ზიზუ: ლეგენდის დასასრული (III)

ემე ჟაკემ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება 1998 წლის მაისში დაიწყო ნაკრების კანდიდატებთან ერთად.
ზიდანი ძირითადი შემადგენლობის წევრად მოიაზრებოდა, მაგრამ ამხანაგურ მატჩებში მაინც ბოლომდე იხარჯებოდა. მაგალითად კასაბლანკაში მაროკოს მეფის ჰასან II თასი გათამაშდა და იქ ზიზუ საუკეთესოდ აღიარეს.

მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი მასპინძლებმა 12 ივლისს ჩაატარეს მარსელში, სამხრეთ აფრიკასთან. 1986 წლის შემდეგ ეს იყო ფრანგების პირველი თამაში უდიდესი საფეხბურთო ტურნირის ფინალურ ეტაპზე და ველოდრომიც ბოლომდე გაისვო. ბიჭებმა გულშემატკივრები არ დააღალატეს – 3:0!

მეორე შეხვედრაც ჟაკეს გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 4:0 საუდის არაბეთთან. მაგრამ სტად დე ფრანსზე ზიზუმ ნაადრევად დატოვა მინდორი – წაქცეულ მეტოქეს განზრახ დააბიჯა ფეხი და მსაჯმაც წითელი ბარათი აუფრიალა.

„არბიტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო – ცუდად მოვიქეცი… ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დამსაჯეს და ეს გადაწყვეტილებაც სამართლიანი იყო. მეოთხედფინალში რომ ვერ გავსულიყავით, თავს არ ვაპატიებდი და ალბათ, ნაკრებსაც დავემშვიდობებოდი“, – იტყვის მოგვიანებით ზიდანი.

საუდელებთან გამარჯვების მეორე დღეს, როცა ფრანგები დანიელებთან მატჩზე გადაერთვნენ, ჟაკე ზიდანს პირისპირ ესაუბრა: „ძალიან დათრგუნული იყო და მივხვდი, რომ მხარდაჭერას ითხოვდა. მას კარგად ვიცნობდი, მის შესაძლებლობებში წამით არ შემპარვია ეჭვი და ამიტომ, გულახდილად ვესაუბრე. დიდხანს არ გვილაპარაკია, უბრალოდ ვუთხარი, რომ ვარჯიშზე ბოლომდე დახარჯულიყო და დისკვალიფიკაცია მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოეყენებინა“.

ჯგუფის უკანასკნელი მატჩი დანიასთან მნიშვნელოვანი არ იყო, აი მერვედფინალზე კი იგივეს ვერ ვიტყვი – პარაგვაისთან შეხვედრაში მასპინძლებს დიდი ჯაფა დაადგათ და რომ არა ლორან ბლანის აქტიურობა, საქმე ეგებ, პენალტებამდეც მისულიყო. საფეხბურთო ლატარეაში კი, მშვენივრად მოგეხსენებათ, ყველაფერი ხდება. მაგრამ ზიზუს საბედნიეროდ, მისი გუნდი ტურნირში დარჩა – ბლანის ერთადერთმა ზუსტმა დარტყმამ სამფეროვნები მეოთხედფინალში გაიყვანა.

იტალიასთან პაექრობა ფრანს ფუტბოლმა ზიდანის და ალესანდრო დელ პიეროს ჭიდილად მონათლა და ჟურნალის ერთ-ერთ ნომერში ამ თემას რამდენიმე გვერდიც დაუთმო. დასკვნა ასეთი იყო – ის გუნდი მოიგებდა, რომლის ლიდერიც უკეთ ითამაშებდა. იუვენტუსელთა ორთაბრძოლაში ფრანგი აშკარად უკეთესი გახლდათ – სკუადრა აძურას მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე მალდინიმ დელ პიერო რობერტო ბაჯოთი შეცვალა…

იტალიის დაცვამ გაძლო – საქმე პენალტების სერიამდე მივიდა. იქ ზიდანის დიდებული პასები და თამაშის გაძღოლის ბრწყინვალე უნარი მთავარი სულაც არ იყო.

საბოლოოდ 4:3 საფრანგეთის ნაკრების სასარგებლოდ – პირველად ბიქსენტ ლიზარაზუმ ვერ ივარგა და მილიონობით ფრანგს გული გაუხეთქა, მაგრამ შემდეგ დემეტრიო ალბერტინიმ გააცუდა დარტყმა, სულ ბოლოს კი ბურთთან ლუიჯი დი ბიაჯო მივიდა და ბარტეზის კარის ხარიხა შეაზანზარა. საფრანგეთი ნახევარფინალში გავიდა! ხოლო იტალია ერთადერთ გუნდად დარჩა, რომელსაც ზიდანის საფრანგეთმა ტიტულისკენ სავალ გზაზე ვერ აჯობა.

ნახევარფინალში ჟაკეს ბიჭებს ხორვატია ელოდა, ევრო 96ის გუნდი-აღმოჩენა, რომელმაც მეოთხედფინალში უშანსოდ აჯობა გერმანიას.

თეთრ-წითელთა ლიდერი დავორ შუკერი გახლდათ, ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი, რომელმაც ამ შეხვედრაშიც გაიტანა გოლი – ანგარიში გახსნა. დაწინაურების შემდეგ ბალკანელებმა საიმედოდ გადარაზეს კარისკენ მიმავალი გზა, მაგრამ ისევე როგორც მერვედფინალში პარაგვაისთან, ამ თამაშშიც ფრანგებს მცველმა უშველა, ამჯერად ლილიან ტურამმა, რომელმაც მატჩის ბედი გადაწყვიტა – ჯერ ანგარიში გაათანაბრა, რამდენიმე წუთში კი გამარჯვების ბურთიც შეაგდო. არც მანამდე და არც მას შემდეგ ტურამს ნაკრების მაისურით გოლი აღარ გაუტანია, ეს ისე, ინფორმაციისთვის.

2:1 და საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა! პირველად ისტორიაში! ზიდანს, რომელსაც მანამდე გოლი არ გაუტანია, ბედი გადამწყვეტი მატჩის გმირის მანტიას უმზადებდა.

„ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე, სტადიონზე გამგზავრების წინ, ჟაკემ გვიხმო. სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ, ვცდილობდით გადამწყვეტ შეხვედრაზე არ გვეფიქრა… ბოლოს მითხრა – როცა კუთხურებს მოვაწვდით, შეეცადე მეკარის საჯარიმოს შუაგულში იაქტიურო, ბრაზილიელები ტანმაღალ მცველებს კარის ძელებთან აყენებენ და შუიდან გოლის გატანის მეტი შანსი გექნებაო“… – ზიზუს ძველი ინტერვიუდან.

პირველი ბურთი, ისევე როგორც მეორე, კუთხურს მოჰყვა – ზიზუმ ჯერ ერთი კუთხიდან, შემდეგ მეორედან ჩაწოდებულს შეაგება თავი. ბრაზილიის დაცვა, როგორც მწვრთნელმა ივარაუდა, ორივე შემთხვევაში ჩავარდა.

ორბურთიანი ჩამორჩენის შემდეგ ბრაზილია გატყდა. კი, ძალიან ცდილობდა რონალდო ბარტეზის კარის დალაშქვრას, დენილსონი საფირმო ფინტებით აპირებდა მცველების ჩამოშორებას, მაგრამ სამხრეთამერიკელებს არაფერი გამოუვიდათ – საფრანგეთის დაცვა მარსელ დესაის ხელმძღვანელობით სალი კლდესავით იდგა.

საბოლოოდ 0:3 – ზიზუს დუბლს ემანუელ პეტიმ ერთიც დაუმატა. მსოფლიოს ჩემპიონები მსოფლიო ჩემპიონატებზე პირველად დამარცხდნენ დიდი ანგარიშით!

ის, თუ რა მოჰყვა ტრიუმფს, ძნელი მისახვედრი არაა – ყველაფერი იყო, რაც ასეთ მნიშვნელოვან გამარჯვებას ახლავს, თან გაათმაგებულად. საფრანგეთმა ხომ პირველად მოიგო ფიფას ოქროს თასი!

ფინალის მესამე დღეს ზინედინ ზიდანი საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვეს.

კიდევ ორ დღეში ზიზუმ იახტა იქირავა და ოჯახთან ერთად ხმელთაშუა ზღვაზე დასასვენებლად გაცურა.

„შინ დაბრუნებული ეცნო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის თამაშს მთხოვდა – ის ზინედინი იყო, მე კი რონალდო. სულ ენცო-ზინედინი იმარჯვებდა“, – იხსენებდა მოგვიანებით ზიზუ…

1998-99 წლების სერია ას დაწყება და იტალიელი ჟურნალისტების თავდასხმები ერთი იყო – იუვენტუსის, ინტერის, პარმას და კალჩოს სხვა გრანდებში მოთამაშე ფრანგებს რეპორტიორები პატარა შეცდომასაც არ პატიობდნენ.

ზიზუსაც არ გაუმართლა – საშინაო ტრიუმფით გადაღლილმა და ემოციურად დაცლილმა, ძალების სრულად აღდგენა ვერ მოასწრო და ხშირად უჩვეულოდ სუსტად თამაშობდა. ამ ყველაფერს მცირე ტრავმებიც დაერთო.

ნოემბერში პირველად დაიწერა, რომ მადრიდის რეალს ზიდანის გადაბირება სურდა. არაერთ გაზეთში გამოქვეყნდა ცნობა რეალის პრეზიდენტის, ლორენსო სანსის და იუვენტუსის მფლობელის, ანიელების ოჯახის წევრთა შეხვედრაზე.

„ზიდანი არ იყიდება, მისი გასხვისება გამორიცხულია“! – ბრძანა ავოკატომ – ჯანი ანიელიმ. მას ყოველთვის უჯერებდნენ. ამ კაცის სიტყვას იტალიაში კი არა, მთელ მსოფლიოში დიდ პატივს სცემდნენ და ზიდანის შესაძლო ტრანსფერზე საუბარიც შეწყდა.

როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, დროებით. რადგან არ ისვენებდა ფეხბურთელის მეუღლე ვერონიკა ფერნანდესი. ის ვერა და ვერ შეეჩვია ტურინს – იტალიის ჩრდილოეთით მდებარე ამ ინდუსტრიულ ქალაქში შემოდგომით გვარიანად ციოდა, ხშირად წვიმდა და რა გასაკვირია, რომ მისის ზიდანს მზიანი მადრიდი უფრო ხიბლავდა.

და რადგან უძვირფასეს გარიგებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ვარსკვლავიც იუვენტუსისთვის ირჯებოდა.

პირველი დიდი ინდივიდუალური ჯილდო – ფრანს ფუტბოლის ოქროს ბურთი, ზიზუმ 1998 წლის დეკემბერში ჩაიბარა. ევროპელმა ჟურნალისტებმა იუვენტუსის ლიდერი ბებერი კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს!

1998 წლის 16 დეკემბერს ზიზუმ პირველად ითამაშა ფიფას მსოფლიოს ნაკრებში – იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ საუკუნოვანი იუბილე იზეიმა და ამასთან დაკავშირებით, სკუადრა აძურამ რომში, ოლიმპიურ სტადიონზე სერია ას ვარსკვლავთა ნაკრებს უმასპინძლა. ზიდანი გერმანელმა ოლივერ ბირჰოფმა შეცვალა, იტალიამ კი 6:2 გაიმარჯვა…

1999 წლის დაწყება და მეორე დიდი ჯილდო ერთი იყო – 1 თებერვალს ფრანგი ფიფამ დააფასა და პირველად უბოძა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი პრიზი! ზოგადად, 1999 წელი ვერ გამოდგა წარმატებული – იუვენტუსს გაუჭირდა და სეზონი ჩააგდო. შესაბამისად, არც ზიდანი იყო გამორჩეული…

აი მომდევნო წელმა კი საფრანგეთის ნაკრების ლიდერს კიდევ უფრო დიდი აღიარება მოუტანა. ოღონდ მანამდე ის კი უნდა დავწერო, რომ 2000 წლის მაისში ზიზუმ და იუვენტუსმა სკუდეტოს მოგების შანსი უკანასკნელ ტურში გაუშვეს ხელიდან – შავ-თეთრები პერუჯაში, თავსხმა წვიმაში დამარცხდნენ და ჩემპიონობაც ლაციომ იზეიმა…

საკლუბო წარუმატებლობას სანაკრებო ტრიუმფი მოჰყვა: საფრანგეთმა, რომელსაც იმხანად როჟე ლემერი წვრთნიდა, მეორე დიდი ტიტული მოიგო – ევროპის ჩემპიონი გახდა!

ბელგია-ჰოლანდიაში ზიდანი დიდებული იყო და ორი წლით ადრე მოგებული მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავებით, ამჯერად ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიანიჭეს.

საფრანგეთმა ექვსიდან ხუთი თამაში მოიგო და ზიზუმ სწორედ ის ერთი წაგებული მატჩი გამოტოვა, ჯგუფის უკანასკნელი შეხვედრა თანამასპინძელ ჰოლანდიასთან. ყველა დანარჩენ თამაშში ზიდანი მოედანზე იყო და საუკეთესო გახლდათ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორი თამაში მგონია: მეოთხედფინალი ესპანეთთან და ნახევარფინალი პორტუგალიასთან. ზიზუმ ორივე შემთხვევაში უმნიშვნელოვანესი გოლები გაიტანა და თან, სტანდარტული სიტუაციდან – ესპანელთა კარი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა, პორტუგალიელები კი გვიანი პენალტით დასაჯა.

ფინალში საფრანგეთს კიდევ ერთხელ უნდა დაეძლია იტალიის წინააღმდეგობა. სკუადრა აძურას ამჯერად ლეგენდარული დინო ძოფი წვრთნიდა და გუნდიც უფრო სახიფათო იყო, ვიდრე ორი წლით ადრე.

იტალია ფინალში ჰოლანდიასთან დრამატული გამარჯვებით გავიდა – თითქმის ერთი საათი კაცნაკლულმა ითამაშა! თან, მასპინძლებმა ძირითად დროში ორი პენალტი ვერ გამოიყენეს, თერთმეტმეტრიანების სერიაში კიდევ სამი დარტყმა გააცუდეს, ძოფის ბიჭებმა კი ივარგეს და ფინალის კარი შეაღეს.

როტერდამში, დე კუიპზე, პირველად სკუადრა აძურა დაწინაურდა – ტოტის ჩაწოდების შემდეგ მარკო დელ ვეკიომ ფრანგების დაცვის უყურადღებობით ისარგებლა და ბურთი ბარტეზის კარში გადაგზავნა.

ჩვეულად საიმედოდ იდგა იტალიის დაცვა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 13(!) წამით ადრე სილვენ ვილტორმა ანგარიში გაათანაბრა – მან ისეთი გოლი შეაგდო, აშკარა გახდა რომ იმ დღეს იტალიას გამარჯვება არ ეწერა.

დამატებითი დრო განსაზღვრულზე ადრე დასრულდა – დავიდ ტრეზეგემ ფრანჩესკო ტოლდოს კარი აუღებელი დარტყმით და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ოქროს გოლით დალაშქრა – 2:1!

ზიზუ ევროპის ჩემპიონი გახდა და ფიფას ოქროს თასის შემდეგ ანრი დელონეს სახელობის ჯილდოც ჩაიხუტა.

ამას რა მოჰყვა? ოჯახი. იახტა. ზღვა.

(III ნაწილის დასასრული)

ლაშა გოდუაძე (გაზეთი სპორტი; 2006 წლის 19 ივლისი)

ka_GEGeorgian