იტალია 2:1 ავსტრია

ერთი ამოსუნთქვით მოგებული ჯგუფური ეტაპის შემდეგ ჩემი საყვარელი გუნდისგან შედარებით იოლ მოგებას ველოდი, მაგრამ იმ უხსენებელმა ავსტრიამ ლამის ჩინეთის კედელი დაიხმარა და…
მაგრამ ეგ არაფერი: მოგება დამატებით დროშიც ისევე სასიხარულოა (თუ უფრო მეტად არა), როგორც ძირითადში, ასე რომ, წინ თასისაკენ, სრული სვლით. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი მეგობრები, ვისთან ერთადაც გუშინ იტალიას ვუგულშემატკივრე, იმედგაცრუებულნი დარჩნენ – სკუადრა აძურას ძირითად დროში მოგება უნდოდათ, რომ საბანკო ანგარიში გვარიანი თანხით შეევსოთ.
ასეა თუ ისეა, რობერტო მანჩინის გაწვრთნილი იტალია ევროჩემპიონატის მეოთხედფინალშია და მორიგ მეტოქეს ელის. ნახევარფინალში გასვლას იტალია 2 ივლისს, მიუნხენში, ალიანც არენაზე ეცდება, მეტოქე კი დღეს საღამოს გამოვლინდება სევილიაში, სადაც ბელგია პორტუგალიის დამარცხებას შეეცდება.
გუშინდელი რთული გამარჯვების 11 საინტერესო ფაქტი კი ასეთია:

1: რობერტო მანჩინის იტალია ზედიზედ 31 თამაშია არ აგებს და ეს სკუადრა აძურას ისტორიაში ახალი რეკორდია.
ძველი მიღწევა – მიჯრით 30 წაუგებელი მატჩი, ვიტორიო პოცოს გაწვრთნილ 1935-39 წლების გუნდს ეკუთვნოდა.

2: ზედიზედ 31 წაუგებელი მატჩი ნაკრებთა შორის ყველა დროის მეორე საუკეთესო შედეგია – 1994-97 წლებში ესპანეთსაც ჰქონდა ასეთი სერია.
მსოფლიო რეკორდი კი 35 წაუგებელი თამაშია, რომელიც ბრაზილიის (1993-96) და ესპანეთის (2007-09) ნაკრებ გუნდებს ეკუთვნით.

3: იტალიის ნაკრების ახალი რეკორდია ზედიზედ 12 მოგებაც.

4: იტალიის ნაკრების გოლგაუშვებელი სერია 1168ე წუთზე შეწყვიტა საშა კალაჯიჩმა.
სკუადრა აძურამ პირველი გოლი გაუშვა 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ, თუმცა ნაკრებთა შორის მსოფლიო რეკორდი – 1 143 წუთი, რომელიც ასევე იტალიას ეკუთვნოდა (1972-1974), 25 წუთით გაუმჯობესდა!

5: სკუადრა აძურამ მერვედ ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე დამატებითი დრო და ეს ყველა დროის რეკორდია.
საინტერესოა, რომ ფედერიკო კიეზას გოლი იყო პირველი, რომელიც იტალიამ ევროჩემპიონატების ეგიდით დამატებით დროში გაიტანა.
აქვე: დამატებით დროში იტალიელთა კარის დალაშქვრა მხოლოდ დავიდ ტრეზეგემ მოახერხა, ევრო 2000ის ფინალში.

6: ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეორედ გავიდა დამატებით დროში 3 გოლი. პირველად 1984 წელს, საფრანგეთის და პორტუგალიის დაპირისპირებაში.

7: ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ დამატებით დროში 3 გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს – ფედერიკო კიეზა, მატეო პესინა, საშა კალაჯიჩი.

8: ენრიკო და ფედერიკო კიეზები პირველი მამა-შვილი არიან, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე გოლები გაიტანეს.
ფედერიკოს მამამ, ენრიკომ, 1996 წლის 14 ივნისს ჩეხეთის ნაკრების კარი დალაშქრა.
საინტერესოა, რომ მამა-შვილის გოლები ინგლისის სტადიონებზე გავიდა: ენრიკომ ლივერპულში, ენფილდ როუდზე გაიტანა (ევრო 96ს ფეხბურთის სამშობლომ უმასპინძლა), ფედერიკომ ლონდონში, უემბლიზე.

9: იტალიამ და ავსტრიამ პირველად ითამაშეს ევროპის ჩემპიონატზე. მსოფლიო პირველობის ეგიდით გამართული ყველა, ოთხივე მატჩი კი სკუადრა აძურას გამარჯვებით დასრულდა.
საინტერესოა, რომ ასევე 2:1 მოიგო იტალიამ ბოლო ოფიციალური პაექრობა – საფრანგეთი 98ის ჯგუფური ეტაპის მატჩი, სენ-დენის სტად დე ფრანსზე.

10: 1960 წლის 10 დეკემბრის შემდეგ ავსტრიას იტალიასთან აღარ გაუმარჯვია. მას შემდეგ მეტოქეები 14ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. იტალიამ 11 მატჩი მოიგო, 3 კი ფრედ დასრულდა.

11: ეს იყო იტალიის და ავსტრიის ნაკრებთა 37ე დაპირისპირება. სტატისტიკა ასეთია: 17 მოგება, 8 ფრე, 12 მარცხი, ბურთები – 49:56.
სკუადრა აძურა ასევე 37ჯერ შეხვდა ესპანეთს, მათზე ხშირად კი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონებს მხოლოდ შვეიცარიასთან (59) და საფრანგეთთან (39) უთამაშიათ.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 27 ივნისი)
ფოტო: UEFA.com

ka_GEGeorgian