ტოკიო 2020: ცეცხლი აინთო!

„ნახევარი საუკუნის შემდეგ ოლიმპიადა ტოკიოში დაბრუნდა. რთული გზა გავიარეთ და უამრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, ახლა აქ ვართ. მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისთვის. მწამს, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, ტოკიო 2020ის საორგანიზაციო გუნდი და თამაშების ყველა მონაწილე ყველაფერს იღონებს, რათა ეს შეჯიბრება ლეგენდად იქცეს და თაობებს გასწვდეს“.

ამ სიტყვებით მიესალმა სოკის პრეზიდენტი თომას ბახი ტოკიოს ეროვნულ სტადიონზე შეკრებილ 205 ქვეყნის ოლიმპიური გუნდის წევრებს, მწვრთნელებს, ტრიბუნებზე მოკალათებულ ოფიციალურ პირებს და სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს.

იაპონია მეოთხედ მასპინძლობს ოლიმპიურ თამაშებს და ის, ტრადიციულად, იმპერატორმა გახსნა.

1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე, ისევე როგორც 1972 წელს საპოროში გამართულ ზამთრის თამაშებზე ჰიროჰიტო მიესალმა სტუმრებს. 1998 წელს ნაგანომ უმასპინძლა თეთრ ოლიმპიადას და მაშინ ეს საპატიო მისია ჰიროჰიტოს ვაჟმა, აკიჰიტომ იკისრა.

დღეს კი, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ, მიკროფონში ჰიროჰიტოს შვილიშვილის და აკიჰიტოს ვაჟის, ნარუჰიტოს ხმა გაისმა: ტოკიოს ოლიმპიადას გახსნილად ვაცხადებ!

მანამდე და შემდეგ კი იყო ის, რაც უდიდესი სპორტული ფორუმის ყველა ცერემონიალის დროს გვინახავს: ლამაზი წარმოდგენა, ერთა აღლუმი, ოლიმპიური დროშის შემობრძანება და ბოლოს, წარმოდგენის აპოთეოზი – ოლიმპიური ცეცხლი.

დღევანდელ სანახაობას, ლამის ოთხი საათი რომ გაგრძელდა, სპორტის მოყვარულები ხუთი წლის განმავლობაში ველოდით. არადა 2016 წლის 22 აგვისტოს, როცა რიო დე ჟანეიროს თამაშებისადმი მიძღვნილი დღიურის ბოლო წერილი დავასრულე, დავწერე: მომავალ ოლიმპიურ შეხვედრამდე, 2020 წელს, ტოკიოში-მეთქი.

ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ XXXII ოლიმპიადას ოთხი კი არა, ხუთი წელი გვაშორებდა. მართალი იყო ჯეიმს ბონდი, როცა თქვა არასოდეს თქვა არასოდესო. მან ბევრი რამ ნახა და ცხადია ჩემზე უკეთ იცოდა, რომ თურმე ისეთებიც ხდება, წარმოუდგენელი რომ გგონია.

მსოფლიო პანდემია და… მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გადადებული ოლიმპიადა! გადადებული, მაგრამ საბედნიეროდ – გადარჩენილი!

არადა ტოკიო 2020ის ხელმძღვანელები ბოლო მომენტამდე არ გამორიცხავდნენ მის გაუქმებას. საბედნიეროდ, აქამდე საქმე არ მივიდა და ხვალიდან 8 აგვისტოს ჩათვლით ბევრ საინტერესო შეჯიბრებას ვიხილავთ, არაერთ დიდ ათლეტს ვნახავთ, რეკორდებიც დამყარდება და ისტორიული ამბებიც დაფიქსირდება.

რაც მთავარია, საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრებიც გაგვახარებენ, ჰიმნის ფონზე აღმართული ხუთჯვრიანი დროშითაც გავიხარებთ და საუკეთესო ვარიანტში ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დევიზიც გამართლდება – უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე, უკეთ, ვიდრე რიოში!

მაგრამ სპორტულ ასპარეზობებზე ხვალიდან ვისაუბროთ, დღეს კი მხოლოდ გახსნის ცერემონიალი, რომელიც კოვიდ 19ის გამო კი შეკვეცეს, მაგრამ მაინც საინტერესო და რიგ მომენტებში ამაღელვებელი გამოდგა.

პირდაპირ ვიტყვი: ეს არ იყო საუკეთესო გახსნა. მაგრამ შოუ იყო კონკრეტული და მნახველიც ადვილად მიხვდებოდა, რომ თამაშებს უდიდესი ისტორიის და კულტურის ქვეყნის დედაქალაქი მასპინძლობს.

ოლიმპიური მოძრაობის ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა ისტორიკოსმა, უნგრელმა სპორტულმა ჟურნალისტმა ლასლო კუნიმ ტოკიოს 1964 წლის თამაშების შემდეგ დაწერა: „ეს ოლიმპიადა მანამდე გამართულ თამაშებს შორის ყველაზე წარმატებული იყო, ხოლო თავის მასშტაბით – უდიდესი! ოლიმპიური თამაშები, თუ არ ჩავთვლით საბერძნეთს, არსად ქცეულა მთელი ერის საქმედ ისე, როგორც აქ, იაპონიაში. და ეს მონდომება ტოკიოელებს ნამდვილად დაუფასდათ“!

1964 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა: ოლიმპიური ოჯახი გაიზარდა, ხოლო თამაშები სპორტის ჩარჩოებს გასცდა და ერთ-ერთ მთავარ ცხოვრებისეულ მოვლენად იქცა – თუნდაც სამი კვირით, მაგრამ მაინც, მსოფლიოს აერთიანებს.

აი იაპონია კი, საოცარ ტექნიკურ პროგრესთან ერთად, ისევ ერთ მუშტად შეკრულ ქვეყნად დარჩა – პანდემიის გამო დაზარალებული ოლიმპიადისთვის ახლაც მთელი ერი, დიდი თუ პატარა გაერთიანდა. ამიტომაც მგონია, რომ 8 აგვისტოს შემდეგ, უკვე ოლიმპიური სპორტის თანამედროვე ავტორიტეტები იტყვიან: ტოკიო 2020 მთელი იაპონელი ერის ღირსების საქმედ იქცა და მათ, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი იდეალურად შეასრულეს…

ერთა აღლუმზე საქართველოს ოლიმპიური გუნდი 81ე იყო, იამაიკის შემდეგ და სირიის წინ.

სოკის რეკომენდაცია კი, ერთდროულად ორი მედროშე – ქალი და ვაჟი დაიშვებაო, ჩვენმა ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საუკეთესოდ გამოიყენა და ისეთ ჩემპიონებს ანდო ხუთჯვრიანი დროშა, თავიანთი კარიერით საქართველოზე ბევრად დიდი გუნდების ლიდერებსაც რომ გადაწონიან: მეცხრე ოლიმპიადის მონაწილეს, ოლიმპიურ ჩემპიონს და ყველა სინჯის მედლის მფლობელ ნინო სალუქვაძეს და მსოფლიოს უძლიერეს ათლეტს, ოლიმპიადის და ყველა ტურნირის ჩემპიონს და რეკორდსმენს ლაშა ტალახაძეს!

ვერ ვიტყვი, რომ 205ვე გუნდის მედროშეების კარიერას გადავხედე, მაგრამ მაინც თამამად დავწერ – ამ ამბავში ჩვენი გუნდი ნაღდად სამაგალითო იყო!

აი გახსნის ცერემონიალზე კი ყველას თავის აზრი ექნება.

კი, კარგი იყო მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი კაბუკი – ტრადიციული იაპონური თეატრი…

კი, მომეწონა მხიარული კომედიანტების რამდენიმეწამიანი ნომრები…

იმასაც ველოდი, რომ შოუს ავტორები განსაკუთრებულად გამოყოფდნენ ოლიმპიურ პიქტოგრამებს – ისინი ხომ 1964 წლიდან, ტოკიოს თამაშებიდან გამოჩნდნენ…

მაგრამ ყველაზე ძალიან შოუს ოთხი ეპიზოდით ვისიამოვნე:

პირველად მაშინ, როცა სტადიონის თავზე დრონებით ჯერ ტოკიო 2020ის ოფიციალური ემბლემა, შემდეგ კი მთელი დედამიწა გამოისახა;

მეორედ, როცა არტისტებმა სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული ჯონ ლენონის უკვდავი Imagine იმღერეს. 2015 წელს, ბაქოში, ევროპის პირველი თამაშების გახსნაზე ეს კომპოზიცია ლეიდი გაგას შესრულებით მოვისმინე და მაშინაც ძალიან ამაღელვებელი იყო;

მესამედ, როცა სტადიონის შუაგულში შეკრებილ სპორტსმენებზე ქაღალდის წეროები დაეშვნენ – ისინი ხომ იაპონელთათვის ასრულებული ოცნებების სიმბოლოა;

მეოთხედ კი მაშინ, როცა ნაომი ოსაკა ოლიმპიური ფიალის წინ დადგა, რამდენიმე საფეხური აირბინა და ოლიმპიური ცეცხლი ააგიზგიზა.

ეს ოთხი მომენტი მართლა ძალიან ლამაზი, ეფექტური და ამაღელვებელი გამოდგა!

ახლა უკვე მშვიდად ვარ: მთავარია რომ ცეცხლი აინთო.

რამდენიმე საათი და თამაშებიც დაიწყება.


ლაშა გოდუაძე (2021 წლის 23 ივლისი)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympics.com/tokyo-2020; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian