ტოკიო 2020: 24 ივლისი

XXXII ოლიმპიადის პირველ დღეს ტოკიოს სპორტულ არენებზე ჩვენი გუნდის ხუთმა წევრმა იასპარეზა. ორი მათგანი ოქროს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს, სამი კი, სამწუხაროდ, თამაშებს გამოეთიშა.
ჯერ მათზე, ვინც ახლოს იყო კვარცხლბეკთან, თუმცა ოცნება ვერ აისრულა. ძიუდოთი დავიწყებ, სადაც 60კგ წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანი ვიხილეთ, 2019 წლის მსოფლიოს, ევროპის და ევროპის თამაშების ჩემპიონი.

ყველაზე დიდი გამარჯვება – მსოფლიოს ჩემპიონობა, ჩხვიმიანმა ორი წლის წინ სწორედ ამ დარბაზში იზეიმა და მისი თუნდაც ამიტომ გვიმედებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, 28 წლის სპორტსმენმა მედალი ვერ მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში, ოლიმპიადამდე, ლუხუმმა ერთადერთ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა – ყაზანის გრან სლემი მოიგო, დანარჩენ დროს კი ინდივიდუალურად ემზადებოდა ან მცირე ტრავმებს იშუშებდა.

ის ჯანმრთელი ეწვია ტოკიოს და პირველი ორთაბრძოლა, მერვედფინალი აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვთან, მშვენიერი ბოჭვით მოიგო. თუმცა მეტი ვეღარ მოახერხა – მეოთხედფინალში ფავორიტთან, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონთან და რიო დე ჟანეიროს თამაშების ბრინჯაოს მედალოსანთან, იაპონელთა მთავარ იმედთან, ნაოჰისა ტაკატოსთან დამარცხდა. ხუთი წლის წინ, რიო დე ჟანეიროში, ტაკატოს, ალბათ გახსოვთ, ამირან პაპინაშვილმა სძლია…

დამამაშვიდებელ წრეში, ეგრეთ წოდებულ რეპეშაჟში, ლუხუმ ჩხვიმიანი კორეელ კიმ ვონ-ჟინთანაც ვერას გახდა და საბოლოოდ პრიზიორთა მიღმა აღმოჩნდა.

ოქროს მედალი კი ტაკატოს ერგო და იაპონიის ჰიმნი პირველად სწორედ მისი გამარჯვებისთვის აჟღერდა. წონის ლიდერმა ფინალში ტაივანელ იუნ-ვეი იანს მოუგო. ბრინჯაოს მედლები კი ყაზახ იელდოს სმეტოვს (2016 წელს, რიოში ის ვიცე-ჩემპიონი გახდა) და საფრანგეთის სახელით მოასპარეზე… ლუკა მხეიძეს ერგოთ.

ამ უკანასკნელის ჯილდო საფრანგეთის ოლიმპიური გუნდისთვის ტოკიოში პირველია. ყოველი შემთხვევისთვის იმასაც დავწერ, რომ სპორტსმენთა საერთო რაოდენობით – 398 – საფრანგეთი მხოლოდ მასპინძლებს, ამერიკის შეერთებული შტატების გუნდს, ავსტრალიას, გერმანიას და ჩინეთს ჩამორჩება…

ლუკა მხეიძე ერთადერთი ქართველი არ იყო, ვინც დღეს სხვა გუნდის შემადგენლობაში იასპარეზა. თორნიკე ჭკადუამ ნიდერლანდების დროშის ქვეშ იჭიდავა, რობერტ მშვიდობაძემ კი რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის სახელით. ისინი მეორე წრეში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ჭკადუამ გაიხარა, რომელმაც საბოლოოდ ბრინჯაოს მედალს შეუტია, მაგრამ სმეტოვთან დამარცხდა.

ვაჟებისგან განსხვავებით ქალთა ყველაზე მსუბუქ წონაში – 48კგ, იაპონიის წარმომადგენელი ფუნა ტონაკი ვერცხლს დასჯერდა. მას ოლიმპიადის დებიუტანტმა, კოსოვოელმა დისტრია კრასნიქიმ აჯობა. წონის ერთ-ერთი ლიდერი, 20 წლის უკრაინელი დარია ბილოდიდი კი ბრინჯაოს დასჯერდა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ნახევარფინალში ტონაკიმ შეაჩერა…

ხვალ, 25 ივლისს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ორ წარმომადგენელს ვიხილავთ: ვაჟა მარგველაშვილს (66კგ) და ტეტიანა ლევიცკა-შუკვანს (52კგ)…

ქართული ფარიკაობის ისტორიაში პირველი ოქროს მედალი აწ გარდაცვლილმა ნუგზარ ასათიანმა სწორედ ტოკიოში მოიგო, 1964 წელს. ჩვენი გუნდის ერთადერთ მუშკეტერს – ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძეს ასათიანის შედეგის გამეორების მშვენიერი შანსი ჰქონდა, მაგრამ ნახევარფინალში, მომავალ ჩემპიონთან პაექრობისას, მსაჯმა არ დაინდო.

ევროპირველობების სამგზის ბრინჯაოს მედალოსანი ბაზაძე 1/16 და 1/8ფინალში ეგვიპტის ნაკრების წევრებს, მოჰაბ სამერს (15:10) და ზიად ელ-სისის (15:12) გასცდა, მეოთხედფინალში კი ტურნირის ფავორიტს, მსოფლიოს და აზიის ოთხ-ოთხგზის ჩემპიონს, კორეელ ო სან-უკს დაუპირისპირდა. ეს უკანასკნელი პირველ ნომრად იყო განთესილი და სანდროსთან პაექრობამდე ორი იოლი გამარჯვებაც იზეიმა, თუმცა ბაზაძესთან დამარცხდა – 13:15.

უნგრელ არონ შილადისთან ხმალაობა კი, ვფიქრობ, ბევრმა გულშემატკივარმა იხილა. როცა ანგარიში 13:13 იყო, ბაზაძემ დაასწრო მეტოქეს და წესით, უნდა დაწინაურებულიყო კიდეც, მაგრამ მსაჯმა ქულა, რატომღაც, უნგრელს მიაკუთვნა. 13:14ზე კი გამოცდილებამ თავისი გაიტანა და ფინალში შილადი გავიდა.

მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სანდრო კორეის გუნდის მეორე წევრთან, გუნდურში ლონდონის ოლიმპიადის გამარჯვებულთან და ამავე დისციპლინაში რიოს თამაშების ბრინჯაოს პრიზიორთან, კიმ იუნ-ჰვანთან დამარცხდა – 11:15, არადა ერთი პერიოდი სამი ჩხვლეტითაც ლიდერობდა. თუ რიო დე ჟანეიროს თამაშებს თვალს ადევნებდით, გემახსოვრებათ რომ ბრაზილიაში სანდრო მერვედფინალში სწორედ იუნ-ჰვანმა დაამარცხა, თუმცა გაცილებით დაძაბულ დუელში – 14:15.

ოქროს მედალი არონ შილადის ერგო. 31 წლის უნგრელმა, ვინც სხვათა შორის ბუდაპეშტის საპატიო მოქალაქე გახლავთ, ზედიზედ მესამე ოლიმპიადა მოიგო – ლონდონშიც უძლიერესი იყო და რიო დე ჟანეიროშიც!

აქვე ორ საინტერესო ამბავს დავწერ. ერთი ისაა, რომ შილადი პირველია, ვინც ამ დისციპლინაში სამ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. მეორე კი ასეთია: უნგრელი ხმლით მოფარიკავე ვაჟებისთვის ეს მეთხუთმეტე ოლიმპიური ოქროა!..

საწყლოსნო სახეობების წარმომადგენლებმა დღეს დაიწყეს ასპარეზობა და საქართველოს ორგზის რეკორდსმენი, თავისუფალი სტილით მოცურავე ირაკლი რევიშვილიც ვიხილეთ. მან 400 მეტრზე იასპარეზა, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია – დისტანცია 3:57.49 წუთში დაფარა და 36 მონაწილეს შორის 32ე ადგილი დაიკავა.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა და მოკრივე ესკერხან მადიევმა კი გაგვახარეს.

ნიკამ აუღელვებლად – 6:3, 6:2 აჯობა ესპანელ რობერტო კარბალიეს ბაენას და ხვალ, 1/16ფინალში იტალიელ ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდება. 26 წლის სონეგო პროფესიონალ ჩოგბურთელთა რეიტინგში 26ე ადგილზეა, თუმცა პირველ წრეში მძიმე ბრძოლა გადაიტანა იაპონელ ტარო დანიელთან – 4:6, 7:6, 7:6.

ბასილაშვილი კარიერაში მეორედ დაუპირისპირდება სონეგოს, მაგრამ პირველად ჰარდზე. შარშან, რომის მასტერსის (თიხნარი) სტარტზე მასპინძელმა 6:3, 6:1 გაიმარჯვა.

ესკერხან მადიევს (69კგ) 1/32ფინალში რიოს ოლიმპიადის ფინალისტი ლორენსო სოტომაიორი ერგო. კუბის დედაქალაქ ჰავანაში დაბადებული 36 წლის სოტომაიორი ლეგენდარული სიმაღლეზე მხტომელის ხავიერ სოტომაიორის ძმის შვილი გახლავთ, 2013 წლიდან კი ბაქოში ცხოვრობს და ამ ქვეყნის დროშის ქვეშ ასპარეზობს.

მადიევმა კარგად დაიწყო და პირველი ორი რაუნდი მცირე უპირატესობითაც მოიგო, მესამეს სტარტზე კი ბრძოლა შეწყდა – რინგის არბიტრმა სოტომაიორის ტრავმის გამო კრივის გაგრძელება შეუძლებლად მიიჩნია და გამარჯვება მადიევს მიაკუთვნა.

მერვედფინალში ქართველის მეტოქე უგანდელი შადირი ბვოგი იქნება. ორთაბრძოლა 27 ივლისსა ჩანიშნული.

დღეს მედლების 11 კომპლექტი კი გათამაშდა, მაგრამ მხოლოდ ორზე გავამახვილებ ყურადღებას.

ოლიმპიური მშვილდოსნობის ისტორიაში პირველად გამოვლინდა ჩემპიონი შერეულ გუნდებს შორის, მიქსში. გამარჯვება ფავორიტებს, კორეელებს დარჩათ – კიმ იე-დოკის და სან ანის წყვილმა კვალიფიკაცია პირველ ადგილზე დაასრულა, ოქროს მედლებამდე მიმავალ ბილიკზე კი ზედიზედ სძლია ბანგლადეშის, ინდოეთის, მექსიკის და ნიდერლანდების წარმომადგენლებს. საინტერესოა იცის, რომ კვალიფიკაციაში მეორე-მესამე ადგილზე გასული ამერიკის და იაპონიის შერეული წყვილები ფლეი ოფის სტარტზევე დამარცხდნენ…

რაც შეეხება 234კილომეტრიან საგზატკეცილო ველორბოლას, მისი საპრიზო სამეული ნებისმიერ გრან ტურს დაამშვენებდა. თავად განსაჯეთ: მუსაშინომომორის პარკიდან ფუჯის ავტოდრომამდე გაშლილი ტრასის ფინიში პირველად ეკვადორელმა რიჩარდ კარაპასმა გადაკვეთა (6:05:26 საათი), ბელგიელი ვო ვან ერი მეორე იყო (6:06:33), სლოვენიელი ტადეი პოგაჩარი კი მესამე (6:06:33).

ველოსპორტის მოყვარულები კარგად იცნობენ ამ მრბოლებს, მაგრამ მათთვის, ვინც სპორტის ამ სახეობას თვალს არ ადევნებს, დავწერ: კარაპასი 2019 წლის ჯირო დ’იტალიის გამარჯვებული და წლევანდელი ტურ დე ფრანსის მესამე ადგილოსანია, ვან ერი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია, პოგაჩარი კი ბოლო ორი ტურ დე ფრანსის ტრიუმფატორი გახლავთ. მოკლედ, სამეულიც ასეთი უნდა!

24 ივლისის დღიურის ბოლოს კი ხვალინდელზე: 25 ივლისს მედლების 18 კომპლექტი გათამაშდება. ჩვენი გუნდიდან, ძიუდოისტების და ბასილაშვილის გარდა, ლეგენდარულ ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძეს (პისტოლეტით 10 მეტრზე), ძალოსნებს შოთა მიშველიძეს (61კგ) და გოგა ჩხეიძეს (67კგ), ასევე მოკრივე გიორგი ხარაბაძეს (75) ვიხილავთ.

ქალბატონი ნინო ზედიზედ მეცხრე(!!!) ოლიმპიადაზე იასპარეზებს და ამით თამაშების ისტორიაში შევა, მაგრამ ამაზე ხვალ.


ლაშა გოდუაძე (2021 წლის 24 ივლისი)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympics.com/tokyo-2020; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მედალოსნები: 24 ივლისი
ველოსპორტი
ვაჟები, საგზატკეცილო ველორბოლა (234კმ)
1.რიჩარდ კარაპასი (ეკვადორი) – 6:05:26სთ
2.ვო ვან ერი (ბელგია) – 6:06:33სთ
3.ტადეი პოგაჩარი (სლოვენია) – 6:06:33სთ

მშვილდოსნობა
შერეული წყვილი
1.
სამხრეთი კორეა (კიმ იე-დოკი, სან ანი)
2.ნიდერლანდები (სტივ ვაილერი, გაბრიელა შლოესერი)
3.მექსიკა (ლუის ალვარესი, ალეხანდრა ვალენსია)

ტაეკვონდო
ვაჟები, 58კგ
1.ვიტო დელ აკუილა (იტალია)
2.მოჰამედ ჰალილ ჯენდუბი (ტუნისი)
3.იან იუნი (სამხრეთი კორეა) და მიხაილ არტამონოვი (როკ)
გოგონები, 49კგ
1.პანიპაკ ვონგპატანაკიტი (ტაილანდი)
2.ადრიანა სერეზო (ესპანეთი)
3.ტიჟანა მოგდანოვიჩი (სერბეთი) და ავიშაგ სემბერგი (ისრაელი)

ტყვიის სროლა
ვაჟები, პნევმატური პისტოლეტი (10)
1.ჯავად ფორუღი (ირანი) – 244.8 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.დამირ მიკეცი (სერბეთი) – 237.9
3.პან ვეი (ჩინეთი) – 217.6
გოგონები, პნევმატური შაშხანა (10)
1.იუან კიანი (ჩინეთი) – 251.8 ქულა
2.ანასტასია გალაშინა (როკ) – 251.1
3.ნინა ქრისტენი (შვეიცარია) – 230.6

ფარიკაობა
ვაჟები, ხმალი
1.არონ შილადი (უნგრეთი)
2.ლუიჯი სამელე (იტალია)
3.კიმ იუნ-ჰვანი (სამხრეთი კორეა)
*-სანდრო ბაზაძე
1/16 – მოჰაბ სამერი (ეგვიპტე) – 15:10
1/8 – ზიად ელ-სისი (ეგვიპტე) – 15:12
1/4 – ო სან-უკი (სამხრეთი კორეა) – 15:13
1/2 – არონ შილადი (უნგრეთი) – 13:15
III ადგილისთვის – კიმ იუნ-ჰვანი (სამხრეთი კორეა) – 11:15
გოგონები, დაშნა
1.სუინ იუივენი (ჩინეთი)
2.ანა მარია პოპესკუ (რუმინეთი)
3.კატრინა ლეჰისი (ესტონეთი)

ძალოსნობა
გოგონები, 49კგ
1.ოუ ჟიუი (ჩინეთი) – 210კგ, (ოლიმპიური რეკორდი) (94, ორ+116, ორ)
2.საიხომ მირაბაი ჩანუ (ინდოეთი) – 202კგ (87+115)
3.ვინდი კანტიკა აისაჰი (ინდონეზია) – 194კგ (84+110)

ძიუდო
ვაჟები, 60კგ
1.ნაოჰისა ტაკატო (იაპონია)
2.იუნ-ვეი იანი (ტაივანი)
3.ლუკა მხეიძე (საფრანგეთი) და იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი)
*-ლუხუმ ჩხვიმიანი
1/8კარამატ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)მოგება
1/4 – ნაოჰისა ტაკატო (იაპონია) – მარცხი
რეპეშაჟი – კიმ ვონ-ჟინი (სამხრეთი კორეა)მარცხი
გოგონები, 48კგ
1.დისტრია კრასნიქი (კოსოვო)
2.ფუნა ტონაკი (იაპონია)
3.დარია ბილოდიდი (უკრაინა) და ურანცეცეგ მუნხბატი (მონღოლეთი)

*ორ – ოლიმპიური რეკორდი
*როკ – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian