ევროისტორია: 2004 – Hellados

პორტუგალია 2004ის თექვსმეტი მონაწილე ოთხ ჯგუფში 2003 წლის 30 ნოემბერს განაწილდა. ფინალური ეტაპის წილისყრა ლისაბონში, პავილიაუ ატლანტიკოში გაიმართა.
ევროჩემპიონატის ფორმატში ერთადერთი ცვლილება შევიდა: მეოთხედფინალები ოთხ დღეზე გადანაწილდა, მაშინ როცა წინა ევროპირველობაზე ამ სტადიის ორ-ორი თამაში გაიმართა ერთ დღეს.
მასპინძელი პორტუგალიის ნაკრები წილისყრის დაწყებამდე A ჯგუფის პირველ ადგილზე იყო განთესილი. ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდს მეტოქეებად მეზობელი ესპანეთი, რუსეთი და ევროჩემპიონატზე ოცდაოთხწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნებული საბერძნეთი ერგო.

ევრო 2004 სწორედ მასპინძელთა და ბერძენთა თამაშით გაიხსნა 12 ივნისს, პორტუში, დრაგაუზე. და პირველი სენსაციაც დაფიქსირდა: გიორგოს კარაგუნისის და ანგელოს ბასინასის გოლებს მასპინძელთაგან მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუმ უპასუხა, ისიც მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე – 1:2.

პორტუგალიამ მძიმედ დაიწყო, მაგრამ მეორე ტურში მანუელ რუი კოშტას და მანიშეს გოლებით 2:0 მოუგო რუსეთს. გეორგი იარცევის გაწვრთნილი რუსეთი კი გახდა პირველი, რომელიც ჩემპიონატს ოფიციალურად გამოეთიშა. პირველ ტურში რუსები ესპანელებთან დამარცხდნენ – 0:1.

უკანასკნელი ტურის წინ ძალიან საინტერესო სიტუაცია შეიქმნა: ფლეი-ოფზე მეოცნებე პორტუგალიას აუცილებლად უნდა მოეგო ესპანეთთან, ხოსე ანტონიო კამაჩოს გუნდს, თავის მხრივ, ფრეც ხელს აძლევდა, ოტო რეჰაგელის საბერძნეთი კი წაგების შემთხვევაშიც გავიდოდა მეოთხედფინალში, ოღონდ თუ მხოლოდ ერთი გოლით წააგებდა, მასპინძლები კი ესპანეთს სამ ქულას აართმევდნენ.

ასეც მოხდა: 20 ივნისს, ლისაბონის ჟოზე ალვალადეზე პორტუგალიელებმა ფერნანდუ ნუნო გომეშის ერთადერთი გოლით აჯობეს ფურია როხას, ბერძნები კი რუსეთთან 1:2 დამარცდნენ და ოთხი ქულით, ოთხი გატანილი და ოთხი გაშვებული გოლით მეოთხედფინალში გავიდნენ.

B ჯგუფის სტარტმა ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში გვაჩუქა: სვენ-გორან ერიკსონის გაწვრთნილი ინგლისის ნაკრები, რომელიც უძლიერესი შემადგენლობით ეწვია პორტუგალიას, ფრენკ ლამპარდის გოლით ძალიან დიდხანს უგებდა საფრანგეთს, თუმცა როცა მსაჯმა მატჩი დაასრულა, ლისაბონის და ლუშის უზარმაზარ ტაბლოზე 2:1 ენთო ფრანგების სასარგებლოდ:

91ე წუთზე ზინედინ ზიდანმა უნაკლოდ შესრულებული საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, ორ წუთში კი მარკუს მერკმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა, ბურთთან კვლავ ზიზუ მივიდა და მისი დარტყმის შემდეგ დევიდ ჯეიმსმა მეორედ გამოიტანა ბურთი კარიდან.

17 ივნისს ინგლისმა შვეიცარია გაანადგურა – 3:0. ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი ლივერპულის ევერტონის 17 წლის ვარსკვლავი უეინ რუნი გახლდათ – დუბლი შეასრულა და საყოველთაო აღტაცებაც დაიმსახურა. პრესკონფერენციაზე ერიკსონმა აქო და ადიდა რუნი და ინგლისური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი უწოდა.

მწვრთნელი რომ არ ტყუოდა, 21 ივნისს დადასტურდა – ინგლისელებმა ევროჩემპიონატის კიდევ ერთ გამორჩეულ თამაშში 4:2 დაამარცხეს ხორვატები, რუნიმ კი ისევ ორი გოლი გაიტანა. ისევე როგორც შვეიცარიის წინააღმდეგ, ის ბალკანელებთან მატჩის შემდეგაც თამაშის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზით დაჯილდოვდა.

ჯგუფი საფრანგეთმა მოიგო. ევროპის ჩემპიონებმა ინგლისთან ბოლო წამებზე მოპოვებული სამი ქულის შემდეგ ხორვატებთან ქულა აიღეს (2:2), 21 ივნისს კი ზიდანის მორიგი მშვენიერი თამაშის და გოლის, ასევე ტიერი ანრის დუბლის წყალობით 3:1 აჯობეს შვეიცარიელებს.

C ჯგუფში მოხვდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი იტალია. შვედეთი, დანია და ბულგარეთი – ჯოვანი ტრაპატონის გუნდს, ერთი შეხედვით, იოლად უნდა დაეძლია მათი წინააღმდეგობა, მაგრამ გამოცდილი და ტიტულიანი სპეციალისტის ხელმძღვანელობით სკუადრა აძურამ ზედიზედ მეორე ტურნირი ჩააგდო. ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატს ტრაპატონის იტალია მერვედფინალში გამოეთიშა…

14 ივნისს, პირველ ტურში, იტალია უგოლოდ დაშორდა დანიას. მოსაწყენი თამაში იყო, მთავარი კი ისაა, რომ სკუადრა აძურას ერთ-ერთი ლიდერი ფრანჩესკო ტოტი ქრისტიან პოულსენის შეფურთხებისთვის დისკვალიფიკაციით დაისაჯა. მსაჯისგან ტოტიმ ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ინციდენტი მოგვიანებით განიხილა და რომას კაპიტანს ჯგუფურ ტურნირში თამაში აუკრძალა.

იტალია-დანიის დაპირისპირებისგან განსხვავებით, შვედეთი-ბულგარეთის მატჩი თვალსასეირო გამოდგა: ლარს ლაგერბეკის და ტომი სოდერბერგის მომზადებულმა შვედებმა ბულგარელებს ყველაფერში აჯობეს და ჯგუფური ეტაპის უდიდესი ანგარიშიც დააფიქსირეს – 5:0. გლაზგოს სელტიკის ვეტერანმა ლიდერმა ჰენრიკ ლარსონმა რამდენიმე წამის ინტერვალით დუბლი შეასრულა, იმხანად ჯერ კიდევ ამსტერდამის აიაქსში მოთამაშე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კი პენალტით გაიტანა გოლი.

მეორე ტურის პირველ მატჩში დანიამ 2:0 აჯობა ბულგარეთს. პლამენ მარკოვის გუნდი რუსეთს შეუერთდა და ნაადრევად დაასრულა ევრო 2004.

საღამოს თამაშში კი იტალია შვედეთს დაუპირისპირდა. ანტონიო კასანოს გოლით სკუადრა აძურა 85ე წუთამდე იგებდა, მერე კი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ძალიან უცნაური და ეფექტური დარტყმით გაუტანა ჯანლუიჯი ბუფონს. აიაქსის გოლიათმა შემტევმა იტალიელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობისას ფეხი უცნაურად მოიქნია, ბურთი ყველას გადაევლო და კარში ჩაეშვა – 1:1 მეორე დღეს, ერთ-ერთ ინტერვიუში, ზლატანმა თქვა, რომ წლების მანძილზე ვარჯიშობდა კარატეში და მსგავს არასაფეხბურთო ილეთებსაც მაშინ დაეუფლა…

უკანასკნელ ტურში იტალიას აუცილებლად უნდა მოეგო ბულგარეთთან. მეტოქის მდგომარეობის გათვალისწინებით, ეს არ იყო პრობლემა, მაგრამ პარალელურად დანიშნული სკანდინავიური დუელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დასრულებულიყო შედეგიანი ფრით. იტალიას ყველა სხვა შედეგი ხელს აძლევდა 0:0ის და 1:1ის ჩათვლით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში 2:2, 3:3 და ასე შემდეგ.

და მოხდა ის, რასაც იტალიელები ყველაზე ძალიან უფრთხოდნენ – დანიამ და შვედეთმა 2-2 გოლი გაცვალეს. იონ დალ ტომასონის დუბლით დინამიტები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ პირველად ჰენრიკ ლარსონმა გაათანაბრა, ხოლო 89ე წუთზე მატიას იონსონმა მეორედ დალაშქრა დანიელთა კარი. საბოლოოდ 2:2. სკანდინავიელებმა ფლეი-ოფში შეაბიჯეს, სკუადრა აძურა კი, რომელმაც კასანოს გვიანი გოლით აჯობა ბულგარეთს, სამშობლოში დაბრუნდა.

მეორე დღეს იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ ჯოვანი ტრაპატონი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგა. გამოცდილმა სპეციალისტმა, რომელმაც ტურინის იუვენტუსთან ერთად 80-90იან წლებში ყველა საკლუბო ტიტული მოიგო ევროპის სუპერ და საკონტინენტთაშორისო თასების ჩათვლით, უსახელოდ დატოვა ნაკრები…

D ჯგუფმა ევროპის სამი ჩემპიონი – ნიდერლანდები, გერმანია, ჩეხეთი და დიდი ტურნირების დებიუტანტი ლატვია გააერთიანა. ბუნდესგუნდი იმ დროისთვის მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონიც იყო.

ბალტიისპირელებმა პირველივე ტურში ძალიან ანერვიულებს ჩეხები – მარის ვერპაკოვსკისმა შესვენებამდე რამდენიმე წამით ადრე გაუტანა პეტრ ჩეხს, მაგრამ საბოლოოდ მაინც კარელ ბრუკნერის გუნდმა მოიგო. 73ე წუთზე მილან ბაროშმა გაათანაბრა, მარეკ ჰაინცმა კი გამარჯვებისა შეაგდო.

პირველ ტურივე გათამაშდა საფეხბურთო კლასიკა – გერმანია-ნიდერლანდები. რუდი ფიოლერის გუნდი ტორსტენ ფრინგსის ზუსტი დარტყმით დაწინაურდა, მაგრამ 81ე წუთზე რუუდ ვან ნისტელროიმ მაინც აჯობა მცველებს, ოლივერ კანი დაამწუხრა და გუნდი მარცხისგან იხსნა – 1:1.

19 ივნისის ორივე თამაში ძალიან საინტერესო გამოდგა. ბუნდესნაკრებმა, პროგნოზების მიუხედავად, ლატვია ვერ დაამარცხა – ალექსანდრს სტარკოვსის ბიჭებმა პირველიდან ბოლო წუთამდე თავდადებით ითამაშეს, არაფერი დათმეს და პირველი, ისტორიული ქულაც მოიპოვეს.

საღამოს მატჩი კი ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა გამოდგა – მე19 წუთისთვის ჩეხები ორი ბურთით აგებდნენ, მაგრამ ბოლომდე იბრძოლეს და 88ე წუთზე ვლადიმირ შმიცერმა მესამე, სამი ქულის მომტანი ბურთი გაუტანა ედვინ ვან დერ სარს. მანამდე იან კოლერმა და მილან ბაროშმა გაქვითეს ვილფრიდ ბუმას და ვან ნისტელროის გოლები. საინტერესოა, რომ ჩეხეთმა და ნიდერლანდებმა შესარჩევ ტურნირშიც ერთ ჯგუფში იასპარეზეს. იმ ორმატჩიან დაპირისპირებაშიც ჩეხებმა იძალეს – 1:1 როტერდამში და 3:1 პრაღაში…

23 ივნისს მეოთხედფინალის მონაწილე ბოლო გუნდიც გამოვლინდა. დიკ ადვოკაატის ნაკრებმა ბრაგის მუნიციპალურ სტადიონზე რუუდ ვან ნისტელროის დუბლით და როი მაკააის ზუსტი დარტყმით იოლად, 3:0 სძლია ლატვიას.

ლისაბონში, ჟოზე ალვალადეზე კი ჩეხეთმა, რომელმაც უკვე მეორე ტურის შემდეგ გაინაღდა ფლეი-ოფი, გერმანიასთან მაინც ბოლომდე იბრძოლა, არაფერი დათმო და 2:1ის შემდეგ ჯგუფი ქულათა მაქსიმუმით დაასრულა. ჩეხეთი ერთადერთი ნაკრები გამოდგა, რომელმაც პირველ ეტაპზე ყველა თამაში მოიგო.

ბუნდესნაკრები კი ზედიზედ მეორედ ჩარჩა ევროჯგუფში. ამ წარუმატებლობის შემდეგ რუდი ფიოლერმა, ცხადია, მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

24 ივნისს პირველი მეოთხედფინალი გათამაშდა, მასპინძელი პორტუგალია მშვენიერი ინგლისის წინააღმდეგ – დრამა და ლუშზე, რომელმაც ოთხი გოლი, დამატებითი დრო, პენალტების სერია და საოცარი ეპიზოდები დაიტია.

მაიკლ ოუენის მიერ მესამე წუთზე გატანილი გოლი ელდერ პოსტიგამ 83ე წუთზე გაქვიდა – 1:1.

მეორე დამატებით თხუთმეტწუთეულში ჯერ მანუელ რუი კოშტამ გაახარა ათასობით გულშემატკივარი, 115ე წუთზე კი ფრენკ ლამპარდმა გადარია ტრიბუნებზე მყოფ სახეშეღებილი ფანები – 2:2!

საფეხბურთო ლატარეაში დევიდ ბექემმა პირველივე დარტყმა გააცუდა, მაგრამ მესამე ცდაზე ვერც რუი კოშტამ ივარგა და როცა მეტოქეებმა ხუთ-ხუთი პენალტი მოითავეს, ანგარიში 4:4 იყო.

პოსტიგამ და ეშლი კოულმა ზუსტად გაისროლეს – 5:5.

მასპინძელთა მეშვიდე დარტყმა მეკარე რიკარდუმ შეასრულა, დევიდ ჯეიმსმა კოლეგას ვერ აჯობა და ტაბლოზეც 6:5 აინთო პორტუგალიის სასარგებლოდ.

ინგლისელთაგან ბურთთან დარიუს ვასელი მივიდა, დაარტყა და… რიკარდუმ ბურთი მოიგერია! 6:5 და პორტუგალია ნახევარფინალში გავიდა, ინგლისმა კი ვინ მოთვლის მერამდენე სერია წააგო…

25 ივნისის მეოთხედფინალიც ძალიან დაძაბული გამოდგა. საფრანგეთი აშკარად სჯობდა საბერძნეთს, მაგრამ ოტო რეჰაგელის მომზადებულმა გუნდმა დაცვაში დიდებულად ითამაშა, გუნდის კაპიტანმა თეოდოროს ზაგორაკისმა კიდევ ერთი საოცარი მატჩი ჩაატარა, ანგელოს ხარისტეასმა კი ერთადერთი შანსი გოლად აქცია – 65ე წუთზე თავურით დალაშქრა ფაბიენ ბარტეზის კარი.

დიდ საფეხბურთო ტურნირზე მესამედ მოთამაშე საბერძნეთი ნახევარფინალში გავიდა!

შვედეთი-ნიდერლანდების მეოთხედფინალი საერთოდ უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი ნარინჯისფერები უფრო ზუსტნი აღმოჩნდნენ – 5:4. გამარჯვებულთაგან ფილიპ კოკუმ ვერ შეაგდო, შვედებიდან კი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ოლოფ მელბერგმა. ნიდერლანდები ზედიზედ მეორედ გავიდა ევრონახევარფინალში.

27 ივნისის მეოთხედფინალის შედეგს კი თითქმის ყველა გულშემატკივარი ელოდა – ჩეხეთი აშკარად სჯობდა დანიას და მატჩიც იოლად მოიგო, 3:0. იან კოლერმა კი გახსნა ანგარიში, მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელად მაინც მილან ბაროში დასახელდა – დუბლი შეასრულა.

ორდღიანი შესვენების შემდეგ, 30 ივნისს, ლისაბონის სპორტინგის სარბიელი კიდევ ერთხელ გაივსო – პორტუგალია ნიდერლანდებს დაუპირისპირდა. სკოლარის გუნდმა მშვენივრად ითამაშა, მეტოქეს ყველაფერში აჯობა და გვარიანი ნერვიულობის ფასად, მაგრამ მაინც – ევროჩემპიონატის ფინალში გავიდა, 2:1!

ამ შეხვედრაში ყველა გოლი პორტუგალიელებმა გაიტანეს: კრიშტიანუ რონალდუმ და მანიშემ ვან დე სარის, ელდერ პოსტიგამ კი რიკარდუს კარში.

1 ივლისს ოტო რეჰაგელის საბერძნეთმა კარელ ბრუკნერის მშვენიერი ჩეხეთიც შეაჩერა – 1:0. დაცვის ბურჯმა ტრაიანოს დელასმა გამარჯვების გოლი დამატებით დროში შეაგდო, თამაშის დასრულების შემდეგ კი საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი ჯილდოც ჩაიბარა.

ბერძნებმა ისევ დიდებული გუნდური მოქმედებით მოიგეს: კვლავ მშვენიერი იყო ზაგორაკისი, პირველიდან ბოლო წუთამდე იბრძოლეს ვრიზასმა, კარაგუნისმა, კაცურანისმა, ხარისტეასს ისევ ორი მეურვე დასდევდა, ანტონიოს ნიკოპოლიდისი კი ჩვეულად საიმედო გახლდათ.

ფინალი
დიდი საფეხბურთო ტურნირების ისტორიაში პირველად ფინალში ის გუნდები გავიდნენ, რომლებიც გახსნის შეხვედრაში მონაწილეობდნენ.

თავიდანვე ცნობილი იყო ერთი რამ: ევროპას ახალი ჩემპიონი ეყოლებოდა. ანრი დელონეს სახელობის თასის გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალიაც პირველად მონაწილეობდა და საბერძნეთიც.

და თუ ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდის ფინალისტობა ასე თუ ისე მოსალოდნელი იყო, საბერძნეთის ბოლომდე გასვლას მათი თავგადაკლული ქომაგებიც ძნელად თუ წარმოიდგენდნენ. ცნობისათვის: ჩემპიონატის წინ ბერძენთა შანსები 80:1ზე იყო და ეს ყველაზე მაღალი კოეფიციენტი იყო ლატვიის და ბულგარეთის შემდეგ.

ლისაბონის ბეფიკის საშინაო არენა კი მთლიანად გაივსო – ევრო 2004ის ფინალს 62 865 გულშემატკივარი დაესწრო. უმეტესობა პორტუგალიელი გახლდათ, ბერძნები კი, ფინალისტის კვალობაზეც კი, ძალიან ცოტანი იყვნენ.

პორტუგალიელებმა ბერძნები ერთის გარდა ყველა კომპონენტში დაჩაგრეს:
უფრო მეტჯერ დაარტყეს კარისკენ – 17:4…
აქედან კარის ჩარჩოში – 5:1…

მეტი კუთხური ჩააწოდეს – 10:1…

უფრო ხშირად ფლობდნენ ბურთს – 58%:42%…

მეტჯერ მოხვდნენ თამაშგარეში – 4:3…

მაგრამ თასის ასაწევად ეს არ კმარა და იმაში, რაც ყველაზე მთავარია, ოტო რეჰაგელის ბიჭებმა იმარჯვეს:

57ე წუთზე ანგელოს ხარისტეასმა ზუსტად დაარტყა თავით, ბურთი მასპინძელთა კარის ბადეში გაეხვა – 1:0.

პორტუგალიელთა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ანგარიში არ შეიცვალა, ბერძნებმა მასპინძლებს ფინალიც მოუგეს და ევროპას ოლიმპიდან გადმოხედეს!

ბერძნული ფეხბურთის ტრიუმფი და ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი შედეგი ფეხბურთის ისტორიაში!

ფინალის რჩეულად ტრიუმფატორთა კაპიტანი თეოდოროს ზაგორაკისი აღიარეს. მან არამარტო გადამწყვეტ შეხვედრაში, პირველიდან უკანასკნელი წუთის ჩათვლით დიდებულად ითამაშა და როცა უეფას ტექნიკურმა კომისიამ საუკეთესოს პრიზით დააჯილდოვა, ეს არავის გაუკვირდა.

ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში ხუთი ტრიუმფატორი მოხვდა, საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ კი უეფასგან, მოვერცხლილი თასის გარდა, 17,5 შვეიცარიული ფრანკიც მიიღო – 7,5 მხოლოდ მონაწილეობისთვის, 10 მილიონი კი ფინალში გამარჯვებისთვის.

ევრო 2004
პორტუგალია, 12 ივნისი-4 ივლისი
A ჯგუფი: პორტუგალია 1:2 საბერძნეთი; ესპანეთი 1:0 რუსეთი; საბერძნეთი 1:1 ესპანეთი; რუსეთი 0:2 პორტუგალია; ესპანეთი 0:1 პორტუგალია; რუსეთი 2:1 საბერძნეთი
B ჯგუფი: შვეიცარია 0:0 ხორვატია; საფრანგეთი 2:1 ინგლისი; ინგლისი 3:0 შვეიცარია; ხორვატია 2:2 საფრანგეთი; ხორვატია 2:4 ინგლისი; შვეიცარია 1:3 საფრანგეთი
C ჯგუფი: დანია 0:0 იტალია; შვედეთი 5:0 ბულგარეთი; ბულგარეთი 0:2 დანია; იტალია 1:1 შვედეთი; იტალია 2:1 ბულგარეთი; დანია 2:2 შვედეთი
D ჯგუფი: ჩეხეთი 2:1 ლატვია; გერმანია 1:1 ნიდერლანდები; ლატვია 0:0 გერმანია; ნიდერლანდები 2:3 ჩეხეთი; ნიდერლანდები 3:0 ლატვია; გერმანია 1:2 ჩეხეთი
1/4ფინალი: პორტუგალია 2:2 (პენ 6:5) ინგლისი; საფრანგეთი 0:1 საბერძნეთი; შვედეთი 0:0 (პენ 4:5) ნიდერლანდები; ჩეხეთი 3:0 დანია
1/2ფინალი: პორტუგალია 2:1 ნიდერლანდები; საბერძნეთი 1:0 (დდ) ჩეხეთი

ფინალი
4 ივლისი, 2004. პორტუგალია, ლისაბონი, და ლუში. 62 865
საბერძნეთი 1:0 პორტუგალია
გოლი: 1:0 ანგელოს ხარისტეასი (57)
საბერძნეთი: ანტონიოს ნიკოპოლიდისი, გიურკას სეიტარიდისი, მიხალის კაპსისი, ტრაიანოს დელასი, ტაკის ფისასი, კოსტას კაცურანისი, თეოდოროს ზაგორაკისი (კაპ), ანგელოს ბასინასი, ანგელოს ხარისტეასი, სტელიოს იანაკოპულოსი (სტილიანოს ვენეტიდისი 76), ზისის ვრიზასი (დიმიტრის პაპადოპულოსი 81)
მწვრთნელი: ოტო რეჰაგელი (გერმანია)
პორტუგალია: რიკარდუ, მიგელი (პაულო ფერეირა 43), ჟორჟე ანდრადე, რიკარდუ კარვალიუ, ნუნო ვალენტე, მანიშე, კოშტინია (მანუელ რუი კოშტა 60), კრიშტიანუ რონალდუ, დეკუ, ლუის ფიგუ (კაპ), პედრუ პაულეტა (ფერნანდუ ნუნო გომეში 74)
მწვრთნელი: ლუიშ ფელიპე სკოლარი (ბრაზილია)
გაფრთხილება: კოშტინია, ანგელოს ბასინასი, გიურკას სეიტარიდისი, ტაკის ფისასი, დიმიტრის პაპადოპულოსი, ნუნო ვალენტე
მსაჯი: მარკუს მერკი (გერმანია)
ფინალის საუკეთესო მოთამაშე: თეოდოროს ზაგორაკისი

ჩემპიონი: საბერძნეთის ნაკრები
მეკარეები: 1.ანტონიოს ნიკოპოლიდისი (14.01.1971; ათენის პანათინაიკოსი), 12.კონსტანტინოს ხალკიასი (30.05.1974; ათენის პანათინაიკოსი), 13.ფანის კატერგიანაკისი (16.02.1974; პირეოსის ოლიმპიაკოსი)
მცველები: 2.გიურკას სეიტარიდისი (04.06.1981; ათენის პანათინაიკოსი), 3.სტილიანოს ვენეტიდისი (19.11.1976; პირეოსის ოლიმპიაკოსი), 4.ნიკოს დაბიზასი (03.08.1973; ლესტერ სიტი, ინგლისი), 5.ტრაიანოს დელასი (31.01.1976; რომა, იტალია), 14.ტაკის ფისასი (12.06.1973; ლისაბონის ბენფიკა, პორტუგალია), 18.იანის გუმასი (24.05.1975; ათენის პანათინაიკოსი), 19.მიხალის კაპსისი (18.10.1973; ათენის აეკ)
ნახევარმცველები: 6.ანგელოს ბასინასი (03.01.1976; ათენის პანათინაიკოსი), 7.თეოდოროს ზაგორაკისი (27.10.1971; ათენის აეკ), 8.სტელიოს იანაკოპულოსი (12.07.1974; ბოლტონ უონდერერსი, ინგლისი), 10.ვასილიოს ციარტასი (12.11.1970; ათენის აეკ), 16.პანტელის კაფესი (24.06.1978; პირეოსის ოლიმპიაკოსი), 17.გეორგიოს გეორგიადისი (08.03.1972; პირეოსის ოლიმპიაკოსი); 20.გიორგოს კარაგუნისი (06.03.1977; მილანის ინტერი, იტალია), 21.კოსტას კაცურანისი (21.06.1979; ათენის აეკ), 23.ვასილის ლაკისი (10.09.1976; ათენის აეკ)
თავდამსხმელები: 8.ანგელოს ხარისტეასი (09.02.1980; ბრემენის ვერდერი, გერმანია), 11.დემის ნიკოლაიდისი (17.09.1973; მადრიდის ატლეტიკო, ესპანეთი), 15.ზისის ვრიზასი (09.11.1973; ფლორენციის ფიორენტინა, იტალია), 22.დიმიტრიოს პაპადოპულოსი (20.09.1981; ათენის პანათინაიკოსი)
მწვრთნელი: ოტო რეჰაგელი (გერმანია)

უეფას სიმბოლური ნაკრები
მეკარეები: ანტონიოს ნიკოპოლიდისი (საბერძნეთი), პეტრ ჩეხი (ჩეხეთი)
მცველები: ტრაიანოს დელასი, გიურკას სეიტარიდისი (ორივე საბერძნეთი), სოლ კემპბელი, ეშლი კოული (ორივე ინგლისი), რიკარდუ კარვალიუ (პორტუგალია), ჯანლუკა ძამბროტა (იტალია), ოლოფ მელბერგი (შვედეთი)
ნახევარმცველები: ლუიშ ფიგუ, მანიშე (ორივე პორტუგალია), თეოდოროს ზაგორაკისი (საბერძნეთი), პაველ ნედვედი (ჩეხეთი), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), ფრენკ ლამპარდი (ინგლისი), მიხაელ ბალაკი (გერმანია)
თავდამსხმელები: ანგელოს ხარისტეასი (საბერძნეთი), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია), მილან ბაროში (ჩეხეთი), რუუდ ვან ნისტელროი (ნიდერლანდები), უეინ რუნი (ინგლისი), იონ დალ ტომასონი (დანია), ჰენრიკ ლარსონი (შვედეთი)

საუკეთესო ფეხბურთელი: თეოდოროს ზაგორაკისი (საბერძნეთი)
ბომბარდირი: მილან ბაროში (ჩეხეთი) – 5 გოლი

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 11 ივნისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი

ka_GEGeorgian