ევროისტორია: 2008 – წალკოტში

ჩემპიონატის მასპინძლობის მსურველთა განაცხადების მიღება უეფამ 2002 წლის იანვარში დაიწყო.
ივნისში, როცა პროექტების წარდგენის ვადა ამოიწურა, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში თორმეტი ქვეყნის შვიდი განაცხადი იყო შესული, რაც არასდროს მომხდარა: უნგრეთს და რუსეთს ცალ-ცალკე სურდათ ჩემპიონატის მასპინძლობა, ავსტრია-შვეიცარიას, ბოსნია-ჰერცეგოვინას და ხორვატიას, საბერძნეთ-თურქეთს და შოტლანდია-ირლანდიას – მხარდამხარ, სკანდინავიის ოთხეულმა კი ერთობლივი პროექტი მოამზადა: ნორვეგია, ფინეთი, დანია და შვედეთი ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა პირობითი სახელწოდებით ჩრდილოეთი 2008.

სექტემბრის დასაწყისში, შესაბამისი კომიტეტის რჩევის შემდეგ, კანდიდატთა შვიდეული ოთხეულამდე შემცირდა: მასპინძლობის შანსი ავსტრია-შვეიცარიამ, საბერძნეთ-თურქეთმა, უნგრეთმა და ჩრდილოეთი 2008ის ქვეყნებმა შეინარჩუნეს. დანარჩენებს საფეხბურთო ინფრასტრუქტურა დაუწუნეს და უარი უთხრეს.

უეფას სპეციალურმა კომისიამ ოთხივე რჩეული პროექტი შეისწავლა და 2002 წლის 12 დეკემბერს აღმასრულებელმა კომიტეტმა ევრო 2008ის მასპინძლებიც დაასახელა – ავსტრია და შვეიცარია.

ევრო 2000ის შემდეგ ანრი დელონეს სახელობის თასის გათამაშების პატივი პირველად ერგო ერთდროულად ორი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას.

იმთავითვე ცნობილი იყო, რომ ფინალური ეტაპის მატჩებს ავსტრიიდან ვენა (ერნსტ ჰაპელის სახელობის ეროვნული სტადიონი), ზალცბურგი (ვალს-ზაიზენჰაიმი), ინსბრუკი (ნოიე ტივოლი) და კლაგენფურტი (ვიორზერსეე) უმასპინძლებდნენ, შვეიცარიიდან კი ჟენევა (სტად ჟენევი), ბაზელი (სენტ-იაკობი), ბერნი (ვანკდორფი) და ციურიხი (ჰარდტურმი).

საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 2006 წლის 27 იანვარს შედგა შვეიცარიის ქალაქ მონტროში.

ჯაზ-ფესტივალით ცნობილ ამ პატარა და კოხტა დაბაში გამართულ წილისყრას საქართველოს დელეგაციის წევრის სტატუსით ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი კლაუს ტოპმიოლერიც დაესწრო.

ლევერკუზენის ბაიერის ყოფილმა თავკაცმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებთან ხელშეკრულება ახალი წლის დღეებში შეათანხმა, შვეიცარიაში ჩასვლამდე კი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან აუდიენციაც მოასწრო. ტოპმიოლერმა გაიოზ დარსაძე შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობით ქართველებმა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შესარჩევის მეორე ნაწილში ითამაშეს.

უეფას გადაწყვეტილებით, საკვალიფიკაციო ეტაპის ფორმატი კვლავ შეიცვალა. ევროპირველობის მასპინძელი ავსტრია და შვეიცარია შესარჩევი ტურნირიდან გათავისუფლდნენ, დანარჩენი 50 ქვეყნის ნაკრები კი შვიდ ჯგუფში გადანაწილდა: პირველში რვა გუნდი მოხვდა, დანარჩენ ექვსი – შვიდი. შესაბამისად, ფინალური ეტაპის თოთხმეტ საგზურს მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები და მეორეადგილოსნები იღებდნენ.

რვაგუნდა ჯგუფში მოხვდა სერბეთი-მონტენეგროს ნაკრები. გუნდმა იმავე ზაფხულს, გერმანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზეც ამავე სახელით იასპარეზა, მაგრამ ევრო 2008ის შესარჩევის დაწყებამდე ქვეყანა ორად, სერბეთად და მონტენეგროდ გაიყო, უეფამ კი მხოლოდ მის სამართალმემკვიდრედ აღიარებული სერბეთის ნაკრები დაუშვა შესარჩევში.

A ჯგუფს უკავშირდება მცირე პოლიტიკური სკანდალიც, რაც სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთად მოხვედრამ გამოიწვია. წილისყრის შედეგი უეფამ არ შეცვალა, მაგრამ მეზობლებს შორის თამაშები გააუქმა. ჯგუფის დანარჩენმა ექვსმა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 14 თამაში ჩაატარა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა – 12. საბოლოოდ, ავსტრია-შვეიცარიის საგზური პოლონეთს (28 ქულა) და პორტუგალიას (27) ერგოთ.

C ჯგუფიდან ფინალური ეტაპის საგზური ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა საბერძნეთმა (31) და თურქეთმა (24) მოიგეს.

საინტერესოა, რომ საკვალიფიკაციო თამაშების დაწყებამდე, 2006 წლის 3 ივლისს, ფიფამ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბერძნები ვერც ევრო 2008ის შესარჩევში ითამაშებდნენ. გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლების ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში ჩარევას მოჰყვა. ბერძენთა საბედნიეროდ, პრობლემა მალე მოგვარდა და ფიფამ 12 ივლისს საბერძნეთი თავის რიგებში აღადგინა.

ევროპის ჩემპიონატის თოთხმეტი საგზურიდან პირველი D საკვალიფიკაციო ჯგუფის ფავორიტად აღიარებულმა გერმანიამ მოიპოვა – იოახიმ ლიოვის გუნდმა 2007 წლის 13 ოქტომბერს დუბლინში 0:0 ითამაშა ირლანდიასთან და ავსტრია-შვეიცარიაში თამაში გაინაღდა.

მეორე იღბლიანი კი ჩეხეთის ნაკრები აღმოჩნდა, რომელმაც ევროსაგზური 17 ოქტომბერს, მიუნხენის ალინაც არენაზე მოიგო, როცა ბუნდესგუნდი… 3:0 გაანადგურა! ლიბორ სიონკოს, მარეკ მატეიოვსკის და იაროსლავ პლასილის გოლებს მასპინძლებმა ვერაფრით უპასუხეს. საბოლოოდ ჩეხებმა 29, გერმანელებმა კი 27 ქულით დაასრულეს ჯგუფი.

შესარჩევი ტურნირის მთავარი სენსაცია E ჯგუფში მოხდა: ინგლისი ჯგუფში ჩარჩა! და გახდა ერთადერთი განთესილი, რომელმაც ფინალურ ეტაპზე ვერ ითამაშა. თავის მხრივ, რუსეთის ნაკრები გამოდგა ის ერთადერთი განუთესავი, რომელმაც ევროჩემპიონატზე გააღწია.

საკვალიფიკაციო ჯგუფი კი ხორვატებმა მოიგეს: სლავენ ბილიჩის ბიჭებმა თორმეტიდან ცხრა შეხვედრაში გაიმარჯვეს, მათ შორის 2007 წლის 21 ნოემბერს, გადაჭედილ უემბლიზე, სადაც 3:2 სძლიეს ინგლისს. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ხორვატიამ ფეხბურთის სამშობლოს ნაკრებს პირველ მატჩშიც სძლია, 2006 წლის 11 ოქტომბერს, ზაგრებში – 2:0.

სტივ მაკლარენის გაწვრთნილმა ინგლისმა ხორვატიასთან მატჩის გარდა ყველა საშინაო თამაში გოლის გაუშვებლად დაასრულა, მაგრამ მეტოქეთა მოედნებზე ძალიან ბევრი ქულა დაკარგა. მათ შორის 2007 წლის 17 ოქტომბერს მოსკოვში, ლუჟნიკებზე, სადაც 1:2 დამარცხდა და ხორვატიასთან ბოლო მატჩის წინ ძალიან გაიუარესა მდგომარეობა.

F ჯგუფში მოულოდნელი არაფერი მომხდარა: ესპანეთმა 28 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, შვედეთი კი 26ით მეორე ადგილზე გავიდა.

მოულოდნელობად შეიძლება მივიჩნიოთ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მესამე ადგილი. ბრიტანელებმა საშინაო შეხვედრაში ორივე ფინალისტს აჯობეს, ნაკრების ცენტრფორვარდი დევიდ ჯონათან ჰილი კი 13 ბურთით საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო გოლეადორი გახდა. მან ორი ჰეთ-თრიქი მიითვალა, მათ შორის პირველი 2006 წლის 6 სექტემბერს, ესპანეთთან 3:2 მოგებულ მატჩში.

G ჯგუფში გათამაშებული საგზურები კი რუმინეთის (29) და ნიდერლანდების (26) ნაკრებ გუნდებს ერგოთ. რუმინელები მხოლოდ ბულგარეთთან დამარცხდნენ, ლეგენდარული მარკო ვან ბასტენის გაწვრთნილი ნარინჯისფერები კი რუმინეთთან და… ბელარუსთან! 2007 წლის 21 ნოემბერს მინსკის დინამოს სტადიონზე გამართული მატჩი (2:1 მასპინძელთა სასარგებლოდ) მთელი შესარჩევის ერთ-ერთ დიდ მოულოდნელობად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

და ბოლოს, B ჯგუფი, სადაც კლაუს ტოპმიოლერის საქართველოს ნაკრები მოხვდა. 2006 წლის იანვარში, საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის დროს, ვერავინ იფიქრებდა რომ იმავე ზაფხულში ფიფას ოქროს თასს ამ ჯგუფის ფავორიტები – იტალია და საფრანგეთი გაითამაშებდნენ.

ავსტრია-შვეიცარიის საგზურს სწორედ ისინი დაეუფლნენ: რობერტო დონადონის გაწვრთნილმა სკუადრა აძურამ 29 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, საფრანგეთი კი 26 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. იტალიელებმა თორმეტ მატჩში ერთადერთი მარცხი იწვნიეს და ისიც საკვალიფიკაციოს მეორე ტურში, სტად დე ფრანსზე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მეორე სერიაში – 1:3.

აუცილებლად უნდა გავიხსენო ალექს მაკლიშის გაწვრთნილი შოტლანდიის ნაკრების დიდებული ასპარეზობა. სქოთებმა ჯგუფი 2 სექტემბერს, გლაზგოში, სელტიკ პარკზე ფარერების 6:0 ძლევით დაიწყეს და უკანასკნელ ორ საკვალიფიკაციო მატჩში – თბილისში საქართველოსთან და შინ, იტალიასთან, მხოლოდ ორი ქულა სჭირდებოდათ ფინალურ ეტაპზე გასასვლელად, მაგრამ მოხდა ის, რისაც ყველაზე ძალიან ეშინოდათ: მაკლიშის ბიჭები ჯერ თბილისში დამარცხდნენ – 0:2, 17 ნოემბერს, გლაზგოს ჰემპდენ პარკზე კი ვერც მსოფლიოს ჩემპიონ იტალიას გაუძალიანდნენ – 1:2. სკუადრა აძურამ გამარჯვების გოლი დამატებულ დროში გაიტანა, კრისტიან პანუჩიმ შეაგდო თავური.

(I ნაწილის დასასრული)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 15 ივნისი)
წიგნიდან: ევროპის ჩემპიონატების ისტორია 1960-2016 (თბილისი, 2021)
ფოტო: UEFA.com; ავტორის არქივი

ka_GEGeorgian