ჯომოლუნგმა (I ნაწილი)

1953 წლის 29 მაისი, 11:30 საათი.
დედამიწის უმაღლესი მწვერვალი ჯომოლუნგმა პირველად დანებდა ადამიანს – მეთერთმეტე ბრიტანული ექსპედიციის წევრმა, ახალზელანდიელმა ედმუნდ ჰილარიმ და შერპა თენზინგ ნორგეიმ მსოფლიოს „სახურავიდან“ – 8848 მეტრიდან გადმოხედეს!
მოგვიანებით, მშვიდობით დაბრუნების შემდეგ, ინგლისელ ჟურნალისტს, კითხვაზე თუ რა განიცადა მწვერვალზე შედგომისას, ედმუნდ ჰილარი ეტყვის: „როგორ გითხრათ, ეს იყო უდიდესი შვება. იმ წამს მხოლოდ ის მიხაროდა, რომ აღარ მჭირდებოდა ზევით სვლა და ყინულში საფეხურების გაჭრა. მანამდე არაერთხელ გვეგონა, რომ პიკს ვუწიეთ, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩვენ წინ თოვლის ახალი მასა წამოიმართებოდა და ეს ძალიან გვღლიდა“.

ედმუნდ ჰილარი და თენზინგ ნორგეი მწვერვალზე დიდხანს არ გაჩერდნენ: პირველი ირგვლივ ყველაფერს ფოტოფირზე იღებდა, ნორგეიმ კი თოვლში ჩარჭობილ წერაყინზე თანმიმდევრულად ააფრიალა გაერთიანებული ერების, დიდი ბრიტანეთის, ნეპალის და ინდოეთის დროშები. შემდეგ თენზინგმა პატარა ორმო ამოთხარა და ცის მბრძანებელს ტკბილეული შესწირა, მერე კი ქალიშვილის თხოვნაც შეასრულა – იმავე ორმოში ფერადი ფანქრები ჩაყარა. ჰილარიმ ნორგეის ექსპედიციის ხელმძღვანელის, ჯონ ჰანტის გამოტანებული შავი ნაჭრით შეკერილი თეთრთვალება ფისუნია გაუწოდა. სათამაშოც იქვე დატოვეს…

უკანასკნელ, მეცხრე, ყველაზე მაღლა, 7 890 მეტრზე მოწყობილ ბანაკში ჰილარის და ნორგეის ექსპედიციის ნაცადი წევრები, ახალზელანდიელი ჯორჯ ლოუ, ინგლისელი უილფრიდ ნოისი და შერპა პაზანგი დახვდნენ, ძირითადი შემადგენლობა კი მათ მეოთხე ბანაკში ელოდათ. ყველა ერთად დაეშვა: „ყველა ჩვენთან შესახვედრად გამოეშურა – აინტერესებდათ, მივაღწიეთ თუ არა მიზანს. თავდაპირველად არაფერი ვაგრძნობინეთ, მაგრამ დაახლოებით 50 მეტრზე რომ მოგვიახლოვდნენ, ლოუმ ვეღარ მოითმინა და მარჯვენა ხელის ცერი შემართა, მეორეთი კი, რომელშიც წერაყინი ეჭირა, მწვერვალისკენ მიუთითა. ისეთი ამბავი ატყდა, მგონი, მსგავსი ჟრიამული მთელ ჰიმალაის არ უნახავს – ყველა ჩვენსკენ მორბოდა და გვეხვეოდა“! – იხსენებს თენზინგ ნორგეი.

ექსპედიციის წარმატების შესახებ გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში ახალგაზრდა ელიზაბეტ IIის ტახტზე ასვლის დღეს, 2 ივნისს გაიგეს, ნისლიანი ალბიონიდან კი ეს ამბავი მთელ მსოფლიოს მოედო.

6 ივნისს, ლონდონში ჩასული ედმუნდ ჰილარი და ექსპედიციის მეთაური ჯონ ჰანტი დედოფალმა რაინდად აკურთხა და ბრიტანეთის იმპერიის მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა, თენზინგ ნორგეის კი, ვისაც ინდოეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ჯავარჰალალ ნერუმ პირადად აუკრძალა რაინდის ტიტულის მიღება, ხელისუფლებისგან წმინდა გიორგის მედალი ერგო. სამივე მათგანი და ისტორიული ექსპედიციის კიდევ 34 წევრი ელიზაბეტ IIის კორონაციის მედლითაც დაჯილდოვდა.

და მაინც, ვინ იყო პირველი: ედმუნდ ჰილარი თუ თენზინგ ნორგეი?

ვინ დადგა პირველად ჯომოლუნგმას პიკზე?

პირველამსვლელებს ეს კითხვა უაზრობად მიაჩნდათ და მხოლოდ ეღიმებოდათ, მაგრამ ჟურნალისტები არ ცხრებოდნენ. მათ ძალიან აინტერესებდათ და ვერაფრით გაეგოთ, თუ რატომ გადაუღო ჰილარიმ ნორგეის მწვერვალზე ფოტო და თავად რატომ იუარა. ვიღაცამ თქვა, რომ ძალაგამოცლილი ახალზელანდიელი შერპამ ზურგზემოკიდებული აიყვანა მწვერვალზე, მეორემ სხვა ვერსიაზე დაწერა, მესამე კიდევ თავისას ამბობდა…

ეს მითქმა-მოთქმა პირველად ნორგეის მობეზრდა და წლების შემდეგ თქვა: „მწვერვალამდე რამდენიმე მეტრი იყო დარჩენილი, როცა მე და ჰილარი შევჩერდით. ჩვენ ათმეტრიანი თოკი გვაერთიანებდა, ოღონდ თოკის დიდი ნაწილი ხელზე მქონდა დახვეული, ანუ ჩვენ შორის მანძილი დაახლოებით ორი მეტრი იყო. იმ წუთებში არ ვფიქრობდი, თუ ვინ იქნებოდა პირველი, გინდა თუ არა, ჯერ მე ავალ-მეთქი… ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდით წინ და სულ ბოლოს, როცა მწვერვალს ვუწიეთ, ჰილარიმ პირველმა შედგა ფეხი. წამდენიმე წამში მას მეც მივყევი“.

მას შემდეგ 68 წელიწადი გავიდა. დღეს ლეგენდარული წყვილიდან, რომელიც ბრიტანულმა ჟურნალმა TIME მეოცე საუკუნის ას ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთა შორის დაასახელა, არცერთია ცოცხალი.

თენზინგ ნორგეი 1986 წლის 9 მაისს, 71 წლისა, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ინდოეთის ქალაქ დარჯეელინგში გარდაიცვალა. 2003 წელს, ჯომოლუნგმას პირველად დალაშქვრის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი ერთ-ერთი ვაჟი ჯამლინგი (ნორგეის სამი ცოლისგან შვიდი შვილი ჰყავდა) ედმუნდ ჰილარის ვაჟთან, პეტერთან ერთად ავიდა მწვერვალზე. რამდენიმე წლით ადრე მსოფლიოს სახურავს ნორგეის უფროსმა შვილიშვილმა, ტაში თენზინგმაც უწია…

სერ ედმუნდ ჰილარი მწვერვალზე ასვლიდან 55 წლის შემდეგ, 2008 წლის 11 იანვარს, ოკლენდში გარდაიცვალა. ის იყო პირველი, რომელმაც დედამიწის უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო და ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებსაც მიაღწია.

„მისი გარდაცვალება ახალი ზელანდიისთვის აუნაზღაურებელი დანაკლისია“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰელენ კლარკმა სამოქალაქო პანაშვიდზე. იმ დღეებში ახალი ზელანდიის ყველა საჯარო შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს…

2008 წელს ნეპალის ხელისუფლებამ გარდაცვლილი პირველამსვლელების სახელი უკვდავჰყო: ქალაქ ლუკლას აეროპორტს სერ ედმუნდ ჰილარის და თენზინგ ნორგეის სახელი მიანიჭა. იმავე წელს ახალი ზელანდიის ეროვნულმა ბანკმა ოქროს ათდოლარიანი და ვერცხლის ერთდოლარიანი მონეტა მოჭრა ავერსზე ჰილარის გამოსახულებით. ყველაზე ცნობილი ახალზელანდიელი ქვეყნის სიმბოლოს – კივის და ევერესტის ფონზეა გამოსახული, ირგვლივ კი წარწერაა: A Lifetime of Achievement – მთელი ცხოვრება-მიღწევები…

* * *

XIX საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალად 8 167 მეტრზე აზიდული დჰაულაგირი მიაჩნდათ, მოგვიანებით კი ასეთად კანჩენჯანღას – 8 586 – თვლიდნენ.

მხოლოდ 1852 წელს დადგინდა, რომ დედამიწის უმაღლესი მწვერვალი იყო პიკი XV. ეს ამბავი ძალიან უცნაურად გადაწყდა: ინდოეთის გეოდეზიური სამსახურის რიგითმა თანამშრომელმა რადხანატ სიკდარმა ფურცელზე გამოიანგარიშა მწვერვალის სავარაუდო სიმაღლე და თვალებს არ დაუჯერა! მიღებული რიცხვი რამდენჯერმე გადაამოწმა, მერე კი აღელვებული უფროსთან, ინგლისელ ენდრიუ ვოუსთან გავარდა: „სერ, პიკი XV დედამიწის უმაღლესი მწვერვალია“!

ასე გაჩნდა რუკებზე… გაურიზანკარი.

რატომ გაურიზანკარი? იმიტომ, რომ უმაღლეს მწვერვალად შეცდომით მიიჩნიეს პიკი XVდან 58 კილომეტრით დაშორებული გაურიზანკარი, რომლის სიმაღლე „მხოლოდ“ 7 145 მეტრია. უზუსტობა რამდენიმე წელიწადში, ხელმეორე შემოწმების შემდეგ გასწორდა და სწორედ მაშინ დადგინდა მწვერვალის სავარაუდო სიმაღლე – 8 839 მეტრი.

ენდრიუ ვოუს ინიციატივით, მთას სერ ჯორჯ ევერესტის სახელი მიენიჭა, იმ ინგლისელისა, ვინც 1830-43 წლებში, ვოუმდე ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის ინდოეთის გეოდეზიურ სამსახურს.

დღეს დედამიწის სახურავს ევროპაში, ამერიკასა და ოკეანეთის ქვეყნებში ევერესტს უწოდებენ, ტიბეტის და აზიის ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობა – მას ჯომოლუნგმად მოიხსენიებს (ქართულად – სიცოცხლის ქალღმერთი, ქვეყნის დედა), ნეპალელთათვის კი მისი სახელწოდებაა საგარმატჰა, რაც დაახლოებით ღმერთების დედად, ზღვის სახებად, ცის მბრძანებლად ითარგმნება.

1950 წელს ინდოელმა ტოპოგრაფებმა ხელახლა გამოიანგარიშეს ჯომოლუნგმას სიმაღლე – 8 848 მეტრი.

1975 წელს, ჩინელთა ექსპედიციის შემდეგ, ეს მონაცემი შეიცვალა: 8 848 მეტრი და 13 სანტიმეტრი.

1998 წელს, ამერიკელებმა ჯიპიეს აპარატურის გამოყენებით განაცხადეს, რომ ჯომოლუნგმა 8 850 მეტრია, იტალიელი გეოლოგი არდიტო დეზიო კი მოგვიანებით უფრო შორს წავიდა – 8 872,5 მეტრი.

2010 წლის 8 აპრილიდან მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთის ოფიციალური სიმაღლე ზღვის დონიდან 8 848 მეტრია.

* * *

პირველი, ვინც ჯომოლუნგმას დასაპყრობად ემზადებოდა, ინგლისელი მწერალი, მთამსვლელი და სამხედრო მოსამსახურე ჩარლზ ბრიუსი გახლდათ. ის ჯერ კიდევ შორეულ 1893 წელს გეგმავდა ასვლას, 1907 წლისთვის თითქმის მზად ჰქონდა ექსპედიცია, მაგრამ ტიბეტის და ნეპალის ხელისუფლებამ (ჯომოლუნგმა სწორედ მათ საზღვარზეა აზიდული) ქვეყნის საზღვრები უცხოელთათვის დახურა და ინგლისელის ოცნებაც თოვლივით დადნა.

ტიბეტში უცხოელთაგან პირველად ინგლისელები შეუშვეს. ეს 1921 წელს მოხდა. ინგლისის მთამსვლელთა კლუბის და სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების ბაზაზე შექმნილი ევერესტის კომიტეტის მესვეურები რამდენიმე წლის მანძილზე ცდილობდნენ მწვერვალზე ლაშქრობის უფლების მოპოვებას და ბოლოს მიზანსაც უწიეს – ტიბეტის მმართველმა დალაი-ლამამ მათ მწვანე შუქი აუნთო. ექსპედიცია, რომელსაც პოლკოვნიკი ჩარლზ ჰოვარდ ბერი მეთაურობდა, მხოლოდ დაზვერვით შემოიფარგლა: რამდენიმე თვე დაჰყო რაიონში და ჩრდილოეთ უნაგირაზე, იგივე ჩანგლას უღელტეხილზე – 6 985 მეტრი – ააღწია.

ერთი წლის შემდეგ ჰიმალაებში ინგლისელთა მეორე ჯგუფი გამოჩნდა, რომელსაც გენერლის ჩინმოპოვებული ჩარლზ ბრიუსი მეთაურობდა. ამ ექსპედიციის წევრებმა ჯორჯ მელორიმ, ფელიქს ნორტონმა და ჰოვარდ სიმერვილმა 1922 წლის 22 მაისს მაგიურ რვა ათას მეტრიან ზღვარს გადააბიჯეს, თან ჟანგბადის ბალონების გარეშე და 8 170 მეტრზე ავიდნენ, თუმცა მეტი ვეღარ შეძლეს.

მეორე იერიში ჯორჯ ფინჩის ჯგუფმა წამოიწყო: რამდენიმე დღეში მან და ექსპედიციის მეთაურის ძმისშვილმა, კაპიტანმა ჯეფრი ბრიუსმა რეკორდი გააუმჯობესეს – ჟანგბადის ბალონების დახმარებით 8 326 მეტრზე ავიდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ ბრიუსი გამოიფიტა, ორივე დაეშვა.

გენერალმა ბრიუსმა საბოლოო იერიში რამდენიმე დღით გადადო, თუმცა მთამსვლელებს მწვერვალისთვის იმ წელს აღარ შეუტევიათ: 7 ივნისს ჩრდილოეთ უნაგირაზე მომწყდარმა უშველებელმა ზვავმა შვიდი შერპა იმსხვერპლა – ნორბუ, ლჰაკპა, პასანგი, პემა, სანგე, დორჯე და ტემბა უგზოუკვლოდ დაიკარგნენ. ამით ჯომოლუნგმას მსხვერპლთა ათვლა დაიწყო.

1924 წელს ბრიტანელები უკეთ მოემზადნენ და კვლავ გაიწიეს მწვერვალისკენ, კვლავ ჩარლზ ბრიუსის მეთაურობით, მაგრამ არაერთი მცდელობის მიუხედავად, კუნძულელებს კვლავ ხელი მოეცარათ.

„ეს უფრო ომს ემსგავსება, ვიდრე ასვლას“, – ექსპედიციის ერთ-ერთმა გამოცდილმა წევრმა ჯორჯ მელორიმ ეს სიტყვები მეუღლეს ჯომოლუნგმაზე გამგზავრებამდე მისწერა.

მელორი ინგლისში ვეღარ დაბრუნდა – მეწყვილე ენდრიუ ირვინთან ერთად დაახლოებით 8 600 მეტრ სიმაღლეზე უკვალოდ გაქრა. მელორი და ირვინი ჯომოლუნგმას კალთებზე სამუდამოდ დარჩენილი პირველი უცხოელები გახდნენ.

მათ ივნისის დასაწყისში დაიწყეს მწვერვალისკენ სვლა. მათთან ერთად იყო ნოელ ოდელი, თუმცა თავი ცუდად იგრძნო და საბოლოო იერიშზე ხელი აიღო – ის მეგობრებს 8 270 მეტრზე გაჭრილი მეექვსე ბანაკიდან, დურბინდით ადევნებდა თვალს. 8 ივნისს, როცა ღრუბელი ოდნავ გაიფანტა, მან დაახლოებით 8 600 მეტრზე ორი მოძრავი წერტილი დაინახა. ეს იყო და ეს – ამის შემდეგ მთამსვლელები აღარავის უნახავს.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელთა 1924 წლის ექსპედიციამ მიზანს ვერ მიაღწია და თან, ოთხი წევრიც დაკარგა (მელორის და ირვინის დაღუპვამდე 25 მაისს შერპა მან ბაჰადური გარდაიცვალა, 13 მაისს კი პუნ შამშერი), მას მაინც უდიდესი გამოხმაურება ჰპოვა. მიზეზი მარტივი იყო – ექსპედიციის მონაწილეები ყველა დანარჩენ რვაათასიანზე მაღლა ავიდნენ! ამის გამო შამონის ოლიმპიურ თამაშებზე უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს და ექსპედიციის ხელმძღვანელი ჩარლზ ბრიუსი ოლიმპიური მედლით დააჯილდოვეს.

1933 წლამდე მსოფლიოს უმაღლესი მთის კალთებზე აღარავინ გამოჩენილა, თუმცა ევერესტის დაპყრობაზე მეოცნებე ბრიტანელებს დრო უქმად არ დაუკარგავთ: არაერთი ეჭვობდა, რომ მელორიმ და ირვინმა მწვერვალი დაიპყრეს და ასვლისას კი არა, დაშვებისას დაიღუპნენ. ამბავი, რომელიც „ჯორჯ მელორის ასვლის საიდუმლოდ“ მოინათლა, უამრავ პასუხს ითხოვდა, მაგრამ საამისოდ, პირველ რიგში, მწვერვალზე ასვლა და ცხედრების მოძებნა იყო საჭირო – სხვა თუ არაფერი, მელორის ხომ თან ჰქონდა კოდაკის ფოტოაპარატი!

„მწვერვალთან ახლოს ცხედარი ვნახე. მგონი, ძველი ინგლისელი მთამსვლელი იყო“, – თქვა ბანაკში დაბრუნებულმა ვან ჰონ ბაომ, თუმცა ჩინელი ალპინისტის სიტყვებისთვის მაშინ, 1975 წელს, ყურადღება ბევრს არ მიუქცევია. მელორის და ირვინის ცხედრების ძებნა კი ყოველი ბრიტანული ექსპედიციისას გრძელდებოდა. დროის სვლასთან ერთად „ჯორჯ მელორის საიდუმლო“ მეტ ადამიანს იზიდავდა.

მაგალითად, ამერიკელი მკვლევარი ტომას ჰოლცელი თვლიდა, რომ მელორი მწვერვალზე ირვინის გარეშე ავიდა, რადგან ამ უკანასკნელს სვლა აღარ შეეძლო, მერე კი, დაშვებისას, ის სავარაუდოდ ქარბუქში მოყვა ან ზვავმა ჩაიტანა, მელორის კი მწვერვალის კალთებზე დაუღამდა და გაიყინა. ჰოლცელმა ამ თემას კვლევაც მიუძღვნა, რომელიც ჟურნალში – Mountain Magazine – გამოაქვეყნა. წერილი ედმუნდ ჰოლარიმაც წაიკითხა, ძალიან გაბრაზდა და სტატიას გიჟის ნაბოდვარი უწოდა.

მელორის მწვერვალზე ასვლას ვარაუდობს გერმანელი მწერალი და მეკლდეური ფრიც რუდოლფიც, რომელმაც საკუთარ წიგნში „ჯომოლუნგმა და მისი შვილები“ ოდნავ განსხვავებული ვერსია შემოგვთავაზა. მელორის სასარგებლოდ საუბრობს კიდევ ერთი გერმანელი მთამსვლელი გიუნტერ ოსკარ დირენფურტი წიგნში „მესამე პოლუსი“.

„ევერესტი თავის საიდუმლოს არასდროს გაამხელს, მაგრამ მჯერა, რომ ორი მთამსვლელიდან ერთ-ერთი მწვერვალზე ავიდა“, – ეს სიტყვები 1924 წლის ექსპედიციის მონაწილემ, მელორის და ირვინის მხარდამხარ თითქმის 8 300 მეტრზე ასულმა ნოელ ოდელმა 95 წლის ასაკში, 1986 წელს თქვა. ის ერთი წლის შემდეგ, 1987 წლის 21 თებერვალს გარდაიცვალა, 12 წლის შემდეგ, 1999 წლის 1 მაისს კი მორიგი ბრიტანული ექსპედიციის წევრებმა ევერესტის კალთებზე ჯორჯ მელორის ცხედარი იპოვეს.

„ჯერ გვეგონა, რომ ირვინის ცხედარს მივადექით. ჩვენ ფრთხილად შევამოწმეთ უბრალო შალის და ბამბის ქსოვილისგან შეკერილი სამოსი, რომელიც ევერესტის მძვინვარე ქარბუქისგან სულ დაფლეთილიყო. უცბად პერანგზე დალამბული წარწერა შევამჩნიეთ – „ჯ.მელორი“. მოულოდნელობისგან შევცბით და ერთმანეთს გადავხედეთ. თითქოს ერთურთის აზრებს ვკითხულობდით, ვიფიქრეთ: რატომ უნდა სცმოდა ენდრიუ ირვინს ჯორჯ მელორის პერანგი? მისი სხეულის უმეტეს ნაწილს სამოსი შემოძარცვოდა, კანი კი გადათეთრებულიყო. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ბერძნულ თუ რომაულ მარმარილოს ქანდაკებას შევცქეროდი. მე და ჩემი მეგობრები დავყურებდით კაცს, რომელიც 75 წლის მანძილზე ევერესტს ჩაბღაუჭებოდა“… – დეივ ჰენმა მელორის ცხედარს კონრად ანკერთან, ჯეკ ნორტონთან და ტეპ რიჩარდთან ერთად მიაკვლია, მერე კი საბაზო ბანაკს რადიოკავშირით აცნობა: „ქვემოთ ეშვებოდნენ, რათა სნიკერსი და ჩაი მიერთვათ“. იქ, რამდენიმე ასეული მეტრით დაბლა, თანაგუნდელები გაგონილს ვერ იჯერებდნენ. კოდირებული სიტყვები ნიშნავდა: „ჩვენ ვიპოვეთ ჯორჯ მელორის გვამი“.

„ცხედარს არ შევეხეთ, მაგრამ წლების მანძილზე დაგროვილი კითხვები გონებას გვიმღვრევდა. ვფიქრობთ, ის ჩამოვარდა, თუმცა მისი ტრავმა სასიკვდილო არ უნდა ყოფილიყო. მელორი, ჩანს, კლდიდან მოწყდა და რაღაც მანძილზე თოვლიან ფერდობზე ისრიალა. თოკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სახელოვან წყვილს შორის ის არ გაგლეჯილა… ფოტოაპარატი? ცხედრის აღმოჩენიდან რამდენიმე წუთში ზურგჩანთები და ჟანგბადის ბალონები გვერდზე გადავდეთ და ფოტოაპარატის ძებნა დავიწყეთ, მაგრამ ამაოდ – გარშემო არავითარი კვალი არ იყო. ჩვენ დავცქეროდით მთის კაცის სხეულს და ვფიქრობდით, რომ თივის ზვინში ნემსი ვიპოვეთ“, – ინგლისში დაბრუნებულმა დეივ ჰენმა დიდი ინტერვიუ მისცა გაზეთ სანის ჟურნალისტს ჩარლზ რეის.

(პირველი ნაწილის დასასრული)

 

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 29 სექტემბერი)

ka_GEGeorgian