდა, პორტუგალია კი მეორეადგილოსანთა შორის საუკეთესო მაჩვენებლით.

VIII ჯგუფში ირლანდიის, მაკედონიის, მალტის, ხორვატიის და იუგსლავიის ნაკრებმა გუნდებმა ითამაშეს. ხორვატების და იუგოსლავიელთა პაექრობა ამ ქვეყნებში საუკუნის მატჩებად მოინათლა. ორივე თამაში ფრედ დასრულდა – ბელგრადში 0:0, ზაგრებში 2:2.

იუგოსლავიამ პირველი ადგილი დაიკავა, ირლანდიამ კი, წინა ევროპირველობის მსგავსად, ფლეი-ოფში გადაინაცვლა.

IX ჯგუფში ბოსნია-ჰერცეგოვინის, ლიეტუვის, ფარერის კუნძულების, ჩეხეთის და შოტლანდიის ნაკრებმა გუნდებმა ითამაშეს.

ჩეხეთმა შეუდარებლად იასპარეზა და ყველა თამაში მოიგო, რითაც საფრანგეთის ნაკრების მიერ ევრო 92ის საკვალიფიკაციოში დამყარებული რეკორდი გაიმეორა. თუმცა ჩეხების მიღწევა მაინც აღსანიშნავია – ფრანგებისგან განსხვავებით მათ ზედიზედ 10 ოფიციალური თამაში მოიგეს!

ჯგუფური მატჩების შემდეგ ფლეი-ოფის დრო დადგა. ყველაზე დიდ ინტერესს ინგლისისა და შოტლანდიის პაექრობა იწვევდა.
პირველი თამაში გლაზგოში, ჰემპდენ პარკზე გაიმართა და ინგლისელთა 2:0 მოგებით დასრულდა. მანჩესტერ იუნაიტდის ლიდერმა პოლ სქოულზმა შეასრულა დუბლი.

საპასუხო თამაში, ლონდონში, უემბლიზე, შოტლანდიელებმა მოიგეს – 1:0. 1981 წლის შემდეგ სქოთებმა პირველად გაიმარჯვეს ინგლისის მთავარ საფეხბურთო არენაზე, მეზობლებთან 110ე დაპირისპირებაში კი ეს მათი 41ე ტრიუმფი გამოდგა.

თურქეთისა და ირლანდიის პაექრობაში ორივე თამაში ფრედ დასრულდა. თურქები ბელგია-ნიდერლანდებში სტუმრად გატანილი გოლით მოხვდნენ – 1:1 ირლანდიაში და 0:0 შინ.

სლოვენიისა და უკრაინის წყვილში ფავორიტად ეს უკანასკნელი ითვლებოდა, მაგრამ ექს-იუგოსლავიელებმა გაიხარეს. პირველ მატჩში, რომელიც 13 ნოემბერს გაიმართა ლუბლიანაში, სლოვენიელთა ლიდერმა მილინკო აჩიმოვიჩმა 83ე წუთზე ლამის ცენტრიდან გაიტანა გოლი. საპასუხო თამაში კიევში 1:1 დასრულდა და უკრაინელთა ოცნებაც კვლავ გადაიდო.

დანია იყო ერთადერთი, რომელმაც ფლეი-ოფი უპრობლემოდ მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე თამაში პირველი რაუნდის შემდეგ გაინაღდა. ბო იოჰანსონის გუნდმა ისრაელში 5:0 გაიმარჯვა და მიუხედავად იმისა, რომ კოპენჰაგენში დანიშნული საპასუხო თამაში ფორმალობად იქცა, მასპინძლებმა ისიც დიდი ანგარიშით მოიგეს – 3:0.

(I ნაწილის დასასრული)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 8 ივნისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი

ka_GEGeorgian