დღეს დიდი დღეა, დიდი!
–რა დღეა დღეს, ბიჭო?
–ორშაბათი!
–ჰმ, ესეიგი სპექტაკლი არ მაქვს… სამაგიეროდ მაქვს იდეა! ჩავიდეთ ბაზარში, ვიყიდოთ კიტრი, პამიდორი, ჭყინტი ყველი, მშობლიური რვა ნომერი… გავიდეთ ბუნების წიაღში და მომიყევი… დელ პიეროზე!
დღეს 28 ივნისია და 28 ივნისი კიდე დიდი დღეა არა მარტო იმიტომ, რომ ჩემი შვილის დაბადების დღეა და კიდევ რამდენიმე ჩემთვის ძვირფასი ადამიანის, დიდი დღეა იმიტომ, რომ ზუსტად 28 წლის წინ, 1993 წლის 28 ივნისს ტურინის იუვენტუსმა ალესანდრო დელ პიეროსთან პირველი კონტრაქტი გააფორმა.
ბებერი ქალბატონის ახალგაზრდა ფავორიტი – ამ და დაახლოებით ასეთ სათაურებს ხშირად შეხვდებოდით მაშინდელ უცხოურ თუ ქართულ სპორტულ პრესაში.
მაგრამ დელ პიერო ვეკია სენიორას ახალგაზრდა კი არა, მთავარი ფავორიტი აღმოჩნდა – იუვეს და ალესანდროს სიყვარული მთელ 20 წელიწადს გაგრძელდა და ბევრი ტრიუმფი, თასი, ულამაზესი გოლი, ცოტა ტკივილი და იმედგაცრუებაც დაიტია.
ყველაზე მეტი მატჩი და ბურთი შავ-თეთრი მაისურით – მისი უამრავი რეკორდიდან მხოლოდ ამ ორს ვახსენებ, რადგან ეს საოცარი რიცხვები ზუსტად მიუთითებენ, თუ რა მასშტაბის ფეხბურთელი იყო იუვენტუსის ათიანი.
ალესანდრო დელ პიერო ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი იტალიელიცაა, თუნდაც იმიტომ, რომ 2006 წლის ივლისში, ბერლინში, ოლიმპიაშტადიონზე ფიფას ოქროს თასი აღმართა, ფინალამდე კი ნახევარფინალში მორიგი შედევრი დახატა.
და უზომოდ გამიხარდა, რომ იმავე 2006 წლის ოქტომბრის ერთ გემრიელ საღამოს მას დინამოს სტადიონზე შევხვდი: მსოფლიოს ჩემპიონმა ამ ბურთზე ავტოგრაფი დამიტოვა და ასე მითხრა, ევრო 2020ზე იტალია ვისაც არ მოეწონება, ცივი წყალი დალიოს და კრიკეტზე გადაერთოს, ფეხბურთი მაგათი საქმე არააო…
* * *
-და ახლა, ამ დალოცვილი სითხით სავსე ჭიქით, გაუმარჯოს მეგობრებო იმ ტრანსფერს, რომელმაც იუვენტუსის თვალისმომჭრელ ისტორიაში ოქროს ფურცლები ჩაწერა!
ვსვამთ ბო-ლომ-დე!!!
ფორცა იტალია!
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 28 ივნისი)