ტოკიო 2020: 25 ივლისი
ვაჟა მარგველაშვილს ჩემპიონობა შეეძლო, მაგრამ ფინალში დამარცხდა.
ნინო სალუქვაძემ საკვალიფიკაციო ბარიერი ვერ გადალახა.
შოთა მიშველიძეს მედლის მოგების შანსი ჰქონდა, თუმცა პრიზიორთა შორის ვერ მოხვდა.
ხელიდან გაშვებული ოქრო…
მიზანს აცილებული ტყვიები…
დაუძლეველი სიმძიმე…
ერთი შეხედვით, საქართველოს ოლიმპიურ გუნდს არ გაუმართლა. მაგრამ მე თუ მკითხავთ, 25 ივლისი მშვენიერი იყო, რადგან: ჩვენმა გუნდმა ტოკიოს თამაშებზე პირველი მედალი მოიგო, მედროშემ კი ოლიმპიური ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა!
ვაჟა მარგველაშვილის ვერცხლი გამარჯვებაა – ოლიმპიურ მედალს სხვა წონა აქვს!
ტრიუმფია ზედიზედ მეცხრე ოლიმპიადაც: ნინო სალუქვაძე მხოლოდ მეოთხე სპორტსმენია, მაგრამ პირველი ქალი, რომელმაც ეს მწვერვალი დაიპყრო!
ვაჟას მედალი ძალიან გამეხარდა, მაგრამ ტოკიო 2020ის დღიურების დღევანდელ წერილს ქალბატონ ნინოს რეკორდით დავიწყებ. მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან დიდი ამბავია.
თანამედროვე ოლიმპიადებს, 1896 წლის ათენის თამაშებიდან დაწყებული, ერთადერთი სპორტსმენი ახსოვს, ათჯერ რომ იასპარეზა უდიდეს სპორტულ შეჯიბრებაზე – კანადელი ცხენოსანი იან მილერი. ის 2012 წელს, ლონდონში, თავის მეათე ოლიმპიადის შემდეგ დაემშვიდობა სპორტს. რომ არა მოსკოვის 1980 წლის თამაშების დასავლური ბოიკოტი, მისი მიღწევა, დიდი ალბათობით, თერთმეტი ოლიმპიადა იქნებოდა.
XXX თამაშებზე, ლონდონში, მილერმა ავსტრიელი აფროსნის ჰუბერტ რაუდაშლის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 1964-96 წლებში ცხრა ოლიმპიადაზე იასპარეზა! ის ვერ გახდა ჩემპიონი, მაგრამ ორი ვერცხლი კი მოიგო – 1968 წელს მეხიკოში, 1980 წელს კი მოსკოვში.
2012 წელს, ლონდონში გამოსვლით, რაუდაშლის მიღწევა ლატვიელმა ტყვიის მსროლელმა აფანასი კუზმინსმა გაიმეორა. იან მილერის მსგავსად, ისიც ცივი ომის მსხვერპლია – 1967 წლიდან ასპარეზობდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში, 1976 წლიდან – ოლიმპიადებზე და რომ არა ლოს ანჯელესის 1984 წლის თამაშების საბჭოური ბოიკოტი, ვინ იცის, ეგებ ისიც ათგზის ოლიმპიონიკი ყოფილიყო.
მილერისგან და რაუდაშლისგან განსხვავებით, რომლებმაც სპორტული კარიერა ოლიმპიური ვერცხლით დაასრულეს, ლატვიელი ჩუბინი ოქროს დაეუფლა: 1988 წელს, სეულში, საბჭოთა კავშირის უკანასკნელ ოლიმპიადაზე 25 მეტრზე ჩქაროსნული პისტოლეტიდან სროლაში გაიმარჯვა. 1992 წელს, ბარსელონაში, ის უკვე ლატვიის გუნდის წევრი გახლდათ და ამავე დისციპლინაში ვერცხლი მოიგო.
იან მილერი…
ჰუბერტ რაუდაშლი…
აფანასი კუზმინსი…
2021 წლის 25 ივლისიდან ამ სამეულის გვერდით დგას ნინო სალუქვაძე!
საქართველოს სამგზის საუკეთესო სპორტსმენის მიღწევები რომ ჩამოვთვალო, ძალიან შორს წავალ, ამიტომ მაქსიმალურად მოკლედ დავწერ: ქალბატონი ნინო ტყვიის სროლაში აბსოლუტურად ყველა ტიტულის მფლობელია და ამავდროულად, ერთადერთი ქართველი, რომელმაც ყველა სინჯის ოლიმპიური მედალი მოიგო. შეგახსენებთ: ოქრო და ვერცხლი სეულში, 1988 წელს, ხოლო ბრინჯაო ოცი წლის შემდეგ, პეკინში, უკვე საქართველოს სახელით.
ნინო სალუქვაძეს ის მესამე ადგილი, ალბათ ბევრს გახსოვთ. აგვისტოს იმ მძიმე დღეებში, როცა სამაჩაბლოში რუსი ოკუპანტები დააბოტებდნენ, ამ ულამაზესი კუთხის დაბებსა და სოფლებში რუსის ტანკები დაგრუხუნებდნენ, ხოლო რუსული ავიაგამანადგურებლები გორს და სხვა ქალაქებს ბომბებს აყრიდნენ, ქალბატონი ნინოს ის ბრინჯაოს მედალი მხოლოდ სპორტული წარმატება არ იყო. მაშინ, პეკინის ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ასული ქართველი და მის პატივსაცემად აღმართული ხუთჯვრიანი დროშა პირადად ჩემთვის სპორტული გამარჯვება კი არა, ზოგადად, ბოროტებაზე სიკეთის, სიბნელეზე – სინათლის ზეობის სიმბოლო იყო. იმ ომის გამო პეკინის თამაშები ჩამშხამდა და ახლაც ძალიან ცუდად მაგონდება, მაგრამ სალუქვაძის იმ ბრინჯაოს, ისევე როგორც ირაკლი ცირეკიძის, მანუჩარ კვირკველიას და რევაზ მინდორაშვილის ტრიუმფებს, აუღელვებლად ვერ ვიხსენებ.
ტყვიის სროლის, სპორტის ამ სახეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული ქალბატონი ნინო 2024 წელს, პარიზშიც ვიხილოთ. მთავარია თავად რას გადაწყვეტს.
ახლა კი ვაჟა მარგველაშვილის ვერცხლის დროც მოვიდა. საქართველომ ტოკიოს ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოიგო და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დევიზის – უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე, უკეთ, ვიდრე რიოში – გასამართლებლად, ჩვენი გუნდის დანარჩენმა წევრებმა ტოკიოში კიდევ შვიდი ჯილდო უნდა მოიგონ, მინიმუმ ორი ოქრო. მე რეალური მგონია.
გულახდილად ვიტყვი: როცა მედლების კანდიდატები ჩამოვწერე, ვაჟაზე არ მიფიქრია. მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს და ძალიანაც კარგი რომ შევცდი.
რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი იაკუბ შამილოვი და ისრაელის გუნდის წევრი ბარუხ შმაილოვი – მერვედფინალსა და მეოთხედფინალში ვაჟამ მათ აჯობა, ორივეს მძიმე ბრძოლაში და ორივეს ვაზაარით.
ნახევარფინალში ქართველს კიდევ უფრო ძლიერი მეტოქე შეხვდა: ამავე წონაში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ფინალისტი, მსოფლიოს და აზიის ჩემპიონი და კიდევ ბევრი ტურნირის გამარჯვებული კორეელი ან ბაული.
ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. მესამე დამატებითი წუთის დაწყებისთანავე მსაჯმა, ჩემი აზრით, უსამართლოდ გააფრთხილა ვაჟა, თუმცა მაინც ჩვენ გავიხარეთ – მეტოქე პირველი შეცდა, მარგველაშვილმა კარგად ჩაატრიალა და… ფინალი!
არ შემიძლია არ აღვნიშნო ძიუდოისტთა მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი, რომელიც ტატამის კუთხიდან აგულიანებდა ვაჟას. არ დათმო! – რამდენჯერმე მომესმა მისი შეძახილი და ჩემი ფიქრით, იმ სიტუაციაში ეს სიტყვები ყველა სხვა სახის რჩევას სჯობდა. ვაჟამაც, მგონი, ამიტომ იბრძოლა ბოლომდე და მეტოქესთან ერთად საკუთარ თავსაც სძლია.
ფინალში კი მას ძველმა ნაცნობმა ჰიფუმი აბემ უმასპინძლა. 23 წლის იაპონელი ძალიან ძლიერი რომაა, შედეგებიც მეტყველებს: მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია და 2019 წლის აგვისტოს შემდეგ არ აგებს! ეს ვაჟას და ჰიფუმის მეხუთე ჭიდილი იყო და, სამწუხაროდ, კვლავ იაპონელმა გაიმარჯვა.
ოლიმპიურ ჩემპიონზე და მის ტრიუმფატორ დაზე ქვემოთ, ვაჟას ვერცხლთან დაკავშირებით კი სამ ფაქტს აღვნიშნავ.
პირველი: რამაზ ხარშილაძის (მონრეალი 1976), თემურ ხუბულურის (მოსკოვი 1980), ნესტორ ხერგიანის (ათენი 2004) და ვარლამ ლიპარტელიანის (რიო დე ჟანეირო 2016) შემდეგ მარგველაშვილი მეხუთე ქართველია, ოლიმპიურ ვერცხლს რომ დაეუფლა.
მეორე: ვაჟამ ქართულ ძიუდოს მეოცე ოლიმპიური მედალი მოუტანა – 6 ოქრო, 5 ვერცხლი, 9 ბრინჯაო. ამაზე მეტი ოლიმპიური ჯილდო მხოლოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა აქტივშია – 25.
და მესამე: მარგველაშვილმა წელს მეორე დიდი ფინალი იჭიდავა, რაც დასაფასებელია. ლისაბონში, ევროჩემპიონატზე, ის ასევე ვერცხლს დაეუფლა.
ახლა კი და-ძმა აბეებზე: ჰიფუმის ტრიუმფამდე რამდენიმე წუთით ადრე ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა მისმა უმცროსმა დამ – უტამ, რომელმაც ფინალში ევროპის ჩემპიონს, ფრანგ ამანდინ ბუშარს იპონით სძლია.
ოლიმპიადების ისტორიაში ჰიფუმი და უტა პირველი და-ძმა არიან, რომლებმაც ერთსა და იმავე დღეს მოიგეს ჩემპიონის წოდება პირად პირველობაში! ამ საოცარი მიღწევისკენ ისინი დიდი ხანია ერთად მიდიოდნენ. მაგალითად სამი წლის წინ, ბაქოში, მათ ასევე ერთ დღეს მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი!..
ნინო სალუქვაძის და ვაჟა მარგველაშვილის გარდა დღეს ჩვენი გუნდის კიდევ რამდენიმე წევრმა იასპარეზა. ყველაზე ძალიან შოთა მიშველიძეზე დამწყდა გული, მედლის მოგებაც შეეძლო, მაგრამ მგონი თავს ვერ აჯობა, ეგებ, სადღაც შეცდა კიდეც და საბოლოოდ პრიზიორთა მიღმა დარჩა.
დღეს ნანახი შეჯიბრებიდან კი ყველაზე ძალიან ვაჟთა ქუჩის სკეიტბორდინგმა გამიცრუა იმედები. ჩემი აზრით ეს გართობა უფროა და ამ ახალგაზრდებს, კიბის მოაჯირზე კოხტად სრიალით რომ არკვევდნენ ოქროს მედალოსანს, ოლიმპიადაზე არაფერი ესაქმებათ.
ალბათ ვიღაც იტყვის, სკეიტბორდინგი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაუშვაო. კი, ეს ასეა, მაგრამ გიპასუხებთ რომ უშეცდომო არავინაა. იმედია სოკი შეცდომას გამოასწორებს
ქართული ოქროს იმედით, ხვალამდე!
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 25 ივლისი)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympics.com/tokyo-2020; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მედალოსნები: 25 ივლისი
ველოსპორტი
გოგონები, საგზატკეცილო ველორბოლა (137კმ)
1.ანა კისენჰოფერი (ავსტრია) – 3:52:45სთ
2.ანემიეკ ვან ვლოტენი (ნიდერლანდები) – 3:54:00სთ
3.ელიზა ლონგო ბორგინი (იტალია) – 3:54:14სთ
მშვილდოსნობა
გოგონები, გუნდური
1.სამხრეთი კორეა (სან ანი, ჟან მინ-ეე, კან ჩაე-იანი)
2.როკ (სვეტლანა გომბოევა, ელენა ოსიპოვა, ქსენია პეროვა)
3.გერმანია (მიშელე კროპენი, შარლინ შვარცი, ლიზა უნრუჰი)
სკეიტბორდინგი
ვაჟები, ქუჩა
1.იუტო ჰორიგომე (იაპონია)
2.კელვინ ჰეფლერი (ბრაზილია)
3.ჯაგერ იტონი (აშშ)
ტაეკვონდო
ვაჟები, 68კგ
1.ულუგბეკ რაშიტოვი (უზბეკეთი)
2.ბრედლი სინდენი (დიდი ბრიტანეთი)
3.ჰაკან რექბერი (თურქეთი) და ჟაო შუაი (ჩინეთი)
გოგონები, 57კგ
1.ანასტასია ზოლოტიჩი (აშშ)
2.ტატიანა მინინა (როკ)
3.ლო ჩია-ლინი (ტაივანი) და ჰატიჩე ქუბრა ილღუნი (თურქეთი)
ტყვიის სროლა
ვაჟები, პნევმატური შაშხანა (10მ)
1.უილიამ შეინერი (აშშ) – 251.6 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.ლიაო შენი (ჩინეთი) – 250.9
3.აორან იანი (ჩინეთი) – 229.4
გოგონები, პნევმატური პისტოლეტი (10მ)
1.ვიტალინა ბაცარაშკინა (როკ) – 240.3 (ოლიმპიური რეკორდი)
2.ანტოანეტა კოსტადინოვა (ბულგარეთი) – 239.4
3.ჟიან რანშინი (ჩინეთი) – 218.0
*-ნინო სალუქვაძე – 567
31-ე ადგილი საკვალიფიკაციოში. ფინალში ვერ მოხვდა
ფარიკაობა
ვაჟები, დაშნა
1.რომენ კანონი (საფრანგეთი)
2.დიორდი შიკლოში (უნგრეთი)
3.იგორ რიზლინი (უკრაინა)
გოგონები, რაპირა
1.ლი კიფერი (აშშ)
2.ინა დერიგლაზოვა (როკ)
3.ლარისა კორობეინიკოვა (როკ)
ცურვა
ვაჟები, თავისუფალი, 400მ
1.აჰმედ ჰაფნაუი (ტუნისი) – 3:43.36წთ
2.ჯეკ მაკლაფლინი (ავსტრალია) – 3:43.52წთ
3.კიარან სმითი (აშშ) – 3:43.94წთ
*-ირაკლი რევიშვილი
3:57.49წთ – 32ე ადგილი, ვერ გავიდა ფინალში
ვაჟები, კომპლექსური, 400მ
1.ჩეიზ კელიში (აშშ) – 4:09.42წთ
2.ჯეი ლიზერლენდი (აშშ) – 4:10.28წთ
3.ბრენდონ სმითი (აშშ) – 4:10.38წთ
გოგონები, კომპლექსური, 400მ
1.იუი ოაში (იაპონია) – 4:32.08წთ
2.ემა უეიენტი (აშშ) – 4:32.76წთ
3.ჰალი ფლიკინგერი (აშშ) – 4:34.90წთ
გოგონები, თავისუფალი, 4X100
1.ავსტრალია (ბრონტე კემპბელი, მეგ ჰარისი, ემა მაკკეონი, კეიტ კემპბელი) – 3:29.69წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.კანადა (კაილა სანჩესი, მეგი მაკნილი, რებეკა სმითი, პენი ოლეკსიაკი) – 3:32.78წთ
3.აშშ (ერიკა ბრაუნი, ები ვაიცაილი, ნატალი ჰინდსი, სიმონე მანუელი) – 3:32.81წთ
ძალოსნობა
ვაჟები, 61კგ
1.ლი ფაბინი (ჩინეთი) – 313კგ (ოლიმპიური რეკორდი) (141+172, ორ)
2.ეკო იული ირავანი (ინდონეზია) – 302კგ (137+165)
3.იგორ სონი (ყაზახეთი) – 294კგ (131+163)
*-შოთა მიშველიძე
285კგ (130+155) – მე7 ადგილი
ვაჟები, 67კგ
1.შენ ლიჟუნი (ჩინეთი) – 332კგ (ოლიმპიური რეკორდი) (145+187, ორ)
2.ლუის ხავიერ მოსკუერა (კოლუმბია) – 331კგ (151+180)
3.მირკო ზანი (იტალია) – 322კგ (145+177)
*-გოგა ჩხეიძე
302კგ (133+169) – მე8 ადგილი
ძიუდო
ვაჟები, 66კგ
1.ჰიფუმი აბე (იაპონია)
2.ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)
3.ან ბაული (სამხრეთი კორეა) და დანიელ კარნინი (ბრაზილია)
*-ვაჟა მარგველაშვილი
1/8 – იაკუბ შამილოვი (როკ) – მოგება
1/4 – ბარუხ შმაილოვი (ისრაელი) – მოგება
1/2 – ან ბაული (სამხრეთი კორეა) – მოგება
ფინალი – ჰიფუმი აბე (იაპონია) – მარცხი
გოგონები, 52კგ
1.უტა აბე (იაპონია)
2.ამანდინ ბუშარი (საფრანგეთი)
3.ოდეტე ჯიუფრიდა (იტალია) და ჩელსი ჯაილსი (დიდი ბრიტანეთი)
*-ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი
1/16 – საბიანა ანესტორი (ჰაიტი) – მოგება
1/8 – ამანდინ ბუშარი (საფრანგეთი) – მარცხი
წყალში ხტომა
გოგონები, ტრამპლინი (3მ), სინქრონული
1.ში ტინმაო, ვან ანი (ჩინეთი) – 326.40 ქულა
2.ჯენიფერ აბელი, მელისა სიტრინი-ბეოლო (კანადა) – 300.78
3.ლენა ჰენცშელი, ტინა პუნცელი (გერმანია) – 284.97
*ორ – ოლიმპიური რეკორდი
*როკ – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი