კარიერა ფრაზებში #68: შაკილ ონილი

NBAს შაკმანია მისი გამოჩენისთანავე მოედო.
1992-93 წლების სეზონში, როცა დაჩაჩანაკებულმა ორლანდო მეჯიქმა დრაფტის პირველ ნომრად აიყვანა, გულშემატკივრებმა სასწაული იხილეს: კლუბმა რეგულარული 41 მოგება-წაგებით დაასრულა, შაკილ ო’ნილი კი სეზონის დებიუტანტი გახდა!
მომდევნო ჩემპიონატში ის ჩატენვების რეკორდს ამყარებს და საშუალოდ 29,3 ქულას ითვლის. ამ შედეგით შავკანიანი გოლიათი მხოლოდ სანანტონიოელ ადმირალს – დევიდ რობინსონს ჩამორჩა.
1994-95 წლების სეზონში შაკი ლიგის ბომბარდირი ხდება და გუნდს სუპერფინალში მიუძღვის. მეტოქე ჰიუსტონია და ტეხასელები უფრო ძლიერები არიან – 0:4. იმ გამარჯვების შემდეგ როკეტსის ლიდერი ჰაკიმ ოლაჯუონი იტყვის, რომ ო’ნილი NBAს მომავალია.
და ასეც ხდება: 216 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრი მალე ლოს ანჯელეს ლეიკერსში გადადის და კობი ბრაიანტთან ერთად მომაკვდინებელ წყვილს ქმნის. 2000-2002 წლებში კალიფორნიელები დაუმარცხებელნი არიან, ო’ნილი კი ზედიზედ სამჯერ ხდება სუპერფინალის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე –
MVP!
ლეიკერსის შემდეგ მაიამი ჰითი იყო, სადაც გიგანტმა ჩემპიონის კიდევ ერთი, მეოთხე ბეჭედი მოიგო, ფინიქსსა და კლივლენდში გატარებული თითო სეზონის შემდეგ კი კარიერა ლიგის ყველაზე ტიტულიან ფრენჩაიზში, ბოსტონ სელტიკსში დაასრულა.
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე ლეიკერსმა და ჰითმა ერთნაირად დააფასეს – პირველმა 34ე ნომერი მიაკუთვნა სამუდამოდ, მეორემ 32ე. მოგვიანებით იგივე გააკეთა მისმა „აღმზრდელმა“ ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტმა – 33ე ნომერი სამუდამოდ შაკს დაუთმო.
დღეს ო’ნილი ლიგის ოფიციალურ სატელევიზიო არხზე საავტორო გადაცემას უძღვება და სახალისო შოუთი ართობს მაყურებელს, დროდადრო კი რეპერებთან „თანამშრომლობს“.
ო’ნილი ოლიმპიური (1996) და მსოფლიოს (1994) ჩემპიონიც გახლავთ და ერთ-ერთია იმ სამი ვარსკვლავიდან, ერთ სეზონში რომ მოუგიათ რეგულარულის, სუპერფინალის და ყველა ვარსკვლავის მატჩის
MVPის ჯილდო.
ნეისმიტის და
FIBAს საკალათბურთო დიდების დარბაზის წევრს, ყველაფრის მომგები ლეგენდის კარიერას მისივე ინტერვიუებით გავიხსენებთ.

…პატარაობაში ყველას ეშინია. მეც ჩემი შიშები მტაჯნავდა – მეგონა, რომ სახლი მოჯადოებული იყო და კარადას, ტახტს და სავარძლებს თვალები ჰქონდათ, ღამით კი ურჩხულებად იქცეოდნენ. ფიქრებში ძალიან თუ შევტოპავდი, ვეღარ ვიძინებდი. ერთხელ დედამ მირჩია, კარადას სცემეო და ასეც მოვიქეცი. მას მერე კოშმარები აღარ მაწუხებდა.

…ბოთე ვიყავი. სკოლაში რომ ვსწავლობდი, სავარჯიშო დარბაზს მუდმივად გვერდს ვუვლიდი, იატაკიდან ათჯერ თუ ავიზიდებოდი, მეტი აღარც შემეძლო… მაღალი და დიდი კი ვიყავი, მაგრამ ჭიდაობაც მიჭირდა… მერე ესეც ამიკრძალეს – გაბრაზებულმა ერთი კლასელი მოვისროლე, შემთხვევით მაჯა მოვტეხე და დამსაჯეს.

…სიმაღლეში სწრაფად მოვიმატე და ამის გამო მუხლები ძალიან დამისუსტდა, სიარულიც მიჭირდა… განსხვავებული რომ ვიყავი, ხშირად დამცინოდნენ და რაღაცებს მეძახდნენ, ეს კი მაცოფებდა!

…მეექვსეში ერთმა უფროსკლასელმა მასხრად ამიგდო. დავუცადე და სკოლიდან რომ გამოვიდა, ორჯერ მთელი ძალით დავარტყი. ეტყობა ძლიერად მომივიდა – გონება დაკარგა და კინაღამ ენა გადაყლაპა! მამა მკაცრი იყო, სამხედრო მოსამსახურე გახლდათ და ამის გამო მაგრად მიმტყეპა.

…ფილიპი (ჰარისონი) ღვიძლი მამა არ არის, თუმცა უზომოდ მიყვარს! მამაჩემმა კი მე და დედა დიდი ხნის წინ მიგვატოვა… წლების წინ, როცა ჯერ კიდევ NBAში ვთამაშობდი, მითხრეს, რომ მამა დარბაზში იჯდა, თუმცა არ მინახავს. არ მსურდა მისი გაცნობა და მორჩა! მე ფილიპმა გამზარდა, მისი სიყვარული მახსოვს და ჩემთვის მამა მხოლოდ ისაა.

…სერჯი – ასე ვეძახდი ფილიპს. მას არასდროს მივუტოვებივარ და ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ რაც უნდა მომხდარიყო, ჩემ გვერდით იქნებოდა. ცუდად ვიქცეოდი, წყობიდან გამომყავდა, მაგრამ მახსოვდა, რომ ბრაზი გადაუვლიდა და ყველაფერი დალაგდებოდა.

…მშობლები დაიძინებდნენ თუ არა, ბენი ჰილის შოუს ჩავუჯდებოდი ხოლმე. გერმანიის ამბებს გიყვებით, ექვსი წლის ვიყავი, როცა იქ გადავედით… იმ შოუში დროდადრო მოკლეკაბიანი ლამაზი გოგონები გამოჩნდებოდნენ ხოლმე და მეც მეტი არაფერი მინდოდა. ერთხელ სერჯს გაეღვიძა და მიხვდა რაც ხდებოდა. მეორე დილით ენციკლოპედია გადამიშალა და ყველაფერი ამიხსნა. იმ დღის მერე უკვე ვიცოდი რა ხდებოდა ქალსა და კაცს შორის.

…სიმაღლე დედის მხრიდან მოგვდგამს. ბაბუის მამა ჯონი ჯორჯიელი ფერმერი იყო, 210 სანტიმეტრი სიმაღლისა. ბებია შედარებით დაბალი გახლდათ – 195 სანტიმეტრი… დედაჩემის ძმა ორ მეტრზე ცოტა მაღალია… მამა? არ ვიცი, არასდროს მინახავს, თუმცა დაბალი არ იქნებოდა. დედასთან მამაზე არასდროს მისაუბრია. იმიტომ არა, რომ დედა უარობდა, უბრალოდ, მე არ მაინტერესებდა.

…მერვე კლასში ვიყავი, პირველად რომ ვითამაშე კალათბურთი. იმ დროს მუხლები აღარ მაწუხებდა და მეც უპრობლემოდ ვერთობოდი. დოქტორ ჯეი (იულიუს ირვინგი) მიყვარდა, ჩემი კერპი იყო! ვცდილობდი მისთვის მიმებაძა. სპორტდარბაზი ჩვენი სახლიდან ათი წუთის სავალზე იყო, მაგრამ თოვლში იმ გზის გავლას ლამის საათს ვანდომებდი – მამაჩემის ჩექმები და მოსასხამი ძალიან მამძიმებდა, თან, ჩვენთან უხვად თოვდა.

…სიმაღლის გამო კლასელებთან იშვიათად ვთამაშობდი, უფრო ჯარისკაცებთან. დამცინოდნენ ხოლმე, ორი მეტრი ხარ და თამაში არ იცი, შენგან კალათბურთელი არ გამოვაო… 15 წლისა უკვე არც ისეთი ბოთე ვიყავი, ვინმეს რომ დავეცინე – კალათშიც ვტენიდი და ფარქვეშ ხომ არავის ვახარებდი.

…16 წლისამ პირველად ამოვიკითხე ჩემი გვარი გაზეთში – ჩვენმა გუნდმა ევროპაში განლაგებული ამერიკის სამხედრო ნაწილების ტურნირი მოიგო. მაშინ პირველად მითხრეს, რომ თუ არ ვიზარმაცებდი, ვარსკვლავი გავხდებოდი.

…გერმანიაში იქაურებს გულზე არ ვეხატებოდით. ჩვენ მათ ვიცავდით, სანაცვლოდ კი მადლობას ვერ ვიღებდით – ხალხი მანქანებს გვიფუჭებდა, საღებავებს ასხამდა, დროდადრო ქვებსაც გვესროდნენ.

…ამერიკის და გერმანიის გარდა პირველი ქვეყანა, რომელიც ვნახე, ჩეხოსლოვაკია იყო.

…ამბობენ, რომ ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მათ გუნდში თამაშის სანაცვლოდ დიდი ფული გადამიხადა. სისულელეა! კონტრაქტი მშობლებმა გააფორმეს, ისინი ბედნიერები იყვნენ, რომ ნორმალურ სასწავლებელში მოვხვდი.

…უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან ორი რამ მახსოვს. პირველი დიდი ჩხუბია – კალათბურთელებმა ფეხბურთელებს (ამერიკული ფეხბურთი) დავცხეთ, გოგოს გამო ვიჩხუბეთ. ჩვენზე მეტნი იყვნენ, მაგრამ ძალიან გავლახეთ. მეორე მოვლენა კი იულიუს ირვინგს უკავშირდება – სტუმრად იყო მოსული და უთხრეს, ჩვენი საუკეთესო მოთამაშე თქვენი დიდი გულშემატკივარიაო. თვითონ მოვიდა გასაცნობად, თავი სიზმარში მეგონა!

…არაფერი მაშინებს! მოძრავი ვარ, ერთ ადგილზე ვერ ვჩერდები. რისკიც მიყვარს. ადრე პარაშუტით ხტომა მიტაცებდა, ყვინთვა… ახლა ვერიდები, თუმცა დროდადრო მოტოციკლით ვერთობი. სწრაფად რბოლა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

…ორლანდო მეჯიქმა კონტრაქტი რომ გამიფორმა, ძალიან კარგად იცოდა ჩემი სისუსტეების შესახებ. პირველი ხელშეკრულებით პარაშუტით ხტომა და მოტოციკლეტით რბოლა ამიკრძალეს, მაგრამ იმ პუნქტისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ერთხელ ჰავაიზე ვისვენებდი და მოტოდან გადმოვვარდი. მარცხენა მუხლი ძალიან ვიტკინე. საბედნიეროდ, ვარჯიშის დაწყებამდე მოვმჯობინდი. იმაზე ფიქრიც კი მზარავს, ამ უაზრო ახირების გამო კარიერა რომ დამესრულებინა.

…მალევე მიხვდნენ რომ მეტს ვიმსახურებდი და სადებიუტო წლის შემდეგ ახალი, უკეთესი ხელშეკრულება დამიდეს – ოთხი სეზონის მანძილზე 41 მილიონი დოლარი უნდა ამეღო! მაშინ ეს ძალიან დიდი თანხა იყო. ახლა ლიგის ზოგიერთი სუპერვარსკვლავი ამდენს ლამის ერთ სეზონში იღებს.

…NBAში დებიუტამდე ოტის თორფმა ჩატენა ყველაზე მეტი ბურთი – 162. მერე მე გამოვჩნდი და პირველივე სეზონში 387ჯერ ჩავტენე! ვიცოდი ეფექტური გდებით ყურადღებას რომ მივიქცევდი და შანსს ხელიდან არ ვუშვებდი.

…1996 წელს ყველა ვარსკვლავის მატჩი სან ანტონიოში ჩატარდა. თამაშის წინ ცოტა ვნერვიულობდი, თუმცა მერე გავთამამდი და რამდენჯერმე ეფექტურად ჩავტენე… ვფიქრობდი, რომ საუკეთესო მოთამაშის პრიზს გადმომცემდნენ, მაგრამ უძლიერესად ჯორდანი აღიარეს. თამაშის შემდეგ მაიკლი მომიახლოვდა და მითხრა, აიღე შაკ, ეს ჯილდო შენ გეკუთვნისო, მაგრამ როგორ გამოვართმევდი? ძალით მოპოვებული უძვირფასესობა არ მინდოდა.

…NBAში თამაშს რომ ვიწყებდი, მხოლოდ სამი მოთამაშე მაკვირვებდა: მეჯიქ ჯონსონი, ჩარლზ ბარკლი და მაიკლ ჯორდანი, თუმცა ეს უკანასკნელი ყველაზე მაღლა იდგა. ჯორდანის მსგავსად სიზმარშიც ვერ ვთამაშობდი – ის შეუდარებელი იყო!

…მაიკლის წინააღმდეგ პირველად ჩიკაგოში ვითამაშე. ერთ მომენტში, როცა მეგონა ეფექტურად ჩავაგდე მეთქი, რაღაც სასწაულით გაფრინდა და დააფარა! არ ვაჭარბებ: იმ წამს მეგონა, რომ მაიკლი დაფრინავდა.

…ყველა დროის საუკეთესო მაიკლია! თანამედროვეებიდან? კობის და ლებრონს დავასახელებ. არის კიდევ სამი-ოთხი ეფექტური, ჭკვიანი და ძლიერი მოთამაშე, მაგრამ ბრაიანტი და ჯეიმსი მათთან შედარებით მაღლა დგანან.

…კარიერის დასაწყისში მწვალებელს მეძახდნენ. რამდენიმე მწვრთნელმა თქვა, შაკი ფარქვეშ კი არ თამაშობს, ჩხუბობსო. უხეში არასდროს ვყოფილვარ, უბრალოდ, ჩემი სტილი მქონდა და ფიზიკურ უპირატესობას ყოველთვის დიდებულად ვიყენებდი. რატომაც არა? რა, აკრძალული იყო?

…ბურთის ჩაგდების საუკეთესო გზა ჩატენვაა და ნურავინ შემეკამათება! ხანდახან ისე მძლავრად ვტენიდი, ხელის მტევნები და მაჯები მტკიოდა, რამდენჯერმე კი ფარიც დავამსხვრიე. ადრე სხვანაირი ფარები იყო, დღევანდელივით გამძლე არა.

…ყველაზე ძალიან ბილ ლემბირი მაღიზიანებდა. ერთადერთი, რასაც აკეთებდა, დავარდნა და მერე მსაჯისთვის ჯარიმის მოთხოვნა იყო – გადაეღობებოდა მეტოქეს და… ყოველთვის მინდოდა ასეთი მოწინააღმდეგეები პარკეტზე გამებრტყელებინა!

…ნაკლი? საჯარიმო ტყორცნები. კონცენტრაციას ვერ ვახერხებდი და თავსაც არ მოვიტყუებ – ვარჯიში ძალიან მეზარებოდა. მერჩივნა სხვადასხვა კუთხიდან სამქულიანი მესროლა ან გაუთავებლად წინ და უკან მერბინა, ვიდრე ერთ ადგილზე დავმდგარიყავი.

…არასდროს ვყოფილვარ სამქულიანების ოსტატი და იშვიათად ვისროდი. ისე, პერიმეტრიდან შეტევა არც მევალებოდა. ადრე კალათბურთს კომპიუტერზე ვთამაშობდი ხოლმე, ხუთეულში კი ყოველთვის მყავდა სკოტ სკაილზი. ის დიდებული სნაიპერი იყო და მისი სამქულიანებით ხშირად ვიგებდი.

…როცა მეჯიქი ლეიკერსში დაბრუნდა, ყველას გვეშინოდა. მაშინ წარმოდგენა არ გვქონდა რა იყო შიდსი, ვიცოდით მხოლოდ ის, რომ მომაკვდინებელი ვირუსი იყო და სექსით ვრცელდებოდა. ეს არასდროს მითქვამს, მაგრამ: მინდოდა, რომ… მეჯიქს არ ეთამაშა! გემახსოვრებათ, დიდი ამბავი იყო ატეხილი… ჩვენ ჩუმად ვიყავით, მაგრამ რამდენიმე ლეიკერსელმა თქვა, ჯონსონთან თამაში არ გვინდაო… მერე NBAმ ყველა კლუბში დააგზავნა ექიმები, რომლებმაც დეტალურად აგვიხსნეს რა იყო შიდსი და როგორ ვრცელდებოდა.

…ქალებს უყვართ დიდი კაცები. ჩვენ შეგვიძლია მათი დაცვა, თუმცა ქალებთან მიმნდობი არასდროს ვყოფილვარ.

…ქალთან პირველად გვიან დავწექი – 17 წლის ვიყავი და კოლეჯში ვსწავლობდი. ის გოგო ჩემზე უფროსი იყო, მან გამოიჩინა ინიციატივა… ზოგადად, არ მიყვარს, როცა ქალები გადმოდიან შეტევაზე. მირჩევნია თავად ვაგრძნობინო, რომ მომწონს და ურთიერთობის გაგრძელება მსურს.

…არაერთს ჩემი ეშინოდა. როგორც ჩანს, ძალიან დიდი ვარ, თორემ ნაღდად არ ვიკბინები.

…რას ვურჩევ ბიჭებს? ვეცდები ორიგინალური ვიყო: როცა მიხვდებიან, რომ ქალი გონიერია, არ უნდა გაღიზიანდნენ. პირიქით, ყოველთვის უნდა ეცადონ მისცენ ქალს ის, რაც სურს.

…ახლა აღარ და ადრე რამდენჯერმე ნაღდად მოხდა: სასტუმროს ნომერში გოგოები მივარდებოდნენ, საწოლში მიგორდებოდნენ და თვალებგაფართოებულნი მიყვიროდნენ თუ რა გრანდიოზული და დიდებული ვიყავი. ყველაფერი პოლიციის გამოძახებით სრულდებოდა. არც ისეთი გიჟი ვიყავი მათ ხაფანგში რომ გავბმულიყავი.

…ქალში ყველაზე ძალიან იუმორს ვაფასებ. ფიზიკურ სილამაზესთან ერთად, ცხადია.

…ფილმებს ადრე უფრო ვიღებდი. მეგობრებთან ერთად ვერთობოდი, ეგ იყო და ეგ. კალათბურთელი რომ არ გავმხდარიყავი, ალბათ რეჟისურაში ვცდიდი ბედს. თუ ჩემი ფილმების ნახვა გადაწყვიტეთ, სერიოზულად ნუ შემაფასებთ. მე ხომ ვერთობოდი…

…თუ რამ მაოცებს ამქვეყნად, ეს NBAს მარკეტინგის სამსახურია. მგონი, მთელი ლიგა იქ დასაქმებულ ხალხზე დგას. რა ქვეყანაშიც უნდა ჩავიდე, ყველგან მცნობენ და მხოლოდ იმის გამო არა, რომ ძალიან დიდი ვარ. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ პერსონალური გულშემატკივრები მეყოლებოდა ავსტრალიაში, აფრიკის სამხრეთში და აზიის ქვეყნებში. ერთხელ საბერძნეთის ერთი პატარა ქალაქის კლინიკაში დაიგეგმა ქომაგებთან შეხვედრა, თუმცა იმის გამო, რომ ორი ათასი კი არა, ხუთჯერ მეტი გულშემატკივარი შეკრიბა, ათენის ერთ-ერთ დიდ დარბაზში მიმიყვანეს. ეს NBAს დამსახურებაა!

…პირველი კონტრაქტი რომ გავაფორმე, ვოცნებობდი 28 წლისას 100 მილიონი დოლარი მქონოდა. იმ დროს მეგონა, რომ ამდენს კარიერის ბოლომდე ვერ ვიშოვიდი, მაგრამ დავიწყე თამაში და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი იმაზე უკეთ გამომდიოდა, ვიდრე მეგონა. 28 წლისას ას მილიონზე მეტი მქონდა!

…30 წლისა საბოლოოდ დავმშვიდდი. საბანკო ანგარიშს და აქტივებს რომ ჩავხედე, მივხვდი: სანერვიულო არაფერი მქონდა.

…ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე ყველა ნათესავისთვის ნახევარ-ნახევარი მილიონი დოლარი მიმეცა, მაგრამ მალე გადავიფიქრე. არა, ძუნწი არ ვარ, უბრალოდ, ჭკვიანმა ხალხმა მირჩია, რომ ამ ნაბიჯით მათი ცხოვრება, შესაძლოა, საბოლოოდ დამენგრია. ამიხსნეს, რომ ადამიანი, ვისაც დიდი ფული არ აქვს, დიდძალი თანხის უცბად მიღებით თავს კარგავს. საბოლოოდ ყველას სახლები ვუყიდე და შედარებით ცოტა ფული მივეცი. აშკარად ასე სჯობდა.

…აზარტული არ ვარ და არც ლატარეა მითამაშია. ეგაა მხოლოდ, რომ მე და ჩემი ძმაკაცები სქრეჩ-ქარდს (სწრაფი ლატარეა, რომელშიც საღებავის წაშლის შემდეგ რამდენიმე ციფრი ერთმანეთს უნდა დაემთხვას) ვთამაშობდით. თითო ჯერზე ოც ბილეთს ვყიდულობდით და თუ ვინმე თანხას მოიგებდა, შუაზე უნდა გაეყო. არცთუ იღბლიანები გამოვდექით – ერთხელ მოვიგეთ ასი დოლარი და ეგ იყო და ეგ, აღარ გაგვიმართლა.

…საფონდო ბირჟა ჩემი საქმე არ არის. ვთვლი, რომ სიხარბეა, როცა კაცს ერთ დღეში სურს 100 მილიონის გამომუშავება. მიჯობს ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდე წარმატებამდე და შარში არ გავეხვიო.

…უოლ სტრიტ ჯორნალს არ ვკითხულობ და არც ფორბსის სიები მაღელვებს. ზოგადად, არ ვარ ეგ ტიპი კოსტიუმში გამოვიპრანჭო, ყავა მოვიდგა და ბირჟის ამბებს აუღელვებელი სახით გავეცნო. ფული, რომელიც მაქვს, მშვიდად ცხოვრების საშუალებას მაძლევს – დიდ ნაწილს ბანკებში ვინახავ, რამდენიმე ათეული მილიონი კი იმ ხალხს მივაბარე, ვისაც ბიზნესები ვანდე. წესად მაქვს: თვის ბოლოს სანდო კაცი ანგარიშს მაბარებს და დეტალურად მიხსნის რა სიტუაციაში ვარ.

…ფინანსურ გუნდში ხუთი კაცი მყავს: აგენტი; პირადი თანაშემწე, ვინც შუაღამით რომ გავაღვიძო, ზუსტად მეტყვის საქმეები როგორ მიმდის; მენეჯერი, რომელიც, ასე ვთქვათ, ბიზნესებს კურირებს და ორი ბიძაშვილი – ჯო და კენი. ისინი წლების წინ დავიყენე გვერდით და მას მერე მათთან ერთად მოვდივარ.

…უამრავ კომპანიასთან მითანამშრომლია ტკბილეულის მწარმოებელი ფირმიდან პეპსის ჩათვლით. კონტრაქტებს აგენტი და მენეჯერი სწავლობდნენ, თუმცა ძირითად პუნქტებს მეც დაწვრილებით ვეცნობი. სხვათა შორის, წლების წინ პეპსის სამხრეთ აფრიკის ჯგუფის თანამფლობელი ვიყავი – წილის მესამედს ვფლობდი, კიდევ ერთი მესამედი კი უიტნი ჰიუსტონის იყო.

…დღეს დანახარჯს საბანკო ბარათით ვიხდი, ადრე კი თან მქონდა 100 ათას დოლარიანი ჩეკი. დრო მიდის, ყველაფერი იცვლება.

…მანქანები მომწონს, განსაკუთრებით როლს-როისები მხიბლავს. წლების წინ ავტომობილში 60 ათასზე მეტს პრინციპულად არ ვიხდიდი, თუმცა მერე რამდენიმე გამონაკლისი მაინც დავუშვი.

…ბილ კლინტონით დაწყებული ამერიკის ყველა პრეზიდენტი გავიცანი. ამ ხალხს მძიმე სამუშაო აქვს, რადგან მათ მხარეს არავინაა. რაც უნდა კარგი საქმე აკეთონ, არავინ შეაქებს, ყველა მათ ლანძღავს.

…მაიკ ტაისონს ციხეში შევხვდი. ცალკე იხდიდა სასჯელს და მთელი დღე ვარჯიშობდა. ოთხ კედელში როცა ხარ გამოკეტილი, სხვა რა უნდა აკეთო? რამდენიმე წუთი ვესაუბრე. მისურვა, ასეთ ადგილას არასდროს მოხვდეო. შარს ერიდეო, ესეც მითხრა.

…ერთხელ მკითხეს ამერიკისთვის თუ იომებთო. არა მეთქი, ვუპასუხე. მეომარი მოთამაშე ვიყავი, მაგრამ ომი, სროლა და ასეთი რამე არ მიზიდავს. მეტიც, მეზიზღება! საერთოდ, არასწორად მიმაჩნია ეომო სხვას მისსავე მიწაზე. ნუ, ამერიკას რომ არავინ შეუტევს, ეს ზუსტად ვიცი.

…წარმოიდგინეთ: მიდიხარ სადღაც ჯუნგლებში, სანგარში კი ვიღაც ჩასაფრებულია. უახლოვდები და: ბახ! მორჩა, მკვდარი ხარ! როგორია? არა, მადლობთ. ეს ჩემი საქმე არაა. ვისაც ომში წასვლა სურს, ჯერ მესტუმროს. შემოვუშვებ ოთახში, მერე ზურგიდან თავს დავესხმები და ნახოს რა დროს გაატარებს! ომი სისულელეა. მე არ მინდა ომი!

…მარტო ყოფნა არასდროს მიყვარდა, თუმცა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ სახლის კარი არავისთვის გამიღია და არც ტელეფონზე მიპასუხია. დროდადრო, ძალიან იშვიათად, საკუთარ თავთან დარჩენა მინდება. მგონი, ასეთი რამ ყველას ემართება.

…რის მეშინია? იმ ხალხის, ვინც არ მიცნობს და მაინც მერჩის. ხანდახან იცით რაზე ვფიქრობ? აი, გავედი ქუჩაში, რესტორანში მივედი ან ვთქვათ, სადმე კლუბში. და უცბად ვიღაც ნაგიჟარმა მესროლა! ხომ არიან ასეთი გადარეულებიც?! აი, ამაზე ფიქრი მაფრთხობს. სულელური სიკვდილის მეშინია, უცბად რომ მოდის, არსაიდან, გიჟის ხელით.

შაკილ ო’ნილი
დაიბადა 1972 წლის 6 მარტს
კალათბურთელი, ცენტრი
კარიერა: ორლანდო მეჯიქი (1992-96), ლოს ანჯელეს ლეიკერსი (1996-2004), მაიამი ჰითი (2004-08), ფინიქს სანსი (2008-09), კლივლენდ კეველიერსი (2009-10), ბოსტონ სელტიქსი (2010-11)
ტიტულები: ოლიმპიური ჩემპიონი – 1996 (ატლანტა); მსოფლიოს ჩემპიონი – 1994 (კანადა); NBAს ჩემპიონი – 2000, 2001, 2002, 2006; NBAს სუპერფინალის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე (MVP) – 2000, 2001, 2002; NBAს რეგულარულის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე (MVP) – 2000; NBAს ყველა ვარსკვლავის მატჩი (15) – 1993-98, 2000-07, 2009; NBAს ყველა ვარსკვლავის მატჩის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე (MVP) – 2000, 2004, 2009; NBAს ყველაზე შედეგიანი მოთამაშე – 1995, 2000; NBAს საუკეთესო ახალბედა – 1993

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 14 ივნისი)

ka_GEGeorgian