ევროისტორია: 2004 – შავი პანტერა

ეუსებიომ ევროპა გვაჩუქა! – პოპულარული პორტუგალიური გამოცემა ა ბოლა ამ სათაურით გამოეხმაურა ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის მასპინძლის არჩევას.
უეფამ პორტუგალიას კონტინენტის პირველობა 1999 წლის 11 ოქტომბერს, გერმანიის ქალაქ აახენში გამართულ სხდომაზე უსახსოვრა. 60იანი წლების ლეგენდარული ბომბარდირი, ლისაბონის ბენფიკის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი ეუსებიო პორტუგალიის დელეგაციის წევრი გახლდათ და უეფას გადაწყვეტილების შემდეგ ევროპის თასიც ჩაიხუტა. ის ფოტო არაერთი გამოცემის პირველ გვერდზე მოხვდა, მათ შორის ა ბოლაშიც.

პორტუგალიის გარდა ევრო 2004ის მასპინძლობა ესპანეთს, ავსტრიას და უნგრეთს სურდათ, ამ უკანასკნელთ – მხარდამხარ.

დეტალებამდე გაწერილი პროექტი უეფაში პირველად ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ წარადგინა, შემდეგ ავსტრიამ და უნგრეთმა, სულ ბოლოს კი პორტუგალიელებმაც გაამზადეს დოკუმენტების კრებული.

პორტუგალია პირველად დასახელდა დიდი საფეხბურთო ტურნირის მასპინძლად. იმთავითვე ითქვა, რომ 16გუნდა ტურნირის 31 მატჩი რვა ქალაქში გაიმართებოდა, მათ შორის ლისაბონში, ბრაგაში, გიმარაეშში, პორტუში…

სპეციალურად კონტინენტის პირველობისთვის ბენფიკის და ლუში ხელახლა აიგო, ისევე როგორც ლისაბონის სპორტინგის არენა და პორტუს დრაგაუ, ხოლო ბრაგას სარბიელმა, კლდეებს შორის წამოჭიმულმა უცნაურმა ნაგებობამ არქიტექტორთა არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა.

ზოგადად, ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობა უეფამ დადებითად შეაფასა და ვისაც ის შეჯიბრება გახსოვთ, დამეთანხმებით – რაიმე განსაკუთრებული ნაკლი ტურნირს არ ჰქონია, რადგან მის შესახებ ერთ აკრედიტებულ ჟურნალისტსაც არაფერი უთქვამს.

საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა 2002 წლის 25 იანვარს, სანტა მარია დე ფეირაშში გაიმართა. უეფას წევრი 50 ქვეყნის ნაკრები ევროპის 2000 წლის და მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირებში დაგროვილი ქულების მიხედვით ხუთ კალათში გადანაწილდა, კონტინენტის მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი კი, რომელიც კორეა-იაპონია 2002ის შესარჩევისგან თავისუფალი იყო, პირდაპირ განითესა უძლიერესთა შორის, ანუ პირველ ათეულში.

საბოლოოდ ათი ხუთგუნდა ჯგუფში დაკომპლექტდა. პირველადგილოსნები პირდაპირ ხვდებოდნენ ფინალურ ეტაპზე, მეორეადგილოსნები კი ფლეი-ოფში გაარკვევდნენ ბოლო ხუთი საგზურის მფლობელს.

მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატზე სრული კატასტროფის შემდეგ – როჟე ლემერის გუნდმა კორეა-იაპონიაში გამოსვლა უგოლოდ და ჯგუფში ჩარჩენით დაასრულა, საფრანგეთის ნაკრები ჟაკ სანტინიმ ჩაიბარა. მის ხელში სამფეროვნები ბრწყინვალედ ათამაშდნენ და მეტოქეებს (სლოვენია, ისრაელი, კვიპროსი, მალტა) შანსი არ დაუტოვეს, ყველა, რვავე თამაში მოიგეს და მდევარ სლოვენიას ათი ქულით აჯობეს! 29 გატანილი და მხოლოდ 2 გაშვებული გოლი – ბურთების ასეთი შეფარდება ფრანგების სტატისტიკას დამატებით ხიბლს მატებდა. საგულისხმოა, რომ სანტინის გუნდმა რვიდან ხუთი მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო, მათ შორის ყველა საშინაო დაპირისპირება.

და ბარემ იმასაც დავწერ, რომ შესარჩევის შუაში, 2003 წლის ზაფხულში, საფრანგეთმა ფიფას კონფედერაციათა თასის გათამაშებას უმასპინძლა და ისიც დიდებულად მოიგო – 2001 წლის შემდეგ ზედიზედ მეორედ აღმართა ეს ჯილდო.

მეორე ჯგუფი ძალიან დაძაბული გამოდგა: გამარჯვებულმა დანიამ ნორვეგიას და რუმინეთს ერთი, ხოლო მეოთხე ადგილზე გასულ ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებს მხოლოდ ორი ქულით გაასწრო. ფლეი-ოფის საგზურს ნორვეგია დაეუფლა, რომელსაც რუმინეთთან შედარებით ბურთების უარესი შეფარდება ჰქონდა (+4 +12თან), მაგრამ უშუალო დაპირისპირებაში მეტი ქულა ჰქონდა აღებული – ოთხი.

ევრო 96ის ფინალისტი ჩეხეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ ხვდებოდა, თორემ კონტინენტის პირველობის შესარჩევებში დიდებულად თამაშობდა და გამონაკლისი არც პორტუგალია 2004ის მატჩები იყო – კარელ ბრუკნერის გუნდმა რვიდან შვიდი თამაში მოიგო, ერთხელ ფრედ ითამაშა და ნიდერლანდები-ავსტრია-მოლდოვა-ბელარუსის ოთხეულს აჯობა. ცნობისათვის: მეორეადგილოსანი ნიდერლანდები ერთადერთხელ დამარცხდა და ისიც ჩეხეთთან.

მეოთხე ჯგუფში საკვალიფიკაციო ტურნირის მთავარი სენსაცია დაფიქსირდა – ლატვიამ პოლონეთს, უნგრეთს და სან მარინოს აჯობა, შვედეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა და ფლეი-ოფში თამაში გაინაღდა!

უნდა ითქვას, რომ ალექსანდრ სტარკოვსის გუნდმა შვედებს ოთხი ქულა აართვა – 1:0 სტუმრად და 0:0 შინ, თუმცა პოლონეთთან და უნგრეთთან თითო წაგების გამო პირველი ადგილი ვერ დაიკავა, მეტოქემ ქულით აჯობა. ლატვიელებმა ფლეი-ოფში თამაში უკანასკნელ ტურში, 2003 წლის 11 ოქტომბერს გაინაღდეს, როცა სტოკჰოლმში მარის ვერპაკოვსკისის ერთადერთი გოლით შვედებს სძლიეს.

მეხუთე ჯგუფში მოხვდა მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის ფინალისტი გერმანია, რომელსაც კორეა-იაპონიაში მოულოდნელად მოგებული ვერცხლის მედლების შემდეგ კვლავ რუდი ფიოლერი წვრთნიდა.

ბუნდესგუნდმა არცთუ შთამბეჭდავად, მაგრამ აუღელვებლად განვლო საკვალიფიკაციო ეტაპი და რვიდან ხუთი გამარჯვებით და სამი ფრით პირველობა არავის დაუთმო. ფლეი-ოფის საგზური შოტლანდიას ხვდა წილად – სქოთებმა ისლანდიელებს მხოლოდ ქულით აჯობეს.

მეორეადგილოსანი ამ ჯგუფშიც ბოლო სათამაშო დღეს გამოვლინდა: შოტლანდიამ დარენ ფლეტჩერის გვიან გოლით 1:0 სძლია ლიეტუვას, ისლანდია კი ჰამბურგში თავიდანვე განწირული იყო გერმანიასთან. მიხაელ ბალაკის, ფრედი ბობიჩის და კევინ კურანის გოლებს კუნძულელებმა ვერაფრით უპასუხეს და დიდ საფეხბურთო ტურნირზე თამაშიც სამომავლოდ გადაიდო. ისლანდიელები მხოლოდ იმით თუ დაიმშვიდებდნენ თავს, რომ ჯგუფის ბომბარდირი ეიდურ გუდიონსენი გახდა – მან ხუთი გოლი შეაგდო.

მოულოდნელი შედეგით დასრულდა მეექვსე შესარჩევი ჯგუფიც: ოტო რეჰაგელის გაწვრთნილმა საბერძნეთმა რვა თამაშში მხოლოდ რვა გოლი გაიტანა, მაგრამ მაინც პირველ ადგილზე გავიდა – მთავარ კონკურენტ ესპანეთს ქულით აჯობა.

მეტოქეებმა ერთმანეთის მოედნებზე გაიხარეს – საკვალიფიკაციოს სტარტზე, 2002 წლის 7 სექტემბერს პირენეელებმა რაულის და ვალერონის გოლებით 2:0 მოიგეს ათენში, 2003 წლის 7 ივნისს, სარაგოსაში კი სტელიოს იანაკოპულოსმა ერთადერთი გოლი შეაგდო.

უკანასკნელი ორი თამაშში ბერძნებმა ჯერ სომხებს სძლიეს ერევანში – 1:0, 11 ოქტომბერს კი ვასილის ცარტასის ერთადერთი პენალტით დაამარცხეს ჩრდილოეთ ირლანდია და ჯგუფიც მოიგეს.

საბერძნეთის ნაკრები მხოლოდ მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და მესამედ – დიდ საფეხბურთო ტურნირზე. ბერძნების დებიუტი კონტინენტის პირველობაზე 1980 წელს იტალიაში შედგა, რის შემდეგაც გუნდმა მხოლოდ მსოფლიოს 1994 წლის ჩემიონატზე ითამაშა.

ესპანეთმა ფლეი-ოფში გადაინაცვლა, ჯგუფის ბომბარდირი კი ხუთი გოლით რაული გახდა.

მეშვიდე შესარჩევ ხუთეულში საუკეთესო აღმოჩნდა ინგლისის ნაკრები – სვენ-გორან ერიკსონის ბიჭებმა მხოლოდ ორჯერ ითამაშეს ფრედ, დანარჩენი მატჩები მოიგეს და ზედიზედ მეხუთედ გავიდნენ ევროჩემპიონატზე.

ინგლისმა რვა საკვალიფიკაციო მატჩში თოთხმეტი გოლი გაიტანა და აქედან ათი დევიდ ბექემმა და მაიკლ ოუენმა შეაგდეს – ხუთ-ხუთი გოლით ისინი ჯგუფის ბომბარდირები გახდნენ.

ფლეი-ოფის საგზურს თურქეთი დაეუფლა, რომელმაც ქულები მხოლოდ ინგლისთან დაკარგა – 0:2 და 0:0, დანარჩენი ექვსი ოფიციალური თამაში კი მოიგო.

ევროპის ჩემპიონატს დაუბრუნდა ბულგარეთი, რომელმაც ხორვატიის და ბელგიის ნაკრებთა ძალიან მძაფრი კონკურენცია დაძლია.

2003 წლის 10 სექტემბერს ბულგარელებმა სტუმრად 3:0 სძლიეს ანდორას, იმავე დღეს ხორვატია 1:2 დამარცხდა ბელგიაში და ბულგარეთმაც პორტუგალიაში თამაში გაინაღდა.

11 ოქტომბერს ბულგარელებმა პირველი თამაში წააგეს შესარჩევში – 0:1 ზაგრებში, თუმცა მანამდე მოპოვებული 17 ქულით მშვიდად დაასრულეს საკვალიფიკაციო ეტაპი. ხორვატებმა კი ამ მოგებით ფლეი-ოფში გადაინაცვლეს.

ევროპის ვიცე-ჩემპიონმა იტალიამ მეცხრე ჯგუფში ითამაშა უელსის, სერბეთ-მონტენეგროს, ფინეთის და აზერბაიჯანის ნაკრებ გუნდებთან ერთად. საინტერესოა, რომ წილისყრის დროს სერბეთ-მონტენეგრო იუგოსლავიად იწოდებოდა და 2002 წლის შესარჩევი მატჩები ამ სახელით გამართა, მაგრამ 2003 წლიდან სერბეთი და მონტენეგრო გახდა.

ჯოვანი ტრაპატონის გაწვრთნილი იტალია კორეა-იაპონიაში, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფფინალში გადატანილი უსამართლობის გამო 2002 წლის მატჩებში არცთუ შთამბეჭდავი იყო – მოგება, ფრე, წაგება, მაგრამ 2003 წლიდან საიმედოდ ათამაშდა და 17 ქულით პირველობა არავის დაუთმო. ნაკრების საუკეთესო გოლეადორი ფილიპო ინძაგიმ გახდა 6 ბურთით, ალესანდრო დელ პიერო კი მილანელს ერთი გოლით ჩამორჩა.

ფლეი-ოფის საგზური უელსს ერგო. მხოლოდ დრაკონებმა მოახერხეს იტალიის დამარცხება, ამას გარდა კიდევ ათი ქულა აიღეს და პორტუგალიას ხელი გაწვდენაზე მიუახლოვდნენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ბოლო, X შესარჩევ ჯგუფში მოხვდა შვეიცარიის, ირლანდიის, ალბანეთის და რუსეთის ნაკრებ გუნდებთან ერთად. ჩვენი გუნდის თამაშებზე ცალკე დავწერ, შესარჩევ ტურნირზე საუბარს კი ფლეი-ოფის წყვილებით დავასრულებ.

ლატვია-თურქეთი, შოტლანდია-ნიდერლანდები, ხორვატია-სლოვენია, რუსეთი-უელსი, ესპანეთი-ნორვეგია – ასე დაწყვილდნენ მეორეადგილოსნები. მატჩები 2003 წლის 15 და 19 ნოემბერს გაიმართა.

ხუთივე წყვილი დაძაბული გამოდგა, ლატვია-თურქეთის და უელსი-რუსეთის დაპირისპირებები კი – განსაკუთრებით.

ბალტიისპირელებმა შინ მარის ვერპაკოვსკისის ერთადერთი გოლით სძლიეს თურქეთს. საპასუხო თამაში სტამბოლში გაიმართა და იმ თამაშის გმირიც რიგის სკონტოს ფორვარდი გახდა – ილჰან მანსიზის და ჰაქან შუქურის გოლებით მასპინძლები 64ე წუთისთვის იგებდნენ, მაგრამ 66ე წუთზე იურის ლაიზანსმა გაქვითა ერთი გოლი, 78ე წუთზე კი ვერპაკოვსკისმა კიდევ ერთხელ გაუტანა თურქებს. საფინალო სასტვენი და ტრიბუნებიდან ხურდა ფულის წვიმა ერთი იყო – ლატვიელებმა და მსაჯებმა პოლიციის დახმარებით დატოვეს მინდორი…

რუსეთ-უელსის პირველ პაექრობას მოსკოვის ლოკომოტივის არენამ უმასპინძლა. ფრე 0:0. კარდიფის მილენიუმზე კი სტუმრებმა ვადიმ ევსეევის ერთადერთი გოლით მოიგეს. ორივე უსახური თამაში იყო, მაგრამ ძალიან დაძაბული.

შოტლანდიელებმა პირველ თამაშში კი აჯობეს ნიდერლანდელებს – 1:0, მაგრამ ამსტერდამ არენაზე ნარინჯისფერებმა სტუმრებისგან ქვა ქვაზე არ დატოვეს – რუუდ ვან ნისტელროის ჰეთ-თრიქი, უესლი სნეიდერის, ანდრე ოიერის და ფრანკ დე ბურის ზუსტი დარტყმები და 6:0!

მეზობლების, ხორვატიის და სლოვენიის ზაგრებული პაექრობა 1:1 დასრულდა, ლიუბლიანაში კი დადო პრშომ კვლავ გაუტანა მეტოქეს და მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ხორვატიაც რვაწლიანი შესვენების შემდეგ ევროპირველობას დაუბრუნდა.

ესპანეთ-ნორვეგიის წყვილში ფავორიტი ნათელი იყო: 2:1 ვალენსიაში, 3:0 ოსლოში და ესპანეთიც ფინალისტთა შორის ჩაეწერა.

(I ნაწილის დასასრული)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 11 ივნისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი

ka_GEGeorgian