ტოკიო 2020: 3 აგვისტო

ხვალ შუადღით ლაშა ტალახაძეს ვიხილავთ. მძიმეწონოსან ვაჟთა ტურნირით ძალოსნები ტოკიო 2020ს დაასრულებენ.
ხვალვე იბრძოლებს ბრინჯაოს მედლისთვის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რამაზ ზოიძე (67კგ).
დიდებული იქნება, თუ 4 აგვისტოს საქართველოს ოლიმპიური გუნდი კიდევ ორ მედალს მოიგებს, მაგრამ ხვალისა ხვალ იყო, ახლა კი 3 აგვისტოს ამბები, მით უმეტეს, რომ სათქმელი ბევრია.

მაკუჰარის საგამოფენო დარბაზში გაშლილ სამ საჭიდაო ხალიჩაზე სამი ჩვენიანი ვიხილეთ. ზოიძემ, როგორც გითხარით, მშვენივრად იასპარეზა და ნახევარფინალში მარცხს თუ არ ჩავთვლით, მთლიანობაში მისი გამოსვლა დადებითად მიმაჩნია. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კაცი მედლისთვის იბრძვის. აი ლაშა გობაძემ კი გული დამწყვიტა. 5:6 უზბეკ რუსტამ ასაკალოვთან და პირველივე წრეში დასრულებული ოლიმპიადა. მძიმე სანახავი იყო. მედლის შანსი გაუჩნდა პირველივე ეტაპზე დამარცხებულ გიორგი მელიასაც (97კგ), მაგრამ რეპეშაჟში ვერას გახდა უნგრელ ალექს შონკესთან – 1:5.

ოლიმპიადის მეორე ნახევარში ყველაზე საინტერესო მძლეოსანთა ასპარეზობებია და რა გასაკვირია, რომ მათ გვერდს ვერ ავუვლი. თუმცა სანამ ჩემპიონებზე, რეკორდსმენებსა და სხვა მიღწევებზე დავწერ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებას მოვიშველიებ:

ბირთვის მკვრელი ბენიკ აბრამიანი შეჯიბრების წინ ჩატარებულ დოპინგ-ტესტზე ჩავარდა – სისხლში ერთ-ერთი აკრძალული პრეპარატის კვალი აღმოუჩინეს და დადგენილი წესით, ოლიმპიადიდან მოხსნეს. აბრამიანი დღეს უნდა გასულიყო ოლიმპიურ სტადიონზე.

მისი შემდგომი ბედი მოგვიანებით გაირკვევა, როცა შესაბამისი სპორტული ორგანიზაციები ამ საკითხს მიუბრუნდებიან. სეოკის ცნობით საქართველოს ოლიმპიური გუნდის აბსოლუტურად ყველა წევრმა ჯერ კიდევ ტოკიოში გამგზავრებამდე გაიარა დოპინგ-კონტროლი და მძლეოსანი რამეში შემჩნეული რომ ყოფილიყო, მას იაპონიაში, ლოგიკურია რომ არავინ იახლებდა.

პატიოსანი მძლეოსნების ამბებს კი ერთი გუშინდელი ჩემპიონით დავიწყებ: 3000 მეტრზე სტიპლჩეიზში მაროკოელმა სუფიანე ელ ბაკალიმ გაიმარჯვა, რომელიც მოსკოვის 1980ის შემდეგ ამ დისციპლინის პირველი არაკენიელი გამარჯვებულია!

ლოს ანჯელესის 1984 წლის თამაშებიდან დაწყებული რიო დე ჟანეირო 2016ით დასრულებული, სტიპლჩეიზში მედლების ცხრა კომპლექტი, ანუ საერთო ჯამში 27 ჯილდო გათამაშდა და აქედან 18(!!!) კენიელებმა მოიგეს, მათ შორის ყველა ოქრო!

რამდენად დაგაინტერესებთ არ ვიცი, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ორ ცნობასაც მოგაწვდით: პირველი – იმ ცხრა ოქროს მედლიდან ორი მხოლოდ ერთმა სტაიერმა მოიპოვა, ეზეკიელ კემბოიმ. მეორე – 1992 წელს, ბარსელონაში, მეთიუ ბირირიმ ხომ გაიმარჯვა და მეორე-მესამე ადგილებზეც კენიელები გავიდნენ, პატრიკ სანგი და ვილიამ მუტვოლი.

ჩვენ ხომ გვიყვარს ამა თუ იმ სახეობის დასაკუთრება და თქმა რომ, ვთქვათ, რაგბი ჩვენი თამაშია. ან დომინო. ან ნარდი. ვითომ კენიელებიც ამბობენ, რომ სტიპლჩეიზი კენიელების სპორტია? არ ვიცი. ისე კი სრული უფლება აქვთ…

ტიტანურ აზრებს აქ დავასრულებ და მძლეოსანთა დღევანდელ ამბებზე გადავალ. დილის სესიაში ორი ოქრო გათამაშდა – ვაჟებში 400 მეტრზე თარჯრბენში, გოგონები კი სიგრძეზე ხტომაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.

45.94 წამი – ასეთია 400 მეტრზე თარჯრბენში ვაჟთა ახალი მსოფლიო რეკორდი. ნორვეგიელი კარსტენ უორჰოლმი ამ დისციპლინაში 2017 წლიდან უძლეველია და დილით ყველას დაანახა, რომ სამართლიანად ითვლებოდა ტოკიო 2020ის ფავორიტად.

ერთი თვის წინ, ოსლოში, სკანდინავიელმა კევინ იანგის მიერ 1992 წელს ბარსელონაში დამყარებული მსოფლიო რეკორდი დაამხო. დღეს კი საკუთარ მიღწევას კიდევ რამდენიმე მეასედი ჩამოაკლო.

ყოველი შემთხვევისთვის, 25 წლის მძლეოსნის მთავარ მიღწევებს შეგახსენებთ: კარსტენმა ეს დისციპლინა მსოფლიოს ბოლო ორ ჩემპიონატზე მოიგო – 2017 წელს ლონდონში და 2019 წელს დოჰაში; 2018 წელს ბერლინში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გაიხარა; 2019 წელს გლაზგოში, უკვე ევროპის ჭერქვეშა პირველობაზე გაიმარჯვა, ოლიმპიური ოქროსკენ სვლა კი 2017 წელს, პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში, 23წლამდელთა ევროჩემპიონატიდან დაიწყო, სადაც რა თქმა უნდა ოქროს დაეუფლა. და ბრილიანტის ლიგის ცამეტ ეტაპზე გამარჯვებაც უნდა ვახსენო. მთელ წელიწადზე გაშლილი ეს შეჯიბრება მძლეოსანთა ჩემპიონთა ლიგაა.

ყველაფრის გვირგვინად დღევანდელი ჩემპიონობა იქცა. უორჰოლმი ოქროს ნაღდად იმსახურებდა.

ნორვეგიელთან შედარებით ნაკლებად ტიტულიანია სიგრძეზე მხტომელი გერმანელი მალაიკა მიჰამბო, თუმცა დღეის შემდეგ 27 წლის გოგონაც ერთდროულად სამ მთავარ ტიტულს ფლობს: არის ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი!

ის ერთადერთი იყო, ვინც შვიდ მეტრზე გადახტა. კონკურენტებმა არ ნიშნულს ვერ უწიეს. მე კი შევნიშნავ, რომ დღევანდელი ნახტომით – ზუსტად შვიდი მეტრი – მალაიკა მიჰამბო წინა, რიოს ოლიმპიადაზე პრიზიორთა შორისაც ვერ მოხვდებოდა. ხუთი წლის წინ ამერიკელმა ტიანა ბარტოლეტამ 7.17 მეტრით გაიმარჯვა, მესამე ადგილზე გასულმა სერბმა ივანა შპანოვიჩმა კი ბრინჯაო 7.08 მეტრით მოიგო…

3 აგვისტოს ერთ-ერთ გმირად მიმაჩნია ახალზელანდიელი კაიაკერი ლიზა კერინგტონი, რომელმაც დღეს ორი ოქრო მოიგო – 200 მეტრზე და ორადგილიანი კაიაკით 500 მეტრზე (კეიტლინ რეგალთან ერთად).

32 წლის კერინგტონი გაცილებით დიდი სპორტსმენია და დღის გმირზე აღმატებული სტატუსიც ეკუთვნის: პირველი დისციპლინა ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე მოიგო – საუკეთესო იყო ლონდონშიც და რიო დე ჟანეიროშიც!

და საერთოდ, 200 მეტრზე ეს მაორი ნიჩბოსანი უნაკლოა: სამი ოლიმპიური ოქროს გარდა, მის აქტივშია მსოფლიოს ჩემპიონის რვა ტიტული! სამაგალითო კარიერის გამო ლიზა რამდენჯერმე დააჯილდოვეს სახელმწიფო ორდენებით, 2016-19 წლებში კი ზედიზედ ოთხჯერ აღიარეს ახალი ზელანდიის რჩეულ ქალ სპორტსმენად.

საყვარელ დისციპლინაში კუნძულელმა ესპანელ ტერესა პორტელას აჯობა. ერთი საინტერესო მიღწევის გამო ეს ქალბატონიც იმსახურებს ქებას – 39 წლის პონტევედრელი კაიაკერი პირველი ესპანელი ქალია, რომელმაც ექვს ოლიმპიადაზე იასპარეზა! პირველად სიდნეიში გაცურა, დებიუტიდან 21 წლის შემდეგ კი პირველი ოლიმპიური მედალიც მოიგო! არადა მსოფლიო-ევროპის ჩემპიონატებზე უკვე 33ჯერ იდგა კვარცხლბეკზე.

იმ რამდენიმე სახეობას შორის, რომელსაც ოლიმპიურ დღიურებში იშვიათად მიმოვიხილავ, ცხენოსნობაცაა. და რადგან გუშინ ისტორია დაიწერა, გერმანელი იულია კრაევსკის ჩემპიონობას აუცილებლად გამოვეხმაურები.

ცხენოსნობა, კონკრეტულად კი მისი ერთ-ერთი დისციპლინა – ინდივიდუალური სამჭიდი, საუკუნეზე მეტია ოლიმპიადის სპორტულ პროგრამაშია. 1964 წლიდან, როცა ტოკიოში პირველად ჩატარდა ოლიმპიადა, ვაჟებთან ერთად შეჯიბრებაში გოგონებიც დაუშვეს. გუშინ კი ვაჟებს ისტორიაში პირველად აჯობა გოგონამ და ალბათ შემთხვევითი არაა, რომ ეს უნიკალური ფაქტი ისევ ტოკიოში დაფიქსირდა.

32 წლის იულიამ 61(!) კონკურენტს აჯობა. მეორე იყო ბრიტანელი ტომ მაკივენი, მესამე კი 62 წლის ავსტრალიელი ენდრიუ ჰოი, რომელმაც თავის მერვე ოლიმპიადაზე მეექვსე, მაგრამ პირველი ბრინჯაოს მედალი მოიგო…

ვაჟ კალათბურთელთა ნაკრები კი ზედიზედ მეოთხე ოქროს მედლისკენ სვლას განაგრძობს. დიახ, ეს არაა ოცნების გუნდი, მაგრამ გრეგ პოპოვიჩის ბიჭები რომ მაინც ძალიან ძლიერები არიან, ესპანეთთან მეოთხედფინალშიც გამოჩნდა. სერჯიო სკარიოლოს გუნდმა მესამე მეოთხედის მიწურულს თითქოს გამოასწორა თამაში, მაგრამ ბოლოს მაინც ყველაფერი თავის ადგილზე დადგა – 95:81 და ამერიკა ნახევარფინალშია.

საინტერესოა, რომ ათენის 2004 წლის თამაშებიდან დაწყებული, ესპანეთს ყოველთვის ამერიკის ნაკრები აჩერებს: 2008 და 2012 წლებში ოცნების გუნდმა ესპანეთს ფინალი მოუგო, წინა ოლიმპიადაზე – ნახევარფინალი, ათენში კი, დღევანდელივით – მეოთხედფინალი. სახეზეა ოცნების გუნდის სინდრომი!

ამერიკას მაინც გაუჭირდება ოქროს მოგება. ჩემი ფავორიტი მეორე ევროპული გუნდია – ლუკა დონჩიჩის სლოვენია, რომელმაც დღეს გერმანიას გადაუარა, 94:70. დალას მევერიქსის ლიდერი კვლავ დიდებული იყო – ორმაგი დუბლი!

დღესვე ბრაზილიის ოლიმპიურმა ნაკრებმა მექსიკა დაამარცხა და ფინალში გავიდა. სამხრეთამერიკელები ზედიზედ მესამედ ითამაშებენ გადამწყვეტ შეხვედრაში – 2012 წელს, ლონდონში, ისინი სწორედ მექსიკელებთან დამარცხდნენ, რიო დე ჟანეიროში კი, როგორც იქნა, ოქროთი გაიხარეს – გერმანიას სძლიეს.

ეს ჩანახატი ძალოსნობით დავიწყე და ამითვე დავასრულებ: 43 წლის ახალზელანდიელი ლორელ ჰაბარდი, ვინც 2013 წლამდე გევინ ჰაბარდი გახლდათ და ვაჟთა ტურნირებში ასპარეზობდა, გუშინ ოლიმპიადის მონაწილე პირველი ტრანსგენდერი ქალი გახდა.

მისი, როგორც ტრანსგენდერი ქალის ოლიმპიადაზე დაშვების გამო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ბევრმა გააკრიტიკა. თვლიდნენ, რომ სპორტსმენს, რომელიც 2012 წლამდე ვაჟთა ტურნირებში ასპარეზობდა, სუსტი სქესის წარმომადგენელთა შორის გამოსვლის უფლება არ ჰქონდა. სოკს გადაწყვეტილება მხოლოდ სპორტსმენებმა კი არა, ძალოსნობის ფედერაციებმაც დაუწუნეს.

მაგრამ ფაქტი დაფიქსირდა. სხვა საქმეა, რომ სპორტსმენი მედალს ვერ შეწვდა. მის ჰაბარდი როგორც ავიდა ფიცარნაგზე, ისე გამოვიდა – წონა ვერ დაძლია. ატაცში პირველ ცდაზე 120 კილოგრამს უშედეგოდ დაეჭიდა, შემდეგ 125ს ვერ მოერია და მედლისთვის ბრძოლასაც გამოეთიშა.

ქალ ძალოსანთა ყველაზე მძიმე წონითი კატეგორია კი (+87კგ) ჩინელმა ლიმ საოცარი შედეგით მოიგო: ორჭიდში 320 კილოგრამი დაიმორჩილა და ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა! მეორე ადგილზე გასული ბრიტანელი ემილი კემპბელი ჩემპიონს 37(!!!) კილოგრამით ჩამორჩა…

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 3 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი – olympics.com/tokyo-2020; საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

მედალოსნები: 3 აგვისტო
აფროსნობა
ვაჟები, 49
1.დილან ფლეჩერი, სტიუარტ ბითელი (დიდი ბრიტანეთი)
2.პიტერ ბერლინგი, ბლეირ ტუკი (ახალი ზელანდია)
3.ერიკ ჰაილი, თომას პლიოსელი (გერმანია)
ვაჟები, ფინი
1.ჯილ სკოტი (დიდი ბრიტანეთი)
2.შომბორ ბერეში (უნგრეთი)
3.ხოან კარდონა მენდესი (ესპანეთი)
გოგონები, 49er FX
1.მარტინე გრაელი, კაენა კუნცე (ბრაზილია)
2.ტინა ლუცი, სიუზენ ბოკე (გერმანია)
3.ანემიეკ ბეკერინგი, ანეტე დოცი (ნიდერლანდები)
შერეული ეკიპაჟი – ნაკრა 17
1.რუჯერო ტიტა, კატერინა ბანტი (იტალია)
2.ჯონ გიმსონი, ანა ბურნეტი (დიდი ბრიტანეთი)
3.პოლ კოლჰოფი, ალისა შტულემერი (გერმანია)

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
ვაჟები, 77კგ
1.ტამაშ ლორინცი (უნგრეთი)
2.აკზოლ მახმუდოვი (ყირგიზეთი)
3.შოჰეი იაბიკუ (იაპონია) და რაფიქ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)
ვაჟები, 97კგ
1.მუსა ელოევი (როკ)
2.არტურ ალექსანიანი (სომხეთი)
3.ტადეუშ მიხალიკი (პოლონეთი) და მოჰამად ჰადი სარავი (ირანი)
*-გიორგი მელია
1/8 – მუსა ევლოევი (როკ) – 1:3
რეპეშაჟი – ალექს შოკე (უნგრეთი) – 1:5

ველოსპორტი
ვაჟები, გუნდური, სპრინტი
1.ნიდერლანდები (ჯეფრი ჰოოგლანდი, ჰარი ლავრისენი, როი ვან დენ ბერგი) – 41.369წმ (ოლიმპიური რეკორდი)
2.დიდი ბრიტანეთი (ჯეკ კარლინი, ჯეისონ კენი, რაიან ოუენსი) – 44.589წმ
3.საფრანგეთი (ფლორიან გრენგბო, რაიან ელალი, სებასტიენ ვიჟიე) – 42.331წმ
გოგონები, გუნდური, გამოდევნებით
1.გერმანია (ფრანცისკა ბრაუსე, ლიზა ბრენაუერი, ლიზა კლაინი, მიკე კრიოგერი) – 4:04.242წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.დიდი ბრიტანეთი (კეტი არჩიბალდი, ლორა კენი, ნეა ევანსი, ჯოსი ნაითი) – 4:10.607წთ
3.აშშ (მეგან ჯესტრები, ჯენიფერ ვალენტე, ქლოე დაიგერტი, ემა უაითი) – 4:08.040წთ

თავისუფალი ჭიდაობა
გოგონები, 68კგ
1.ტამირა მენსა (აშშ)
2.ბლესინგ ობორუდუდუ (ნიგერია)
3.ალა ჩერკასოვა (უკრაინა) და მეერიმ ჟუმანაზაროვა (ყირგიზეთი)

კაიაკი და კანოე
ვაჟები, ორადგილიანი კანოე, 1000მ
1.სერგუი ტორესი, ფერნანდო ხორხე (კუბა) – 3:24.995წთ
2.აო ლიუ, პენფენი ჟენი (ჩინეთი) – 3:25.198წთ
3.სებასტიან ბრენდელი, ტომ ჰეკერი (გერმანია) – 3:25.615წთ
ვაჟები, კაიაკი, 1000მ
1.ბალინტ კოპაში (უნგრეთი) – 3:20.643წთ
2.ადამ ვარგა (უნგრეთი) – 3:22.431წთ
3.ფერნანდუ პიმენტა (პორტუგალია) – 3:22.478წთ
გოგონები, კაიაკი, 200მ
1.ლიზა კერინგტონი (ახალი ზელანდია) – 38.120წმ
2.ტერესა პორტელა (ესპანეთი) – 38.883წმ
3.ემა იორგენსენი (დანია) – 38.901წმ
გოგონები, ორადგილიანი კაიაკი, 500მ
1.ლიზა კერინგტონი, კეიტლინ რეგალი (ახალი ზელანდია) – 1:35.783წთ
2.კაროლინა ნაია, ანა პულავსკა (პოლონეთი) – 1:36.753წთ
3.დანუტა კოზაკი, დორა ბოდონი (უნგრეთი) – 1:36.867წთ

კრივი
ვაჟები, 69კგ
1.რონიელ იგლესიასი (კუბა)
2.პეტ მაკკორმეკი (დიდი ბრიტანეთი)
3.ეიდონ უოლში (ირლანდია) და ანდრეი ზამკოვოი (როკ)
*-ესკერხან მადიევი
1/16 – ლორენსო სოტომაიორი (აზერბაიჯანი) – ტექნიკური გამარჯვება
1/8 – შადირი ბვოგი (უგანდა) – 3:1
1/4 – ანდრეი ზამკოვოი (როკ) – 0:5
გოგონები, 57კგ
1.სენა ირიე (იაპონია)
2.ნესტი პეტესიო (ფილიპინები)
3.ირმა ტესტა (იტალია) და კერის ერტინგსტელი (დიდი ბრიტანეთი)

მძლეოსნობა
ვაჟები, 400მ თარჯრბენი
1.კარსტენ უორჰოლმი (ნორვეგია) – 45.94წმ (მსოფლიო რეკორდი)
2.რეი ბენჯამინი (აშშ) – 46.17წმ
3.ელისონ დუშ სანტუში (ბრაზილია) – 46.72წმ
ვაჟები, ჭოკით ხტომა
1.არმან დუპლანტისი (შვედეთი) – 6.02მ
2.ქრისტოფერ ნილსენი (აშშ) – 5.97მ
3.ტიაგუ ბრაზი (ბრაზილია) – 5.87მ
გოგონები, 200მ
1.ელეინ თომპსონ ჰერა (იამაიკა) – 21.53წმ
2.ქრისტინე მბომა (ნამიბია) – 21.81წმ
3.გაბრიელე თომასი (აშშ) – 21.87წმ
გოგონები, 800მ
1.ათინგ მუ (აშშ) – 1:55.21წთ
2.კილი ჰოჯკინსონი (დიდი ბრიტანეთი) – 1:55.88წთ
3.რეივენ როჯერსი (აშშ) – 1:56.817წთ
გოგონები, სიგრძეზე ხტომა
1.მალაიკა მიჰამბო (გერმანია) – 7.00მ
2.ბრიტნი რიისი (აშშ) – 6.97მ
3.ესე ბრუმე (ნიგერია) – 6.97მ
გოგონები, უროს ტყორცნა
1.ანიტა ვლოდარჩუკი (პოლონეთი) – 78.48მ
2.ჟენ ვანი (ჩინეთი) – 77.03მ
3.მალვინა კოპრონი (პოლონეთი) – 75.49მ

სპორტული ტანვარჯიში
ვაჟები, ორძელზე ვარჯიში
1.ჟინუან ზუ (ჩინეთი) – 16.233
2.ლუკას დაუსერი (გერმანია) – 15.700
3.ფერატ არიქენი (თურქეთი) – 15.633
ვაჟები, ღერძზე ვარჯიში
1.დაიკი ჰაშიმოტო (იაპონია) – 15.066
2.ტინ სრბიჩი (ხორვატია) – 14.900
3.ნიკიტა ნაგორნი (როკ) – 14.533
გოგონები, დვირზე ვარჯიში
1.შენშენ გუანი (ჩინეთი) – 14.633
2.შიჟინ ტანი (ჩინეთი) – 14.233
3.სიმონე ბაილსი (აშშ) – 14.000

წყალში ხტომა
ტრამპლინი, 3მ
1.სიუი შიე (ჩინეთი) – 558.75 ქულა
2.ზონიან ვანი (ჩინეთი) – 534.90
3.ჯეკ ლოგერი (დიდი ბრიტანეთი) – 518.00

ძალოსნობა
ვაჟები, 109კგ
1.აკბარ ჯურაევი (უზბეკეთი) – 430კგ (ოლიმპიური რეკორდი) (193+237, ორ)
2.სიმონ მარტიროსიანი (სომხეთი) – 423კგ (195, ორ+228)
3.არტურს პლესნიეკსი (ლატვია) – 410კგ (180+230)

*ორ – ოლიმპიური რეკორდი
*როკ – რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი

ka_GEGeorgian