ტოკიო 2020: 31 ივლისი

ესეც პირველი ბრინჯაო!
ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ საქართველოს ოლიმპიურ გუნდს ტოკიოს ოლიმპიადაზე მეხუთე მედალი, მაგრამ პირველი ბრინჯაო მოუტანა!
177 კილოგრამი აკვრაში, 210 კილოგრამი ატაცში, ორჭიდის ჯამში დაძლეული 387 კილოგრამი და მესამე ადგილი!
ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ტოკიოს ოლიმპიურ ფიცარნაგზეც საუკეთესო იყო ევროპელთაგან და მხოლოდ ჩემპიონს, კატარელ ფარეს იბრაჰიმს და ვიცე-ჩემპიონს, ვენესუელელ კეიდომარ ვალენილიას ჩამორჩა.

უკრაინელი ძალოსანი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან ასპარეზობს საქართველოს სახელით უდიდეს შეჯიბრებზე და უკვე მეოთხე მედალი მოიგო: აპრილში მოსკოვში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, 2019 წლის მსოფლიო და ევროპის პირველობა კი, დღევანდელივით, მესამე ადგილზე დაასრულა.

ძალოსანთა დღევანდელი ასპარეზობა ძალიან საინტერესო გამოდგა და ჩინებულია, რომ პლესნოი პრიზიორთა შორის მოხვდა. არადა აკვრაში დაძლეული 206 კილოგრამის შემდეგ მას ტრავმირებულმა მუხლმა შეახსენა თავი და კინაღამ ასპარეზობა დაასრულებინა. საბედნიეროდ, პლესნოიმ კიდევ ერთხელ შეძლო შტანგასთან მისვლა და უკანასკნელი ცდა დიდებულად გამოიყენა – 210 კილოგრამი დაიმორჩილა და, როგორც ოდნავ მოგვიანებით აღმოჩნდა, სწორედ ამ საოცარი ძალისხმევით მოიპოვა პირველი ოლიმპიური მედალი!

ამასობაში კი ტოკიოს საწყლოსნო ცენტრში თითქმის ყოველ დღე ახალი რეკორდი მყარდება – უფრო ხშირად ოლიმპიური, იშვიათად კი მსოფლიოც. თუმცა დღეს, მაგალითად, ერთბაშად ორი მსოფლიო მიღწევა გაუმჯობესდა, ერთი სულაც ახალ დისციპლინაში და ცურვის ამბებსაც ამით დავიწყებ.

მიქსში (შერეული წყვილები) კომბინირებული ესტაფეტა ოლიმპიადის სპორტულ პროგრამაში პირველადაა და ბრიტანელების პირველი ჩემპიონები არიან. კეთლინ დოუსონის, ადამ პიტის, ჯეიმს გაის და ანა ჰოფკინის ოთხეულმა დისტანცია 3:37.58 წუთში დაფარა, რითაც ჩინელების მიერ შარშან, 1 ოქტომბერს ცინდაოში ნაჩვენები დრო თითქმის წამით გააუმჯობესა! ჩინელთა ოთხეული დღეს მეორე იყო, ბრინჯაოს მედლები კი ავსტრალიელებს დარჩათ.

დოუსონისთვის და ჰოფკინისთვის ეს ტოკიო 2020ის პირველი ოქროა, ადამ პიტი და ჯეიმს გაი კი მეორედ დადგნენ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. პირველმა რამდენიმე დღით ადრე 100 მეტრზე ბრასით გაიმარჯვა, გაიმ კი თავისუფალი ყაიდით 200 მეტრზე ესტაფეტა მოიგო.

მეორე მსოფლიო რეკორდი კი ამერიკელთა გუნდის ლიდერმა ქელებ დრესელმა დაამყარა. 24 წლის სპორტსმენი ამჯერად 100 მეტრზე ბატერფლაით იყო შეუდარებელი – 49.45 წამი!

და რადგან დრესელმა ტოკიოში მესამე ოქროს მედალი მოიპოვა (ამ შედეგით კორეელ მშვილდოსან სან ანს გაუთანაბრდა), მასზე შედარებით მეტს დავწერ.

ყველა დროის უდიდეს ოლიმპიელად აღიარებული მაიკლ ფელპსისთვის ეს ერთ-ერთი საყვარელი დისციპლინა იყო – ათენში, პეკინსა და ლონდონში მოიპოვა ოქროს მედლები, ხოლო რიო დე ჟანეიროში ვერცხლს დასჯერდა.

დიდი სპორტიდან მისი წასვლის შემდეგ კი 100 მეტრზე ბატერფლაიში დრესელია საუკეთესო: 2017 წელს ჯერ ბუდაპეშტში მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი, 2019 წელს კი გუანჯოუში. და ბარემ იმასაც დავწერ, რომ რიოს ოლიმპიადის შემდეგ გამართულ იმ ორ მსოფლიო პირველობაზე მან სხვადასხვა დისციპლინაში 13(!!!) ოქრო დაისაკუთრა!

ქელებ დრესელი თუნდაც ამიტომ ითვლება ფელპსის მემკვიდრედ და 100 მეტრზე ბატერფლაიში ხომ მართლაც შეუდარებელი გახლდათ: გუშინწინ და გუშინ, ჯერ საკვალიფიკაციოში, შემდეგ კი ორ ნახევარფინალში, სამჯერ გააუმჯობესა ოლიმპიური რეკორდი, დღეს კი სულაც მსოფლიო მიღწევით ამოვიდა აუზიდან!

დღეს ის უკვე ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონია: რიოში მან ორი ოქრო გუნდურ ესტაფეტაში მოიგო.

სადაც ჩემპიონს ამდენი ადგილი დავუთმე, ორი წინადადებით ვიცე-ჩემპიონზეც დავწერ: უნგრელი კრისტოფ მილაკი ამერიკელს სულ მცირედით ჩამორჩა, მაგრამ ევროპის რეკორდი მაინც დაამყარა – 49.68 წამი. ეს მილაკის მეორე მედალია ტოკიოში – 28 ივლისს მან ამავე ყაიდით 200 მეტრზე ოლიმპიური რეკორდით გაიმარჯვა…

ტოკიო 2020ის მეორე ოქრო, საერთო ჯამში კი მეოთხე მედალი მოიგო ამერიკის მოცურავეთა ნაკრების კიდევ ერთმა სუპერვარსკვლავმა, 24 წლის კეტი ლედეკიმ. ამ კოხტა გოგომ დღეს 800 მეტრზე თავისუფალით იპირველა და მთავარ კონკურენტს, ტერმინატორად მონათლულ ავსტრალიელ არიარნე ტიტმუსს წამით და სამი მეასედით აჯობა.

ლედეკიმ ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე მოიგო ეს დისციპლინა – ლონდონშიც პირველი იყო და რიო დე ჟანეიროშიც.

XXXII ოლიმპიადის პირველი ოქრო კი მან 28 ივლისს დაისაკუთრა, როცა 1500 მეტრზე თავისუფალი სტილით უნაკლოდ იასპარეზა – ვიცე-ჩემპიონ თანაგუნდელს, ერიკა სალივანს ოთხ წამზე მეტი მოუგო! და რამხელა უპირატესობაა ცურვაში ოთხი წამი, ადვილად მიხვდებით.

ლედეკის პირველი ჩემპიონობა სამი დღის დაგვიანებით ორი მიზეზით გავიხსენე: ჯერ ერთი რომ ჩვენი ძიუდოისტების მშვენიერი ასპარეზობის გამო სხვა სახეობებისთვის დიდი ადგილი არ მრჩებოდა, მეორეც – აუზში მოცურავე გოგონებმა ოლიმპიადების ისტორიაში პირველად გაითამაშეს მედლები 800 მეტრზე გრძელ დისტანციაზე! დიახ, ეს დისციპლინაც ტოკიო 2020ზე ვნახეთ პირველად.

ზემოთ დავწერე ეს ოქრო ამ ოლიმპიადაზე ლედეკის მეოთხე ჯილდოა-მეთქი. ერთი ვერცხლი მან ესტაფეტაში მოიგო, მეორე – 400 მეტრზე თავისუფალში. და აქ მას სწორედ ტიტმუსმა გაასწრო, ვისთვისაც დღევანდელი ვერცხლი ასევე მეოთხე მედალია ტოკიოში – 20 წლის გოგონა თავისუფალი ყაიდით 200 და 400 მეტრზე საუკეთესო გახლდათ, 200 მეტრზე გუნდურ ესტაფეტაში კი ბრინჯაოს დაეუფლა. ასე რომ, მან პირველმა შეკრა ტოკიოს მედლების სრული კომპლექტი – ორი ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.

ერთიც ცურვაზე და სხვა სახეობებზე გადავალ: განვლილ ერთ კვირაში ვაჟებმა და გოგონებმა 21 ოლიმპიური და მსოფლიოს 4 რეკორდი დაამყარეს!

ახალი დისციპლინები ვახსენე და ისე მოხდა, რომ ასეთი სხვა სახეობებშიც არაერთია. დღევანდელ ჩანახატს ორი მათგანით დავამთავრებ.

თავდაპირველად მესტენდურებზე, სადაც შერეულმა წყვილებმა სანგარში პირველად გაითამაშეს მედლები.

ესპანელ და სანმარინოელთა ფინალი ძალიან საინტერესო გამოდგა და საბოლოოდ პირველთა გამარჯვებით დასრულდა. არადა ფატიმა გალვესის და ალბერტო ფერნანდესის გამოცდილმა წყვილმა ძალიან ცუდად დაიწყო, უფრო კონკრეტულად კი ქალბატონმა გალვესმა, რომელმაც პირველი სამი გასროლა ააცილა. თუმცა ოსტატობამ თავისი გაიტანა და პირადში ყველა ტიტულის მომგებმა ესპანელებმა უკეთ დაასრულეს. სხვათა შორის, ფატიმა გალვესისთვის ეს მეორე ოქროს მედალია შერეულ წყვილებში – ორი წლით ადრე, მინსკში, ევროპის მეორე თამაშებზე ის ამავე დისციპლინის ჩემპიონი გახდა.

სან მარინომ კი ისტორიაში მეორე ოლიმპიური მედალი მოიგო და კვლავ ალესანდრა პერილის ძალისხმევით, რომელიც დღეს ლამის უნაკლოდ ისროდა. შეგახსენებთ, რომ 33 წლის ქალბატონმა ორი დღით ადრე პირად პირველობაში მოიგო ბრინჯაო და სან მარინოს სპორტის ისტორიაშიც შეაბიჯა. რომ არა ჯან მარკო ბერტის უზუსტობა, ალესანდრა პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდებოდა სან მარინოდან…

ოლიმპიური დღიურის ლამის ყველა წინა წერილი ძიუდოთი დავიწყე, მაგრამ დღევანდელ ჩანახატს ამ მშვენიერი სპორტით დავასრულებ.

თამაშების ისტორიაში ძიუდოისტებმა პირველად გაითამაშეს მედლები შერეულ გუნდურში და სიმბოლურია რომ შეჯიბრებას ბუდოკანმა უმასპინძლა. არანაკლებ სიმბოლურია ისიც, რომ ფინალში მასპინძლები სწორედ ფრანგებს დაეჭიდნენ – მსოფლიოს ბოლო სამი ჩემპიონატის ოქრო ხომ მათ გაითამაშეს!

და თუ ის სამი ფინალი იაპონელებმა მოიგეს, ახლა ფრანგების დრო დადგა: ისრაელთან და ნიდერლანდებთან გამარჯვების შემდეგ მათ მასპინძლებს 4:1 აჯობეს!

ლეგენდარულმა ტედი რინერმა მაინც მოიგო ტოკიოს ოქრო და, ტადაჰირო ნომურას შემდეგ, ვაჟთა შორის პირველი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ხოლო ის, რომ იაპონელმა სამივე შემთხვევაში კონკრეტულ წონაში გაიმარჯვა, სხვა თემაა.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 31 ივლისი)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympics.com/tokyo-2020; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მედალოსნები: 31 ივლისი
აფროსნობა
ვაჟები, RS:X (ვინდსერფინგი)
1.კირან ბედლოუ (ნიდერლანდები)
2.თომა გოიარი (საფრანგეთი)
3.კუნ ბი (ჩინეთი)
გოგონები, RS:X (ვინდსერფინგი)
1.იუნშიუ ლუ (ჩინეთი)
2.შარლინ პიკონი (საფრანგეთი)
3.ემა უილსონი (დიდი ბრიტანეთი)

ბადმინტონი
შერეული გუნდი
1.ჩინეთი (იუილიუ ვანი, დონპინ უანი)
2.ჩინეთი (სივეი ჟენი, იუაკიონ უანი)
3.იაპონია (იუტა ვატანაბე, არისა ჰიგაშინო)

ბატუტზე ხტომა
ვაჟები
1.ივან ლიტვინოვიჩი (ბელარუსი) – 61.715 ქულა
2.დონ დონი (ჩინეთი) – 61.235
3.დილან შმიდტი (ახალი ზელანდია) – 60.675

მშვილდოსნობა
ვაჟები
1.მეტე გაზოზი (თურქეთი)
2.მაურო ნესპოლი (იტალია)
3.ტაკაჰარუ ფურუკავა (იაპონია)

მძლეოსნობა
ვაჟები, ბადროს ტყორცნა
1.დანიელ შტალი (შვედეთი) – 68.90მ
2.სიმონ პეტერსონი (შვედეთი) – 67.39მ
3.ლუკას ვაისჰაიდინგერი (ავსტრია) – 67.07მ
გოგონები, 100მ
1.ელეინ თომპსონ ჰერა (იამაიკა) – 10.61წმ (ოლიმპიური რეკორდი)
2.შელი-ენ ფრეიზერ-პრაისი (იამაიკა) – 10.74წმ
3.შერიკა ჯეკსონი (იამაიკა) – 10.76წმ
შერეული გუნდი, 4X400მ
1.პოლონეთი (კაროლ ზალევსკი, ნატალია კაშმარეკი, იუსტინა შვიეტი-ერსეტიჩი, კაეტიან დუშინსკი) – 3:09.87წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.დომინიკის რესპუბლიკა (ლიდიო ანდრეს ფელისი, მარილეიდი პაულინო, ანაბელ მედინა, ალექსანდერ ოგანდო) – 3:10.21წთ
3.აშშ (ტრევორ სტიუარტი, კენდელ ელისი, კაილინ უაითნი, ვერნონ ნორვუდი) – 3:10.22წთ

ტრიათლონი
შერეული გუნდი
1.ჯეს ლერმონსი, ჯონათან ბროუნლი, ჯორჯია ტეილორ-ბრაუნი, ალექს იეე (დიდი ბრიტანეთი) – 1:23:41სთ
2.კეტი ზაფერესი, კევინ მაკდაუელი, ტეილორ კნიბი, მორგან პირსონი (აშშ) – 1:23:55სთ
3.ლეონი პერიო, დორიენ კონინქსი, კასანდრე ბოგრანი, ვინსენ ლუი (საფრანგეთი) – 1:24:04სთ

ტყვიის სროლა
გოგონები, შაშხანა სამი პოზიციიდან, 50მ
1.ნინა ქრისტენი (შვეიცარია) – 463.9 (ოლიმპიური რეკორდი)
2.იულია ზიკოვა (როკ) – 461.9
3.იულია კარიმოვა (როკ) – 450.3
შერეული გუნდი, სანგარი
1.ფატიმა გალვესი, ალბერტო ფერნანდესი (ესპანეთი)
2.ალესანდრა პერილი, ჯან მარკო ბერტი (სან მარინო)
3.მედელინ ბერნო, ბრაიან ბაროუზი (აშშ)

ფარიკაობა
გოგონები, ხმალი, გუნდური
1.როკ (ოლგა ნიკიტინა, სოფია პოზდნიაკოვა, სოფია ველიკაია)
2.საფრანგეთი (სარა ბალცერი, სესილია ბერდერი, მანონ ბრუნე, შარლოტ ლემბახი)
3.სამხრეთი კორეა (სოო-იეონ ჩოი, ჯი-იეონ კიმი, ჯი-იეონ სეო, ჯი-სუ იუონი)

ჩოგბურთი
გოგონები
1.ბელინდა ბენჩიჩი (შვეიცარია)
2.მარკეტა ვონდროუშოვა (ჩეხეთი)
3.ელინა სვიტოლინა (უკრაინა)

შვიდკაცა რაგბი
გოგონები
1.ახალი ზელანდია (რუბი ტუი, სარა ჰირინი, მიქაელა ბლაიდი, ტაილა ნათან-ვონი, გეილ ბროუტონი, ტერეზა ფიცპატრიკი, პორტია ვუდმენი, რისი პოური-ლეინი, სტეისი ფლულერი, შირაი კაკა, კელი ბრაზიე, ალენა საილი)
2.საფრანგეთი (კორალი ბერტრანი, ანე-სესილ სიოფანი, კაროლინ დრუინი, კამილ გრასინო, ლინა გერინი, ფანი ორტა, შენონ იზარი, ხლოე ჟაკე, კარლა ნისენი, სერაფინ ოკემბა, ხლოე პელე, ჯეიდ ულუტულე)
3.ფიჯი (ლავენა კავურუ, რაიჯიელი დავეუა, სესენიელი დონუ, ლაისანა ლიკუცევა, რუსილა ნაგასაუ, ანა ნაიმასი, ალოვესი ნაკოცი, როელა რადინიუავუნი, ვინიანა რივაი, ტოკასა სენიუასი, ვასიტი სოლიკოვიტი, რეაპი ულუნისაუ)

ცურვა
ვაჟები, ბატერფლაი, 100მ
1.ქელებ დრესელი (აშშ) – 49.45წმ (მსოფლიო რეკორდი)
2.კრიშტოფ მილაკი (უნგრეთი) – 49.68წმ
3.ნოე პონტი (შვეიცარია) – 50.74წმ
გოგონები, თავისუფალი, 800მ
1.კეტი ლედეკი (აშშ) – 8:12.57წთ
2.არიარნე ტიტმუსი (ავსტრალია) – 8:13.83წთ
3.სიმონა კუადარელა (იტალია) – 8:18.35წთ
გოგონები, გულაღმა, 200მ
1.კაილი მაკკეონი (ავსტრალია) – 2:04.68წთ
2.კაილი მასე (კანადა) – 2:04.42წთ
3.ემილი სიბომი (ავსტრალია) – 2:06.17წთ
შერეული გუნდი, კომბინირებული, 4X100
1.დიდი ბრიტანეთი (კეთლინ დოუსონი, ადამ პიტი, ჯეიმს გაი, ანა ჰოფკინი) – 3:37.58წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.ჩინეთი (ჟიაუ შუ, ზიბეი იანი, იუფეი ჟანი, ჟუნშუან იანი) – 3:38.86წთ
3.ავსტრალია (კაილი მაკკეონი, ზაკ სტაბლეტი-კუკი, მეთიუ ტემპლი, ემა მაკკეონი) – 3:38.95წთ

ძალოსნობა
ვაჟები, 81კგ
1.შიაოჟუნ ლუ (ჩინეთი) – 374კგ (ოლიმპიური რეკორდი) (170, ორ+204, ორ)
2.ზაქარიას ბონატი (დომინიკის რესპუბლიკა) – 367კგ (163+204)
3.ანტონინო პიცოლატო (იაპონია) – 365კგ (165+200)
ვაჟები, 96კგ
1.ფარეს იბრაჰიმი (კატარი) – 402კგ (ოლიმპიური რეკორდი) (177+225, ორ)
2.კეიდომარ ვალენილია (ვენესუელა) – 387კგ (177+210)
3.ანტონ პლესნოი (საქართველო) – 387კგ (177+210)

ძიუდო
შერეული გუნდი
1.საფრანგეთი (კლარის აგბენენუ, ამანდინ ბუშარი, გიიომ შეინი, ალექს კლერჟე, სარა-ლეონი სისიკი, რომეინ დიკო, ალექსანდრ იდირი, კილიან ლე ბლო, მადელინ მალონგა, მარგო პინო, ტედი რინერი)
2.იაპონია (ჰიფუმი აბე, უტა აბე, შიზურუ არაი, შორი ჰამადა, ჰისაიოში ჰარავასა, შოიჩირო მუკაი, ტაკანორი ნაგასე, შოჰეი ონო, აკირა სონე, მიკუ ტაშირო, აარონ ვოლფი, ცუკასა იოშიდა)
3.გერმანია (იოჰანეს ფრეი, კარლ-რიხარდ ფრეი, იასმინ გრაბოვსკი, კათარინა მენცი, დომინიკ რესელი, ჯოვანა სკოჩიმარო, სებასტიან ზაიდლი, თერეზა შტოლი, მარტინა ტრაიდოსი, ედუარდ ტრიპელი, ანა-მარია ვაგნერი, იგორ ვანდტკე)
3.ისრაელი (ტოჰარ ბუტბული, რაზ ჰერშკო, ლი კოხმანი, ინბარ ლანირი, საგი მუკი, ტიმნა ნელსონ-ლევი, პეტერ პალჩიკი, შირა რიშონი, ორ სასონი, გილი შარირი, ბარუხ შმაილოვი)

 

*ორ – ოლიმპიური რეკორდი
*როკ – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian