მონატრებული გაზეთები

ევროფეხბურთისგან დროებით თავისუფალმა, ამ საღამოს ლისის ტბას ავაკითხე და მზეზე სეირნობისას ერთ რამეს მივხვდი: ძალიან მაკლია სპორტული გამოცემები, გაგანია ზაფხულში, დილით პრესის ჯიხურთან რომ ჩაგიყვანს და ამ საოცარი ჩემპიონატის დღეებში ათას საინტერესოს მოგიყვება.

ჩემი პირველი დიდი ტურნირი მექსიკა 86 იყო და რადგანაც არდადეგებს სოფელში ვატარებდი, პირველი საფეხბურთო ჟურნალიც იქ ჩამახუტეს: ცხონებულმა ბიძაჩემმა ქუთაისიდან ჩამომიტანა რუსული, მაგრამ თბილისში გამოცემული „მექსიკა 86“, მწვანე ყდით: მსოფლიო ჩემპიონატის მოკლე ამბებით, სატურნირო ბადით, ცოტა სტატისტიკით და ყველა, ოცდაოთხივე გუნდის ფოტოთი. მონაწილეთა შემადგენლობები ჩვენ, გულშემატკივრებს უნდა შეგვევსო…

ორი წლის შემდგომი ევროპის ჩემპიონატისთვის უკეთესი გამოცემით გამახარეს: ბერნი 88 ორჯერ გამოიცა – ტურნირამდე და მის შემდეგ, ორივე საინტერესო იყო და ორივე ახლაც შენახული მაქვს.

დიდი იმედი მქონდა, რომ ევრო 2020ის წინ ვინმე მაინც მოაბამდა თავს ასეთ ჟურნალ-ცნობარს, მეგობრებიც გავაფრთხილე თუ სადმე ნახოთ, მითხარით-მეთქი, მაგრამ თითქოს ყველას ერთიანად გაუქრა ინტერესი. შესაძლოა დაეზარათ კიდეც. არ ვიცი…

მხოლოდ ტურნირის გახსნის წინა დღეს დაბეჭდა ლელომ დიდი და ფერადი კედლის კალენდარი, გაზეთში კი ჩემპიონატის სტარტს რამდენიმე გვერდი დაეთმო. მაგრამ ლელოს ძალისხმევა არ მეყო.

ლისზე იმასაც მივხვდი, რომ ამ ამბავში, სპორტულ პრესას ვგულისხმობ, მაგრად მოვიკოჭლებთ. მაგრად კი არა, საშინელ დღეში ვართ – ერთადერთი სპორტული გაზეთი გამოდის, ისიც კვირაში ორჯერ  (მცირე ფორმატის და კოეფიციენტებით გაძეძგილ პატარა გამოცემებს არ ვგულისხმობ, ასეთები არასდროს მიზიდავდა).

ჰოდა საფეხბურთო შიმშილიც რა გასაკვირია.

ჟურნალ-გაზეთები ონლაინ-მედიამ ჩაანაცვლა, მაგრამ გულახდილად ვიტყვი: ორ-სამ აბზაციანი და ხშირ შემთხვევაში არაფრისმთქმელი ნიუსები ვერ დავამუღამე, საინტერესო წერილები კი, არც ესაა დასამალი, სხვადასხვა ტოტალიზატორების მხარდაჭერით დაქოქილ გვერდებზე იშვიათად მხვდება, გაცილებით მეტს ვისურვებდი.

„საინტერესოში“ იცით როგორ წერილებს ვგულისხმობ? მონიტორთან გემრიელად რომ მოიკალათებ, აუჩქარებლად ჩაუყვები და დაფიქრდები, წაკითხულს გაიაზრებ და ან დაეთანხმები ავტორს, ან არა.

ონლაინ-გამოცემები კარგად იყვნენ და მათ ნაჯაფზე ხშირად რამდენიმე გულშემატკივრის და იმავდროულად, ჩემი ფეისბუქ-მეგობრის პოსტებს უფრო ვეცნობი, უბრალოდ იმიტომ, რომ მომწონს და მაინტერესებს. თან, ლამის მთელ დღეს კომპიუტერთან ვატარებ და სამსახურს მიღმა ამბებით თუ არ გავნიავდი, ნამეტანი დავიქანცები…

იმ დაქცეულ 90ებში დილაუთენია ვდგებოდი, რომ უახლოეს ჯიხურში სარბიელისთვის მიმესწრო. მესმის, რომ მაშინ ეს გაზეთი ერთადერთი საინფორმაციო წყარო იყო, მაგრამ სხვას ვიტყვი: იმ სარბიელის რამდენიმე ავტორი ძალიან გემრიელად წერდა და მათი ჩანახატები, რეპორტაჟები და ინტერვიუები მიზიდავდა.

სარბიელის გარდა საინტერესო წერილები მხვდებოდა რეზონანსის სპორტულ დამატებაში, 11X11ში, იმ ძველ, ოთხგვერდიან ლელოშიც გამოერეოდა კარგი სტატიები… მთავარი გაზეთის სპორტული დამატებაც კარგად მახსენდება – მცირე ხანს იცოცხლა, მაგრამ მაინც… უფრო მოგვიანებით ოლიმპი და სპორტი გამოჩნდა, იქით ოლიმპიელი იყო…

დღეს? ლელოღა შემორჩა და ისიც თითქოს ინერციით მოდის.

ამის გამო გული მწყდება.

გული მწყდება, რადგან სპორტული გაზეთი ჩემთვის არასდროს ყოფილა გადასათვალიერებელი და მერე ნაგვის ურნაში მოსასროლი გამოცემა.

რომ იცოდეთ რამდენი წერილი მაქვს შენახული… მეტიც, მთლიანი გამოცემები! რაც გემრიელი ჟურნალ-გაზეთების დევნაში ხალხი შემიწუხებია, იმდენი სიხარული მე.

შეიძლება ეს ჩემი ახირებაა, მაგრამ ვთვლი, რომ კარგ ფეხბურთს კარგი ყოველდღიური გამოცემაც სჭირდება.

ამ ევროს საინტერესო წერილებით სავსე გაზეთი დახატავდა. რატომღაც ასე მჯერა.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 25 ივნისი)

ka_GEGeorgian