ევროამბები: მედალოსნები, ახალგაზრდები და ძველგაზრდები

ორი დღეც და ევროპის მეთექვსმეტე ჩემპიონატი დაიწყება.
ევრო 2020 მართლაც რომ მთელ კონტინენტს მოიცავს: ფინალური ეტაპის მატჩებს 11 ქვეყნის ამდენივე სტადიონი უმასპინძლებს. გახსნის თამაში რომში, სტადიო ოლიმპიკოზეა დანიშნული, სადაც A ჯგუფის ფავორიტი რობერტო მანჩინის უძლეველი იტალია თურქეთს დაუხვდება, ფინალს კი 11 ივლისს უემბლი მიიღებს.
უეფას თავდაპირველი გეგმით, ევრო 2020 ცამეტ ქვეყანაში უნდა გამართულიყო, თუმცა კოვიდ 19ის გამო მასპინძელთა რაოდენობა ორით შემცირდა – ბრიუსელს და დუბლინს არ გაუმართლათ.
უეფამ მაყურებლები კი დაუშვა, თუმცა შეზღუდული რაოდენობით. მაგალითად მიუნხენის ალიანც არენაზე საერთო ტევადობის მხოლოდ 20%ის შევსებაა ნებადართული, სხვაგან ეს მაჩვენებელი 25-50% შორის მერყეობს. მხოლოდ ბუდაპეშტის ფერენც პუშკაშ არენაა სრულიად გახსნილი…
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სხვადასხვა სახის საინტერესო ამბებს შემოგთავაზებთ. მეშვიდე კრებულში ჩემპიონებს, ყველაზე ახალგაზრდა და ასაკოვან ფეხბურთელებს შეგახსენებთ:

1: რაინერ ბონჰოფი ერთადერთია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის 3 მედალს ფლობს: გფრის ნაკრების შემადგენლობაში ის ჩემპიონი გახდა 1972 და 1980 წლებში, 1976 წელს კი ვერცხლს დასჯერდა.

2: ევროპის ორგზის ჩემპიონი მხოლოდ 13 ფეხბურთელია: გერმანელი რაინერ ბონჰოფი (1972, 1980) და 12 ესპანელი – ჩაბი ალონსო, იკერ კასილიასი, სესკ ფაბრეგასი, ანდრეს ინიესტა, სერხიო რამოსი, დავიდ სილვა, ფერნანდო ტორესი, ჩავი, რაულ ალბიოლი, ალვარო არბელოა, სანტი კასორლა და პეპე რეინა (ყველა 2008, 2012).

3: ევროპის ჩემპიონატის ორ ფინალში ითამაშეს:
ლევ იაშინმა, ვიქტორ პონედელნიკმა და ვალენტინ ივანოვმა (სსრკ – 1960, 1964)
ფრანც ბეკენბაუერმა, ული ჰიონესმა, ზეპ მაიერმა, გეორგ შვარცენბეკმა, ჰერბერტ ვიმერმა (გფრ – 1972, 1976)
ბერნდ დიცმა (გფრ – 1976, 1980)
თომას ჰესლერმა, თომას ჰელმერმა, იურგენ კლინსმანმა, მათიას ზამერმა (გერმანია – 1992, 1996)
ჩაბი ალონსომ, იკელ კასილიასმა, სესკ ფაბრეგასმა, ანდრეს ინიესტამ, სერხიო რამოსმა, დავიდ სილვამ, ფერნანდო ტორესმა, ჩავიმ (ესპანეთი – 2008, 2012)
კრიშტიანუ რონალდუმ (პორტუგალია – 2004, 2016).

4: ნიდერლანდელი ჯეტრო ვილემსი ყველაზე ახალგაზრდაა, ვისაც კი ფინალურ ეტაპზე უთამაშია: 2012 წელს, დანიის წინააღმდეგ, ის 18 წლის და 71 დღის გახლდათ.

5: ევროპის ჩემპიონატების ფინალის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე პორტუგალიელი რენატუ სანჩესია. 2016 წელს, საფრანგეთის წინააღმდეგ, ის 18 წლის და 327 დღის გახლდათ.

6: ნორვეგიელი მარტინ ოდეგაარდი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ერთი საოცარი რეკორდის ავტორია: 2016 წელს, ბულგარეთთან საკვალიფიკაციო მატჩში 15 წლის და 300 დღისა გავიდა მინდორზე.

7: უნგრეთის ნაკრების გოლკიპერი გაბორ კირალი ფინალური ეტაპის ყველაზე ასაკოვანი მონაწილე გახლავთ: 2016 წლის 26 ივნისს, ბელგიის წინააღმდეგ, ის 40 წლის და 86 დღის იყო.

8: თუ მეკარეებს არ გავითვალისწინებთ, სხვა ამპლუის ფეხბურთელთაგან ჩემპიონატის ყველაზე ასაკოვანი მონაწილე ლეგენდარული გერმანელი ლოთარ მათეუსია – 2000 წლის 20 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ ის 39 წლის და 91 დღის გახლდათ. იმ მატჩის შემდეგ, რომელიც ბუნდესგუნდმა 0:3 წააგო, მათეუსს ნაკრებში აღარ უთამაშია.

9: გერმანიის ნაკრების გოლკიპერი იენს ლემანი 38 წლის და 232 დღის გახლდათ, როცა ფინალში ითამაშა – 2008 წელს, ესპანეთის წინააღმდეგ.

10: ნიდერლანდელი არნოლდ მიურენი 37 წლის და 23 დღის იყო, როცა ფინალში ითამაშა – 1988 წელს საბჭოთა ნაკრების წინააღმდეგ, და თასი აღმართა.
ის ფინალების მონაწილე ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონია.

11: პორტუგალიელი რიკარდუ კარვალიუ 38 წლის და 53 დღის ასაკში გახდა ევროპის ჩემპიონი და ყველაზე ასაკოვანია, რომელმაც თასი აღმართა – 2016 წელს საფრანგეთში.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 9 ივნისი)
ფოტო:
Uefa.com

ka_GEGeorgian