საღოლ შექსპირ!

ტიპი რო თეატრიდან გამოვა და: საღოლ შექსპირ, ნე აჟიდალო, დაახლოებით ეგ დამემართა წუხელ საფრანგეთზე.
ევრო 2020ის პირველი ტური კლასიკით დასრულდა: საფრანგეთმა, რომელიც მთავარ ფავორიტად მიმაჩნდა, გერმანიას მაგარი მატჩი მოუგო. და მგონი ყველა დაგვაჯერა.

გუშინ მეგობრებსაც ვუთხარი და აქაც დავწერ: ფინალსაც დაამშვენებდა, ისეთი თამაში იყო.

გაცილებით უარესი შეხვედრები მინახავს, სადაც თასის მფლობელი გამოვლენილა. იგივე 2016ის ფინალს ეს მატჩი ნაღდად სჯობდა.

გერმანიის მაქსიმუმი მგონი ისაა, რაც ვნახეთ, ფრანგებისა კი ჯერ არ ვიცი. იმის თქმაც გამიჭირდება, რომ მეორე ტაიმში გერმანიამ დაახევინა უკან, მგონი უფრო თავად დაიწიეს და კონტრშეტევებზე გადავიდნენ.

პოგბას კი ჩაახუტეს მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი, მაგრამ მე, მაგალითად, ამავე ჯილდოს კანტესაც მივცემდი და ვარანე-კიმპემბეს წყვილსაც, ორივე დიდებული იყო როგორც ცალ-ცალკე, ასევე წყვილში.

დანარჩენ ფრანგებზე არაფერს დავწერ, ყველა ლამის უნაკლო გახლდათ.

და მბაპეს გამჩერებელი კიდე ამ ევროზე, სიმართლე გითხრათ, არ მეგულება.

მოკლედ, რასაც გაზაფხულზე ვფიქრობდი გუშინ დავინახე კიდეც: საფრანგეთი ამ ევროს ნომერ პირველი ფავორიტია.

და მაინც: ფორცა იტალია!

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 16 ივნისი)
ფოტო: UEFA.com

ka_GEGeorgian