იტალია 1:0 უელსი

ესეც ასე: იტალიამ ევრო 2020ის ჯგუფი ასპროცენტიანი შედეგით დაასრულა: სამი გამარჯვება, 9 ქულა, 7 გატანილი და არცერთი გაშვებული გოლი.
რობერტო მანჩინის გუნდის მეტოქე დღეს გამოვლინდება: 26 ივნისს, უემბლიზე, სკუადრა აძურა C ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება – უკრაინას ან ავსტრიას.
უელსთან გუშინდელი 1:0ის ამბები კი ასეთია:

1: რობერტო მანჩინის გაწვრთნილმა იტალიის ნაკრებმა 1935-39 წლებში დამყარებული რეკორდი გაიმეორა – ზედიზედ 30 მატჩი წაგების გარეშე. 30იან წლებში გუნდს ლეგენდარული ვიტორიო პოცო ხელმძღვანელობდა.

2: იტალიამ ზედიზედ მე11 მატჩი მოიგო გოლის გაუშვებლად. ნაკრების ისტორიაში ასეთი რამ პირველად მოხდა.

3: იტალიამ ევროპის ჩემპიონატების ეგიდით (საკვალიფიკაციო ტურნირის ჩათვლით) ზედიზედ 13 მატჩი მოიგო, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.

4: მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე ასპარეზობის ისტორიაში იტალიის ნაკრებმა მხოლოდ მეოთხედ მოიგო ჯგუფში ყველა თამაში.
პირველ ორ შემთხვევაში ეს მსოფლიო ჩემპიონატებზე მოხდა – 1978 და 1990 წლებში, მესამედ კი ევრო 2000ზე.

5: სკუადრა აძურამ ჯგუფში 7 გოლი შეაგდო და 1998 წელს, მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგი გაიმეორა. მსოფლიო/ევროპის პირველობებზე იტალიას ჯგუფში 7ზე მეტი გოლი არასდროს გაუტანია.

6: ბერგამოს ატალანტას ფეხბურთელთაგან იტალიის ნაკრებში ყველაზე მეტი ბურთი მატეო პესინამ შეაგდო – 3.
ამავდროულად, ის ატალანტას ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ნაკრების მაისურით მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე გაიტანა გოლი.

7: რობერტო მანჩინიმ უელსთან მატჩის წინ ძირითადი შემადგენლობის 8 ფეხბურთელი შეცვალა. იტალიის ნაკრების ისტორიაში ასეთი რამ პირველად მოხდა.

8: იტალიის ნაკრებმა ზედიზედ 51ე ოფიციალური თამაში არ წააგო, რომელშიც ანგარიში გახსნა. სერია 2013 წლის ივნისიდან იწყება და 39 გამარჯვებას და 12 ფრეს ითვლის.

9: სკუადრა აძურამ ისტორიაში 839ედ ითამაშა და 450ე გამარჯვება იზეიმა.

P.S. ყველა კარგი სერია უნდა გაგრძელდეს და არ აქვს მნიშვნელობა 26ში უემბლის მეორე ნახევარზე უკრაინა დადგება თუ ავსტრია.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 21 ივნისი)
ფოტო: UEFA.com

ka_GEGeorgian