50 ვარსკვლავი დინამოზე – III ნაწილი
1996 წლის შემოდგომით, ინგლისის ნაკრების თბილისში სტუმრობის წინ, გაზეთმა სარბიელმა საინტერესო ოცნების გუნდი შეადგინა: მასში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებმაც 1976-1996 წლებში სხვადასხვა კლუბის თუ ნაკრების შემადგენლობაში თბილისში, დინამოს სტადიონზე ითამაშეს.
სარბიელის ის გუნდი ასე დაკომპლექტდა:
მეკარე: ტონი შუმახერი (კიოლნი; გერმანია)
მცველები: მანფრედ კალცი (ჰამბურგი; გერმანია), ივან ბულიანი (ჰამბურგი; იუგოსლავია), ერიკ გერეტსი (სტანდარდი; ბელგია), რუუდ კროლი (ნაპოლი; ნიდერლანდები)
ნახევარმცველები: ჟან ტიგანა (ბორდო; საფრანგეთი), ენცო შიფო (ანდერლეხტი; ბელგია), ლეონიდ ბურიაკი (კიევის დინამო; უკრაინა)
თავდამსხმელები: იურგენ კლინსმანი (გერმანია), ანდრაშ ტიოროჩიკი (უნგრეთი), კევინ კიგანი (ჰამბურგი; ინგლისი)
ქართველმა გულშემატკივრებმა ეს სახელგანთქმული მოთამაშეები სხვადასხვა დროს იხილეს თბილისის დინამოს, სხვა საბჭოთა კლუბების თუ საკავშირო ნაკრების წინააღმდეგ. გეცოდინებათ: კიევის დინამო, მოსკოვის სპარტაკი და დინამო, ასევე მინსკის დინამო თუ მოსკოვის ტორპედო ევრომეტოქეებს დროგამოშვებით თბილისშიც მასპინძლობდნენ.
ინგლისელთა სტუმრობიდან 25 წელიწადი გავიდა. მას შემდეგ საქართველოს დედაქალაქში ბევრმა დიდმა გუნდმა ითამაშა. სხვა თუ არაფერი, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა სამჯერ უმასპინძლა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს – 2006 წლის შემოდგომით იტალიას, 2012 წელს ესპანეთს, 2015 წლის გაზაფხულზე კი გერმანიას.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2015 წლის 11 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ევროპის სუპერთასის მფლობელი გამოვლინდა – ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორმა ბარსელონამ ევროპალიგის გამარჯვებული სევილია 5:4 დაამარცხა. სხვათა შორის, თბილისური სუპერთასი უეფამ წლის მატჩად აღიარა…
მოკლედ, თბილისში ბევრი ვარსკვლავი ვნახეთ და მგონი საინტერესო იქნება 50 გამორჩეული ფეხბურთელის დასახელება.
პირველ ნაწილში საუკეთესო ორმოცდაათეულის საწყისი ოცეული გაგაცანით, ანუ ბოლო, 50დან 31მდე. მეორე წერილში მეორე ოცეული – 30დან 11მდე. დღეს კი ჩემი სიის პირველ ათეულს გთავაზობთ.
10: სერხიო რამოსი (ესპანეთი – 2012)
სამაგალითო კაპიტანი, უებრო მებრძოლი და უბრალოდ ლიდერი, რომელიც დიდ მიზნებს შეჭიდებულ ყველა გუნდს უნდა ჰყავდეს.
2005 წელს, სევილიადან გადასვლისთანავე დამკვიდრდა მადრიდის რეალის და ესპანეთის ნაკრების დაცვის ხაზში და მას შემდეგ ვერავინ შეავიწროვა. იკერ კასილასის მადრიდიდან აბარგების შემდეგ კი კლუბსა და ნაკრებში კაპიტნის სამკლავურიც ჩაიბარა.
ქვეყნის პირველ გუნდში 161-ჯერ ითამაშა და ამ მხრივ მხოლოდ კასილასს ჩამორჩება. 7 მატჩიც და რამოსი ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება.
გაგეცინებათ, მაგრამ ფაქტია: მესის შემდეგ რამოსი ერთადერთია, რომელმაც ესპანეთის ბოლო 15 ჩემპიონატში გაიტანა გოლი.
9: დევიდ ბექემი (ინგლისი – 1996)
მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი თბილისში სტუმრობისას ნაკლებად პოპულარული იყო. მანჩესტერ იუნაიტედის ახალგაზრდა ნახევარმცველი ეროვნულზე გამოჩენიდან ცოტა ხანში 90იან წლებში ზეპოპულარული მუსიკალური ჯგუფის სფაის გერლზის ერთ-ერთ წევრზე, ვიქტორია ადამსზე დაქორწინდა და მას შემდეგ ხშირად ამშვენებს სხვადასხვა გლამურული ჟურნალების პირველ გვერდს.
ბექზი შესანიშნავი ნახევარმცველი იყო, ტექნიკური, ძლიერი დარტყმით, რომელსაც ბრწყინვალე ფლანგური ჩაწოდებები ეხერხებოდა.
მანჩესტერ იუნაიტედში, რეალში, მილანში, პარი სენ-ჟერმენსა თუ ლოს ანჯელეს გელექსიში არაერთი ტიტული მოიგო, სარეკლამო კონტრაქტების წყალობით კი უფრო მეტი გამოიმუშავა.
თბილისში შეუცვლელად ითამაშა, 70ე წუთზე კი ყვითელი ბარათიც მიიღო.
8: ანდრეი შევჩენკო (უკრაინა – 2005, 2007)
ევროპის 2003 წლის უძლიერეს ფეხბურთელად აღიარებულმა ანდრეი შევჩენკომ თბილისში 2005 წლის 3 სექტემბერს და 2007 წლის 8 სექტემბერს ითამაშა. ორივე შემთხვევაში ის ნაკრების კაპიტანი იყო, მატჩები კი 1:1 დასრულდა.
ათეულის კიდევ ერთი წევრის, ლეგენდარული პაოლო მალდინის დარად, ახლო წარსულში შევჩენკო ორჯერ ესტუმრა თბილისს, თუმცა იმ საქველმოქმედო თამაშებს, სადაც სხვათა შორის რამდენიმე გოლიც გაიტანა, ცხადია არ გავითვალისწინებ.
ანდრეი შევჩენკო უკრაინის ნაკრების რეკორდსმენი გახლავთ 48 გოლით, 111 თამაშით კი მხოლოდ ანატოლი ტიმოშჩუკს ჩამორჩება.
კარიერის საუკეთესო წლები სუპერფორვარდმა მილანში გაატარა, სადაც სკუდეტო, თასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო, ევროპაში კი პირველად კიევის დინამოს მაისურით დაიქუხა, როცა კამპ ნოუზე ჰეთ-თრიქი შეუსრულა ბარსელონას.
7: რობერტო ბაჯო (იტალია – 1997)
ღვთაებრივი ცხენისკუდა – ასე უწოდებდნენ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს აპენინელს, რომელმაც ეროვნულ სტადიონზე მხოლოდ 17 წუთი ითამაშა.
სკუადრა აძურას მაშინდელი მწვრთნელი ჩეზარე მალდინი იმხანად ბოლონიაში მოთამაშე ბაჯოს ალესანდრო დელ პიეროს სათადარიგოდ განიხილავდა. თბილისში ჩამოსვლის წინ დელ პიერო დაშავდა და ბაჯოც ამიტომ მოხვდა ნაკრებში, 10 სექტემბერს კი ატილიო ლომბარდოს ნაცვლად ჩაერთო თამაშში.
ფიორენტინა, იუვენტუსი, მილანი, ბოლონია, ბრეშა, ინტერი და იტალიის ნაკრები – ამ გუნდებში რობერტო ბაჯომ თავის კვალი დატოვა.
ის ძალიან დიდი იყო, სხვა საქმეა, რომ გრანდების მწვრთნელები გაუგებარი ტაქტიკური მოსაზრებების გამო პრობლემებს უქმნიდნენ.
6: იკერ კასილიასი (ესპანეთი – 2012)
მადრიდის რეალის და ესპანეთის ნაკრების რეკორდსმენი, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა თბილისში 2012 წლის 11 სექტემბერს ვიხილეთ, როცა ბრაზილია 2014ის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდა. ტიტულიანმა სტუმრებმა ის თამაში გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოიგეს – 1:0.
მადრიდის რეალიდან უცნაურად წასვლის შემდეგ იკერი პორტუში გადაბარგდა და იქაც არაერთი თასი შემართა, თუმცა გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო კარიერა ნაადრევად დაასრულა.
ევრო 2020ის დღეებში ესპანეთის კეთილი ნების ელჩი გახლდათ, ახლა კი სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობს.
ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული მატჩების მხრივ ის ჯერ კიდევ რეკორდსმენია, თუმცა მის რეკორდს კრიშტიანუ რონალდუ, სავარაუდოდ ამ სეზონშივე გააუმჯობესებს.
5: ტიერი ანრი (საფრანგეთი – 2006)
თბილისში ნანახი გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მსოფლიოს 2006 წლის ვიცე-ჩემპიონი საფრანგეთია. რაიმონ დომენეკის ის ნაკრები უძლიერესი იყო და ეს ევრო 2008ის შესარჩევის სტარტზეც დაამტკიცა, როცა მსოფლიოს ჩემპიონი იტალია 3:1 დაამარცხა.
ტიერი ანრის იმ საფრანგეთმა თბილისში 2006 წლის 2 სექტემბერს ითამაშა და კლაუს ტოპმიოლერის საქართველოს შანსი არ დაუტოვა – 3:0.
ლონდონის არსენალის სუპერვარსკვლავმა გრიგოლ ჭანტურიას კარში გოლი ვერ შეაგდო, მაგრამ იმ დღეს ბრწყინვალედ, უნაკლოდ ითამაშა! ნათქვამის დასტურად იმასაც შეგახსენებთ, რომ ტოპმიოლერმა ანრის წინააღმდეგ გამწესებული კახა ალადაშვილი 37ე წუთზე შეცვალა…
სხვა რა ვთქვა? ანრი ელეგანტური მოთამაშე გახლდათ, ბარსელონაში გადასულმა კი დიდი ხნის ოცნება აისრულა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
4: ჩავი (ესპანეთი – 2012)
2012 წლის 11 სექტემბერს საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი მსოფლიოს და ევროპის ორგზის მოქმედი ჩემპიონი გახლდათ. თბილისში სტუმრობამდე სამი თვით ადრე ესპანელებმა ევროჩეპიონატის ფინალში 4:0 გაანადგურეს იტალია, საქართველოს კი მატჩის ბოლოს გატანილი ერთადერთი ბურთით სძლიეს…
ჩავი იმ დიდი ნაკრების სული და გული გახლდათ. ქვეყნის პირველ გუნდში გატარებული ზღაპრული წლების მხარდამხარ კი ეს ტანმორჩილი ნახევარმცველი ბარსელონაში ბრწყინავდა, სადაც 767 ოფიციალურ მატჩში 85 გოლი შეაგდო. ჩავიმ ბარსა 2015 წელს დატოვა, თბილისში გათამაშებული ევროპის სუპერთასამდე რამდენიმე თვით ადრე…
ტანმორჩილი, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ნახევარმცველი დღეს კატარში მუშაობს და ალ სადთან ერთად რამდენიმე ტიტულიც მოიგო.
2008 წელს, როცა ესპანეთმა 44წლიანი შესვენების შემდეგ მოიგო პირველი ტურნირი – ევროპის ჩემპიონატი, ჩავი კონტინენტის პირველობის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
3: ანდრეს ინიესტა (ესპანეთი – 2012, ბარსელონა – 2015)
ეს დიდებული ფეხბურთელი დინამო არენას ნაკრებშიც ესტუმრა და კლუბშიც. მან ორივე შემთხვევაში მოგებულმა დატოვა ეროვნული სტადიონი.
ჩავისთან ერთად ის დაუმარცხებელი ესპანეთის ნაკრების და ბარსელონის ლიდერი გახლდათ, უფროსი ასაკის ჟურნალისტებს რომ დავესესხო: ტყავის ბურთის ჭეშმარიტი დიდოსტატი.
თბილისში პირველ სტუმრობამდე რამდენიმე თვით, ევრო 2012ზე, ინიესტა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
36 წლის ნახევარმცველი დღეს იაპონიის ჯეი-ლიგაში თამაშობს, ესპანური ფეხბურთის ისტორიაში კი ყველაზე ტიტულიანი მოთამაშეა: 30 ჯილდო ბარსელონას მაისურით მოიგო, 3 თასი კი ნაკრებში შემართა!
აქვე იმასაც გეტყვით, რომ 2009-2017 წლებში ფიფამ ინიესტა ზედიზედ ცხრაჯერ დაასახელა მსოფლიო წლის ნაკრებში!
2: პაოლო მალდინი (იტალია – 1997, 2001)
ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი მარცხენა მცველი და ზოგადად, უკანახაზელი; სამაგალითო კაპიტანი; მილანის უამრავი რეკორდის მფლობელი; ყველა საკლუბო ტიტულის მომგები… ერთი სიტყვით, იტალიური ფეხბურთის დიმიტრი გელოვანი.
მალდინი საქართველოს დედაქალაქს პირველად 1997 წლის 10 სექტემბერს ეწვია (0:0), მეორედ კი კორეა-იაპონია 2002ის საკვალიფიკაციოში – 2:1. ორივე შემთხვევაში ის სკუადრა აძურას კაპიტანი გახლდათ.
წლების შემდეგ, დიდი ავიაციიდან წასვლის შემდეგ, მან კიდევ ორჯერ ითამაშა ეროვნულზე: 2013 წელს კახი კალაძის გამოსათხოვარ მატჩში და ოთხი წლის შემდეგ, საქველმოქმედო შეხვედრაში.
ასეთ ფეხბურთელზე ორი სიტყვით ვერ შემოიფარგლები – მალდინი ლეგენდაა!
1: ლეო მესი (ბარსელონა – 2015)
ბედნიერებაა როცა ფეხბურთი გიყვარს, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე კი შენი კლუბის ლიდერია!
2006-21 წლების ბარსელონა ეს, პირველ რიგში, ლეო მესის ბარსელონაა და მერე სხვა დანარჩენისა, ამ კლუბის მაისურით ნანახი მართლა უდიდესი მოთამაშეების უდიდესი პატივისცემის მიუხედავად.
იმ ქართველ გულშემატკივრებს კი, რომლებიც 2015 წლის 11 აგვისტოს ეროვნულის ტრიბუნებზე ისხდნენ, ჩემი პატივისცემა – ზაფხულის იმ დაუვიწყარ საღამოს მათ ზღაპრული ფეხბურთი და უნაკლო არგენტინელი იხილეს!
2015 წლის 11 აგვისტოს დინამო არენაზე ევროპის სუპერთასის ისტორიაში საუკეთესო მატჩი გათამაშდა – ბარსელონამ 5:4 სძლია სევილიას, კატალონიელთა არგენტინელმა ათიანმა კი ორი დიდებული გოლი გაიტანა.
მას შემდეგ ექვსი წელიწადი გავიდა და მესის ზღაპარი გრძელდება, თუმცა ახლა უკვე პარიზული გრანდის მაისურით. გულდასაწყვეტია, რომ დიადმა არგენტინელმა ბარსელონა ბანალური მიზეზის გამო დატოვა და მსოფლიო მოდის დედაქალაქში გადაბარგდა…
ერთ რამეში ღრმად ვარ დარწმუნებული: წლების შემდეგ, როცა კიდევ შევადგენ სხვადასხვა სახის სიმბოლურ გუნდებს, არგენტინელი ათიანი კვლავ რჩეულთა შორის იქნება.
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთი)
მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი…
ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული…
ევროპის სუპერთასის მფლობელი…
საკონტინენტთაშორისო თასის ტრიუმფატორი…
ესპანეთის პრიმერადივიზიონის ორგზის პირველადგილოსანი…
ვისენტე დელ ბოსკე ყველაფრის მომგებ ესპანეთის ნაკრებს 2012 წლის შემოდგომით ჩამოუძღვა თბილისში. ეს ლეგენდარული სპეციალისტი სხვადასხვა ვერსიით თერთმეტჯერ დასახელდა წლის მწვრთნელად და რა გასაკვირია, რომ საოცნებო მწვრთნელად ის დავასახელე?!
მადრიდის რეალს გალაქტიკო მის პერიოდში შეარქვეს – რონალდოს, ზინედინ ზიდანის, ლუიშ ფიგუს, დევიდ ბექემის, რობერტო კარლოსის, რაულის, ფერნანდო მორიენტესის, ფერნანდო იეროს და სხვა არაერთ ვარსკვლავს დელ ბოსკე მშვიდად და ჭკვიანურად წვრთნიდა. ხოლო ის, რომ 70-80იან წლებში კოლორიტული ესპანელი რეალის ფეხბურთელიც გახლდათ, სხვადასხვა ცნობარებიდან გეცოდინებათ.
სხვათა შორის, სენიორ ვისენტე თბილისს პირველად სწორედ რეალის მოთამაშის რანგში ესტუმრა. ეს 1981 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა მანუჩარ და გოჩა მაჩაიძეებით გაძლიერებულმა მოსკოვის სპარტაკმა საქართველოში უმასპინძლა სამეფო კლუბს…
* * *
სულ ბოლოს კი უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ორმოცდაათეულის გამო კრიტიკის ქარ-ცეცხლი დამატეხეს იმ ვარსკვლავებმა, რომლებიც სიაში ვერ მოხვდნენ.
ელვა-დეპეშით, ფაქსით, პეიჯერით, ტვიტერით, ინსტაგრამით, ფეისბუქით, მტრედით და ყველა შესაძლო საშუალებით, ასევე ახლობელ-მეგობრების პირით მისაყვედურეს:
ანჯელო პერუციმ, ჩირო ფერარამ, დინო ბაჯომ, ჯანლუკა ძამბროტამ, მაურო კამორანეზიმ, ანტონიო დი ნატალემ, ლუკა ტონიმ და ჯორჯო კიელინიმ იტალიიდან…
ანდრეას კეპკემ, იურგენ კოლერმა, შტეფან როიტერმა, ანდრეას მიოლერმა, მარიო ბასლერმა, ლუკას პოდოლსკიმ, მარკო როისმა და მარკ ანდრე ტერ შტეგენმა გერმანიიდან…
სოლ კემპბელმა, დევიდ სიმენმა, ტედი შერინგემმა, იან რაიტმა, ლეს ფერდინანდმა და პოლ ინსმა ინგლისიდან…
ვილიამ გალასმა, ერიკ აბიდალმა, ფლორენ მალუდამ, სილვენ ვილტორმა, უგო ლორისმა, სამირ ნასრიმ და ოლივიე ჟირუმ საფრანგეთიდან…
რობერტო სოლდადომ და ხოსე ანტონიო რეიესმა ესპანეთიდან…
ტრიფონ ივანოვმა, ემილ კოსტადინოვმა, იორდან ლეჩკოვმა, ნასკო სირაკოვმა, კრასიმირ ბალაკოვმა, ლუბოსლავ პენევმა და დიმიტარ ბერბატოვმა ბულგარეთიდან…
რუშთუ რექბერმა, ილდირაი ბაშთურქმა, ძმებმა ჰალილ და ჰამიტ ალტინტოპებმა, თუგაი ქერიმოღლუმ თურქეთიდან…
კრისტიან კივუმ, დორინელ მუნტეანუმ და ადრიან ილიემ რუმინეთიდან…
თეოდოროს ზაგორაკისმა, ანგელოს ხარისტეასმა და გიორგოს კარაგუნისმა საბერძნეთიდან…
შეი გივენმა, ჯონ ოშიმ, დემიენ დაფმა და რობი კინმა ირლანდიიდან…
რონი იონსენმა, სტეფან ივერსენმა, ერიკ მიუკლანდმა და ტორე ანდრო ფლომ ნორვეგიიდან…
ბრანისლავ ივანოვიჩმა, ნემანია მატიჩმა და დუშან ტადიჩმა სერბეთიდან…
თომას გრავესენმა და იონ დალ ტომასონმა დანიიდან…
ნევილ საუთჰოლმა და მარკ ჰიუზმა უელსიდან…
ანატოლი ტიმოშჩუკმა და სერგეი რებროვმა უკრაინიდან…
ალექსანდრ ფრაიმ და შტეფან შაპუიზამ შვეიცარიიდან…
ივან პერიშიჩმა და დარიო სრნამ ხორვატიიდან…
ვოიცეხ შჩესნიმ პოლონეთიდან…
დარენ ფლეტჩერმა შოტლანდიიდან…
სულ ბოლოს რობერტო კარლოსიც შემეხმიანა, თუმცა მივწერე, რომ ბათუმში გამართული მატჩები სათვალავში არ მიიღებოდა და მეტი აღარ მოუწერია.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 22 აგვისტო)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია