ზიზუ: ლეგენდის დასასრული (I)
გულშემატკივრებს ზინედინ ზიდანი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურტელად მიაჩნიათ.
სპეციალისტების აზრით, ის XX საუკუნის 90იანი წლების მიწურულის და XXI საუკუნის დასაწყისის საუკეთესო მოთამაშეა.
ფრანგები კი ამბობენ, რომ ზიზუ ეროვნული გმირია.
საფრანგეთის ერთ-ერთი უმაღლესი ორდენი მას მართლაც მიანიჭეს – 1998 წელს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საპატიო ლეგიონის წევრი, მასთან ერთად, მთელი გუნდი გახდა.
მაგრამ ეს ჯილდო, თუნდაც ფრიად დაფასებული, მაინც მეორეხარისხოვანი მგონია. მერე რა, რომ ზიდანი ძალიან ამაყობს იმ ორდენით და თვლის, რომ ეს მის კარიერაში ერთ-ერთი დიდი წარმატებაა? ჩვენთვის, ქომაგებისთვის, რეალის ნახევარმცველი ფეხბურთის დიდებულად თამაშის გამო ფასობს და არა სხვადასხვა მედლებით თუ ორდენებით.
არიან ადამიანები, რომლებიც ზიდანს სხვებს ამჯობინებენ. მავანთათვის ზინედინი სულაც არაა ისეთი ავტორიტეტი, ერთი შეხედვით რომ ჩანს, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან ცოტანი არიან ისინი, რომელთა გულის მოგება ამ ფეხბურთელმა ვერ შეძლო.
ჩემთვის ზიდანი თავის სტიქიაში უბრალოდ საოცრებაა! მისთვის ბურთის წართმევა შეუძლებელია. პასი აქვს – თქვენი მოწონებული. ფინტები? ერთი მეორეზე უკეთესი! დარტყმა? ძლიერი და მიზანიმართული.
არაფერს ვამბობ მოედნის ხედვაზე – თავის ნახევარზე მყოფს ისეთი პასის გაკეთება შეუძლია, თავდამსხმელს მეკარესთან პირისპირ დატოვებს!
გულახდილად ვიკითხავ: რა ბევრი ქება და დახასიათება უნდა ზიდანს? მის თამაშს თითქმის ყოველ კვირა ვადევნებთ თვალს და ყველანი ვრწმუნდებით, რომ უძლიერესია!
ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის წინ, როცა საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ემე ჟაკემ დავიდ ჟინოლა და ერიკ კანტონა გუნდს მიღმა დატოვა, პრესამ ძალიან გააკრიტიკა. ჟურნალისტების აზრით, ჟაკეს რჩეული ზიდანი, რომელიც იმხანად ჯერ კიდევ ბორდოში თამაშობდა, სულაც არ იყო ჩინებულ ფორმაში და არ სჯობდა ჟინოლას და კანტონას.
ამასთან დაკავშირებით ნაკრების მწვრთნელმა თქვა ის, რაც მოგვიანებით წინასწარმეტყველებად მონათლეს: „ზინედინ ზიდანი უძლიერესი ფეხბურთელია და მალე დაამტკიცებს ამას! პირადად მე სანახევროდ მზად მყოფი ზიდანი მირჩევნია საუკეთესო ფორმაში მყოფ ჟინოლას“.
ეს განცხადება ბევრმა სერიოზულად არ აღიქვა, მიიჩნიეს, რომ ჟაკემ ძალიან გადაამლაშა. მართალია ევრო 96ზე მისმა რჩეულმა დიდებულად ვერ ითამაშა, მაგრამ ინგლისში გამართული ევროპირველობის შემდეგ გუნდის სული და გული ტურინის იუვენტუსში გადაბარგდა, აი იქ კი ყველამ დაინახა, რომ ფრანგთა თავკაცი არ ტყუოდა. შესაძლოა არ დაიჯეროთ: იტალიის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა საფრანგეთის ნაკრების მომავალი ლიდერი 3,5 მილიონ ევროდ შეიძინა! დღევანდელი გადასახედიდან სასაცილო თანხაა, მაგრამ როგორც ამბობენ, სხვა დრო იყო, სხვა გაგება და სხვა ფასები…
1996-97 წლების სერია ას პირველ ნახევარში ზიდანმა ისე ითამაშა, რომ წლის ბოლოს ფრანგმა საფეხბურთო ჟურნალისტებმა ზიზუ ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად აღიაეს!
კიდევ ერთხელ უნდა მივუბრუნდე ემე ჟაკეს „წინასწარმეტყველბას“. გამჭრიახი სპეციალისტის სიტყვები ორ წელიწადში ახდა – საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე ზიზუ დიდებული იყო, განსაკუთრებით დასკვით ეტაპზე და სამართლიანად იქცა ჩემპიონატის მშვენებად. ფინალში შეგდებულ თავურ გოლებზე კი მოგვიანებით.
ახლა კი იოჰან კრუიფის სიტყვებს შემოგთავაზებთ: „იმას, რასაც ზიდანი ახერხებს ბურთით, მარადონა ფორთოხლით აკეთებდა“.
ადვილი მისახვერია, რომ ამ სიტყვების წარმოთქმისას დიდებული ჰოლანდიელი სულაც არ იყო ზიდანით მოხიბლული, მაგრამ როცა ამას ამბობდა, 1997 წელი იდგა და ჯერ კიდევ ადრე იყო ფრანგის ბრწყინვალებაზე და სიდიადეზე საუბარი.
აი ზუსტად ხუთი წლის შემდეგ კი, 2002 წლის გაზაფხულზე, გლაზგოში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ იმავე კრუიფმა თქვა: „ზიზუ ბრწყინვალე ფეხბურთელია! ის ყველაზე კაშკაშა თანამედროვე ვარსკვლავია და ალბათ, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეც“!
როგორც ჩანს, მრავლისმნახველმა იოჰანმა აზრი შეიცვალა. ეჭვგარეშეა, ამაში მას იმ ფინალში რეალის მეხუთე ნომრის მიერ ლევერკუზენის ბაიერის კარში შეგდებული ფანტასტიკური ბურთიც დაეხმარებოდა…
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ლიდერი ფრანგი არაა.
ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის წინ, როცა ქვეყანაში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა, გამარჯვებისთვის სხვებთან ერთად იბრძოდა ჟან-მარი ლე პენი, კაცი, რომელმაც მიუღებელი იდეების გამო მილიონობით ადამიანი საგონებელში ჩააგდო. ის ამბობდა, რომ დრო იყო საფრანგეთი სხვა ხალხისგან გათავისუფლებულიყო. საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას რამდენჯერმე ისიც კი თქვა, რომ ნაკრებში მხოლოდ ფრანგებს უნდა ეთამაშათ.
ლე პენი რომ ყოფილიყო მთავრობაში, ფრანგები იმ ევროპის ჩემპიონატს, დიდი ალბათობით, ვერც მოიგებდნენ – როჟე ლემერის იმ გუნდში ნაღდი ფრანგი მხოლოდ ემანუელ პეტი, ფაბიენ ბარტეზი (ეს ძირითადი შემადგენლობის ხალხი) და კიდევ ორი-სამი მოთამაშე იყო.
პრეზიდენტობის კანდიდატის მოწოდებებს ბევრი დაუპირისპირდა, „ნაღდმა ფრანგმა“ ემანუელ პეტიმ კი ლე პენს უვიცი და გიჟი უწოდა.
„კიდევ კარგი მისნაირი ადამიანები ბევრნი არ არიან, ჩვენ კი, საბედნიეროდ, დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყველა მოქალაქის უფლება დაცულია! წამით თუ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა, ნაკრებიდან ზიდანი, ვიეირა, დესაი, ლიზარაზუ, ანრი, ტრეზეგე, ტურამი, დეშამი და სხვა ვარსკვლავები რომ გაგვეშვა?! ეს ხომ ჩვენი ფეხბურთის კატასტროფა იქნებოდა“! – ემოციებს ვერც ლონდონის არსენალის თავკაცი არსენ ვენგერი მალავდა.
საბედნიეროდ, ფრანგმა ხალხმა ლე პენს და მის გიჟურ მოწოდებებს ზურგი აქცია და ნაკრებიც „გადარჩა“ – სამფეროვნებმა ბელგია-ჰოლანდიაში გამართულ ევროპირველობაზე ყველა ვარსკვლავი იახლეს და ორი წლით ადრე მოგებულ ფიფას ოქროს თასთან ერთად ფედერაციის ოფისში ანრი დელონეს სახელობის ჯილდოც გამოფინეს.
და ზიზუ? ის ევრო 2000ის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
…მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის წინ ადიდასმა მორიგი სარეკლამო რგოლი გადაიღო. მარსელში, შელახული სახლის ფონზე ზიდანი ადიდასის ბურთით დგას და დაახლოებით ამას ამბობს: „ყველანი საიდანღაც მოვდივართ“.
იმ დროს ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახლდათ – რეალთან გაფორმებულ ზღაპრულ კონტრაქტზე რომ არაფერი ვთქვა, იმავე ადიდასისგან, ვისი ერთ-ერთი სახეც გახლდათ, წელიწადში მილიონნახევარ ევროს იღებდა.
არადა წლების წინ, როცა ჯერ კიდევ ოცნებობდა დიდ ფეხბურთზე, მისი ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა და ხსენებულ სარეკლამო რგოლში გადაღებული სახლიც გარკვეულწილად წააგავდა მათ საცხოვრებელს.
ზიდანები საფრანგეთში გასული საუკუნის შუა წლებში დასახლდნენ. რეალის ვარსკვლავის წინაპრები წარმოშობით ალჟირელი ბერბერები არიან, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ზიზუ ხმამაღლა ამბობს: „საფრანგეთი ჩემი ერთადერთი სამშობლოა. ამ ქვეყანაში დავიბადე, გავიზარდე და საფრანგეთმა მომცა ყველაფერი, რაც გამაჩნია. მე ფრანგი ვარ“!
საერთოდ, წარმომავლობაზე საუბარი არ უყვარს. არც რელიგიაზე. არადა ქრისტიანი არაბის შვილს ხშირად ეკითხებოდნენ რატომ არ იყო ისლამის მიმდევარი.
ზიზუს ბავშვობაზე საუბარი უფრო სიამოვნებს, რომელიც ტკბილად აგონდება: 1972 წლის 23 ივლისს, მარსელში, ისმაილ და მალიკა ზიდანების ოჯახში დაიბადა ბიჭი, რომელიც 26 წლისა საფრანგეთის ერთ-ერთი უმაღლესი ორდენით დააჯილდოვეს.
თუმცა მაშინ, ზღვისპირა ქალაქში პატარას მომავალზე არავინ არაფერი იცოდა. ბავშვობა ზიდანმა მარსელში გაატარა, იქ შეიყვარა მზე, ზღვა და ფეხბურთი. უბანში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ და რომელსაც ძველ პორტად მოიხსენიებდნენ, ფეხბურთს დილიდან საღამომდე თამაშობდნენ. დროგამოშვებით ღამითაც.
ზინედინი ოჯახში მეოთხე ბავშვი იყო: და ლილა და ძმები ფარიდი და ნურედინი მასზე უფროსები არიან. პატარას შინ ყველა იაზიდს ეძახდა. მშობლები და და-ძმა ვარსკვლავს ახლაც ასე მიმართავენ, თუმცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ზიდანთაგან ყველაზე სახელოვანი მხოლოდ და მხოლოდ ზინედინია.
მიუხედავად იმისა, რომ დედ-მამას ხელგაშლილად არ უცხოვრია, ბავშვობა მაინც ბედნიერი იყო – მზე მისთვის ანათებდა, ზღვა მისთვის ლივლივებდა, ბურთი და მოედანი კი მისი სამეგობროსი იყო. ბედნიერებისთვის კი, მგონი, მეტი არაფერია საჭირო.
თუ ზიზუს დედას ვენდობით, ზინედინი დიდი ონავარი ვინმე ყოფილა – მის თამაშს ტელევიზორი, რამდენიმე ფანჯარა და ორი ჭაღი შეეწირა.
ისმაილ ზიდანი შვილთან ურთიერთობაზე ასეთი აზრის გახლდათ: „სჯობს მამამ შვილს სიტყვით აუხსნას, რა არის კარგი და რა – ცუდი“. რა შედეგი მოიტანა მამის შეგონებამ, თავადაც ხედავთ – ზინედინი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა, მშობლებს კი, დამსხვრეული ავეჯის და სხვა ნივთების სანაცვლოდ, წლების წინ მარსელში მშვენიერი სახლი უსახსოვრა.
უცნაურია, მაგრამ სანამ ფეხბურთზე შევიდოდა, ზიზუ ძიუდოს სექციაში ვარჯიშობდა – მამას ძალიან მოსწონდა ეს სპორტი. მაგრამ ვაჟმა არ გაუმართლა – მაინც ფეხბურთელობა არჩია.
პატარაობისას გრძელ თმას ატარებდა. როგორც მისი და ამბობს, ცდილობდა იტალიელ ვარსკვლავებს დამსგავსებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები ხშირად ცდილობდნენ თმის შეჭრას, ბიჭი არ ანებებდა. და საერთოდ, ზიზუ ჯიუტიც იყო – თუ უფროსი ძმები ფეხბურთის სათამაშოდ მიდიოდნენ და ძმაც მიჰყავდათ, ის მხოლოდ გულშემატკივრობით არ კმაყოფილდებოდა და იქამდე არ წყვეტდა ყურისწამღებ კივილს, სანამ ბურთს არ გადაუგდებდნენ…
(I ნაწილის დასასრული)
ლაშა გოდუაძე (გაზეთი სპორტი; 2006 წლის 17 ივლისი)