გოლფი კაჭრეთში
მატრაკვეცობაში არ ჩამითვალოთ და გოლფი პირველად ფლორენციის სიახლოვეს, ტოსკანის ერთ ულამაზეს სოფელში ვითამაშე, მედიჩების კლუბში. იქ მეუღლესთან და მეგობრებთან ერთად სულ სხვა ამბავზე მოვხვდი და რადგან იმ ღონისძიების პროგრამაში გოლფიც შედიოდა, უარი არ მითქვამს.
გავიდა რამდენიმე წელიწადი და 2019 წლის გაზაფხულზე, თბილისი ჰილსის კლუბში, სპორტულ ჟურნალისტებს შორის მინი–გოლფში გათამაშდა თასი და მეც მეორედ ვცადე ბედი. პრიზიორთა შორის ვერ მოვხვდი, მაგრამ იმავე დღეს ჩემმა შვილმა ტყვიის სროლაში საქართველოს ჩემპიონატში გაიმარჯვა და ამდენად, ჩემი წარუმატებლობის გამო დიდად არ მინერვიულია.
მესამედ კი გოლფი 29 ივნისს, კაჭრეთის ამბასადორში ვითამაშე მეუღლესთან ერთად და ამჯერად ცოტას წავიტრაბახებ: მე ვაჟებში გავიმარჯვე, ნინომ – გოგონებში.
ჟურნალისტებს შორის ტურნირი მინი-გოლფში ეროვნული ფედერაცია სპორტის ყველასათვის და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით, ასევე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
მშვენიერი ამინდი, ლამაზი გარემო, ბევრი მონაწილე (მათ შორის უმეტესობა – ნაცნობ-მეგობრები) და, როგორც სულ ბოლოს აღმოჩნდა – დიდებული პრიზები. სხვა რა არის საჭირო ლამაზი შეჯიბრებისთვის? არც არაფერი.
მსაჯებმა ორმოცამდე მონაწილე ოთხეულებად დაგვყვეს. მე და ნინომ პატივცემულ და გამოცდილ კოლეგებთან, ზვიად შათირიშვილთან (სილქსპორტი) და გიორგი დარჯანიასთან (სარბიელი) ერთად ვითამაშეთ.
სულ ათი მოედანი (თვრამეტიდან) უნდა გაგვევლო უმარტივესი წესით – რაც შეიძლება ნაკლები დარტყმით მოგვეთავსებინა ბურთი ფოსოში.
გიორგიმ ყველაზე კარგად დაიწყო და ხუთი მოედნის შემდეგ ჩვენთან კი არა, მგონი საერთო ჩათვლაშიც ლიდერობდა. მაგრამ მეექვსე ტურში ხელი მოეცარა და, როგორც ბოლოს აღმოჩნდა, ამის გამო დამარცხდა. არადა სტაბილურად მშვენიერი შედეგები ჰქონდა.
რაც შეეხება ბატონ ზვიადს, მედია-ტურნირების კოლორიტი სპეციალისტთა მოსაზრებით თაკარა მზემ და ხვატმა დათრგუნა.
საბოლოოდ ათი მოედანი 26 დარტყმით დავხურე და ჩემდა სასიხარულოდ, ეს საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა. ნინომ 30ით გაიარა მთელი გზა და რადგან კიდევ ერთმა გოგონამ ასევე იასპარეზა, დამატებითი, სამტურიანი ფინალი დაინიშნა. იქ ნინომ უფრო ზუსტად იარა.
ტურნირი პრიზიორ-ჩემპიონთა დაჯილდოვებით და უნაკლო ღვინისძიებით დაგვირგვინდა. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ მშვენივრად ორგანიზებულ შეჯიბრებას არაერთი სპონსორი ჰყავდა, მათ შორის სოლომონის ღვინოები, იამუნა, ოტი ისთეითი და სითი მოლი…
ორი თასი და კიდევ რამდენიმე პრიზი. დაბადების დღეზე და თან ინგლისი-გერმანიის წინ, უკეთეს საჩუქარს ვერ ვინატრებდი.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 1 ივლისი)
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ამბასადორი კაჭრეთი; 2021 წლის 29 ივნისი