იტალია 1:1 (პენ 4:2) ესპანეთი

გუშინდელ გამარჯვებას სულ კორლეონეების, ტატალიების, ბარზინების, მიკელეპლაჩიდოების, ლაშატემიკანტარეების და რაიოლების გარემოცვაში ვუყურე. ორი ესპანელიც შემოგვეპარა, მაგრამ ეგ არაფერი, ტინტო ბრასი ყოველთვის იმას ამბობდა რომ სტუმარი ღვთისაა.

მოკლედ, ამ საოცარი ევროს კიდევ ერთ დაძაბულ თამაშს ერთი ჭკუის ხალხი გემრიელად ჩავუჯექით და ჩვენ, ტიფოზებმა, ჟორჟინიოს პენალტამდე მაგრად ვინერვიულეთ: დიახ, არავის მოგვეწონა ის, რაც გუშინ, უემბლიზე, იტალიამ აჩვენა.

ფედერიკო კიეზას იმ ლამაზი გოლის შემდეგ ჩვენმა ფავორიტმა ადრე დაიხია უკან და თავდამსხმელების თამაშითაც ძალიან უკმაყოფილო ვიყავით, მაგრამ:

აი ახლა, როცა ამ სიტყვებს კითხულობთ, მი სკუზი და პირადად მე სულ ფეხებზე მკიდია ნახევარფინალის პერიპეტიები.

ფეხებზე მკიდია იმიტომ, რომ ჩემი ფავორიტი გუნდი ფინალშია და 11 ივლისის საღამოს კიდე, ვინც არ უნდა შეხვდეს მანჩინის ნაკრებს, ყველაფერი თავიდან დაიწყება. იქამდე მწვრთნელი ბევრი რამის გააზრებას, შეცვლას და დიდი იმედი მაქვს, ბიჭების საჩემპიონოდ განწყობას შეძლებს.

დანია იქნება? მშვენიერი, იყოს!

ეს ნაცრისფერი ინგლისი? უჰ, სულ უკეთესი! მასპინძლების მათსავე ფავორიტ სტადიონზე დამარცხება კი გვეხერხება, გერმანია 2006 დაუვიწყარი ამბავია!..

ესპანეთი ნაღდად არაა თურქეთი, უელსი ან ავსტრია, რომ იტალიას მასთანაც თამაში წაეყვანა. ესპანეთი საკმაოდ ძლიერი გუნდია ერთი-ორი მშვენიერი ფეხბურთელით. მორატას მოხარშულს ვიცნობ, დანი ოლმო უბრალოდ საუკეთესო იყო, მაგრამ მაინც: ეს არაა ის ესპანეთი, რომელმაც 2008ში და 2012ში გამამწარა.

ის, რაც საკმარისია სლოვაკეთთან და ბებერ ხორვატიასთან, არ ეყოფა ამ იტალიას და ეს ვიცოდი. თანაც: ესპანეთი ვერასდროს მოიგებს რამეს რეალის ფეხბურთელების გარეშე, ლუის ენრიკემ კიდე დედაქალაქელებზე უარი თქვა და გუნდიც გაწირა. ამიტომაც, ჩემი იტალიის გამარჯვებას ველოდი. სხვა საქმეა ნერვები კინაღამ რომ დამაწყდა…

ჩემპიონმა ჩემპიონურად უნდა იაროს. მე ყოველთვის ამის მომხრე ვარ. ჯგუფში უნდა წაეგო რომ იოლი ბადე შეხვედროდა… გინდ ბელგია იყოს, გინდ პორტუგალია, იტალია განწირულია… ესპანეთია მაგათი წამალი…

რა აღარ წავიკითხე, მაგრამ ჰა: იტალია ფინალშია!

და ეს დიდებულია, დი-დე-ბუ-ლი!

ახლა მშვენიერ გაწყობაზე ვარ და მხოლოდ დღევანდელ თამაშებზე ვფიქრობ: გულით მინდა ჯერ დინამომ აჯობოს ნეფთჩის, საღამოს კი უემბლიზე დანიური დინატიმი კიდევ ერთხელ აფეთქდეს. ანდერსენის ზღაპრები ყოველთვის მიყვარდა…

 

1: იტალია მეორე ევროპული გუნდი გახდა, რომელიც მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატების მე10 ფინალს ითამაშებს.
რეკორდი გერმანიის ნაკრებს ეკუთვნის 14 გადამწყვეტი მატჩით.

2: იტალია-ესპანეთის წყვილმა ევროპის რეკორდი დაამყარა: მეათედ ითამაშა მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებზე. სხვა გუნდებს ამდენჯერ არასდროს უთამაშიათ.
ამ 10 მატჩიდან იტალიამ 4 მოიგო, 5 ფრედ დასრულდა.

3: მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე იტალიამ მეოცედ ითამაშა დამატებით დროში და ეს ევროპის გუნდების რეკორდია.

4: ევროპის ჩემპიონატებზე სკუადრა აძურამ მეექვსედ მიიღო მონაწილეობა პენალტების სერიაში და მესამედ გაიმარჯვა.
1980 წელს, იტალიაში გამართულ პირველ რვაგუნდა ევროზე, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, ენცო ბეარზოტის გუნდი ჩეხოსლოვაკიასთან დამარცხდა – 8:9.
2000 წელს ნახევარფინალში დაამარცხა თანამასპინძელი ნიდერლანდები – 3:1.
2008 წელს მეოთხედფინალში ზუსტად ამავე ანგარიშით, 2:4 წააგო მომავალ გამარჯვებულ ესპანეთთან.
2012 წელს მეოთხედფინალში აჯობა ინგლისს – 4:2.
2016 წელს ისევ მეოთხედფინალი და ამჯერად მარცხი უხსენებლებთან – 5:6.

5: ესპანეთმა მეექვსედ ითამაშა მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატების ნახევარფინალში და პირველად ვერ გავიდა ფინალში.
ფურია როხამ ეს ეტაპი მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე, ასევე ევრო 1964ზე, 1984ზე, 2008ზე და 2012ზე წარმატებით დაძლია.

6: მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებზე სკუადრა აძურამ მეოთხედ გაიტანა 12 გოლი.
წინა სამ შემთხვევაში იტალიამ 12 ბურთი მსოფლიოზე შეაგდო და ყოველ ჯერზე ფიფას ოქროს თასი მოიგო – 1934, 1982 და 2006 წლებში.
აქვე: ესპანეთმა მსოფლიო/ევროჩემპიონატებზე პირველად გაიტანა ერთ ტურნირზე 13 გოლი.

7: ფედერიკო კიეზას ზუსტი დარტყმით იტალია გახდა მხოლოდ და მხოლოდ მეორე, რომლის 5მა მოთამაშემ ევროპის ერთ ჩემპიონატზე მინიმუმ 2 გოლი გაიტანა (ფედერიკო კიეზა, ჩირო იმობილე, მანუელ ლოკატელი, ლორენცო ინსინიე, მატეო პესინა).
პირველად ასეთი შემთხვევა ევრო 2000ზე დაფიქსირდა საფრანგეთის ნაკრების მიერ.

8: ლეონარდო ბონუჩიმ ევროჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მეშვიდმეტედ ითამაშა და ჯანლუიჯი ბუფონის იტალიური რეკორდი გაიმეორა. ამ ორს ერთი მატჩით ჩამორჩება ჯორჯო კიელინი.
ესპანური რეკორდი გაიმეორა ჟორდი ალბამ – ანდრეს ინიესტას და სესკ ფაბრეგასს გაუთანაბრდა მე16 ევრომატჩით. 15 შემთხვევაში ალბამ ძირითად შემადგენლობაში ითამაშა.

9: ჯორჯო კიელინი გახდა პირველი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, რომელმაც ერთი და იმავე მეტოქის წინააღმდეგ 5ჯერ ითამაშა: 2008, 2012 (ორჯერ), 2016, 2020.

10: გუშინ ორივე გოლი იუვენტუსის შემტევებმა შეაგდეს, ალვარო მორატასთვის კი ეს მე6 ბურთი იყო ევროჩემპიონატებზე და ესპანეთის ნაკრების ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფორვარდი გახდა – 5 გოლის ავტორს, ფერნანდო ტორესს გადაასწრო.
მორატა ასევე პირველი ესპანელია, რომელმაც უემბლიზე ნაკრების შემადგენლობაშიც გაიტანა გოლი და კლუბშიც.
აქვე: მორატა მხოლოდ და მხოლოდ მეორეა კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, რომელმაც ევროპის ორ ჩემპიონატზე შეძლო მინიმუმ 3 გოლის გატანა (2016 & 2020).

11: და ბოლოს: რობერტო მანჩინის იტალიის ფანტასტიკური სერია გრძელდება –  გუნდი 33 თამაშია არ აგებს!
ზედიზედ 33 წაუგებელი მატჩი ნაკრებთა შორის ყველა დროის მეორე საუკეთესო შედეგია. მსოფლიო რეკორდი 35მატჩიანი სერიაა, რომელიც ბრაზილიის (1993-96) და ესპანეთის (2007-09) ნაკრებ გუნდებს ეკუთვნით.
ფორცა იტალია!

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 7 ივლისი)
ფოტო: UEFA.com

ka_GEGeorgian