50 ვარსკვლავი დინამოზე – I ნაწილი

1996 წლის შემოდგომით, ინგლისის ნაკრების თბილისში სტუმრობის წინ, გაზეთმა სარბიელმა საინტერესო ოცნების გუნდი შეადგინა: მასში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებმაც 1976-1996 წლებში სხვადასხვა კლუბის თუ ნაკრების შემადგენლობაში თბილისში, დინამოს სტადიონზე ითამაშეს.
სარბიელის ის გუნდი ასე დაკომპლექტდა:

მეკარე: ტონი შუმახერი (კიოლნი; გერმანია)
მცველები: მანფრედ კალცი (ჰამბურგი; გერმანია), ივან ბულიანი (ჰამბურგი; იუგოსლავია), ერიკ გერეტსი (სტანდარდი; ბელგია), რუუდ კროლი (ნაპოლი; ნიდერლანდები)
ნახევარმცველები: ჟან ტიგანა (ბორდო; საფრანგეთი), ენცო შიფო (ანდერლეხტი; ბელგია), ლეონიდ ბურიაკი (კიევის დინამო; უკრაინა)
თავდამსხმელები: იურგენ კლინსმანი (გერმანია), ანდრაშ ტიოროჩიკი (უნგრეთი), კევინ კიგანი (ჰამბურგი; ინგლისი)

ქართველმა გულშემატკივრებმა ეს სახელგანთქმული მოთამაშეები სხვადასხვა დროს იხილეს თბილისის დინამოს, სხვა საბჭოთა კლუბების თუ საკავშირო ნაკრების წინააღმდეგ. გეცოდინებათ: კიევის დინამო, მოსკოვის სპარტაკი და დინამო, ასევე მინსკის დინამო თუ მოსკოვის ტორპედო ევრომეტოქეებს დროგამოშვებით თბილისშიც მასპინძლობდნენ.

ინგლისელთა სტუმრობიდან 25 წელიწადი გავიდა. მას შემდეგ საქართველოს დედაქალაქში ბევრმა დიდმა გუნდმა ითამაშა. სხვა თუ არაფერი, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა სამჯერ უმასპინძლა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს – 2006 წლის შემოდგომით იტალიას, 2012 წელს ესპანეთს, 2015 წლის გაზაფხულზე კი გერმანიას.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2015 წლის 11 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ევროპის სუპერთასის მფლობელი გამოვლინდა – ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორმა ბარსელონამ ევროპალიგის გამარჯვებული სევილია 5:4 დაამარცხა. სხვათა შორის, თბილისური სუპერთასი უეფამ წლის მატჩად აღიარა…

მოკლედ, თბილისში ბევრი ვარსკვლავი ვნახეთ და მგონი საინტერესო იქნება 50 გამორჩეული ფეხბურთელის დასახელება.

პირველ ნაწილში საუკეთესო ორმოცდაათეულის საწყის ოცეულს გაგაცნობთ, ანუ ბოლო, 50დან 31მდე. ხვალ და ზეგ ჩემი სიის დანარჩენ 30 ვარსკვლავსაც შემოგთავაზებთ.

50: პოლ გექსოინი (ინგლისი – 1996)
90იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი, რომელმაც 1990 წელს, იტალიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინა, თუმცა ნიჭი სასმელს შესწირა და იმაზე მცირე ხანს ითამაშა, ვიდრე შეეძლო.
თბილისს პირად მცველთან ერთად ეწვია. იმ პერიოდში მეუღლესთან გართულებული ურთიერთობის გამო მასთან მიახლოება აკრძალული იყო.

49: ჟორდი ალბა (ესპანეთი – 2012)
თანამედროვე ბარსელონა მის გარეშე წარმოუდგენელია. მეათე სეზონს ატარებს კატალონიურ გრანდში და კვლავ შეუცვლელია.
თბილისს ევროპის ჩემპიონის რანგში ეწვია. პირველი სანაკრებო გოლი ევრო 2012ის ფინალში, იტალიასთან 4:0 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა.

48: ივან რაკიტიჩი (ხორვატია – 2011, ბარსელონა – 2015)
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ხორვატი იმ მცირეთა შორისაა, რომლებსაც ქვეყნის პირველ გუნდში 100ზე მეტჯერ უთამაშიათ.
ეროვნულზე ორჯერ ვნახეთ. ნაკრებთან ერთად დამარცხდა – ხორვატებს საქართველომ აჯობა, მეორედ კი თბილისს ბარსელონასთან ერთად ეწვია და ივანიც შინ ევროპის სუპერთასით დაბრუნდა.

47: ოლე-გუნარ სულშერი (ნორვეგია – 1999)
კარიერის საუკეთესო წლები მანჩესტერ იუნაიტედში გაატარა და მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად სათადარიგო იყო, მაინც კლუბის ლეგენდად ითვლება.
1999 წლის 28 აპრილს მისმა ნორვეგიამ თბილისში 4:1 მოიგო – სულშერმა 35ე წუთზე მესამე გოლი გაიტანა ნიკა ტოგონიძის კარში. თითქმის ერთ თვეში, 26 მაისს, სერ ალექს ფერგიუსონმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში შეცვლაზე შეუშვა და ნორვეგიელმაც ისტორიაში შეაბიჯა.

46: რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი – 2014)
32 წლის ასაკში ის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია და ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი უცხოელი თავდამსხმელი.
მისმა პოლონეთმა დინამო არენაზე 4:0 მოიგო, თუმცა კაპიტანს იმ შეხვედრაში თავი არ გამოუჩენია.
აი 2015 წლის 13 ივნისს კი, ვარშავაში, პოლონელებმა კვლავ 4:0 გაიმარჯვეს და ლევანდოვსკიმ თამაშის მიწურულს, სამ წუთში ამდენივე გოლი გაუტანა გიორგი ლორიას.

45: კარიმ ბენზემა (საფრანგეთი – 2013)
ფრანგული ფეხბურთის ბოლო ტრიუმფმა მის გარეშე ჩაიარა. ძველი სკანდალის გამო ბენზემა კარგა ხანს ვერ ხვდებოდა დიდიე დეშამის რჩეულთა შორის, თუმცა ამ სიაში მაინც იმსახურებს ადგილს: მეცამეტე სეზონი დაიწყო რეალში და სამეფო კლუბის დღევანდელი შემადგენლობიდან ყველაზე გამოცდილი და შედეგიანია.
მადრიდში თვრამეტი ტიტული მოიგო, მათ შორის ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა და ფიფას საკლუბო ჩემპიონატი.

44: დიეგო გოდინი (ურუგვაი – 2006)
თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი თბილისს 2006 წლის შემოდგომით ეწვია ნაკრების შემადგენლობაში. ის თამაში კლაუს ტოპმიოლერის საქართველომ ლევან კობიაშვილის დუბლით 2:0 მოიგო.
იმხანად გოდინი ჯერ კიდევ მონტევიდეოს ნასიონალში თამაშობდა. შემდეგ ვილიარეალში დაჰყო სამი წელიწადი, 2010 წლიდან 2019ის ჩათვლით კი მადრიდის ატლეტიკოს დაცვის ბურჯი იყო და ცხრა სეზონში 389 ოფიციალურ მატჩშიც მიიღო მონაწილეობა – ნათელი დასტურია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გახლდათ ურუგვაელი ატლეტიკოსთვის.
ბოლო ორი წელია დიეგო მილანის ინტერისთვის იხარჯება.

43: ჰარი კეინი (ტოტენჰემ ჰოთსფური – 2013)
მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ეროვნულზე 2013 წლის 22 აგვისტოს ითამაშა: უეფას ევროპალიგის ფლეი ოფში მისმა ტოტენჰემ ჰოთსფურმა 5:0 გაანადგურა თბილისის დინამო. კეინმა 71ე წუთზე შეცვალა პაულინიო. ორი მატჩის ჯამში ლონდონელებმა რვა გოლი გაუტანეს დინამოს, თუმცა კეინმა ვერცერთი შეაგდო.
დღეს ის ტოტენჰემის მთავარი ვარსკვლავი და პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

42: კრისტიან ვიერი (იტალია – 1997)
1997 წელს, როცა ვიერი თბილისს ეწვია, მადრიდის ატლეტიკოსთვის უტევდა, თუმცა ბობომ ეროვნულზე ვერ შეაგდო – ჯერ კახი ცხადაძემ, შემდეგ კი თინეიჯერმა კახი კალაძემ გასაქანი არ მისცეს.
ორ წელიწადში ვიერი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა – მილანის ინტერმა რომის ლაციოდან 43 მილიონ ევროდ შეიძინა.
კარიერა 525 ოფიციალურ მატჩში შეგდებული 259 გოლით დაასრულა. მეტი შეეძლო, მაგრამ ჩემპიონატების და თასების მოგებას გოგონების გულის მოგება არჩია.

41: პატრის ევრა (საფრანგეთი – 2013)
ერთ-ერთი გამორჩეული განაპირა მცველი სენეგალში დაიბადა, თუმცა ამ ქვეყნის ნაკრებში თამაშს საფრანგეთი არჩია და არც უნანია. კარიერის საუკეთესო წლები მანჩესტერ იუნაიტედსა და იუვენტუსში გაატარა.
თბილისში შეუცვლელად ითამაშა, თუმცა მისმა გუნდმა ქეცბაიას გაწვრთნილ საქართველოს ვერ აჯობა – 0:0.
ნაკრებში ევროჩემპიონატის ფინალი, მონაკოს, მანჩესტერ იუნაიტედის და იუვენტუსის მაისურით კი ჩემპიონთა ლიგის ხუთი(!) გადამწყვეტი მატჩი წააგო.

40: იან რაში (უელსი – 1994)
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი უელსელი თბილისს ევრო 96ის საკვალიფიკაციო ტურნირის ეგიდით ეწვია. საქართველო ევროჩემპიონატების დებიუტანტი იყო, თუმცა იმ დღეს, 16 ნოემბერს, უელსისგან ქვა ქვაზე არ დატოვა – 5:0.
59 წლის რაში ლეგენდარული ლივერპულის ყველა დროის ბომბარდირია – 346ჯერ გაახარა წითლების ფანები. 28 გოლით კარგა ხანს იყო ნაკრების ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი, თუმცა სამი წლის წინ გარეთ ბეილმა გადაასწრო…

39: ტონი ადამსი (ინგლისი – 1996)
90იანი წლების საუკეთესო ინგლისელმა ცენტრალურმა მცველმა 19წლიანი კარიერა მხოლოდ ლონდონის არსენალს მიუძღვნა: 1983-2002 წლებში მეთოფეებთან ერთად 13 ტიტული მოიგო, მათ შორის ინგლისის ჩემპიონობა ოთხჯერ.
თბილისში ნაკრებს კაპიტნად ჩამოუძღვა. მან და მისმა თანაგუნდელებმა საიმედოდ ითამაშეს და 2:0 გაიმარჯვეს.

38: მატს ჰუმელსი (გერმანია – 2015)
გერმანულ ფეხბურთს არაერთი ჩინებული ცენტრალური მცველი ახსოვს, ჰუმელსი კი მათ შორის გამორჩეულია.
ბუნდესგუნდის ტრიუმფით დასრულებულ ბრაზილია 2014ზე ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ამპლუის მიუხედავად, ორი გოლი გაიტანა. ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც უპრობლემოდ მოხვდა.
დორტმუნდის ბორუსიის და ბაიერნის მაისურით ბევრი ტიტული მოიგო, მათ შორის ბუნდესლიგა ხუთჯერ.

37: ხავიერ მაშერანო (ბარსელონა – 2015)
არგენტინის ნაკრების ერთ-ერთმა გამოცდილმა ფეხბურთელმა – 147 მატჩი ქვეყნის პირველ გუნდში – ეროვნულზე ბარსელონის მაისურით ითამაშა. კატალონიურ კლუბში მან რვა არასრული სეზონი გაატარა, თუმცა ამ მოკლე პერიოდში 19 ტიტული მაინც მოიგო!
კლუბისგან განსხვავებით, ძალიან არ უმართლებდა ნაკრებში: 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის, 2004, 2007, 2015 და 2016 წლებში კი სამხრეთ ამერიკის პირველობის გადამწყვეტ თამაშებში დამარცხდა.
არგენტინული სპორტის ისტორიაში მხოლოდ ორს მოუგია ორი ოლიმპიური ოქრო. მასშერანო ერთ-ერთია – 2004 წელს ათენში, 2008 წელს კი პეკინში გახდა ჩემპიონი.

36: დავიდ სილვა (ესპანეთი – 2012)
ევრო 2012ის ტრიუმფატორი ესპანეთი თბილისს იმ წლის შემოდგომით ეწვია. ვისენტე დელ ბოსკეს ვარსკვლავთა კრებულს ძალიან გაუჭირდა დინამო არენაზე გამარჯვება – 0:1.
დავიდ სილვა იმ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, მანჩესტერ სიტის ისტორიაში კი ტანმორჩილი ესპანელი ყველა დროის უდიადესთა შორის სახელდება: 2010 წლიდან 2020ის ჩათვლით ათი სეზონი გაატარა ეტიჰადზე, 436 მატჩში 77 გოლი შეაგდო და კლუბს 14 თასით დაემშვიდობა.

35: ფრანჩესკო ტოტი (იტალია – 2001)
რომას ლეგენდა და რეკორდსმენი თბილისს პირველად კორეა-იაპონია 2002ის საკვალიფიკაციო ტურნირში ესტუმრა. ჯოვანი ტრაპატონის იტალიამ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 2:1 მოიგო, მეორე გოლი კი სწორედ ჩესკომ შეაგდო.
ერთი წლით ადრე, ევრო 2000ის გადამწყვეტ მატჩში ტოტი ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მიუხედავად იმისა, რომ სკუადრა აძურა საფრანგეთთან დრამატულად დამარცხდა.
სკუადრა აძურას ბოლო სიხარულს – ტრიუმფს ევრო 2020ზე, ტოტი ტურნირის კეთილი ნების ელჩის სტატუსით შეხვდა.

34: ჩაბი ალონსო (ესპანეთი – 2012)
ესპანეთის დიდი ნაკრების ერთ-ერთი შეუცვლელი წევრი, რომელმაც საუკეთესო წლები ლივერპულში, რეალსა და ბაიერნში გაატარა.
ბასკეთში, გიპუსკოაში დაბადებულმა ნახევარმცველმა ქვეყნის პირველ გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო ევროპირველობა, 2010 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატი, ლივერპულსა და რეალში კი ჩემპიონთა თასები აღმართა.
ესპანეთის მთავარ გუნდში 114ჯერ ითამაშა, სხვადასხვა დროს კი რამდენჯერმე მორიგო ბასკეთის ნაკრების მაისური.

33: კლოდ მაკელელე (საფრანგეთი – 2006)
არაერთი გულშემატკივარი თვლის, რომ მსოფლიოს 2006 წლის ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთი ყველაზე ძლიერი გუნდია, რომელსაც კი ეროვნულზე უთამაშია.
კინშასაში (ზაირი) დაბადებული ტანმორჩილი შუახაზელი იმ ნაკრების შეუცვლელი მოთამაშე გახლდათ. ის საიმედო იყო საკლუბო დონეზეც – რეალსა თუ ჩელსიში მას ყველა მწვრთნელი ენდობოდა.

32: მესუტ იოზილი (გერმანია – 2015)
ერთ დროს პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ნახევარმცველს დღეს კარგი დროება არ უდგას, მაგრამ ახლო წარსულში ის შეუცვლელი იყო ნაკრებსა და კლუბში.
თბილისს მსოფლიოს ჩემპიონის რანგში ეწვია. 2015 წლის შედეგებით ის მეოთხედ აღიარეს ბუნდესგუნდის წლის ფეხბურთელად, 2016 წელს კი მეხუთედ მოიგო ეს ტიტული.

31: სესკ ფაბრეგასი (ესპანეთი – 2012)
კიდევ ერთი დიდი ესპანელი, რომელმაც ნაკრებსა თუ კლუბში ყველა უმაღლესი ჯილდო მოიგო.
2010 წელს, როცა ესპანელებმა პირველად გაიმარჯვეს მსოფლიო ჩემპიონატში, ფინალის დამატებით დროში ანდრეს ინიესტას საგოლე გადაცემა სწორედ ფაბრეგასმა მიაწოდა.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 20 აგვისტო)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian