დიადი: როჯერ ფედერერი

3 ივლისს, უიმბლდონის მესამე წრეში როჯერ ფედერერმა ბრიტანელი კემერონ ნორი ოთხ სეტში დაამარცხა და ფავორიტ საფარზე მორიგი გამარჯვება იზეიმა. შვეიცარიელის საოცარ კარიერაში ნორისთან მოგება სხვა რამითაც იყო მნიშვნელოვანი – როჯერმა პროფესიონალთა ტურში 1250ე გამარჯვება იზეიმა!
ის მხოლოდ და მხოლოდ მეორე ჩოგბურთელია, რომელმაც ამ ნიშნულს უწია. პირველი ამერიკელი ჯიმი კონორსი გახლდათ, რომელმაც კარიერა წლების წინ დაასრულა 1274 გამარჯვებით.
24 მოგება მორიგ ზღაპრულ რეკორდამდე. შეძლებს? დიდი შანსია – 8 აგვისტოს ფედერერი 40 წლის ხდება, თუმცა ძველებურად ძალიან სახიფათოა, განსაკუთრებით უიმბლდონზე.
ეს წერილი, რომელსაც დღეს ვაქვეყნებ, ორი წლის წინ დაიწერა. 39 წლის როჯერი მაშინ 37 წლის გახლდათ და ცხადია, მაშინაც ვეტერანად ითვლებოდა. მაგრამ ისევე როგორც ახლა, შვეიცარიელი იმ დღეებშიც გამორჩეულად უყვარდათ.

რამდენიმე წლის წინ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე კოხტა და ზღაპრულად ლამაზი ქვეყნის, უგემრიელესი შოკოლადებით, უზუსტესი საათებით და უძვირფასესი კურორტებით სახელგავარდნილი შვეიცარიის მოსახლეობამ უდიდესი თანამემამულეები გამოავლინა.

ყველა დროის ყველაზე დიდი შვეიცარიელი ინტერნეტ-გამოკითხვით შეირჩა. ათეულში ეროვნული გმირი, პოლიტიკოსი, კომპოზიტორი, იუველირი, ბიზნესმენები, მეცენატი, მწერალი, ფიზიკოსი და… ერთადერთი სპორტსმენი შევიდა.

ამ პატივცემული ადამიანების ჩამოთვლას არ დავიწყებ, გეტყვით მხოლოდ, რომ შვეიცარიელებმა უდიდესად XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მოაზროვნე, ფიზიკოს-თეორეტიკოსი, ფარდობითობის თეორიის ავტორი და ცათმფრენის აგების იდეით შეპყრობილი გარიყულელი გამომგონებლის, ქრისტეფორე მგალობლიშვილის შთაგონების წყარო ალბერტ აინშტაინი აღიარეს.

მეორე ადგილზე კი ამ წერილის გმირი გავიდა – როჯერ ფედერერი, არათუ შვეიცარიის, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი და თუ ძალიან ხმამაღალ ნათქვამად არ მოგეჩვენებათ, ალბათ უდიდეს სპორტსმენთაგანი. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა.

პირადად მე ფედერერი ცალსახად ნომერ პირველ ჩოგბურთელად მიმაჩნია, სპორტის ისტორიაში კი ერთ-ერთ უდიადეს ათლეტად ვთვლი. თუ რატომ, ვეცდები აგიხსნათ.

სამეფო თამაშის ისტორიას თუ გადავხედავთ, შვეიცარიელი სუპერვარსკვლავის გვარს უამრავი რეკორდის გასწვრივ ამოვიკითხავთ: მან მოიგო ყველაზე მეტი დიდი სლემი… ყველაზე მეტჯერ ითამაშა მთავარი ტურნირების ფინალში… ფედერერია ის ერთადერთი, ვინც მინიმუმ ხუთჯერ მოიგო ოთხი დიდი სლემიდან სამი… ზედიზედ მოგებული ფინალები, მასტერსები, წლის შემაჯამებელი ტურნირები…

როჯერი თითქოს რეკორდებისთვისაა დაბადებული: ყველაზე მეტი, ყველაზე ბევრი, ყველაზე დიდხანს, ყველაზე ხშირად… თუმცა, მხოლოდ რიცხვებსა და სტატისტიკაში ხომ არაა საქმე?

თანაც, კარიერული ტიტულების რაოდენობით ის ჯერ კიდევ ჩამორჩება ჯიმი კონორსს, თიხნარზე ახლოსაც ვერ მივა რაფაელ ნადალთან, პირად დაპირისპირებას ესპანელის გარდა ნოვაკ ჯოკოვიჩთანაც აგებს… მოკლედ რომ ვთქვა, ნაკლი მასაც აქვს, ღმერთი არაა.

მხიარული როჯერი სხვა რამის გამო მიმაჩნია დიად ჩოგბურთელად: მან თავის განუმეორებელი, ლამაზი და სანახაობრივი სტილით შეძლო და ეს მშვენიერი თამაში მილიონობით ადამიანს შეაყვარა; წლიდან წლამდე ახერხებს რჩეულთა შორის ყოფნას; ლამის მეოთხედი საუკუნეა პროფესიონალია; მისი თაობიდან ბევრი წავიდა, ის კი ახალგაზრდა, ღონიერი კონკურენტების გარემოცვაში კვლავ ღირსეულად და სახიფათოდ იქნევს ჩოგანს.

ამ ყველაფრის ერთობლიობით ფედერერმა შესანიშნავად მოირგო ჩოგბურთის მსოფლიო ელჩის საპატიო როლი. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ დღეს ეს თამაში, დიდწილად, მასთან ასოცირდება, ასეთი რამ კი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

მიხვდით ალბათ რასაც ვგულისხმობ. აი, კალათბურთზე რომ მაიკლ ჯორდანი გვახსენდება, ცურვაზე მაიკლ ფელპსი და ვთქვათ, ავტოსპორტზე მიხაელ შუმახერი (წლების შემდეგ ძალოსნობა, დიდი იმედი მაქვს, ლაშა ტალახაძესთან იქნება გაიგივებული). ცხადია, ყველასთვის ასე არაა, მაგრამ რაც ზემოთ დავწერე, ბევრი გულშემატკივრისგან მსმენია, მეც ვეთანხმები და ამიტომ გითხარით.

ხოლო რაც შეეხება ყველა დროის უდიადეს ათლეტთა შორის ფედერერის ყოფნა-არყოფნის საკითხს, ჩემთვის შვეიცარიელი უკვე იქაა, ოლიმპოს მთაზე. თან სამუდამოდ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ისევ გადის კორტზე, კვლავ ცდილობს მთავარი პრიზების მოგებას და თვიდან თვემდე წარმოუდგენელ რეკორდებს ამყარებს.

ის 1998 წელს გახდა პროფესიონალი. ერთ წელიწადში საუკეთესო ასეულში შეაბიჯა, თორმეტი თვის შემდეგ ტოპ 30ში მოხვდა, ცოტა ხნის შემდეგ კი პირველი ტიტულიც მოიგო. ხოლო 2003 წლიდან დაიწყო ის, რაც დღემდე გრძელდება – ტრიუმფალური სვლა.

როცა 20 წელზე მეტი შენი სახეობის რჩეულთა შორის ხარ, მინიმუმ 10 წელი არავის უთმობ პირველობას, უდიდეს ტიტულებს მძაფრ კონკურენციაში იგებ და ახალი წლის წინა დღეებში, თითქოს ტრადიციააო, სხვადასხვა ინდივიდუალური ჯილდოთი გაფასებენ, უდიადესი ხარ, აბა ვინ ხარ?!

სხვათა შორის, 2007 წელს, უიმბლდონზე ზედიზედ მეხუთე ტრიუმფის შემდეგ, შვეიცარიის ფოსტამ როჯერი საფოსტო მარკაზე დაიტანა. ის გახდა პირველი, ვისაც სიცოცხლეშივე ერგო ასეთი პატივი! ესეც ჩემი სიტყვების და ფედერერის სიდიადის დასტურად.

ჩანახატი ყველაზე დიდი შვეიცარიელის გამოსავლენი რეფერენდუმით დავიწყე და ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენთა ჩამონათვალმა რა დაგვიშავა? თან, ასეთი საინტერესო თემებით პოპულარული გამოცემები დროდადრო გვახალისებენ ხოლმე.

იშვიათად, რომ ამერიკელების, ფრანგების, გერმანელების, იტალიელების ან თუნდაც ქართველების შედგენილი სია ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს: ფეხბურთის მეფის ტახტს ორი პრეტენდენტი ჰყავს – პელე და მარადონა (თუმცა მე კონკრეტულად ამ საკითხთან სხვა აზრი მაქვს); რჩეულ მძლეოსნად კარლ ლუისს და უსეინ ბოლტს ასახელებენ; კალათბურთზე უკვე გითხარით, მაგრამ ამ ბოლო დროს ჩამონათვალში ლებრონ ჯეიმსსაც შეხვდებით; ავტოსპორტში მიხაელ შუმახერია ყველა დროის ნომერ პირველი, მოკრივეებში აწ გარდაცვლილი კასიუს კლეი, იგივე მუჰამედ ალი…

ჩოგბურთში? ქალთა შორის ყველა სიაში ლეგენდარული მარტინა ნავრატილოვაა დასახელებული, მამაკაცებში კი როჯერი. ნუ, ესპანელების და სერბების რჩეულებს თუ არ ჩავთვლით.

აღიარებებზე საუბარი ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, რამდენიმე აბზაციც და დავასრულებ. სპორტის სამყაროში ყველაზე პრესტიჟულად ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიის – BBC, ფრანგული ეკიპის და მონაკოს სათავადოში დაფუძნებული ლორესის სპორტის საღამო ითვლება. ამ პრემიების ლაურეატებს ავტორიტეტული ჟიური (ჟურნალისტები) წლის მანძილზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, სპორტის ყველა სახეობიდან ავლენს.

ხვდებით ალბათ, რომ დიადი ალპელი პრიზების ყველაზე ხშირი გამარჯვებული და ამ ცერემონიების სასურველი სტუმარია: ეკიპის გამოკითხვა ოთხჯერ მოიგო, ამდენჯერვე დაიმსახურა BBCის მთავარი ჯილდო (რეკორდია), წლის მამაკაცი სპორტსმენისთვის განკუთვნილი ლორესის ეფექტური პრიზი კი ექვსჯერ ჩაიბარა! (ესეც რეკორდია).

2019 წლის სეზონი ფედერერისთვის 22ეა პრო ტურში. მოქმედი ჩოგბურთელებიდან ის ყველაზე გამოცდილია, თუმცა მედალს ხომ მეორე მხარეც აქვს? რაც დრო გადის, ფინიშის ხაზიც უფრო იკვეთება.

ავსტრალიის ღია პირველობის წინ, სიდნეიში, ჰოპმანის თასზე თამაშისას როჯერმა თქვა: „ჯერ არ გადამიწყვეტია როდის დავასრულებ კარიერას. ეს რთული საკითხია, გუნდს უნდა დაველაპარაკო, თუმცა ის კი ვიცი, რომ კორტზე დიდხანს არ და ვერ დავრჩები. შესაძლოა, 2019 წლის სეზონი უკანასკნელი გამოდგეს ან, კიდევ ერთი წლით დავრჩე. მოკლედ, ამ საკითხზე ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ. სხვათა შორის, ლონდონის ოლიმპიადის მერე ვთქვი, რომ კარიერას რიოს ოლიმპიადის მერე დავამთავრებდი. მას შემდეგ კი აგერ უკვე სამი წელიწადი გავიდა“.

37 წლის ასაკში სპორტიდან წასვლაზე დაფიქრება კი არ არის გასაკვირი, პირიქით, კვლავაც პროფესიონალად რომ რჩები, აი, ესაა საოცარი. თან, იმასაც ხომ გააჩნია რა დონეზე თამაშობ? როჯერი კვლავ ფავორიტთა შორისაა, თუმცა თქვენც ხომ იცით, ის არც არასდროს იზიარებდა ოლიმპიურ დევიზს – რომ მთავარი მონაწილეობაა და არა გამარჯვება.

საქვეყნოდ ცნობილი ბრენდები რჩეულებთან თანამშრომლობენ. და მხოლოდ სპორტული ეკიპირების მწარმოებელ გიგანტებს არ ვგულისხმობ. საუბარია ავტოკონცერნებზე, საათების, ტკბილეულის, ტანსაცმლის და კიდევ უამრავი მიმართულების კომპანიებზე. არახალია, რომ მათ სჭირდებათ პოპულარული და წარმატებული ადამიანები და გამორჩეულად – სპორტსმენები, რადგან ჩინებულად იციან: ის პროდუქცია, რომლის სარეკლამო ფოტოსაც საქვეყნოდ ცნობილი, გამარჯვებული ვაჟი ან გოგონა ღიმილით დაამშვენებს, საუკეთესოდ გასაღდება. ქვეცნობიერის ამბავია.

როჯერ ფედერერი დიდ თანხას გამოიმუშავებს კორტზე. საუბარია მილიონებზე, თუმცა ეს არაფერია მის სარეკლამო კონტრაქტებთან შედარებით: უნიკლო, როლექსი, მერსედეს-ბენცი, კრედიტ სუისი, ბარილია, ლინდტი, უილსონი, ნეტჯეტსი, სანრაიზი, რინოვა… შვეიცარიელს ამ ფირმებთან მრავალმილიონიანი ხელშეკრულებები აკავშირებს და წლიდან წლამდე მონაწილეობს სარეკლამო გადაღებებსა თუ სხვადასხვა სახის აქციებში. სხვთა შორის, რამდენიმე სარეკლამო კონტრაქტი კარიერის დასასრულამდეა ხელმოწერილი.

კორტსმიღმა შემოსავლებით ფედერერი კარგა ხანია ნომერ პირველია ჩოგბურთში. წლის ბოლოს, როცა ფორბსი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიას აქვეყნებს, შვეიცარიელი, როგორც წესი, ათეულშია.

როჯერმა დაიმსახურა აღიარება და თანმდევი სარფიანი გარიგებები. ის სუპერპოპულარული ჩემპიონია, ერთგული მეუღლე და ბედნიერი მამა, ქომაგების უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით სარგებლობს, ღიმილიანია… ერთ არშემდგარ მოქანდაკეს რომ დავესესხოთ, ჩოგბურთის დიმიტრი გელოვანია!

თუმცა კარიერის გარიჟრაჟზე ის ასეთი არ იყო. კი, 90იანების მიწურულს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, იუნიორებში რამდენიმე ხმაურიანი გამარჯვებაც იზეიმა, მათ შორის უიმბლდონის ფინალში ირაკლი ლაბაძესთან, თუმცა ემოციებს ვერ თოკავდა, ჭირვეული ხასიათის გამო კი სტაბილურად კარგი თამაში უჭირდა.

„თავქარიანი ვიყავი, ხშირად ვისროდი ჩოგანს, ვყვიროდი, ბურთს ფეხს ვურტყამდი… სიმართლე გითხრათ, ახლა ასეთ ამბებს რომ ვხედავ, ძალიან არ მომწონს. დასამალი რაა: არ მიყვარს, როცა მოთამაშე ცუდი დარტყმის ან აცილებული ბურთის გამო ღიზიანდება… ყველაფერი პიტერის წასვლის შემდეგ შეიცვალა, მისმა სიკვდილმა გამომაფხიზლა! არასდროს დამავიწყდება ის დილა, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ გარდაიცვალა… საშინელება იყო! იმ ამბის მერე მალევე შევიცვალე, უფრო გულმოდგინედ დავიწყე ვარჯიში, თავს ზედმეტის უფლებას არ ვაძლევდი… მივხვდი, რომ ყველაფერი ძალიან მალე შეიძლება დასრულდეს და თუ რამის გაკეთება მსურს, სამომავლოდ არ უნდა გადავდო“, – შვეიცარიელმა მაესტრომ საყვარელი მწვრთნელი 2019 წლის ავსტრალიის ღია პირველობის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაიხსენა.

პიტერ კარტერი 2002 წლის 1 აგვისტოს მომხდარ ავტოავარიას შეეწირა. ის სამხრეთ აფრიკაში, საქორწინო მოგზაურობაში იმყოფებოდა. ავსტრალიელი როჯერის პირველი მწვრთნელი გახლდათ, რომელიც შვეიცარიელმა მშობლიურ ბაზელში გაიცნო.

კარტერის ტრაგედიამდე როჯერმა ცხრაჯერ ითამაშა ATPის ტურნირების ფინალში და მხოლოდ სამჯერ გაიმარჯვა, მწვრთნელის გარდაცვალების შემდეგ კი ზედიზედ ოთხი ტიტული მოიგო, ხოლო მომდევნო წლებში მსოფლიოს პირველი ჩოგანიც გახდა.

2003ში შვეიცარიელმა პირველად დაიქუხა: უიმბლდონზე გაიმარჯვა! გადამწყვეტ დაპირისპირებაში ავსტრალიელი მარკ ფილიპუსისი დაამარცხა და საერთოდ, ბალახზე მან დიდებულად ითამაშა, მთელი ტურნირის მანძილზე ერთადერთი სეტი წააგო ამერიკელ მარდი ფიშთან.

თუმცა იმ წელს მაინც არ იყო დომინანტი. მაგალითად ავსტრალიის და ამერიკის ღია პირველობებს მეოთხე წრეში გამოეთიშა არგენტინელ დავიდ ნალბანდიანთან მარცხის შემდეგ (კარიერის დასაწყისში სამხრეთამერიკელი მისი მთავარი კონკურენტი იყო), როლან გაროზე კი სულაც პირველივე წრეში დამარცხდა პერუელ ლუის ორნასთან.

ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუში, ბრიტანულ GQსთან, როჯერი ამბობს: „ადრე რთული კომბინაციები მხიბლავდა, ძლიერი ჩაწოდება, ბადესთან გასვლა… ეს იყო ჩემი სტილი. ასე თამაშობდნენ ჩემი კერპები – ბორის ბეკერი, სტეფან ედბერგი, მათ შემდეგ პიტ სამპრასი… მაგრამ ახლა ასე იშვიათად ვთამაშობ. ეს, რა თქმა უნდა ასაკის ბრალიცაა. მარტივ კომბინაციას არაფერი სჯობს, ის ხომ გაცილებით ეფექტურია – ნაკლებად გღლის, მალე მოაქვს სასურველი შედეგი. განვლილ წლებს რომ ვიხსენებ, ვხვდები რომ როგორც მოთამაშე, ძალიან შევიცვალე. თუმცა გამონაკლისი არ ვარ – ყველა ასეა“.

2004 წელს როჯერმა პირველად შედგა ფეხი საჩოგბურთო მწვერვალზე და ყველა, თერთმეტივე ფინალი მოიგო: ავსტრალია, უიმბლდონი, ამერიკა, წლის შემაჯამებელი ტურნირი, ინდიან უელსის, ჰამბურგის და კანადის მასტერსები, ერთი 500იანი და სამი 250იანი ტურნირი.

მატს ვილანდერის შემდეგ (1988) ფედერერი გახდა პირველი, რომელმაც ერთ წელიწადში მოიგო სამი სლემი. 2004 წელი შვეიცარიელმა 74 მოგებით და 6 მარცხით დაასრულა.

2005 წელს ის კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო: კვლავ თერთმეტი ტიტული, წლის შემაჯამებელის ფინალში დავიდ ნალბანდიანთან დამარცხდა, მოგება-წაგების შეფარდება კი უბრალოდ საოცარი ჰქონდა – 81:4!

ამერიკის ღია პირველობის ფინალში როჯერმა ანდრე აგასი დაამარცხა. ლეგენდარული ამერიკელი დაჯილდოვების ცერემონიისას იტყვის: „როჯერი ჩოგბურთის მომავალია! კი, სამპრასი უდიდესია, ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ ასე მგონია მას მალე ეს ბიჭი ჩაანაცვლებს“.

უიმბლდონის და ამერიკის ღია პირველობის ზედიზედ მოგებით შვეიცარიელმა ბილ ტილდენის (1920-21) და დონ ბაჯის (1937-38) რეკორდები გაიმეორა. ამასთანავე, ამერიკა მისი მეექვსე სლემი იყო და ამ შედეგით სტეფან ედბერგის და ბორის ბეკერის გვერდით დადგა.

ფლეშინგ მედოუს კორტებზე ტრიუმფიდან რამდენიმე დღეში როჯერი დევიდ ლეტერმანს ესტუმრა საავტორო ღამის შოუში. სამპრასის მარადიული რეკორდის შესახებ – 14 კარიერული სლემი – პირველად მას სწორედ ლეტერმანმა ჰკითხა. „ზღაპრული მიღწევაა! თუ ოდესმე მეც იგივეს შევძლებ, დიდებული იქნება“, – ასეთი იყო ჩემპიონის პასუხი.

2006 წელს დიადი ალპელი უკვე თორმეტ ტიტულს იგებს! ამასთანავე, ხდება პირველი ღია ერაში, რომელიც ოთხივე სლემის ფინალში გადის: ავსტრალიაში, უიმბლდონსა და ამერიკაში შესაბამისად მარკოს ბაღდატისს, რაფაელ ნადალსა და ენდი როდიკს უგებს, როლან გაროს გადამწყვეტ მატჩში კი ესპანელ რაფაელ ნადალთან მარცხდება ოთხ სეტში.

უკანასკნელი, შემაჯამებელი ტურნირის შემდეგ როჯერის სტატისტიკა ასეთია – 92 გამარჯვება და 5 მარცხი.

Tennis.comის რედაქტორი და ჩოგბურთის ექსპერტი ტეფ ტინორი ახალი წლის წინა დღეებში იტყვის: „როდ ლეივერის 1969 წლის სეზონის შემდეგ, როცა მან ოთხივე სლემი მოიგო, როჯერის 2006 წელი საუკეთესოა ჩოგბურთის ისტორიაში“.

მიუხედავად ტრიუმფალური სვლისა, სწორედ იმ სეზონიდან გამოიკვეთა შვეიცარიელის მთავარი კონკურენტი. ის მაიორკელი რაფა ნადალი გახლდათ, როჯერზე ხუთი წლით უმცროსი ესპანელი.

2006 წელს ფედერერი მხოლოდ ორ ჩოგბურთელთან დამარცხდა, აქედან ნადალთან ოთხი ტურნირის ფინალში – დუბაის საერთაშორისოზე, მონტე კარლოს და რომის მასტერსებში და როლან გაროზე. მომდევნო სეზონში მათი გზები კიდევ ოთხჯერ გადაიკვეთა და ნადალმა კვლავ იმარჯვა მონტე კარლოს მასტერსის და როლან გაროს გადამწყვეტ მატჩებში. კიდევ ერთ წელიწადში ნადალი მწვერვალზე ადის – როჯერი მასთან მონტე კარლოსა და ჰამბურგის მასტერსებზე, ასევე როლან გაროზე და უიმბლდონზე მარცხდება.

2008 წლის უიმბლდონის ფინალი განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოდგა – მსოფლიოს პირველმა და მეორე ჩოგანმა 4 საათი და 48 წუთი გაატარეს კორტზე, გამარჯვებული კი ხუთ, ძალიან დაძაბულ სეტში გამოვლინდა. ნადალმა 6:4, 6:4, 6:7, 6:7, 9:7 მოიგო და ბალახის კორტებზე ფედერერის ბრწყინვალე, ზედიზედ 65 მოგებისგან შემდგარი სერია დაასრულა.

„ეს იყო უდიდესი დაპირისპირება, რაც კი მინახავს“, – თქვა ლეგენდარულმა ჯონ მაკინროიმ.

„რაფა ჩინებული მოთამაშეა და ეს ძალიან ბევრჯერ დაამტკიცა. ბევრს გაუკვირდა, მასთან მარცხის შემდეგ რომ ვიტირე, თუმცა დროდადრო ასე მემართება, რაფა არაფერ შუაშია… ხშირად უკითხავთ, რამდენს მივაღწევდი მისი დონის კონკურენტი რომ არ მყოლოდა. ალბათ უფრო ბევრ ტიტულს მოვიგებდი, მეტი სლემიც მექნებოდა, თუმცა ამაზე არ ვფიქრობ. რეალისტი ვარ და ამავდროულად, ოპტიმისტიც – ცხოვრებას ყოველთვის იმედიანად ვუყურებ. ვთვლი, რომ ყველაფერს, რაც ჩემ თავს ხდება, მხოლოდ სიკეთე მოაქვს. ხოლო რაც შეეხება წაგებულ ფინალებს, ამაზე არ ვდარდობ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს მოგება და არა ის, ვინც წაგებას ვერ იტანს. მარცხი ჩოგბურთის თანამდევია და ერთი, თუნდაც მნიშვნელოვანი ფინალის წაგება მთავარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერ შემაფერხებს. მიზანი კი ერთადერთი მაქვს: სანამ ვთამაშობ, ბოლომდე დავიხარჯო და კორტიდან წასულმა, უკან რომ მოვიხედავ, ვთქვა – რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. ვიმედოვნებ, წლების შემდეგ, როცა გულშემატკივრები გამიხსენებენ, იტყვიან, რომ როჯერმა, ვთქვათ, ასი ტიტული მოიგო და არა – ამდენი ფინალი წააგო“.

2009 წლის 7 ივნისს, როლან გაროს ფინალში შვედ რობინ სოდერლინგთან ტრიუმფის შემდეგ როჯერმა კარიერული სლემი შეკრა. ის გახდა მხოლოდ და მხოლოდ მეექვსე, ვინც ეს მოახერხა. ამავდროულად, 14 სლემით სამპრასს გაუტოლდა, 19 ფინალით კი ივან ლენდლს. მალე რეიტინგში ლიდერობაც დაიბრუნა.

თითქოს გუშინ იყო ეს ყველაფერი, მაგრამ დაფიქრდები და უკვე ათი წელია გასული. შვეიცარიელი კი ისევ მოწინავეთა შორისაა. მას შემდეგ ნადალის გარდა ჯოკოვიჩმაც შეავიწროვა, დროდადრო ენდი მარიც უწევდა კონკურენციას, როჯერთან გამარჯვებით კიდევ რამდენიმემ გაილამაზა კარიერა, თუმცა ამით მის დიდებას არაფერი დააკლდა – ტიტულების რაოდენობით ასს მიუკაკუნა, სლემებით ყველა დროის ლიდერია, ათობით რეკორდს ფლობს… ხატოვნად რომ ვთქვა, როჯერი შვეიცარიის თვალუწვდენელი მწვერვალებიდან დასცქერის კონკურენტებს.

ავსტრალიის ღია პირველობისთვის მზადებისას ალპელმა ჰოპმანის თასზე წაივარჯიშა. ეს ტურნირი, მოგეხსენებათ, უნიკალური შეჯიბრებაა – ქალ-ვაჟებით დაკომპლექტებული გუნდები ცდიან ერთმანეთს. სწორედ ჰოპმანის თასზე ითამაშა როჯერმა სერენა უილიამსის წინააღმდეგ. უმცროსი უილიამსი კი, თქვენც კარგად იცით, ქალთა ტურის ლეგენდაა უთვალავი რეკორდით და… 23 სლემით!

ფედერერზე ერთი თვით უმცროსმა ამერიკელმა თქვა: „როჯერი ლეგენდაა, მეამაყება, რომ მისი თანამედროვე ვარ“.

მაინც რაშია ფედერერის წარმატებების საიდუმლო? მე თუ მკითხავთ, ჩოგბურთის უდიდეს სიყვარულში. ყოველ შემთხვევაში, იმ ინტერვიუებიდან, დროდადრო რომ ქვეყნდება სხვადასხვა ონლაინ-გამოცემებში, ასე დავასკვენი:

„ძალიან ძნელია წლიდან წლამდე ფორმაში ყოფნა, რეჟიმის დაცვა, კორტზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გასვლა, მუდმივად პირველობისთვის ბრძოლა, არნახული ზეწოლის გაძლება, მაგრამ… იცით, რომ არა ჩოგბურთი, ვერ ვნახავდი უამრავ ქვეყანას და არ მექნებოდა ყველაფერი ის, რაც ამ ულამაზესმა თამაშმა მომცა. ასე რომ, გადატვირთული კალენდრის გამო წუწუნი უადგილოა. თანაც, ჩოგბურთი ჩემებსაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს – მშობლები და მეგობრები ბედნიერნი არიან, მათი კეთილდღეობა კი ჩემთვის მეასეხარისხოვანი ნამდვილად არაა“.

მის ოჯახზე არაფერი მითქვამს, არადა ჩოგბურთის მოყვარული მათ ლამის ყველა დიდ სლემზე ხედავს – საპატიო სტუმართა ლოჟაში როჯერის მწვრთნელებთან ერთად სხედან. ფედერერის მამა რობერტი შვეიცარიელ-გერმანელი გახლავთ, დედა ლინიტი სამხრეთაფრიკელია, სლოვაკი მეუღლე მირკა ვავრინეცი კი წლების წინ გაიცნო. გეცოდინებათ: 2000 წლის ოლიმპიადაზე მირკაც შვეიცარიის სახელით ასპარეზობდა.

„სიდნეიში შეხვედრამდე მირკას სხვადასხვა ტურნირებიდან ვიცნობდი. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ახლოს ვიყავით. მას ოლიმპიურ სოფელში დავუახლოვდი და ბოლო დღეს, როცა დავემშვიდობე და ვაკოცე, ვიგრძენი, რომ ჩვენი ურთიერთობა ამით არ დასრულდებოდა. მიხარია, რომ დღეს ერთად ვართ. მე და მირკას ბევრი რამ გვაერთიანებს, ჩოგბურთს რომ თავი დავანებოთ, უამრავი საერთო ინტერესი გვაქვს და ორივემ ვიცით, რომ ერთმანეთისთვის ვცხოვრობთ. ეს დიდი ბედნიერებაა! მასთან ყველა თემაზე შემიძლია საუბარი. ჩემთვის ის მხოლოდ მეუღლე არ არის, მირკა ისეთი მეგობარია, როგორიც ყველას უნდა ჰყავდეს“, – როჯერის ინტერვიუდან.

2009 წელს მათ ტყუპები შეეძინათ – მილა როუზი და შარლინ რივა, 2014 წელს კი ტყუპი ბიჭები – ლეო და ლენი. ფედერერების დიდი ოჯახი დროდადრო გამოჩნდება ხოლმე სხვადასხვა ტურნირზე, ისე კი ყველანი ბაზელში ცხოვრობენ.

როჯერ ფედერერი: „ყოველ დილით კარგ ხასიათზე ვიღვიძებ და მიზეზზე რომ ვფიქრობ, ერთადერთ პასუხს ვპოულობ – ცხოვრება მიხარია. ზოგადად, კორტს მიღმა ყოველთვის მხიარული ვარ და ვთვლი, რომ ცხოვრებაში ძალიან გამიმართლა. პოპულარობა? შვეიცარიაში ვცხოვრობ და ეს არ მაწუხებს, ჩვენთან პაპარაცები თითქმის არ არიან და ეს მხოლოდ მახარებს. სიმართლე რომ ვთქვა, ისინი არც სხვაგან მაწუხებენ. როგორც ჩანს, არ ვარ ნიუსმეიქერი: ღამის კლუბებში არ დავდივარ და თუ წვეულებაზე მეპატიჟებიან, მხოლოდ მეუღლესთან ერთად. ასეთი ცხოვრება მსიამოვნებს, პაპარაცებს კი, როგორც ჩანს, გულს ვწყვეტ“.

იაფფასიანი პოპულარობა წარმავალია. როჯერ ფედერერმა და იქ, ოლიმპოს მთაზე მის მხარდამხარ მდგარმა მარადიულმა ვარსკვლავებმა ეს ყველაზე კარგად იციან.

როჯერ ფედერერი
დაიბადა 1981 წლის 8 აგვისტოს ბაზელში, შვეიცარია
1998 წლიდან პროფესიონალი ჩოგბურთელია
ტიტულები: ავსტრალიის ღია პირველობა – 2004, 2006, 2007, 2010, 2017, 2018; როლან გარო – 2009; უიმბლდონი – 2003, 2004, 2005, 2006, 2007, 2009, 2012, 2017; აშშს ღია ჩემპიონატი – 2004, 2005, 2006, 2007, 2008; წლის შემაჯამებელი ტურნირი – 2003, 2004, 2006, 2007, 2010, 2011; მასტერსის სერიის 28 ტურნირის გამარჯვებული; მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენი (Laureus) – 2004, 2005, 2006, 2008; მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელი (ATP) – 2004, 2005, 2006, 2007, 2009;  ევროპის საუკეთესო სპორტსმენი (ჟურნალი ეკიპი, საფრანგეთი) – 2005, 2006, 2007; ევროპის საუკეთესო სპორტსმენი (UEPS – ევროპელ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია) – 2004, 2005, 2006; შვეიცარიის საუკეთესო სპორტსმენი – 2003, 2004, 2006, 2007, 2012

*-ყველაზე მეტჯერ მოიგო დიდი სლემის სერიის ტურნირი – 20.
*-ყველაზე მეტჯერ ითამაშა დიდი სლემის ტურნირების ფინალში – 31.
*-ერთადერთია, ვინც მინიმუმ ხუთჯერ მოიგო დიდი სლემის სამი ტურნირი.
*-ერთადერთია, ვინც სამჯერ შეძლო დიდი სლემის სერიის სამი ტურნირის მოგება კალენდარულ წელიწადში.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 19 იანვარი)
ფოტო: 
ATP.com

ka_GEGeorgian